მარიამ თოფჩიშვილი, 18 წლის , გორი

„სულ თავიდან ფემინიზმი გორის ახალგაზრდულ ცენტრში აღმოვაჩინე, რომელიც გაეროს ასოციაციის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა. ამ ცენტრში რამდენიმე შეხვედრაზე გაჟღერდა სიტყვა „ფემინიზმი“. თავიდან, ნამდვილად, ტერმინის დონეზეც კი არ ვიცოდი მისი მნიშვნელობა. უბრალოდ, იმ პრობლემებს, რასაც გენდერული და ფემინისტური პრობლემები ქვია, ვგრძნობდი სკოლაში, გარემოში, რაღაც დონეზე, შეიძლება ვთქვათ, რომ ოჯახშიც. მერე უკვე იყო რამდენიმე თეორიული სემინარ-ტრეინინგი, ისევ ამ პრეოქტის ფარგლებში და მაშინ მივხვდი, რომ ეს თემები ჩემთან ყველაზე ახლოსაა. ამის მერე გაგვიჩნდა იდეა, რომ გენდერის ქვე-კლუბი კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა. პრინციპში აქედან დაიწყო ჩემი ფემინისტური აქტივობა.

თავიდან, სიმართლე რომ გითხრათ, ასე ღიად და ვრცლად ვერ ვსაუბრობდით ამ თემებზე. უბრალოდ ვცდილობდით, რომ სხვადასხვა სემინარში შეგვეტანა ფემინისტური თემებიც იმიტომ, რომ ჯერ საერთოდ არ ვიცოდით როგორი დამოკიდებულებები ექნებოდა საზოგადეობას და ჩვენც არ ვიყავით მზად ამ თემებზე ასე ღიად გველაპარაკა.

აქტივობებზე ფიქრი რომ დავიწყეთ, 2014 წლის ნოემბერი იყო. ამ წელს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გაიმართა აქცია ქალების მკვლელობების გასაპროტესტებლად და ჩვენც მოვაწყვეთ მსვლელობა გორში, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი შემოუერთდა. მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ ბევრი თანამოაზრე გვყავდა. ამ პერიოდს დაემთხვა ის, რომ „ქალთა ფონდმა“ გამოაცხადა ერთ-ერთი საგრანტო კონკურსი. ჩვენ საინიციატივო ჯგუფი შევქმენით, რომელსაც „ახალგაზრდა ფემინისტები“ ქვია და გადავწყვიტეთ, რომ უფრო კონკრეტულად ამ თემებზე გვემუშავა. ახლა დავფიქრდი, რომ, ალბათ, ამ პროექტის მერე უფრო თამამად ვუწოდე ჩემს თავს ფემინისტი. მანამდე სხვები უფრო მეძახდნენ ფემინისტს, ვიდრე მე ჩემს თავს.

პროექტი გულისხმოდა საქართველოს 5 რეგიონში ჩასვლას. იქ ახალგაზრდებს რომ შევხდით, მერე უფრო მეტად აღვიქვი, რამხელა პრობლემები გვაქვს ამ კუთხით. პროექტის მიზანი იყო, რომ ახალგაზრდებთან ერთად ადგილობრივი პრობლემები გამოგვევლინა. ეს პრობლემები იყო იმდენად კატასტროფული ჩემთვის, ისე მძიმედ აღვიქვი, რომ თითოეული სემინარის შემდეგ მართლა გვჭირდებოდა ხოლმე ჯგუფს შეკრება და სულ იმაზე ვსაუბრობდით, რომ თურმე რა ხდება?! რამდენიმე სკოლა დასახელდა და ვიცი ეს სკოლები, მათი დირექტორებიც, სადაც გოგონებს არ უშვებენ კაბის გარეშე (!). ეს არ არის ის, რომ სკოლას აქვს ფორმა. ასევე, დამრიგებლები გოგონებს უშლიან ბიჭებთან ერთად დგომას და საუბარს დასვენებების დროს. თუ დაინახავს, იბარებს ოთახში და ეუბნება, რომ ეს გოგოსთვის შესაფერისი საქციელი არ არის. ასევე, გოგონებისთვის არ შეიძლება სპორტი, ფეხბურთი და ა.შ. მოკლედ, ასეთ ისტორიებს ვისმენდით ძალიან ბევრს და სკოლა აღმოჩნდა პრობლემების ის წყარო, რასაც ჩვენ ვაპროტესტებდით და რის შეცვლასაც ვცდილობდით. მე პირდადად, უფრო მწვავედ აღვიქვი ის სკოლის პრობლემები, რაც საკუთარი თვალით ვნახე და მართლა ძალიან ემოციური იყო ჩემთვის.

კიდევ იყო რამდენიმე შემთხვევა, რომ მშობლები მოვიდნენ და ბავშვები წაიყვანეს ტრეინინგიდან. ნუ, იმაზე აღარ ვსაუბრობ, რომ რამდენიმე ბიჭმა თავად დატოვა დემონსტრაციულად ტრეინინგი და თან არც ბოლომდე გვიხსნიდნენ, რა იყო მათთვს განსაკუთრებულად მიუღებელი. ყოფილა ღია აგრესიებიც. მაგალითად, ერთ-ერთი მშობელი მოვიდა და თქვა, მე არ მინდა ჩემი შვილი ამას უსმენდეს და ისიც დააყოლა, ეს რომ ჩემმა ქმარმა გაიგოს, ორივეს დიდი პრობლემები შეგვექმნებაო. მოსწავლე გოგო იყო, ცხადია. ამის შემდეგ იმაზეც კი დავფიქრდით, ხომ არ შეგვეწყვიტა პროექტი ან ჩვენი ეს აქტივობები ძალადობის პროვოცირებას ხომ არ გამოიწვევდა. მოკლედ, ძალიან დავიბენით და დავიწყეთ ფიქრი იმაზე, როგორ უნდა გაგვეგრძელებინა ჩვენი საქმიანობა. ამ პროექტის დასრულების შემდეგ ზუსტად ვიცოდი, რომ მარტო ამ საკითხებზე მუშაობა და ამ პრობლემების მოგვარება მინდოდა.

პროექტის დასრულების შემდეგაც გავაგრძელეთ „ახალგაზრდა ფემინისტებმა“ იგივე საქმიანობა გორში. აქ ყველაზე დიდი მხარდამჭერი ჩვენთვის არის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი, რომელიც გაეროს ასოციაციის ერთ-ერთი პროექტის, „PITA”-ს პარტნიორი ორგანიზაციაა და ისინი ნებისმიერ ინიციატივას უჭერენ მხარს, რაც გენდერულ თანასწორობას ეხება. ეს დიდი კომფორტია ჩვენთვის და ამ ინტერვიუს ფარგლებშიც მინდა მადლობა გადავუხადო მათ და არ ვიცი, ალბათ, რომ არ ყოფილიყო ეს ორგანიზაცია, ჩემი აქტივიზმიც არ დაიწყებოდა.

ცვლილებები არის, მაგრამ მეც მეჩვენება, რომ ძალიან ცოტა და ნელა იცვლება. თუმცა, პირველად ჩემს კლასში რომ ვთქვი, ფემინისტი ვარ და ამ საკითხებზე მინდა სემინარი ჩავატარო-თქო, არ დაიჯერეს და რამდენიმემ ისიც მითხრა, შენ რანაირად იქნები ფემინისტიო. იმიტომ, რომ სტერეოტიპულად სხვანაირი წარმოედგინათ ფემინისტი, ანუ მე ძალიან მშვიდი ვარ, იშვიათად ვღიზიანდები, საუბრის ტონიც ასეთივე მაქვს და ასეთი ფემინისტი რანაირად შეიძლება, ვერ მიხვდნენ. ნუ, ზოგმა არც იცოდა რა იყო ფემინიზმი. ახლა როცა ვამბობ, რომ ფემინისტი ვარ, მეტად გასაგებია ადამიანებისთვის. მართლა რომ ვფიქრობ, იმ გარემოში, სადაც მე ვაქტიურობ, ამან ბევრი რამე შეცვალა, იგივე ჩემს მეგობრებში, ჩემს ოჯახთანაც. მართალია თავიდან ღიად უარი არ უთქვამთ ოჯახის წევრებს და პრობლემად არ აღუქვამთ ის, რომ ვამბობდი ფემინისტი ვარ-თქო, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ცოტა უხერხულად იყვნენ და გარშემომყოფების რეაქციების ეშინოდათ. ახლა სრულიად პირიქით არის და დედაჩემიც, სხვა ოჯახის წევრებიც ძალიან მიჭერერენ მხარს და მოწონთ ის, რასაც ვაკეთებ იმიტომ, რომ მე ყველა იმ ისტორიას, რასაც ვაწყდები ხოლმე ვუზიარებ ჩემს ოჯახს. ამით მინდა მათაც დაინახონ, რომ პრობლემები რეალურად არსებობს. იცით რას მივხვდი? თითოეული ადამიანი, ვინც საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს როგორც ფემინისტი, მინიმუმ, საკუთარ გარემოცვას ცვლის და ეს უკვე ძალიან დიდი საქმეა.

ტრეინინგების დროს აღმოვაჩინეთ, რომ ახალგაზრდების, თითქმის, 99% არ იცოდა არაფერი ქართველი ფემინისტების შესახებ და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ თემაზე გაგვეკეთებინა მეტი აქცენტი მომავალში. ამიტომ, ახლახანს გავაკეთეთ ე.წ. ვიდეო-ინსტალაციები, ანუ მანეკენების და განათებების გამოყენებით ვცადეთ გაგვეცოცხლებინა რამდენიმე ფემინისტი და მათგან მოესმინათ ისტორიები მნახველებს. პროექტი ინოვაციუარი იყო, მაგრამ თავდაპირველად ახალგაზრდების დაინტერესება და ჩართვა მაინც გაგვიჭირდა. საბოლოო შედეგით კი ყველა ძალიან კმაყოფილი ვართ და თან ამ ფემინისტური ინსტალაციის სანახავადაც ბევრი ადამიანი მოვიდა.

ორი გრძელვადიანი გეგმა გვაქვს. ერთი ის, რომ სივრცე ვნახოთ, რომ ექსპოზიცია ქართველ ფემინისტებზე სადმე ცოტა ხნით მაინც განვათავსოთ. გვინდა, რომ სკოლებიდან მოსწავლეების ჯგუფები წამოვიყვანოთ ხოლმე და მათ ვაჩვენოთ. მეორე ჩვენი გეგმა უკავშირდება ხელოვნების ცენტრის დაარსებას გორში. ქალაქის ცენტრში გვაქვს ძალიან დიდი ტერიტორია თავისი სკვერით, რომელიც ნაგავსაყრელად იყო გადაქცეული. ინიციატორებს შორის ვიყავით ახალგაზრდა ფემინიტების ჯგუფის წევრებიც, მერიაში შევიტანეთ თხოვნა, რომ ეს შენობა გადმოეცათ ჩვენთვის და რეაბილიტაციის საქმეს ჩვენ მოვუვლიდით. შენობა მართლა გადმოგვცეს. კატასტროფულად იყო დანაგვიანებული და უკვე დავასუფთავეთ. ჩვენი სახსრებითაც რაღაცეები გავაკეთეთ იქ, მაგრამ არ ვიცით ამისი სრული რეაბილიტაცია რამდენ ხანს გასტანს, რადგან ფინანსურად ჯერ არ ვიცით ბოლომდე, გვყავს თუ არა დამხმარე. ერთ-ერთი გორის ქალთა კამერული გუნდია, რომელმაც ჩვენთვის გააკეთა საქველმოქმედო კონცერტი. აქედან შემოსული თანხით და კიდევ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შემოწირულობით მოვახერხეთ დასუფთავება და სახურავის შეკეთება. ახლა ვცდილობთ სხვადასხვა ფონდებში და საელჩოებში დავაგზავნოთ წერილები, რომ თანხები მოვიძიოთ. ზუსტად ვიცით, რომ ეს არის ჩვენი გრძელვადიანი პროექტი. გვინდა ისეთი ადგილი შევქმნათ, სადაც ნებისმიერი ახალგაზრდა მოვა და ჩვენ დავეხმარებით, რითიც შევძლებთ. თან იქვე იქნება ხელოვნების ცენტრი. ეს კარგი გზა მოვძებნეთ, ხელოვნება და ფემინიზმი რომ გავაერთიანეთ. ასე უფრო მარტივი აღმოჩნდა ადამიანებისთვის ახალი ცოდნის მიღება.“