მადონა (მარგარიტა) ნაროუშვილი, 60 წლის, თბილისი
„ვმუშაობდი სენაკის ხალიჩების კომბინატში, მქსოველად. საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო. სულ კაცები მუშაობდნენ და მე – ერთი ქალი ვმუშაობდი უზარმაზარ დაზგაზე. ეს იყო ქარხნული ხალიჩების წარმოება და ვქსოვდი ამ დიდ ხალიჩებს. მსიამოვნებდა იმ ფაბრიკაში მუშაობა, ქალურ საქმეებს ვერ ვერგებოდი. ხელფასიც კარგი მქონდა, გამომუშავებაც და სახელიც და როგორც მამაკაცები მუშაობდნენ, ისე ვმუშაობდი მეც. კაცები ამას ჩვეულებრივად აღიქვამდნენ. ყველანაირად დაფასებული ვიყავი. წელიწადში ორჯერ საგზურებსაც მაძლევდნენ, იყო პრემიებიც, დახმარებებიც, ჯილდოებიც. ცოტა ხანი რომ გაგრძელებულიყო ის დრო, დღეს პარლამენტში ვიქნებოდი. არცერთი თანამშრომელი კაცისგან არ მიგრძვნია, რომ მე ქალი ვარ და ამას ვერ შევძლებდი. ყველანი მეგობრულად და ძმაკაცურად ვიყავით. თავად ვიყავი ისეთი ტიპაჟი, რომ ვერგებოდი ასეთ სამსახურს, როგორც დღეს ვერგები ავტობუსის მძღოლობას. „ეს ხომ ჩვენი ძმა არის“ – ასე ამბობდნენ ხოლმე ჩემზე. ქალური რაღაც რომ გავაკეთო და ვინმეს არ მოეწონოს, ძალიან მეწყინება. მირჩევნია, მითხრან ვაჟკაცური ხარო.
სენაკში ოჯახის რჩენა რომ გამიჭირდა, თბილისში წამოვედი. აქ იყო ტრამვაის მართვის კურსები, რომლის დამთავრების მერე ტრამვაის ვატმანად იწყებდი მუშაობას და გქონდა დიდი ხელფასი. ექვსთვიანი კურსები იყო. უსაფრთხოებიდან დაწყებული აბსოლუტურად ყველაფერი გვასწავლეს. ტრამვაი არის ძალიან რთული შესასწავლი – სულ ელექტროობაა. 660 ვოლტზე მუშაობ და უნდა იცოდე, როგორ უნდა მოექცე ტრამვაის, როგორ უნდა განმუხტო გამოუვალი სიტუაცია. ძალიან მკაცრად გვასწავლიდნენ და ბევრს გვთხოვდნენ. კურსის დამთავრებიდან ერთ თვეში, სამუშაოდ გაგვიშვეს. სულ ოთხი ქალი ვიყავით. მე და ჩემი ბიძაშვილი და კიდევ ორი. ქალები აქაც იშვიათობა იყო. უმეტესად რუსები მუშაობდნენ ამ პროფესიით. ქალების მიმართ იყო ძალიან ცუდი რეაქცია „პატრონი არ გყავთ? ქართველები როგორ მუშაობთ ტრამვაიზე?!“ გვამცირებდნენ კიდევაც, ცუდ რეპლიკებსაც გვესროდნენ, ალბათ სახლიდან გამოგყარესო. ეს ჩემზე ძალინ ცუდად მოქმედებდა. მე ვიცოდი რომ პატიოსნად ვმუშაობდი, საქმეს პატიოსნად ვაკეთებდი და ვიყავი ჩემი თავის ერთგული, არ ვიპარავდი, არაფერს ვაფუჭებდი, სხვას არ ვერჩოდი და ამ დროს ასეთ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. ერთმა ქალმა მგზავრმა მითხრა, პატრონი არ გყავს, ასეთი შეხედული ქალი აქ რომ მუშაობო? მე ჩემს გოგოს აქ სამუშაოდ არ გამოვუშვებდიო. ძალიან ახალგაზრდა იყავი, 22 წლის. მე ვუთხარი, რა მნიშვნელობა აქვს, სად მუშაობ, მთავარია კარგად აკეთებდე საქმესთქო. ვაი, შენს პატრონოსო, მომაძახა, ალბათ სახლიდან გამოგაგდესო.
ტრამვაი რომ გაუქმდა, ავტობუსზე სამუშაოდ გადავედი, სადაც სულ დაფასებული ვიყავი, ხელის გულზე მატარებდნენ, ისე კარგად მექცეოდნენ. იყო ასეთი შემოთავაზება მერიის მხრიდან, რომ რადგან უმუშევრები დარჩით, ვისაც სურვილი გაქვთ, ერთ-ორ თვეში ახალი ავტობუსები შემოდის, გაიარეთ კურსებიო. მაშინვე დავთანხმდი, სტაჟირებასაც გავივლი და ნორმატივებსაც ჩავაბარებ, შემოწმებასაც გავივლი და თუ ჩათვლით რომ მე შემიძლია, ავტობუსზე მუშაობა, დიდი სიამოვნებითთქო. მე ხალხთან ურთიერთობის პრაქტიკაც დიდი მქონდა. ჩემმა უფროსებმა ეს ყველაფერი იცოდნენ.
ვიდრე ავტობუსზე დავჯდებოდი, მოსკოვის და ბაქოს რეისებზეც დავდიოდი და სამსახურში მიღებაზე შეფერხება არ მქონია. ახლა 121 ნომერ ავტობუსზე ვმუშაობ – დიდუბიდან ზაჰესში დამყავს მგზავრები. პერიოდულად ვიცვლი ხოლმე ხაზებს, როცა მბეზრდება. მალე ახალ ხაზზე გადავალ.
მე ჩემს სახლში ვერ ვგრძნობ თავს ისე თავისუფლად, როგორც ავტობუსების გარაჟში. იქ სრული განტვირთვა მაქვს ხოლმე. დილით ექვსის ნახევარზე რომ გავდივარ სახლიდან, ზოგჯერ ღამის ორის, ან სამის ნახევარზე შემოვდივარ სახლში. ღამის 12-ზე კი ვამთავრებთ მუშაობას, მაგრამ გარაჟში რომ ვბრუნდებით, მანქანა აუცილებლად უნდა მოვაწესრიგოთ. გავრეცხოთ, თუ რამეა შესაკეთებელი, ხელოსანს შევაკეთებინოთ.
ზოგიერთი მგზავრი ძალიან კარგია, ზოგიერთი – ძალიან ცუდი. ზოგი სახლიდან გამოდის დაბოღმილი და არ იცის ვის რა უთხრას და პატარა რაღაცაზე ჩხუბობს. ერთმა კაცმა იჩხუბა, ავტობუსი რატომ არ არის თბილიო. მე ვუთხარი ჩემი სახლია თბილი, წამობრძანდით და იქ დაჯექით და იყავით თბილადთქო. ხალხს გაეცინა. ბავშვებს ვეხუმრები ხოლმე, ყურს აგიწევ ახლათქო და აი, მე თვითონ ავიწევო და იცინიან. ჩემი ასაკის კაცებს, ვერ ვეხუმრები, ყველაფერი სხვანაირად ესმით. ზოგი ისეთია, საერთოდ ვერ დაელაპარაკები. მუშაობას ისე ვარ მიჩვეული, სახლში უფრო ვიღლები. მთელი დღის განმავლობაში 22 წუთი გვაქვს შესვენება და ან ხაჭაპურს ვიყიდი ხოლმე, ან პეჩენიას. ისე მივეჩვიე, სახლშიც მშრალ საკვებზე გადავდივარ.
მოგზაურობაზე ვოცნებობდი სულ. იმდენი თანხა არ მაქვს მე, რომ ამ სიბერეში მოგზაურობა დავიწყო. როგორც საზღვარგარეთ არის, რომ დააგროვებენ და მერე სიბერეში მოგზაურობენ. ძალიან მინდა პარიზში წასვლა.
ჩვენს ქალაქს სჭირდება ტრანსპორტის საკითხების გადახედვა. ტარნსპორტი უნდა იყოს ისეთი, რომ ადამიანს მასში ჩაჯდომის სურვილი გაუჩნდეს. მოწესრიგება სჭირდება ქალაქის ტრანსპორტს და როცა იქნება მოწესრიგებული, მაშინ ასეთი საცობები აღარ იქნება. ადამიანები საკუთარი მანქანებიდან, ქალაქის ტრანსპორტში გადმოჯდებიან.“