მარიამ გარიყული (თათეშვილი), 1883-1960 / მწერალი, მსახიობი

“მოგიწოდებთ ქალებო ქალთა საკითხის გარშემო, ვისაც დაჰკოდია გული თვისის უუფლებობით, არა მარტო პარლამენტის სკამზე დაუჯდომლობით, არამედ უფრო ახლოს გეტყვით: ვისაც დაჰკოდია გული თქვენივე ოჯახში, ქმარისაგან, მამისაგან, ძმისაგან. ვისაც თვის საკუთარ ნაწილ-გულევ ნაამაგარ ოჯახში არ ჰქონია თანასწორი ხმა, თავისუფალი კუნჭული გადმოგეღვარა ცრემლი, თვის საკუთარ, დედაკაცის უბედურებით სავსე ხვედრის ჭირ-ვარამზე, მოგიწოდებთ ყველას შეუერთდეთ ქალთა სწორუფლებიანობის დროშას…

ვინ ამბობს მამაკაცებიდან გამოყოფას საერთო საზოგადო საქმეში? ამაზონების ხანა დიდი ხანია წავიდა და მას მხოლოდ ზღაპრად ვიგონებთ. მაგრამ ამ საერთო ინტერესებთან ერთად სანამ კანონისა და სამართლის წინაშე მათგან განსხვავებული ვართ ჩვენი კერძო ინტერესებიც განსხვავებულია მათი კერძო ინტერესებისაგან.

თვალს ნუ აგვიხვევს მათი სიტყვიერი დაპირებანი და ის გარემოება, რომ დღეს სახელმწიფოს საჭიროებისათვის ქალები ჩაგვაბეს რაღაც უმნიშვნელო საქმეში. მოვა დრო, როდესაც მათ ჩვენი დახმარება არ დასჭირდებათ, რომ ისევ დედაკაცების საქმეთ ერთად ერთი მზარეულობა აღიარონ.

გახსოვდეთ, რომ ისტორიული უკუღმართობის გავლენით დღევანდელი მამაკაცი იმდენათ ეგოისტია, რომ ის თავისი ნებით იშვიათათ თანასწორ ამხანაგათ ჩაგვთვლის, ქალებო გახსოვდეთ, რომ მარტო კუჭის საკითხი არა კმარა, საჭიროა სულიერი ცხოვრებაც, და უკანასკნელს კი ყველა ერთნაირად მოკლებული ვართ ბურჟუაც და თუ მუშა ქალებიც. აი ჩვენი საერთო საგანი! და დეე ჩვენი ადამიანური პიროვნების აღდგენის სურვილმა შეგვაერთოს ჩვენ განურჩევლათ კლასთა და მიმართულებისა.”

ფოტო: გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი
წყარო:http://gendermediator.ge/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1…/n34

მსგავსი ისტორიები