მარი, 25 წლის, თბილისი

„საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ვახდენ, როგორც ქვიარი. ქვიარობა ჩემთვის უპირველესად ჰეტერონორმატიულობასთან დაპირისპირებას ნიშნავს, იმის აღიარებას და გააზრებას, რომ სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა, არ არის ბინარული, ის გაცილებით უფრო მრავალფეროვანია.

სანამ აქამდე მოვიდოდი, დიდი და რთული გზა გავიარე. ძალიან დიდი ხნის მანძილზე ჰომოფობი ვიყავი. მქონდა რადიკალური, პატრიოტულ-ნაციონალისტური იდეები, რაც, შესაბამისად, განაპირობებს იმას, რომ აპრიორი უნდა გძულდეს ყველა გეი ან განსხვავებული ორიენტაციის ადამიანი. ჰეტეროსექსუალი, მორჩილი ქართველი ქალი, ტრადიციების მიმდევარი – ეს იყო “ჭეშმარიტი ქართველი ქალის” ის განმარტება, რომელსაც სკოლა და, ზოგადად, სოციუმი მინერგავდა ბავშვობიდან. გაიდეალებული მქონდა საქართველო/ქართველობა და ისე მესმოდა, როგორც ძირითადად სკოლაში მასწავლებლები მთავაზობდნენ. მეშინოდა “გლობალიზაციის”, რადგან ის ტრადიციებზე უარის თქმასა და გარყვნილებასთან ასოცირდებოდა. ღრმად მწამდა, რომ ჩემი ქართველობის შესანარჩუნებლად სხვა რასის, რელიგიისა და, განსაკუთრებით, ორიენტაციის მქონე ადამიანების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება უნდა მქონოდა – ისინი შორს უნდა ყოფილიყვნენ ჩვენგან. ანუ მქონდა საშინელი იდეები, საქართველოსა და ქართველობის ძალიან მცდარი გაგება, თუმცა მაშინ მართლა მთელი გულით მწამდა, რომ იმ ადამიანებს მივეკუთვნებოდი, ვისაც საქართველოს გადარჩენა უნდოდა.

მთელი ჩემი რწმენა-წარმოდგენები ერთ დღეში შეიცვალა. 19 წლის ვიყავი, როდესაც საუკეთესო მეგობარი დამიქამინგაუთდა. წლების განმავლობაში უწევდა ჩემგან გეების მისამართით უარყოფითი დამოკიდებულების ატანა, მოსმენა, რომ ისინი უნდა გადავასახლოთ, მოვაშოროთ, აჯობებს, რომ მოკვდნენ. სწორედ, ამ დამოკიდებულების გამო იძულებული იყო, მისი უახლოესი მეგობრისგან თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეფარა. წლები იცხოვრა ამ ტყუილში და აღარ შეეძლო მეტის მოთმენა. ერჩივნა, რომ ან დავეკარგე, ან ვყოფილიყავი მასთან. ზუსტად ერთი დღე დამჭირდა, მეტი არა. მთელი ღამე ვტიროდი, ისე განვიცადე. ვტიროდი იმის გამო, რომ გავიაზრე, რა საშინელება ვიყავი. როგორ შეიძლება, ამ სიძულვილით იცხოვრო, არ იაზრებდე, როგორ ტკენ ადამიანებს. წლების განმავლობაში ვაყენებდი საშინელ ტკივილს ჩემთვის უახლოეს ადამიანს რაღაც აბსტრაქტული, თავსმოხვეული იდეების ბრმადმადიდებლობის გამო. ყველა ცრურწმენას, სტერეოტიპს და სიძულვილით სავსე წარმოდგენას ერთ დღეში მოეღო ბოლო. ამის მერე რადიკალურად სხვა მიმართულებით წარიმართა ჩემი ცხოვრება.

იმ დღიდან მოყოლებული ყველასთან – ოჯახში, მეგობრებთან, ნაცნობებთან, სადაც ამის დრო, ადგილი და საშუალება მაქვს, ლგბტქი ადამიანების თანასწორობაზე ვსაუბრობ, ვდაობ, ვკამათობ. ცოტა ხანში აღმოვაჩინე, რომ ჩემი ორი უახლოესი მეგობარიც მიმალავდა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი სიძულვილით და ჰომოფობიით ვაიძულებთ ადამიანებს, დაფარონ თავიანთი ნამდვილი იდენტობა, ნამდვილი მე.

რომ არა ჩემი მეგობრის გამბედაობა, ვინ იცის, რამდენი ხნის განმავლობაში ვიქნებოდი სიბნელეში, ვიცხოვრებდი თავსმოხვეული, შორეული, ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით, რომლებითაც გავიზარდე და სინამდვილეში არც რეალური ინფორმაცია მქონია, არაფერი ვიცოდი საერთოდ. ჩემი მეგობრების დაქამინგაუთების შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყე საკუთარ თავში ჩარჩოების და სტერეოტიპების მსხვრევა. ჩემთვის პირველი ეტაპი იყო, როდესაც საკუთარ თავს დავუწყე შეკითხვების დასმა, უფრო მეტად გავიხსენი და გავთავისუფლდი. ბუნებრივი გახდა ჩემთვის, გიყვარდეს ადამიანი განურჩევლად მისი სექსუალობისა, ოღონდ ეს იყო ძალიან დიდი ხნის პროცესი, წლების მანძილზე გაგრძელდა.

გავიაზრე, რამდენად რთულია, გამოუტყდე საკუთარ თავს, რომ საზოგადოების იმ ნაწილს მიეკუთვნები, რომელსაც სრული უმრავლესობა დასცინის, ლანძღავს და რიყავს. ეს იმდენად დიდი წნეხია, რომ ურთულესი პროცესია საკუთარ თავთან ამის აღიარება. ერთია, როცა სხვების შესახებ საუბრობ, მაგრამ საკუთარი თავი ჩააყენო ამ მდგომარეობაში – ეს ძალიან რთულია.

მადლობელი ვარ მეგობრების და ცხოვრების, რომ მომეცა საშუალება, გამეაზრებინა, რომ სამარცხვინოა, ფარავდე ან მალავდე იმას, რაც რეალურად ძალიან ლამაზია. ვიყო განსხვავებული გაცილებით მეტად საამაყოა, ვიდრე – ვიყო დამალული. ამ რთული პროცესების შემდეგ ბედნიერი ვარ, რომ ავირჩიე ბრძოლის გზა – ბრძოლა ყველა ადამიანის იმ უფლებისთვის, რომ არ ეშინოდეს, იყოს განსხვავებული, ფერადი, ლამაზი.

მყვარებია მხოლოდ ერთხელ, დღემდე ის ადამიანი მიყვარს, მთელი არსებით. ვთვლი, რომ ყველაზე კეთილი, საყვარელი და კარგი ადამიანია, ვისაც ვიცნობ. და რა მნიშვნელობა აქვს ვინმესთვის, ის გოგოა თუ ბიჭი? როგორ შეიძლება მისი სქესით გაიზომოს ჩემი სიყვარულის სიწრფელე, ხარისხი, ჩემი ან მისი ადამიანობა? სიყვარული ადამიანების სქესის, გენდერისა და იდენტობის მიღმაა.

მაქსიმალურად ვცდილობ, ნულამდე დავიყვანო ის ზიანი, რასაც ამ სამყაროს ვაყენებ და ვფიქრობ, ეს ყველა ასპექტში უნდა გამოვლინდეს – ცხოველებთან, მცენარეებთან, ზოგადად ბუნებასთან – ვარ ვეგეტარიანელი, ქუჩაში ნაგავს არ ვყრი, ხეს არ ვჭრი, დავდივარ ფეხით, ჩემი დროის უმეტეს ნაწილს ვცდილობ, აქტივიზმით ვიყო დაკავებული. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ზოგს მხოლოდ იმის გაგება, რომ ქვიარი ვარ, ჰყოფნის იმისთვის, რომ გარყვნილის, ცუდის, მიუღებლის იარლიყი მომაკრას. რატომ ვარ გარყვნილი ადამიანი? გარყვნილი იმის გამო, რომ ვთვლი ყველა ადამიანს აქვს უფლება უყვარდეს და იყოს მასთან, ვისთანაც უნდა?“

მსგავსი ისტორიები