ოქტომბერი 3, 2020 In თემები, კ-პ, რეგიონები, ქვემო ქართლი
მაკა მენთეშაშვილი, 31 წლის, სოფელი წერეთელი, მარნეულის მუნიციპალიტეტი
”სკოლა აქ, წერეთელში დავამთავრე. ჩემს დროს, ახლანდელისგან განსხვავებით, ქართულ სკოლაში აზერბაიჯანელი ბავშვები არ შემოჰყავდათ და ეთნიკურ უმცირესობასთან შეხება პირველად სოფელ თაქალოში მქონდა, სადაც აზერბაიჯანულ სკოლაში 4 წელი ვასწავლიდი ქართულ ენას. მანამდე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავამთავრე ბაკალავრიატი, შემდეგ, მუშაობის პარალელურად, ილიაუნის მაგისტრატურაში ვსწავლობდი, გავიარე მასწავლებლის მომზადების 60-ქულიანი პროგრამა და ვარ უფროსი მასწავლებელი ქართული ენის მიმართულებით, ასევე, მეორე ენის მიმართულებით აზერბაიჯანული სკოლებისთვის.
თაქალოს აზერბაიჯანულ სკოლაში მუშაობის პერიოდი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. იქ ბევრს ეგონა, რომ აზერბაიჯანული ვიცოდი, ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ – მარნეულში ვცხოვრობდი და როგორ არ მეცოდინებოდა?! თავიდან, იქ ვრჩებოდი ხოლმე, შემდეგ ტრანსპორტმა ინტენსიურად დაიწყო მოძრაობა და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სოფლიდან თაქალომდე 25 კილომეტრია, ყოველდღე მივდიოდი და მოვდიოდი.
ქართულის გაკვეთილი ჩემს მოსწავლეებს ძალიან უყვარდათ. განსაკუთრებით, არაფორმალური განათლების მიღების სურვილი ჰქონდათ. მე სამოქალაქო განათლების მასწავლებელი არ ვიყავი, მაგრამ ვცდილობდი, ამ მხრივაც აქტიური ვყოფილიყავი. ბავშვები რადიო პროექტებშიც ჩავრთეთ და ეს ძალიან მოსწონდათ, თუმცა ტრანსპორტის პრობლემა გვქონდა – ერთ ბავშვს მარნეულში წასასვლელ-წამოსასვლელად 8 ლარი სჭირდებოდა და როცა ოჯახში ორი ბავშვია, საკმაოდ სოლიდური თანხა გამოდიოდა, მაგრამ რაღაცნაირად მაინც მოვახერხეთ და რადიოში 5-6 სტაჟიორი აზერბაიჯანული თემიდან სულ იყო.
აქციებს ვმართავდით სხვადასხვა საკითხებზე. მაგალითად, აქცია გავმართეთ ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით, რადგან ეს საკითხი ძალიან აქტუალური იყო მოტაცების ძალიან ხშირი შემთხვევებიდან გამომდინარე. ჯერ სემინარი ჩავუტარეთ ბავშვებს ამ თემაზე, მაშინ სახალხო დამცველის აპარატს ბროშურები ჰქონდა გამოცემული ადრეულ ქორწინებაზე, მოვითხოვეთ ეს ბროშურები და აზერბაიჯანულ ენაზე დავარიგეთ, მოსახლეობას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ადრეული ქორწინება დასჯადია და 16 წლიდან სასამართლოს ნებართვაა საჭირო. გავაკეთეთ პოსტერები და ქუჩაში მსვლელობა მოვაწყვეთ. აქცია შედეგიანი კი გამოდგა, მაგრამ მერე ვფიქრობდი, ასეთ თემში მსგავსი რამის გაკეთება, ცოტა საშიშიცაა. სხვა საკითხებზეც გაგვიმახვილებია ყურადღება, მაგრამ ამაზე ვაკეთებ აქცენტს, რადგან მართლა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე თემაა.
დღეს უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ და როცა იციან, რომ მოტაცების გამო დაისჯებიან, თავის დაზღვევის მიზნით, სანამ სრულწლოვანი გახდება გოგო და არასასურველი ადამიანი მოიტაცებს, წინასწარ ნიშნავენ. მშობლები ამ ნიშნობას იმით ამართლებენ, რომ „რომ მოიტაცონ, მერე მე რა ვქნა, რას ვუშველი?!“ ამ დროს სკოლაში აღრიცხვა ხდება ამ ბავშვის, თითქოს დადის, მაგრამ სინამდვილეში არ დადის და ფაქტობრივად, განათლების მიღება აქვს შეზღუდული. დაახლოებით სამი წლის წინ, სანამ თაქალოს სკოლიდან წამოვიდოდი, მე-12 კლასელი გოგო მოიტაცეს. იმ გოგოს სწავლა ძალიან უნდოდა და საკმაოდ კარგი მომავალი ექნებოდა, გაკვეთილების შემდეგაც რჩებოდა, რომ კომპიუტერზე რაღაცები მესწავლებინა. ვიცოდი, უნდოდა სწავლა, ძალიან მონდომებული იყო და ვცდილობდი, ყველანაირად ხელი შემეწყო. მოიტაცეს და პოლიციამ 2-3 დღის განმავლობაში ვერ იპოვა, მერე, როგორც ხდება ხოლმე, დარჩა და გათხოვდა. ამ ამბავს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ვისთანაც შევძელი, ყველას დავუკავშირდი. ძალიან ცუდად ვიყავი, მართლა საშინელება იყო იმიტომ, რომ ბავშვი, რომელიც სკოლაში დადიოდა და სხვანაირი განვითარების სურვილი ჰქონდა, ასე მოიტაცეს და გაათხოვეს.
თვითონ ახალგაზრდებს ადრე გათხოვება ან ცოლის მოყვანა არ სურთ და ამბობენ, რომ არ შეიძლება ეს ხდებოდეს. როცა ამ თემაზე სემინარის ჩატარება შევთავაზე, აბსოლუტურად ყველამ მხარი ამიბა. დარწმუნებული ვარ, ახალ თაობაში ეს პრობლემა მოგვარდება, მაგრამ ამას თაობების ცვლა სჭირდება. კანონის გამკაცრებაც საჭიროა იმიტომ, რომ მაშინ, როცა აქცია ჩავატარეთ და კანონის გამკაცრებაზე მიიღეს ინფორმაცია, ცოტა შეეშინდათ.
ახლა სოფელ წერეთლის სკოლაში ვმუშაობ და აქვე ვცხოვრობ. პანდემიის დროს, ბავშვებთან ერთად შევქმენი საინიციატივო ჯგუფი „მომავლის კლუბი,“ ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დავეხმარეთ. საღამოობით, ფილმების ჩვენებას ვაწყობთ ხოლმე სხვადასხვა თემებზე. ბავშვებს ძალიან მოსწონთ არაფორმალური გარემო და მსგავსი აქტივობები.
რაც შეეხება ონლაინ გაკვეთილებს, ამას ორი მხარე აქვს – კარგი ის იყო, რომ ალტერნატიული განათლების მიღების საშუალება გაჩნდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ცუდია, როცა ინტერნეტზე წვდომა და კომპიუტერი ყველას არ აქვს. საკმარისი რაოდენობის კომპიუტერის არქონის პრობლემაცაა მაშინ, როცა ოჯახში 2-3 ბავშვია. მასწავლებისთვის სირთულეს ისიც წარმოადგენს, რომ ხან გარეშე ხმები შემოდის გაკვეთილზე, ხან ბავშვი გავარდება გაკვეთილიდან, ამ დროს, პარალელურ რეჟიმში, გაკვეთილი უნდა ახსნა და წესრიგი შეინარჩუნო. რთული ნამდვილად იყო, მაგრამ საერთოდ რომ არაფერი გვეკეთებინა, იმას ნამდვილად სჯობდა.
მარნეულში ბევრი პროფესიული სასწავლებელია და ეს ძალიან ხელსაყრელია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. თბილისში წასვლასა და იქ სწავლას ყველა ვერ ახერხებს და ამ ადამიანებს ადგილობრივ დონეზეც აქვთ განათლების მიღების შესაძლებლობა – ბიჭებს, გოგონებს, თუნდაც, გათხოვილებს, რომლებსაც შვილები ჰყავთ და ოჯახიდან შორს ვერ მიდიან.
ჩემს გეგმებს რაც შეეხება, ბევრი გეგმა მაქვს. ამ ეტაპზე, მინდა, დოქტორანტურაში გავაგრძელო სწავლა. ჩემი ოცნება კი, სოხუმის ნახვაა.”
ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: ნინო ბაიდაური