მაია სხირტლაძე, 43 წლის, მარტყოფი, დროებითი საცხოვრებელი ნიქოზია, კვიპროსი/შრომითი მიგრანტი

„დიდი ხანია ვგეგმავდი, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას, მაგრამ თითქოს რაღაც მექაჩებოდა უკან… არ მინდოდა შვილების დატოვება და ყოველ ჯერზე იმის იმედი მქონდა, რომ საქართველოში ვიპოვნიდი ისეთ სამსახურს, რომელიც ეკონომიურად გამაძლიერებდა. თუმცა, უკიდურესმა გაჭირვებამ მაინც გადამაწყვეტინა, შრომით მიგრანტად კვიპროსზე ჩამოვსულიყავი.

ვალი ავიღე, რომ გზის ფული მქონოდა და 2 წლის წინ აქ ჩამოვედი. კვიპროსზე 8 წელია ჩემი მაზლის ცოლი ცხოვრობს და მასთან ერთად ვცოვრობდი ბინაში. თავშესაფრის პრობლემა არ მქონდა. მალე სამუშაოც დავიწყე.“

ფიზიკური შრომა გადარჩენისთვის

„ჩემი პირველი სამუშაო ერთ-ერთი კვიპროსელი ოჯახის ბინის დალაგება იყო. ეს იყო ერთჯერადი სამუშაო. ვიცოდი, რომ თუ მოეწონებოდათ ჩემი დალაგებული, აუცილებლად რეკომენდაციას გამიწევდნენ სხვებთანაც. მართლაც ასე მოხდა.

ახლა რამდენიმე ოჯახში დავდივარ. ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მთელი დღეები დაკავებული მაქვს. დღეში 2 სახლს ვალაგებ და ყოველდღიურად 9 ან 11 საათი ვმუშაობ. ეს არის საკმაოდ მძიმე შრომა, რადგან პრაქტიკულად შესვენების გარეშე მიწევს სახლის დალაგება. ოჯახებიც ძალიან მომთხოვნები არიან და იმის შიშით, რომ არ დავკარგო სამუშაო, დაძაბულ რეჟიმში მიწევს მუხლჩაუხრელად ფიზიკური შრომა.

ერთ-ერთი რთული გადასალახი ენის ბარიერიც იყო. ახლა ნელ-ნელა ვისწავლე ცალკეული სიტყვები და ფრაზები, მაგრამ ჩემი ენის ცოდნა სახლის სამუშაოსთან დაკავშირებულ ლექსიკას არ ცდება. რადგან ოჯახებში, სადაც ვმუშაობ, გამომლაპარაკებელი არავინ მყავს.

თავდაპირველად ჩემი ანაზღაურება საათში 4 ევრო იყო. ეს არის მინიმალური ანაზღაურება, მაგრამ რადგან საქართველოში ფული უნდა გამეგზავნა ჩემი ოჯახისთვის, ამაზეც თანახმა ვიყავი. ახლა საათში 5 და 6 ევროს მიხდიან, გააჩნია ოჯახს და საქმის სირთულეს. ჩემი ყოველთვიური შემოსავალი 1,150 ევროა და ამ თანხას, ჩემი აქაური ბინის ქირის, ტრანსპორტისა და მინიმალური კვების ხარჯების გამოკლებით, სრულად ვაგზავნი საქართველოში. რა თქმა უნდა, ბევრ რამეს ვიკლებ. მე პირადად 2 წელია კვიპროსზე ვარ და არ დამიჯერებთ, ჯერ ზღვა არ მინახავს… მირჩევნია ჩემი პირადი ინტერესები და სიამოვნებები დავთმო და ჩემს შვილებს და შვილიშვილებს არ მოვაკლო არაფერი.
მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, ერთადერთი სიხარული რაც მელოდება სკაიპით შვილებთან საუბარია. ესაა ჩემი დასვენება. ვცდილობ დასვენების საათები სახლში გავატარო, რომ მეორე დღისთვის ძალები აღვიდგინო და ენერგია არ დამაკლდეს. ასე გავლიე 2 წელი.“

„იცით რა არის სულის ტკივილი?“

„ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიჭირდა ემოციურად. ფიზიკურ დაღლას და შრომას ვუძლებთ ქალები, მაგრამ ძალიან რთული გასამკლავებელია ემოციური ბრძოლები. არასდროს ასეთი რამ არ გამომეცადა, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რა არის სულის ტკივილი: შვილების მონატრება, უცხო ქვეყანაში უცხოდ ყოფნა, სულიერი მარტოობის და უსუსურობის განცდა. დღე არ გავა, რომ არ ვიტირო…
აქ ისეთი ქალები მოდიან, ვისაც კერძო პირების ან ბანკების ვალები აქვთ აღებული. ზოგს 20,000 ან 30,000 აქვთ დასაფარი. არადა ამ ვალებს ხომ ისევ ოჯახების საკეთილდღეოდ იღებდნენ, იმ იმედით რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა მათთვის?! და როცა საკუთარ ქვეყანაში გამოსავალს აღარ გიტოვებენ, მერე იძულებული ხარ წახვიდე. და შრომობენ ეს ქალები, რომ პროცენტებიც იხადონ და ოჯახებიც არჩინონ. ზოგიერთი 2-3 წლის დარჩენის გეგმით ჩამოდის და აგერ უკვე 9-10 წელია შრომობს, ჯერ არ დაბრუნებულა. ქალები აქ ერთმანეთს ფინანსურად ვერ ვეხმარებით, მაგრამ სიტყვით მაინც ვამხნევებთ, ერთმანეთის მხარს მიყრდნობილები ვართ და ესეც ბევრ რამეს ნიშნავს.

ჩემი მიზანია, ცოტაოდენი ფული დავაგროვო, სახლში საცხოვრებელი პირობები გავიუმჯობესო და ალბათ 2 წელიწადში დავბრუნდები სამშობლოში. მერე იმედი მაქვს, რომ ისეთ სამსახურს მოვძებნი, საკუთარი თავისთვის რომ მეყოს შემოსავალი და შვილიშვილებთან ერთად გავიხარო. არ მეთაკილება ოჯახში მუშაობა, ნებისმიერი სირთულის საქმეს გავაკეთებ“

ოჯახში…

“საქართველოში 2 დაოჯახებული გოგო და მეუღლე დავტოვე. ყველა უმუშევარია. მეუღლეს კი აქვს ხელობა, სამღებრო სამუშაოებს ასრულებს, მაგრამ არასტაბილურად არის დასაქმებული. ხშირად მეუბნება, რომ ჩამოვა კვიპროსზე ჩემთან, მაგრამ მეეჭვება, ისეთ რეჟიმში შეძლოს მუშაობა, როგორსაც მე ვუძლებ და ტყუილად ორმაგი ხარჯი მექნება. შეიძლება ასე ჩანდეს, რომ თითქოს კაცებს ვამართლებთ, ხელს ვაფარებთ, მაგრამ ერთ მარტივ მაგალითს მოვიტან: ამას წინათ შვედეთში წავიდა, სამუშაოს მოძებნის იმედით, მაგრამ 2 თვეში უკან დაბრუნდა, რადგან ვერაფერი იპოვნა და სავიზო რეჟიმის დარღვევაც არ უნდოდა. მისი იქ წასვლა მე დავაფინანსე და მთელი ჩემი ნაშრომი ფული წყალს გავატანე. ამიტომ მირჩევნია, ისევ მე ავიღო პასუხისმგებლობა, საკუთარი თავის იმედი მქონდეს და ასეთი შეცდომა აღარ გავიმეორო.

საზოგადოებამ ქალებს აგვკიდა ვალდებულება, რომ შვილებს და ოჯახს მსხვერპლად უნდა შევეწიროთ. ეს არც არის სწორი, მაგრამ უკვე თითქოს ბუნებაში გაგვიჯდა, რომ სხვანაირად არ შეგვიძლია. არადა ყველაზე მეტად ამ დროს შენი სახელმწიფოს იმედი უნდა გქონდეს, რომ როგორმე შეგიმსუბუქოს ეს ტვირთი, ხელი შეგიწყოს, თუნდაც ელემენტარულ დასაქმებაში, ან თუნდაც იმ ცოდნის გაზიარებასა და ხელშეწყობაში, როგორ შეიძლება აქ მიღებული შემოსავლის სწორად დაბანდება“

„ჩემი საქართველო სად არის…“

„ყველზე რთული გასააზრებელია, როცა გრძნობ, რომ არც სამშობლოში და არც აქ, სახელმწიფო არ გიდგას გვერდში.
არ მიფიქრია იმაზე, ძალადობის შემთხვევაში არალეგალურად მცხოვრებმა ქალმა ვის უნდა მიმართოს? ამაზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. სამედიცინო მომსახურებაც რთული მისაღებია, ძვირია. ამიტომ თუ ძალიან არ გაგვიჭირდა, ძირითადად თვითმკურნალობას მივმართავთ.
2 წელია ნიქოზიაში ვცვხოვრობ. აქვეა საქართველოს საკონსულოც და ჯერ არ მსმენია, რამე შეხვედრა გაემართოთ, ჩვენი გასაჭირის, ტკივილების, პრობლემებისთვის მოესმინოთ. საერთოდ ვერ ვგრძნობთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ვართ.

ასე ვართ, დაკარგულები ვართ 2 ქვეყანას შორის და ჩვენი ოჯახების გარდა, არავინ იცის, რომ ვარსებობთ..“

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტოს გადაღებასა და დამუშავებაში გაწეული დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა იდა ბახტურიძესა და სალომე საღარაძეს

მსგავსი ისტორიები