მაია ფელიშვილი, 42 წლის, რუსთავი

ძალიან რთულია ჩემთვის ამაზე ღიად საუბარი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ისტორია შეიძლება ვიღაცას დაეხმაროს, სწორედ ღიად საუბრით და საკუთარი მაგალითით ვცდილობ ამას. ასე უფრო მარტივია საკუთარ თავში დარწმუნება და გადაწყვეტილების მიღება, როდესაც ხვდება ქალი, რომ ის მარტო არ არის და მის მდგომარეობაში სხვებიც ყოფილან, მაგრამ გამოსულან.

ჩემი ცხოვრების ის ეტაპი, რომელსაც „გათხოვება“ ჰქვია, ისევე სტანდარტულად დაიწყო, როგორც ბევრი ქალის. 17 წლის სტუდენტი ვიყავი და ჩემთვის რომ ეკითხათ, იმ პერიოდში ოჯახის შექმნას არ ვაპირებდი. როცა მომიტაცა და ფაქტის წინაშე დავდექი, პირველი რაც ვიფიქრე, იყო სტერეოტიპი – მშობლებთან რომ დავბრუნდე „რას იტყვის მერე ხალხი“, თუმცა , იმისდა მიუხედავად, რომ მშობლების მხრიდან მხარდაჭერა მქონდა და შესაბამისად, სახლში წაყვანა შემომთავაზეს, მე მაინც დარჩენა გადავწყვიტე.

ჩემზე 7 წლით უფროსი იყო. მისი თქმით იმიტომ მოინდომა ასაკით პატარას მოყვანა, რომ „მის ჭკუაზე გაეზარდა“.

მერე ოჯახს უნდა მოერგო… სადაც მიდიხარ, შენი პრეტენზიები უკანა პლანზე უნდა გადაწიო. სულ თავიდან რაღაც-რაღაცეებს ვერ აღვიქვამდი და ვაცნობიერებდი. ვერ ვხვდებოდი, რომ ჩემს გადაკეთებას ცდილობდნენ.

იმ პერიოდში გორში მუსიკალურ სასწავლებელში ვსწავლობდი და მიწევდა რაიონიდან ჩასვლა. ეს გარკვეულ პრობლემას ქმინდა იმ მხრივ, რომ შეიძლებოდა უბრალოდ არ გავეშვი. არასოდეს მიხსნიდა მიზეზს, რატომ არ მიშვებდა, უბრალოდ ასეთ ხასიათზე იყო. რაღაც მომენტში მიშვებდა, რაღაც მომენტში – არა.

იქვე რაიონში, სადაც ვცხოვრობდი სამუშაო გამოჩნდა. იქ გამიშვა, თუმცა იყო დღეები, როცა მეუბნებოდა „აი, დღეს არ წახვალ სამსახურში“. ამისი მიზეზი და ახსნა არ არსებობდა. „რატომ?“ ამ კითხვას არასოდეს ჰქონდა პასუხი. „მე ასე მინდა“ და მორჩა!

ასევე პრობლემა იყო ის, რომ მე ზუსტად ისე უნდა მეაზროვნა, როგორც ეს ქმარს უნდოდა. საკუთარი „მე“-ს გამოვლენის სურვილიც არ მქონდა. ვფიქრობ, რომ უფრო ძლიერი გოგო რომ შეხვედროდა, უფრო ძლიერი, ჩამოყალიბებული ხასიათით, უფრო ზრდასრული – ასე ვერ მოექცეოდა. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რასაც საზოგადოება გვასწავლის ქალებს, რომ უნდა ვიყოთ მორჩილებაში, რომ უნდა დავუჯეროთ ქმარს და ისე უნდა მოიქცე, როგორც მის ოჯახს უნდა, ეს ყველაფერი მოქმედებდა ჩემზეც და შესაბამისადაც ვიქცეოდი.

მის შემთხვევაში სახეში გარტყმა ძალადობად არ ითვლებოდა. თუკი ერთი შემოგარტყა „რა პრობლემაა, აქ არაფერი ისეთი არ არის!“. მე ეკონომიკურადაც მასზე ვიყავი დამოკიდებული და შესაბამისად, ტანსაცმლის არჩევა იყო, თუ მეგობრებთან ურთიერთობა – ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, თუ როგორ ხასიათზე იყო ჩემი ქმარი.

12 წელი გააზრებულად ამ მდგომარეობაში ვცხოვრობდი. გააზრებულად როგორ იცი? მთელი თავისი დამოკიდებულებით, რომ ეს არის ოჯახი, მე ის უნდა შევინარჩუნო, მოვითმინო რა თქმა უნდა იმიტომ, რომ მე ქალი ვარ!

პირველად, როცა წინააღმედგობაში მოვედი საკუთარ თავთან, ეს იყო იმის გაცნობიერება, რომ შვილები წამოიზარდნენ. გავიაზრე, რომ შვილებსაც ამ ძალადობრივ სიტუაციაში მოუწევდათ ცხოვრება. გარშემო სხვებიც ასე ცხოვრობდნენ. უმეტესწილად ყველა ქალი ამ მდგომარეობაში ცხოვრობდა. როცა შვილებზე ფიქრი დავიწყე, მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრების შეცვლა იყო საჭირო. თუმცა ვფიქრობდი, რომ ეს ერთობლივად უნდა მომხდარიყო.

შემდეგ საცხოვრებელიც შევიცვალეთ, გარემო შეიცვალა და თითქოს, ურთიერთობაც უნდა შეცვლილიყო, მაგრამ უფრო დამძიმდა ურთიერთობა. მეც უფრო გავიზარდე და მივხვდი, რომ ასე ყოფნა აღარ შეიძლებოდა. თუმცა, გაქცევაზე და წასვლაზე არ ვფიქრობდი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ის შეიცვლებოდა, როგორც ბევრი ქალი ფიქრობს.

შემდეგ როცა პოლიციის აკადემიის ვარიანტი გამოჩნდა და აღმოჩნდა, რომ მე შეიძლებოდა მესწავლა და მემუშავა, აი, მაშინ წავაწყდი კიდევ ერთ პრობლემას. მისი მხრიდან ჩემი აღიარება იყო საჭირო, რომ მე რაღაც შემეძლო. როცა ვუთხარი, რომ პოლიციის აკადემიაში უნდა მესწავლა მითხრა „კი ბატონო, ისწავლე“, ოღონდ ამას დაცინვით ამბობდა. მამაჩემის მხრიდანაც წინააღმდეგობას წავაწყდი, მახსოვს მოვიდა და ჩემს ქმარს ჰკითხა „სად უშვებო?“. ჩემმა ქმარმა დაცინვით უპასუხა „წავიდეს და ნახოს რა შეუძლია, მუხლებზე მოვა ისევ ჩემთანო“.

მამაჩემს ხმა არ ამოუღია და გასვლისას მითხრა: „წადი მამა და ისწავლე და აჩვენე რა შეგიძლია! ყველანაირად დაგიდგები გვერდში“. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ბიძგი იყო, რამაც გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. აკადემიაში რომ დავიწყე სწავლა, პირველ რიგში საკუთარ თავს ვუმტკიცებდი, რომ შემეძლო რაღაცის გაკეთება.

კანონები რომ გადავშალე, მივხვდი, რა მდგომარეობაშიც ვართ და სად ვცხოვრობ. ქალს არ უშვებენ სასწავლებად, არ უშვებენ სამუშაოდ, არ უშვებენ ინტერნეტთან იმიტომ, რომ რამდენად ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებ და რაც ნაკლები ეცოდინება, მით ნაკლები პრეტენზია ექნება. ასე იქცევიან კომპლექსიანი მამაკაცები. ერთ-ერთი კონფლიქტის დროს, როცა ვეპასუხებოდი და სრულიად უმიზეზოდ დამარტყა, მითხრა, იმიტომ დაგარტყი, რომ ლაპარაკში ვერ გჯობნიო.

ერთხელ ვიღაცას შეაგინა ქუჩაში და ვუთხარი სრულიად უმიზეზოდ რატომ აგინებ ვიღაცას, ეგრე ხომ შეიძლება მეც შემაგინონ უმიზეზოდთქო და მომიტრიალდა და მე გამარტყა სახეში. აბსოლუტურად ლოგიკიდან ამოვარდნილი დამოკიდებულება ჰქონდა. კიდევ იმას ამბობდა, რომ თუ ქალი გეუბნება მარჯვნივ წადიო, შენ მარცხნივ უნდა წახვიდეო. ქალი ყოველთვის რაღაც სისულელეს გეუბნებაო. ეს ყველაფერი ყოველდღიურობაში რომ მეორდება – ძალიან დამთრგუნველია.

სანამ პოლიციაში დავიწყებდი მუშაობას, უკვე მომწიფებული იყო ყველაფერი, რომ მე მისგან წამოვსულიყავი. მერეც ვცადე რამდენჯერმე ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ როცა საკუთარი თავის შესაძლებლობებში დავრწმუნდი, გადავაფასე ბევრი რამ და უფრო მეტად მივხვდი რა მინდოდა, როგორ მინდოდა მეცხოვრა – იქ დაბრუნება ნამდვილად აღარ მომინდა.

ალბათ გარკვეულწილად იმაში გამიმართლა, რომ ადვილად დავშორდით, ანუ არ ჰქონია ბევრი სხვა მოძალადესავით დამახასიათებელი დადევნება, მოკვლითა და დასახიჩრებით ან თუნდაც ბავშვებით შანტაჟი. ეს არ ყოფილა. არ დამჭირვებია, რომ დახმარებისთვის მიმემართა პოლიციისთვის, ან ახლობლებისთვის. ჩემს მშობლებსაც ვუთხარი, რომ მე მივიღე ეს გადაწყვეტილება და ჩარევა არ იყო საჭირო.

ჩემთვის ეს ოჯახის დანგრევა კი არა – გადარჩენა იყო.

დღეს მე პოლიციის ოფიცერი ვარ, მეათე წელია ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ ვიბრძვი, იქნება ეს საპოლიციო საქმიანობა, პირადი ნაცნობობა, ტრენინგები და სინფორმაციო ხასიათის შეხვედრები თუ უბრალოდ მეგობრული რჩევა სოციალური ქსელის საშუალებით. მინდა ყველა ქალმა გამოიჩინოს გონიერება და მსხვერპლად ყოფნის საშინელ განცდას დააღწიოს თავი.“

მსგავსი ისტორიები