მარიამ ქებაძე, 14 წლის, პანკისის ხეობა

“7 თვე იქნება, დაახლოებით, პანკისში რაც ვცხოვრობ. ორწლინხევრის ვიყავი დედა და მამა რომ დაცილდნენ ერთმანეთს და ვცხოვრობდი მამასთან ყვარელში. რამდენიმე წელი დედა არც კი მყავდა ნანახი, ძალიან დაძაბული ურთიერთობა იყო მშობლებს შორის. ბევრი სასამართლო შედგა, რომ დედასთან ვყოფილიყავი, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა. რთული იყო ეს ჩემთვის, მაგრამ მივხვდი, რომ რაღაცნაირად ამას უნდა შევგუებოდი. დედას ორი ბიჭი სირიაში გარდაეცვალა და ამის მერე ნათესავები გამოაგზავნა, კიდევ ერთხელ, სთხოვა მამას ჩემთან წამოვიდესო. მე შემეცოდა დედა და წამოსვლა გადავწყვიტე. თავიდან მამამ არ იცოდა, მერე რომ გაიგო, რა თქმა უნდა, ინერვიულა, მაგრამ მითხრა – როგორც შენ გინდა, ისე იყოსო. ახლა მამასთანაც მივდივარ, დედასთანაც ვარ. მაშინ კი დედასთან ახლო ურთიერთობაც კი არ მქონდა, არ მიშვებდნენ აქეთ. ახლა მამაც შეეგუა…

თავიდან რომ გადმოვედი ვიფიქრე, რომ ძალიან გამიჭირდებოდა იმიტომ, რომ თავისუფლები არ არიან ბავშვები, ახურავთ თავზე და მეგონა უმცირესობაში ვიქნებოდი რაღაცნაირად, მაგრამ ყველა გავიცანი და თითქმის ყველასთან მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. საერთოდ ვერ ვგრძნობ, რომ მათ სხვა რელიგია აქვთ, მე სხვა ვარ ან ა.შ. განათლებაც ძალიან კარგია იმ სკოლაში, მე სადაც დავდივარ და ბევრი ტრეინინგიც ტარდება, ძალიან აქტიური ხეობაა და მომწონს.

ნუ, ამ ზავხულს თავიდან რომ მოვედი აქ, შორტები მეცვა და ვაჰაბისტებმა სერიოზულად დაიწყეს განხილვა – არ გვინდ აქ მას შორტები ეცვასო. ტურისტებიც რომ მოდიან ხოლმე დედასთან, მათზეც ამბობენ, არ ჩაიცვან შორტებიო, ჩაცმის მხრივ, უნდა იყოს თავისუფლება იმიტომ, რომ აქ ჩემხელა გოგოებსაც ჰიჯაბები ახურავთ და როგორც ვიცი, უფრო მეტად მშობლები აიძულებენ მათ. ზოგს საერთოდ არ უნდა, მაგრამ ამას ვერ ამბობს და იძულებულია დაიხუროს, თან თქვას, რომ თავისით დაიხურა. ისე ჰყავთ აღზრდილი უკვე, რომ ვერ ეწინააღმდეგებიან. ჩემთან მეტი შეზღუდვა არ ყოფილა. ერთადერთი შორტი იყო და კარგით, აქ არ ჩავიცვამ-მეთქი იმიტომ, რომ შეიძლება ეს რექაციები დედაზე გადმოსულიყო და მასაც გავუფრთხილდი.

მომავალში ძალიან მინდა, რომ სწავლა გავაგრძელო ევროპაში და თუ ეს არ გამოვიდა, მაშინ მინდა თბილისში, აგრალურ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკაზე იმიტომ, რომ ოთხი თუ ხუთი დღე ვიყავი ამ უნივერსიტეტში და ძალიან მომეწონა. კიდევ ერთი პროფესია მინდა, დეტექტივობა და ამ ორიდან, ერთი აუცილებლად გამოვა”.

მსგავსი ისტორიები