მაკა კუპატაძე, 43 წლის, თბილისი

„ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, პოლიციელი ვყოფილიყავი. მაგრად მინდოდა პოლიციელობა. დღემდე ოცნებად მაქვს. სახლში არასოდეს პრობლემა არ მქონია მშობლების მხრიდან ჩემს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. პატარაობისას მამას ეცინებოდა პოლიციელობა რომ მინდოდა, ბებია კვდებოდა სიცილით. დღემდე სინანული მაქვს, რომ პოლიციელი არ გავხდი და არ მივყევი ამ ოცნებას. ძალიან მომწონს პოლიციის ფორმა და წარმოვიდგენდი რომ ჩავიცვამდი რა მაგარი იქნებოდა. თუმცა, კალათბურთის მსაჯობასთან პოლიციელობის შეთავსება, ცოტა რთული იქნებოდა, ამ პროფესიას თავს ვერ დავანებებ. ამიტომ, ოცნება ოცნებად დარჩა.

13-14 წლის ვიყავი კალათბურთის თამაში რომ დავიწყე. ჭიათურაში ვცხოვრობდი და ჩემმა ფიზკულტურის მასწავლებელმა სიმაღლის გამო კალათბურთის გოგოების სექციაში მიმიყვანა. აქედან მოყოლებული, ჩემი ცხოვრება გახდა კალათბურთი. მერე თბილისში წამოვედი ფიზკულტურის ინსტიტუტში სასწავლებლად და სახელმწიფო უნივერსიტეტში გადამიყვანეს, რადგან მათ უკეთესი გუნდი ჰყავდათ.

90-იანებში, გაჭირვების პერიოდი რომ იყო, ქუთაისს ჰყავდა კარგი გოგოების გუნდი და კარგი პირობები იყო, რადგან სპონსორი ჰყავდა, ქუთაისის აეროპორტის სახით. მემგონი, პირველი გოგოების გუნდი ვიყავით, ვისაც ხელფასიც და პირობებიც შედარებით კარგი ჰქონდა. გუნდს ქუთაისის „მეობა“ ერქვა. ამავე გუნდში მივიღეთ მონაწილეობა „რონკეტის“ თასზე. ორი წელი ზედიზედ შესარჩევი ტურნირი ვითამაშეთ. საქართველოს ნაკრების სახელით 1995 წელს ბელგიაში და 1997 წელს ავსტრიაში ვიყავით ევროპის ჩემპიონატზე. 1998 წლიდან ნელ-ნელა დაიწყო ქალთა კალათბურთის რეგრესი საქართველოში, გუნდები აღარ იყო, სპონსორებიც აღარ იყვნენ. აქედან მოყოლებული, ფაქტიურად არაფერი არ ხდებოდა ქალთა კალათბურთში. ასე ვთქვათ, დავრჩი ჰაერში.

ამდენი წელი კალათბურთში რომ ხარ, რომ გიყვარს ეს სფერო რა უნდა გააკეთო. ერთ დღესაც, ბავშვთა სკოლის დირექტორმა კეკელიძემ შემომთავაზა „მოდი იმსაჯეო, რა უნდა ბავშვთა თამაშების მსაჯობას, ცოტა შემოსავალიც გექნება, მაინც ტყუილა ხარო“. მეც ვიფიქრე, ვცდი, დავიწყებ და რამე უკეთესი გამოჩნდებათქო. მას მერე დავიწყე და დავიწყე და დღემდე ასე ვარ.

თავიდან ბავშვებში ბიჭების თამაშებს ვმსაჯობდი და ერთი წლის მერე დიდებში გადამიყვანეს, ისევ ბიჭებში. ასე ვთქვათ, სწრაფი პროგრესი მქონდა. კიდევ ერთი წლის მერე, დიდ კალათბურთში გადამიყვანეს და იქიდან მოყოლებული, ამბიციებიც გამიჩნდა, მარტო აქ ხომ არ ვიქნებოდი და 2006 წელს გავხდი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. FIBA ყოველ წელს აგზავნის მოთხოვნას ეროვნულ ფედერაციებში, რომ მათ საერთაშორიო მსაჯობისთვის კანდიდატურები წარადგინონ. შემდეგ აბარებ ტესტებს – ინგლისური ენის ტესტი, კალათბურთის წესები და ფიზიკური მომზადების ტესტი. ამის შემდეგ, მსაჯობ თამაშებს, გაკვირდებიან და თვითონ წყვიტავენ მოგცენ თუ არა ლიცენზია. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი ჩავაბარე და მომდევნო წელს ჩამსვეს იქაურ პოტენციურ ჯგუფში, სწავლების ჯგუფია, სადაც ყოველ წელს შეკრებაზე მიწევდა წასვლა. 4 წელი ვისწავლე და პარალელურად თამაშებსაც ვმსაჯობდი, რა თქმა უნდა.
შემიძლია ვთქვა, რომ 2008 წლიდან ჩემი საქმიანობა სულ მაღლა და მაღლა ავიდა. წლიდან წლამდე უფრო მეტი თამაში მქონდა, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

ქალების ევრობასკეტზე ვიყავი სამჯერ. ერთ-ერთზე მესამე ადგილის თამაშიც ვიმსაჯე. გოგოების და ბიჭების ასაკობრივი თამაშების ბევრი ფინალი და ნახევარფინალი მაქვს ნამსაჯი. ევრობასკეტის ფინალის მსაჯობა ყველაზე დიდ მიღწევად ითვლება, მართალია, ჯერ არ მიმსაჯია ფინალი, მაგრამ 2 წლის წინ ქალების ევროლიგის ფინალი ვიმსაჯე და ეს იყო ჩემთვის საამაყო მომენტი. ასე დავდივარ ყოველ კვირას სადღაც, მივფრინავ-მოვფრინავ. ეს ყველაფერი შემიძლია, ჯანმრთელად ვარ, ყოველ დილით ვვარჯიშობ, რადგან ფიზიკური მომზადება მჭირდება. სხვანაირად ამხელა დატვირთვას ორგანიზმი ვერ გაუძლებს. დავდივარ ფიტნესზე, თუ ამინდმა ხელი შემიწყო, ველოსიპედით დავდივარ. ასე ვცხოვრობ. რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, ნებისმიერ თამაშზე ერთი და იგივე შემართებით გავდივარ.

სხვათაშორის, საქართველოს კალათბურთის ისტორიაში ჩემი შემთხვევა პირველი იყო, აქამდე მსგავსი არ ყოფილა, რომ ქალი მსაჯობდა თამაშებს. თავიდან, როცა რაღაც ახალს იწყებ, ყოველთვის გამოგიჩნდება მოწინააღმდეგე. ვიცი, რომ ბევრი წინააღმდეგი იყო ამისი, განსაკუთრებით მწვრთნელები იმიტომ, რომ კაცებს იმდენს ვერ უბედავენ და მე გოგო ვიყავი და ჩემ მიმართ ჰქონდათ პრეტენზიები. მერე გავიგე, რომ ვინც თამაშებზე მსაჯების დანიშვნებს აკეთებდა, მას ჰქონდა დიდი პრობლემები ამასთან, ყველა ეუბნებოდა არ დაგვინიშნო მაკა თამაშზეო. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ამ ადამიანის, რომ მაინც თავისი გაჰქონდა და არასოდეს დაუხევია უკან. ერთადერთი ვაჟა კვარაცხელია იყო, რომელიც არასოდეს ეუბნებოდა მაკა არ დამინიშნოო.

მოთამაშეებისგანაც იყო წინააღმდეგობა. რამე თუ ხდებოდა თამაშისას, აბსოლუტურად ყველაფერზე ჰქონდათ პრობლემა. მეკამათებოდნენ „რა უსტვენ, არ იყო ჯარიმა…“ და მსგავსი რაღაცეები. ისეთი შემთხვევაც იყო, რომ სხვა მსაჯი რომ დაუსტვენდა ავტომატურად ჩემსკენ იყურებოდნენ, რომ პრეტენზიით მოემართათ. ეს ხდებოდა თავიდან ერთი ორი წელი, მერე, ხომ იცი, გეჩვევიან. ორი წლის მერე უკვე, არანაირი პრობლემა აღარ მქონია. ახლაც კი ხდება პატარა შეკამათებები, მაგრამ ეს არის მსაჯის მიმართ პრეტენზია და არა იმიტომ, რომ ქალი მსაჯი ვარ. 16 წელია უკვე მსაჯი ვარ, 10 წელია საერთაშორისო მსაჯი ვარ და ფაქტიურად, ყველა მიცნობს უკვე, ბევრს ბავშვობიდან ვიცნობ, ზოგმა თავი დაანება თამაშს, ზოგი მწვრთნელი გახდა და ამდენი ხანი ადამიანს რომ ხედავ, რომც არ მოგწონდეს, მოგეწონება ბოლო-ბოლო.

ვერ ვიტყვი, რომ რახან ქალი ვარ წინსვლა არ მაქვს ან ვინმე მიზანმიმართულად მხევს უკან, პირიქით. მაგრამ ეს ალბათ, ჩემგანაც გამომდინარეობს, რადგან ძალიან ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავთან. თამაშის მომენტებიდან გამომდინარე, არასოდეს ბოღმას არ ვიდებ გულში, შეიძლება რაღაც საკამათო სიტუაცია ისე გადაწყვიტო, რომ მოთამაშეს არ მოეწონოს და რაღაც გითხრას ცუდად, მაგრამ ამას არასოდეს ვიდებ გულში, ცხოვრებაშიც ასე ვარ. თუ პიროვნება არ ხარ, გინდა მსაჯი იყავი, გინდა ჯალათი, იგივე იქნები. ამ სფეროში ყველა მიცნობს და ვერავინ მეტყვის, რომ ჩემ გამო ვინმეს რამე დაშავებოდეს ან წაეგოს. რა თქმა უნდა, მეც ადამიანი ვარ, რობოტი ხომ არ ვარ და კომპიუტერი და მეც მომივა შეცდომა, მე ვხვდები ჩემს შეცდომას და იმ წუთში ვებოდიშები მოთამაშეს, უნდა აღიარო. ბედნიერი მომენტია, როცა ჩასტვენისას გამომხედავენ და რომ დამინახავენ მე ვარ, ხვდებიან რომ არაფერი საკამათო არაა. ან სხვა მსაჯი რომ დაუსტვენს, მე მეკითხებიან იყო თუ არა ჯარიმა.

რატომღაც გონიათ, რომ თამაში მარტო ის არის, რომ მიხვალ და დაუსტვენ. ყველაზე დიდი პლიუსი მსაჯისთვის თამაშის მართვაა. თუ შენ თამაშს მართავ, შეცდომაზეც არავინ შემოგედავება. თუ იმ დამოკიდებულებით ხარ, რომ მივალ ახლა, დავუსტვენ და წავალ სახლში, ეს უკვე რევს ყველაფერს, ეს აღიზიანებს მოთამაშეს. ისედაც დაღლილია, ან აგებს და კიდევ შენ თუ დაუმატებ, აქედან მოდის პრობლემები. როცა თამაშის სადავეები გაგექცევა, ძალიან რთულია თამაშის მართვა.

ყველაფერი პირველი მახსოვს ჩემს ცხოვრებაში და პირველად სამსაჯოდ რომ გავედი ამას რა დამავიწყებს. ვერის პარკში იყო თამაში და მახსოვს მეჩხუბნენ, როგორც მომავალი ორი წლის განმავლობაში. თამაშის მერე გასახდელში გამოვედი და ვიტირე. მერე სახლში რომ მოვედი, გავაანალიზე და ჩემს თავს ვუთხარი „ნუ, რა მოხდა მერე, დღეს იტირებ, ხვალაც შეიძლება იტირო, მაგრამ ეცადე, რომ აღარ იტირო. ეცადე, რომ ადამიანებთან ისეთი ურთიერთობა დაამყარო, რომ არ გქონდეს სატირალი საბაბი“. ბოლო-ბოლო რამდენჯერ უნდა იტირო?! სულ ხომ არ იტირებ მთელი ცხოვრება, დაანებებ თავს, თუ ეს საქმე არ გამოგივა.

ამის საპირისპიროდ, ყველაზე ამაყი ვიყავი, როცა პირველად საქართველოს ჩემპიონატის ფინალი ვიმსაჯე. თამაშამდე მთელი ღამე ვერ დავიძინე. მთელი ღამე თამაშს ვმსაჯობდი. გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა. ოდესღაც ჩამეძინა და სანამ თამაშზე არ გავედი მუცლის გვრემა მქონდა. თუმცა, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, არანაირი პრობლემა არ ყოფილა. როგორც მოთამაშეები ელოდებიან ფინალს, ისე ველოდებოდი მეც მთელი წლის განმავლობაში. მსაჯობ, მსაჯობ, დაძაბული წელი გაქვს და ფინალს რომ იმსაჯებ, მერე ისეთი სასიამოვნო შეგრძნება გეუფლება.

ერთი ცუდი ინცინდენტი მოხდა ჩემი მსაჯობისას, სოხუმისა და შშს-ს გუნდი თამაშობდა ნახევარფინალში. ერთ-ერთი მოთამაშე აგრესიული იყო ძალიან იმიტომ, რომ აგებდნენ. რახან აგებდა, რატომღაც ჩემ მიმართ დაეწყო აგრესია, რატომ არ ვიცი. ჩხუბი დამიწყო „ნორმალურად იმსაჯე, თორემ ნახე რა გიზამ…“. რა თქმა უნდა, ვცადე დამშვიდება დაწყნარდითქო. დაწყნარდი კი არაო და შემაგინა. მეც ვუპასუხე, ვერავის ვერაფერს უზამთქო. რა თქმა უნდა, გულში შეიძლება უწმაწური სიტყვები თქვა შენთვის, მაგრამ ამას არავის ვეტყვი. ჩემს საქმიანობაში უწმაწური სიტყვებით არასოდეს მიმიმართავს არავისთვის და არც მაქვს ამის უფლება. გინების შემდეგ გავაძევე თამაშიდან და მაგიდასთან რომ მივედი იმის საჩვენებლად, თუ რომელი მოთამაშე გავაძევე, მოვიდა ჩემთან და თავი დამარტყა სახეში. არ ვიცი, რის გამო გაუჩნდა ამხელა აგრესია. როგორც კი საავადმყოფოდან სახლში დავრბუნდი ტვინის შერყევით, მაშინათვე ვუყურე თამაშს, რომ მენახა, რა ჩავიდინე ასეთი?! შეიძლება ღირსიც ვიყავი. რეალურად, ჩემს კაც კოლეგასთან ჰქონდა პრეტენზია, თუმცა იმას ვერაფერი გაუბედა. არ არის გამორიცხული, რომ ზუსტად იმიტომ მოიქცა ასე, რომ ქალი ვარ.

ერთი ორი კვირის წინ ქუთაისში მქონდა თამაში. არაჩვეულებრივი სიტუაცია და თამაში იყო. ქუთაისში დარბაზი ყოველთვის სავსეა. ძალიან კარგია მაყურებლის შეძახილები და მხარდაჭერა, მაგრამ ყოველთვის ჩემ მიმართ აქვთ აგრესია. იმის გამო, რომ ვერ შემაშინეს, იმის გამო, რომ ვერ დამასტვენინეს ამდენი წელი ისე, როგორც მათ უნდათ, დიდი აგრესია მოდის ჩემ მიმართ. რაღაც ნივთებს ისროდნენ მოედანზე, იგინებოდნენ და საბოლოოდ ის თამაში ჩავშალეთ. რომ გამოვედი მანქანის საბურავები დამხვდა დაჭრილი. კაცის მაინც ეშინიათ ხოლმე, კაცს „კაცურად გაურჩევს“ საქმეს. მაინც აქვთ შინაგანი დამოკიდებულება, რომ რახან ქალია, შეუძლიათ დაჩაგრონ.

ჰგონიათ, რომ ქალთან უფრო მეტი უფლება აქვთ, ვიდრე კაცთან.
მასჯობა არ არის ისეთი პროფესია, რომ ლაღად იჯდე და მკლავი ამოიდო თავქვეშ. კარგ მსაჯად დადგომას მუშაობა სჭირდება. ჩვენთან ჰგონიათ „უფ, რა უნდა მსაჯობას, მიხვალ და დაუსტვენ“. ფიზიკური მომზადება გჭირდება, ფსიქოლოგიური მომზადება გჭირდება. წარმოგიდგენიათ, რამდენი გუნდია იმდენნაირი ადამიანია ამ გუნდში, სხვადასხვანიარი ხასიათით. იმას უნდა მიუდგე, მისი დამოკიდებულება უნდა შეისწავლო. ჩემს კოლეგებსაც ხშირად ვეუბნები, რომ მოთამაშეებს ჩვენს თავზე კარგად უნდა ვიცნობდეთ, ვინ რას აშავებს, ვინ რას აკეთებს და ა.შ.

ყველა, კალათბურთში ჩართული ადამიანის ოცნებაა ჯერ ევრობასკეტი, მსოფლიო ჩემპიონატი და რა თქმა უნდა, ოლიმპიადა. ევრობასკეტზე სამჯერ ვიმსაჯე, ასევე, სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებისთვის ევროპის ჩემპიონატზე ვარ ყოველ ზაფხულს, ორი-სამი ტურნირი სულ მაქვს. აი, ოლიმპიადა კი, მართლა ოცნებაა.“

მსგავსი ისტორიები