მარი კოდუა, 23 წლის, დარჩელი

„ტრაქტორის მართვა ჩემით ვისწავლე. ხანდახან ოპერატორ კაცს არ ეცალა, მე კიდევ მეურნეობაში საქმე მიფუჭდებოდა. ასევე მინდოდა, მეც ადვილად შემესრულებინა სოფლის მეურნეობის ის სამუშაოები, რასაც ხშირად ქალები ხელით აკეთებენ. 1 ჰექტარი მიწის გათოხვნას და მერე სასუქის შეტანას 3 დღე და 4 ადამიანური რესურსი სჭირდება, მაშინ, როცა ტრაქტორით რამდენიმე ჰექტარს დაამუშავებ ერთ დღეში.

პირველად სოფელში ტრაქტორით რომ გავედი, ჯერ ეგონათ ვსეირნობდი და ვერთობოდი. მერე რომ დამინახეს საკუთარ ნაკვეთს როგორ ვფარცხავდი, გაუკვირდათ. კი არ გაუკვირდათ, გაბრაზდნენ, რა გაუჭირდა ქალს ტრაქტორზე რომ არ დამჯდარიყოო. ძირითადად კაცები მაკრიტიკებდნენ, ქალები უფრო ოპტიმიზმით მიყურებდნენ და მაქებდნენ. ეს დიდ სტიმულს მაძლევს. ვფიქრობ, რომ არ არსებობს საქმე, რომელიც კაცებს უფრო უკეთ გამოუვათ, ვიდრე ქალებს. ეს არის არასწორი სტერეოტიპი, რომელიც უნდა დავამსხვრიოთ და მე ბედნიერი ვიქნები, თუ ამაში მონაწილეობას მივიღებ. მინდა, რომ ქალებსაც ისევე შეეძლოთ ტექნიკის გამოყენება, როგორც კაცებს და შეუმსუბუქდეთ ხელით მუშაობის ტვირთი. მე ვარ მაგალითი იმისა, რომ არა მარტო ტრაქტორის მართვა და მისი გამოყენება ვისწავლე, არამედ ტრაქტორის ნაწილებიც კარგად შევისწავლე და დამოუკიდებლად შემიძლია ელემენტარული ტექნიკური ხარვეზების გამოსწორება.

ქალებს სოფლის მეურნეობაში დიდი წვილის შეტანა შეუძლიათ, თუ სახელმწიფოც დაეხმარება და სტიმულს მისცემს. დღეს-დღეობით მეურნეობას მე და ჩემი და ვუძღვებით. 20 ტონა თხილი მოგვყავს და მხოლოდ ექსპორტზე ვმუშაობთ. თხილი გაგვაქვს გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში. ინგლისური და კომპიუტერი ჩემით ვისწავლე და ექსპორტიორებთან ურთიერთობას მე ვაგვარებ. მინდა, რომ ის ცოდნა რაც მე დავაგროვე სოფლის მეურნეობის ბიზნესში, სხვებსაც გადავცე. ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს, რჩევას მეკითხება და მეც მიხარია, რომ შემიძლია მათი დახმარება. მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. მინდა, რომ ჩემი მაგალითით ქალებს იმის რწმენა მივცე, რომ ქალებსაც შეუძლიათ იყვენენ წარმატებული ფერმერები და სოფლის მეურნეობის ლიდერები. სახელმწიფოს კი ვურჩევ, რომ მეტი განათლება, ფინანსებზე და მექანიზაციაზე წვდომის პროგრამები შესთავაზოს ყველა მეურნეს, განსაკუთრებით კი ქალებს.“