October 3, 2020
In
#პოლიტიკაSHE
მარიამ ჯაში – ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი
პარტია – „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“
პარტიული სიის პირველი ნომერი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში
“მიუხედავად იმისა, რომ მერვე წელია, მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოში წამყვან პოზიციებზე მიწევს მუშაობა, ჩემი პროფესიული გზის მთავარი ნაწილი გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს უკავშირდება. საკმაოდ ადრეულ ასაკში, 23 წლისას მომეცა შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) პროფესიული კადრი გავმხდარიყავი. 1999-2000 წლებში, UNICEF-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული დაგეგმარების პროგრამის კოორდინატორი ვიყავი, შემდეგი კი, თითქმის 6 წელი, UNICEF-ის ჯანდაცვის პროგრამას ვხელმძღვანლობდი. პრაქტიკულად, დედათა და ბავშვთა ჯანდაცვისათვის საჭირო ყველა ვაქცინა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლები UNICEF-ისგან შემოდიოდა საქართველოში და ეს მომარაგება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც მიეწოდებოდა სოხუმსა და ცხინვალში. ამასთანავე, 2000-2006 წლებში, გაეროს შიდსის პროგრამის (UNAIDS) ხელმძღვანელის მოვალეობას ვასრულებდი საქართველოში. ამ პერიოდის მთავარი მიღწევა ის იყო, რომ გლობალურ ფონდსა და გლობალურ ალიანსში გაგზავნილი საგრანტო წინადადებების მთავარი ავტორი ვიყავი, რომელმაც 27 მილიონი დოლარი მოიტანა. 2002 წლიდან, შიდსის მკურნალობა ყველა ინფიცირებული პაციენტისთვის უფასო გავხადეთ, შემოვიტანეთ ახალი მედიკამენტები, ვაქცინები და შედეგად, ჩვენი ქვეყანა მალარიისაგან თავისუფალ ზონად გამოცხადდა. ასევე, ნუტრიციოლოგიის გლობალურ ალიანსში წარვადგინეთ წინადადებება და მიკროელემენტების დეფიციტის პრევენციისათვის, საქართველოში პირველად დაიწყო პურის ფქვილის რკინითა და ფოლიუმის მჟავით გამდიდრების ინოვაციური პროექტი.
17 წლის წინ, UNICEF-ის ეგიდით, საგანგებო მისიით ვიყავი პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საერთასორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ეტაპი იყო. ვმუშაობდი აღმოსავლეთ იერუსალიმში, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში ჩვენ შეგვქონდა წამლები და ვაქცინები ქალებისა და ბავშვებისათვის. ეს მცირეხნიანი, მაგრამ უაღრესად საინტერესო მისია იყო. 2007 წელს გაეროს ნიუ-იორკის სათაო ოფისში გადავედი, სადაც UNICEF-ის შიდსის პროგრამების სააგენტოთაშორისო პლატფორმის კოორდინატორი გავხდი. კერძოდ, ვმუშაობდი დედიდან ბავშვზე აივ/ინფექციის გადაცემის პრევენციის პროგრამებზე და ამ პერიოდში, UNICEF-ის სახელით, დაბალი და საშუალო შემოსავლის 17 ქვეყნისათვის 70 მილიონი დოლარი მოვიზიდეთ, რამაც ასეული ათასი ახალშობილი დაიცვა აივ/ინფექციისაგან.
ამის შემდეგ, აკადემიური გზა გავაგრძელე და ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის სახელმწიფო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ჩავაბარე, რომელიც საოცნებო იყო ჩემთვის. 2010 წელს, UNICEF-ის ნიუ-იორკის ოფისში მუშაობის პერიოდში, საგანგებო შვებულება ავიღე და იმ პროგრამის მონაწილე გავხდი, რომელიც ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო პროგრამად ითვლება სახელმწიფო ადმინისტრირებაში და რომლის კურსდამთავრებულები, მსოფლიო მასშტაბით, შვიდი მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები არიან, ასევე, არიან მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტარები, ელჩები და ა.შ.
ჰარვარდის კენედის სკოლის დასრულების შემდეგ, შემეძლო, ჩემი პროფესიული გზა ისევ გაეროში გამეგრძელებინა, მაგრამ ამ პერიოდში ჩემი შვილები – დეა და ირაკლი, 14 და 11 წლის იყვნენ. მათ თითქმის 4 წელი საქართველოს ფარგლებს გარეთ მოუწიათ ცხოვრებამ, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რომ სრულიად უნიკალურ – გაეროს საერთაშორისო სკოლაში ისწავლეს ნიუ-იორკში და ასევე, ბოსტონში – კემბრიჯპორტის სკოლაში, მაგრამ დიპლომატებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე პროფესიონალების შვილებისთვის ხშირი გადაადგილება, სკოლებისა და სამეგობრო წრის შეცვლა, ძალიან რთულია. განსაკუთრებით რთულია იმ ასაკში, როდესაც ბავშვები საკუთარი თავის ძიებაში არიან და მათთვის მნიშვნელოვანია კულტურული იდენტობის განმტკიცება. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი იყო, ბავშვებს საქართველოსთან კავშირი არ დაეკარგათ, ამიტომ, 2011 წელს გაერო დავტოვე და საქართველოში დავბრუნდი.
2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა, წინადადება მივიღე, რომ ჯანდაცვის სექტორის რეფორმირებაში მიმეღო მონაწილეობა. ბუნებრივია, ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო, რადგან შესაძლებლობა მეძლეოდა, ჩვენი კიდევ ერთხელ მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის. 2012 წელს, ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მოადგილე გავხდი და დამეთანხმებით, თუკი რამე მნიშვნელოვანი გაკეთდა ჯანდაცვის სექტორში, სწორედ 2011-2014 წლებს უკავშირდება. ჩვენ შევძელით, სამ თვეში დაგვეწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ორი მილიონი ადამიანისთვის. ასევე, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ 20013-2014 წლებში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი მიმყავდა. მაშინ ამ პროგრამის წარმატების არავის სჯეროდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ C ჰეპატიტის პროგრამა რეალობა გახდებოდა საქართველოში და მიხარია, რომ ჩვენ გავხდებით პირველი ქვეყანა, რომელიც სრულად დაამარცხებს ამ დაავადებას.
2014 წლისთვის, საქართველოს ჯანდაცვაში ორი მნიშვნელოვანი გამოწვევა რჩებოდა – ონკოლოგია და შშმ პირთა რეაბილიტაცია, რაც ოჯახებისთვის დიდი ფინანსური, ხოლო ჯანდაცვის სექტორისთვის – მორალური ტვირთი იყო. არ უნდა დავუშვათ, თუნდაც ერთი ბავშვი გვეღუპებოდეს იმის გამო, რომ ოჯახს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა ხარისხიანი მკურნალობისთვის. სწორედ ამიტომ, 2014 წელს, დავწერე სოლიდარობის ფონდის პროექტი და პრემიერ-მინისტრის დიდი ხელშეწყობით, ჩამოვაყალიბეთ ინოვაციური ფინანსების პლატფორმა – „საქართველოს სოლიდარობის ფონდი.“ ფონდმა, საჯარო სექტოში 60 000 ადამიანის, კერძო სექტორში კი, 100-ზე მეტი კომპანიის დახმარებით, 17 მილიონი ლარის მობილიზება და 700-ზე მეტი იმ ბავშვის დახმარება შეძლო, ვისაც ონკოლოგიური დაავადება შეეხო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ პერიოდის შემდეგ, ჩვენ არცერთი ბავშვის სიცოცხლე აღარ დაგვიკარგავს ფინანსური პრობლემების გამო. ბუნებრივია, ამას ისეთი კლინიკის შექმნა უნდა მოჰყვეს, სადაც ბავშვებს შესაბამისი ხარისხის მკურნალობას ადგილზე მივაწოდებთ. ეს პროექტიც მზად არის და St. Jude’s Hospital-თან ერთად, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, ჯო ენის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე იწყება ამ პროექტის მომზადება. დაახლოებით, 10 მილიონი აშშ დოლარის მობილიზაცია სჭირდება, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და არცერთ ბავშვს და ოჯახს აღარ დასჭირდეს საზღვარგარეთ წასვლა სიმსივნის სამკურნალოდ.
„სოლიდარობის ფონდში” მუშაობის პერიოდში, გიორგი კვირიკაშვილის რეკომენდაციით, „ქართული ოცნებისგან“ შემოთავაზება მივიღე და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ჩემთვის მოულოდნელად, მაჟორიტარობის კანდიდატი გავხდი სამგორის ოლქში. არჩევნების შემდეგ კი, ასევე მოულოდნელად, ჯანდაცვის სფეროს ნაცვლად, განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელობა დამევალა, რაც უდიდესი პატივი იყო ისეთი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. სამი წელი ვიყავი კომიტეტის თავმჯდომარე და ჩვენ შევძელით, არამხოლოდ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზება განათლების სექტორში, არამედ არაერთი საინტერესო რეფორმის ინიცირება, როგორც სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო დონეზე.
რაც შეეხება იმას, რა ვერ შევძელით და ყველაზე მეტად გული რაზე მწყდება – მიუხედავად იმისა, რომ 100-დან 130 მილიონამდე გავზარდეთ კულტურის სფეროს დაფინანსება, დღემდე ეს რესურსი აბსოლუტურად მიზერულია. საქართველოს მასშტაბის ქვეყნას, რომელსაც გამორჩეული კულტურა აქვს, არ შეიძლება ჰოლივუდის ერთი საშუალობიუჯეტიანი ფილმის ბიუჯეტი ჰქონდეს მთელ კულტურაზე. ასევე, არ დავუჭირე მხარი კულტურის სამინისტროს შეერთებას, თუმცა, სამწუხაროდ, უმრავლესობის ხმებმა გადაწონა მთავრობის გაუაზრებელი გადაწყვეტილება. ჩვენი ახალი ოპოზიციური პარტიისაა და პირადად ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი და განსაკუთრებული ყურადღების საგანი იქნება, კულტურის სამინისტროს კვლავ ცალკე გამოყოფა და მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზება. სულ მცირე, ხუთჯერ უნდა გაიზარდოს კულტურის სამინისტროს დაფინანსება, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კულტურის სფერო ისე წარმოჩინდეს, როგორც საქართველოს ისტორიასა და ქართულ ხელოვნებას ეკადრება.
„ქართული ოცნების“ მუშაობის პერიოდში, ისეთი საკითხები დაგროვდა, რომლის შემდგომაც მმართველ გუნდში დარჩენა წარმოუდგენელი გახდა. ჩემთვის პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება გადამწყვეტი აღმოჩნდა. სწორედ იმ დღეს დავტოვე „ქართული ოცნება,” მაგრამ აქ საარჩევნო სისტემის მოდელი კი არ იყო მთავარი, არამედ საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემული პირობის დარღვევა. პოლიტიკოსისთვის საკუთარი სიტყვის დაცვა უნდა იყოს ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი. 14 ნოემბრის გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა, რაც მმართველმა გუნდმა დაუშვა და გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან მიცემული პირობაც დაარღვია.
გულწრფელად რომ გითხრათ, „ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ, გაეროში დაბრუნებაზე ვფიქრობდი და ჩემს ძველ კოლეგებთანაც დავიწყე დაკავშირება, მაგრამ ლევან გოგიჩაიშვილისა და სხვა კოლეგების აქტიური მცდელობით, „დამოუკიდებელ დეპუტატთა ფრაქცია“ შევქმენით. ეს იყო დამოუკიდებლად შექმნილი პირველი ფრაქცია საქართველოს პარლამენტში და ამ ფრაქციის თავმჯდომარეობის პატივი მე მერგო. ვფიქრობ, რომ ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი გამოცდა გაიარა პარლამენტში, რადგან ჩვენი ფრაქციის 7 ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი, რომ 8 მარტის ხელშეკრულებით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელებულიყო საქართველოს პარლამენტში.
2020 წლის 5 ივნისს ახალი პოლიტიკური პარტია – „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ – შევქმენით და სრული ძალებით ვერთვებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
პარტია ექვსმა პოლიტიკოსმა დავაფუძნეთ – ბექა ნაცვლიშილმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ, ზვიად კვაჭანტირაძემ, ჯაბა ჯიშკარიანმა და მე. ჩვენს ქვეყნის მასშტაბით, ჩვენი სამეცნიერო წრეებისა და საზოგადოების გამორჩეული წარმომადგენლები გავერთიანდით. მთავარი მიზანი კი, სახელმწიფოს ინტერესების დამცველ პროფესიონალებს გააერთიანებს და თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული. ჩვენი საარჩევნო პროგრამის 9 პრინციპი ზუსტად ასახავს, როგორ შევძლებთ საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას, სამართლიანი საგადასახადო სისტემის დანერგვას, სოციალური და ჯანდაცვის სექტორების გაძლიერებას, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარებასა და „დიდი შერიგების“ პროცესს აფხაზებთან და ოსებთან.
დიდი იმედი გვაქვს, რომ საზოგადოების მხარდაჭერით, ჩვენ გავხდებით საპარლამენტო პარტია და შევძლებთ, პოზიტიური გარდატეხა მოვახდინოთ ამ ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ განვითარებაში.”
ავტორი: იდა ბახტურიძე
პროექტი “პოლიტიკაSHE” ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
The project “politikaSHE” is carried out with the support of the National Democratic Institute (NDI) and with the financial support of UK aid from the British people.