მანანა მაცაცო ნარიმანიძე – დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი

მანანა მაცაცო ნარიმანიძე – დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი

ბრძოლა თვითდამკვიდრებისთვის

დუშეთის მეორე სკოლაში ვსწავლობდი. ჩემი კლასი გამორჩეული იყო იმით, რომ აქ მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირების შვილები სწავლობდნენ. მე რიგითი მშრომელი ოჯახის შვილი ვიყავი: დედა ბანკში ბუღალტრად მუშაობდა, მამა კი პოლიციელი იყო. მამა ახალგაზრდა იყო, როცა გულის შეტევით გარდაიცვალა და, პრაქტიკულად, ამ პერიოდიდან იწყება ჩემი ბრძოლა საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის. ჩემს ბავშვობას დამღასავით მოსდევდა ობლის სტატუსი, რაც არც მე მომწონდა და არც – დედას. ამიტომ, სულ ცდილობდა, ჩემთვის არაფერი მოეკლო. იმ პერიოდში სკოლაში ობოლ ბავშვებზე ტალონებით გაიცემოდა საკვები პროდუქტები, რაზეც დედა უარს ამბობდა და სხვა, შეჭირვებული ბავშვების სასარგებლოდ თმობდა.

ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ვიყავი. განსაკუთრებით მათემატიკა მიყვარდა. დამამთავრებელ კლასში უნივერსიტეტიდან მოვიდა კვოტა, რომ ერთი გამოცდით შეგვეძლო მოვხვედრილიყავით, თუ ფიზიკა-მათემატიკას ავირჩევდი. აქაც მინდოდა, დამემტკიცებინა ჩემი თავისთვის, რომ მარტივად არაფერი გამოდის და რთული გზა ავირჩიე: ჩავაბარე 3 გამოცდა, როგორც ყველამ, და ისე მოვხვდი კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე. ის კვოტა, სხვათა შორის, ბიჭმა წაიღო.

კარიერული წინსვლა

პირველი ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ძალიან მინდოდა იურიდიული განათლების მიღება. 2 წლის იყო ჩემი შვილი, როცა იურიდიულზე ჩავაბარე. განათლების მიღების პროცესში გვერდში მედგნენ დედა და მეუღლე, რომელთა დამსახურებაცაა, რომ დღეს სისხლის სამართლის მაგისტრი ვარ.

2002-2006 წლებში ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში’’ ადამიანის უფლებების მიმართულებით ვმუშაობდი.

ამ პერიოდში გამოჩნდა ვაკანსია გამგეობაში, შესყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე. ამ დროისთვის შესყიდვების კანონმდებლობა ახალი მიღებული იყო. გადავწყვიტე, მეცადა, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. „პატრონი“ არ მყავდა. პირველ რიგში, გადაამოწმეს ტექნიკური საგნების მიმართ ჩემი დამოკიდებულება. რადგან მათემატიკაში ძლიერი ვიყავი, იმედი მქონდა, რომ დამიკავშირდებოდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, სხვა შეარჩიეს ამ თანამდებობაზე. მე რამდენიმე თვეში მომწერეს და საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურში სპეციალისტად დავიწყე მუშაობა. მაშინდელმა სამსახურის უფროსმა ძალიან კარგად მიმიღო და თითქმის ყველაფერი მასწავლა – პრიორიტეტების განსაზღვრიდან, ბიუჯეტის შედგენამდე. რამდენიმე ხანში დავწინაურდი, ჯერ განყოფილების უფროსის პოზიციაზე, შემდეგ სამსახურის უფროსად და ბოლოს გამგებლის მოადგილე გავხდი.

პოლიტიკურად რთული არჩევანის წინაშე დავდექი და სამსახური შევიცვალე. მცხეთა-მთიანეთის გუბერნიაში ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯერის ვაკანსია გამოჩნდა, იძულებით არჩევანის გაკეთება მომიხდა და სამუშაოდ გადავედი. ამ პერიოდში ფინანსური კრიზისი გვქონდა, მანქანა აღარ გვყავდა და 7 წელი მიკროავტობუსით დავდიოდი სამსახურში დუშეთიდან მცხეთაში, სახლიდან დილის 7 საათზე გავდიოდი და საღამოს 9-მდე ვერ ვბრუნდებოდი. ჩემი მეორე შვილი მაშინ 2 წლის იყო.

მუშაობის დროს ბევრ გენდერულ სტერეოტიპს ვაწყდებოდი. მახსოვს, ერთხელ შეხვედრაზე მოვიდნენ და მე რომ დამინახეს, პირდაპირ მითხრეს, კაცს ველოდებოდით, რადგან ინფრასტრუქტურა კაცების საქმეაო. ხშირად უთქვამთ, რომ „კაცური გონება“ მაქვს. არადა, გონებას სქესი არ აქვს.

როგორ გავხდი დუშეთის მერი

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე იყო შემოთავაზება, რომ მერობის კანდიდატად მეყარა კენჭი. იყო შეხვედრები, გასაუბრებები, მეც თანახმა ვიყავი, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემმა გენდერმა გადაწონა და არჩევნებამდე ჩემი კანდიდატურა მამაკაცმა ჩაანაცვლა.

ხშირად, ასეთ დროს ადამიანები ითრგუნებიან, მოტივაცია ეკარგებათ, თუმცა ჩემს შემთხვევაში ყველაფერი პირიქით მოხდა. გავაგრძელე ჩემი საქმიანობა, სწავლა და განვითარება და 2021 წლის დუშეთის მერის არჩევნებში ჩემი კანდიდატურა მმართველმა პარტიამ კვლავ წამოაყენა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი ოჯახის მხარდაჭერა, განსაკუთრებით ჩემი მეუღლის – გვერდში მედგნენ და მოტივაციას მაძლევდნენ. მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ქალებს კარგი მართვა შეგვიძლია.

წინასაარჩევნო პერიოდში მე და ჩემი ოჯახი ვიყავით ჩემი საარჩევნო კამპანიის დამგეგმავი, ის მიდგომა ავირჩიე, რაც აქამდე არცერთ კანდიდატს არ გაუკეთებია. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ მინდოდა, საკუთარი ძალები მომესინჯა და დავრწმუნებულიყავი ჩემს შესაძლებლობებში. 243 დასახლებული სოფელი, 2 დაბა და ერთი ქალაქი მოვიარე მეუღლესთან და შვილთან ერთად. მოსახლეობიდან ბევრი არ მიცნობდა, მაგრამ აფასებდნენ, რომ სახლში მივდიოდი მათთან ცნობადი სახეების გარეშე. რაც მთავარია, დაპირებას არ ვაძლევდი – ვეუბნებოდი, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ერთად გავაკეთებდით იმას, რაც გასაკეთებელია, ყველას შეტყობინებას ვუპასუხებდი და მექნებოდა ღია ურთიერთობები.

შედეგად, ყველაზე მაღალმთიან სოფელში პირველივე ტურში 65,92%-ით გავიმარჯვე, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო გასულ წლებთან შედარებით. ამით კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ქალებს და ოჯახს ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია. მადლობა ყველა ადამიანს ნდობისთვის.

ქალების ძალაუფლება

არჩევნებზე ქალების მხარდაჭერა იყო განუზომელი და მადლობა თითოეულ მათგანს ამისთვის. ხმების უმრავლესობა სწორედ ქალებისგან იყო წამოსული.

არცერთ ზარს და შეტყობინებას უპასუხოდ არ ვტოვებ, იმის მიუხედავად, შემიძლია თუ არა საკითხის გადაწყვეტა. ყოველდღე, დილის 9 საათზე უკვე სამსახურში ვარ, ჩვენ ხომ მაგალითი უნდა მივცეთ დაქვემდებარებულ მოხელეებს?!

გასულ წელს საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტად დავსახელდით ბავშვთა საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამების მიმართულებით. ვფიქრობ, სოციალური პროგრამები პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის და მათი კარგად დაგეგმვის გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა. ამიტომ, ბევრ შრომას ვდებთ ამ მიმართულებით. ახალგაზრდების ჩართულობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ. დუშეთში ფუნქციონირებს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო. ისინი მონაწილეობას იღებენ ბიუჯეტის დაგეგმვაში, ახალგაზრდული თემების პრიორიტეტიზაციაში, უფრო მეტად რომ იყვნენ ჩახედულები მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში და თავად მოახდინონ ცვლილებები. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის დაგეგმვას. ცოტა ხნის წინ დავიწყეთ საგრანტო პროგრამა ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ქალებს, 15000 ლარის დაფინანსებით, დაიწყონ ეკონომიკური საქმიანობა. ასევე, საპილოტე მუნიციპალიტეტი ვართ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვაში.

ჩემი ცხოვრება სულ სტერეოტიპებთან ჭიდილია. ჩვენ, ქალებს, რაღაცები გვეკრძალება და მამაკაცებთან შედარებით, უფრო მეტს მოთხოვნას გვიწესებენ. ალბათ, ამიტომაც, მუდმივად განვითარებაზე და უკეთესი შედეგების მოტანაზე ვართ ორიენტირებული. მიხარია, რომ ხალხზე ორიენტირებულ, ძლიერ პოლიტიკოსად მთვლიან. ერთ-ერთი სოფლის სკოლაში მასწავლებელს უთქვამს მოსწავლეებისთვის, ჩამოეწერათ ქალი და კაცი მმართველები, ბავშვებს ქალების სია ჩემი სახელითა და გვარით დაუწყიათ.

ეს უკვე აღიარება და დაფასებაა.

——————————————

ვიდეო მომზადდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში. ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების ოფიციალურ პოლიტიკას ან შეხედულებებს.

The video was supported by the United Nations Development Program (UNDP) and Sweden, within the framework of the United Nations Joint Program for Gender Equality.

The views expressed in this document belong to the authors and may not reflect the official policies or views of the organizations listed above.