მაშკა დავლიანიძე, 51 წლის, თბილისი

„ვარ ხელოვნებათმცოდნე, გერმანიაში ვსწავლობდი, თუმცა, როდესაც უკან დავბრუნდი, მივხვდი, რომ არავის არ სჭირდებოდა ეს აქ (იმ პერიოდში). 90-იანებში მე და ჩემმა ქმარმა გავხსენით „ჩინ-ჩინი“, ანუ პიცა სახლში მიტანის სერვისით. სახლში ვისხედით და სულ 100 ევრო გვქონდა, როდესაც ეს იდეა მომივიდა თავში. ჩემი ქმარიც ამყვა და ერთად წამოვიწყეთ ეს ყველაფერი. მეორე დღესვე ვიყიდეთ ინგრედიენტები, მოვიტანეთ სახლში და დავიწყეთ კეთება, თუმცა საღამოს 7 საათზე უკვე აღარაფერი გვქონდა. მეორე დღეს უკვე მთელი ჩვენი სამეზობლო მუშაობდა ჩვენთან ერთად, რომ მოგვესწრო და მოგვემზადებინა შეკვეთები. სამოთახიან ბინაში 20 ადამიანი ვმუშაობდით. პროდუქტი რაც გვრჩებოდა ამას ერთად ვჭამდით, ან ფინანსურად გაჭირვებულებს ვურიგდებით. მაშინ ძალიან დაგვეხმარა ის, რომ ტელევიზიაშიც, რადიოშიც და გაზეთებშიც ბევრი ნაცნობი გვყავდა, რომელიც რეკლამას გვიკეთებდა სრულიად უფასოდ. 1 წელიწადში დავხურეთ ეს ბიზნესი, როდესაც ხალხს ძალიან გაუჭირდა და შეკვეთებმაც საგრძნობლად აიკლო.

ამის შემდეგ პატარა, მყუდრო რესტორანს ვაკეთებდით, რადგან მაშინ ასეთი ტიპის ადგილები საერთოდ არ არსებობდა. მოგვიანებით, გერმანულში დავიწყე მოსწავლეების მომზადება (რადგან გერმანული ქართულზე უკეთ ვიცი). დღეს 25 მოსწავლე მყავს გერმანულში. 2011 წელს ჩემმა მეგობრებმა გახსნეს ბარი, სადაც ჩემმა მეგობარმა გამიხვრიტა ენა. ამ ამბიდან რაღაც დროის შემდეგ დამაინტერესა პირსინგების კეთებამ და მივხვდი, რომ ეს საქმე ძალიან მაინტერესებდა და მომწონდა.

ერთ საღამოს, როდესაც მე და ჩემი მეგობარი, ნინო ქართველიშვილი, სამზარეულოში ვისხედით, იდეა მომივიდა, რაღაც პატარ-პატარა ნივთები დაგვემზადებინა ხისგან და მერე დაგვეძველებინა. მსგავს რაღაცეებს ვაკეთებდით ხოლმე ისედაც, თან ეს ვინტაჟური, რეტრო სტილი ყოველთვის მომწონდა. პირველად Flea Market-ზე გავყიდეთ სხვადასხვა ნივთები, მოგვიანებით პატარა ზარდახშების/ყუთების დამზადება დავიწყეთ, როდესაც ჩვენმა დიზაინერმა მეგობარმა შემოგვთავაზა, დავხმარებოდით ერთ-ერთ ბინაში ოთახების დიზაინის შერჩევაში. საძინებელი მთლიანად ჩვენ გავაკეთეთ და ასევე ოთახში, სამი მეტრი სიმაღლეში და ოთხი მეტრი სიგანეში, უზარმაზარი, ხეში ჩასმული კედელი, რომელიც შევღებეთ, „გავშკურკეთ“ და ნახატიც გავუკეთეთ. ეს იყო ჩვენი პირველი სერიოზული შეკვეთა, რომლის პარალელურადაც სახლშიც ვაკეთებდით პატარ-პატარა ნივთებს. მოგვიანებით ხესთან ერთად რკინის დამუშავებაც დავიწყეთ. ჩვენი ძირითადი საქმიანობა ამჟამად ავეჯის დამუშავება, ჩვენი დიზაინით შექმნა, დამზადება გახდა. ეს ყველაფერი კი ძალიან სპონტანურად დაიწყო, როდესაც ჩვენთვის გასართობად დაწყებული რამ, ბიზნესად იქცა.

პირველი გამოფენა „ექსპო ჯორჯიაში“ გვქონდა ოქტომბერში. იქ მოვაწყვეთ ჩვენი „სტენდი“, როგორც სახლი და პირველი ადგილიც დავიკავეთ. ამ ბიზნესის წამოწყების შემდეგ მივხვდი, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია მონდომება და სურვილი. მე მთელი ცხოვრება რაღაცას ვაკეთებდი, ადრეც და ახლაც, მაგრამ ის პრობლემები, რაც მაშინ მაშინებდა და ჩემ გარშემო არსებობდა, გაქრა. მაგალითად, რესტორანი როდესაც გვქონდა, სურსათის შემოტანის პრობლემა იყო. პრობლემა იყო, რომ სულ მეშინოდა, ვინმე არ შემოვარდნილიყო, არ დავეყაჩაღებინეთ. დაცულად ვერ ვგრძნობდი თავს. დღეს ამ ბიზნესში პრობლემები არ მაქვს, არანაირი პრობლემა არ შემქმნია, რადგან მეგობრული გარემო, კლიენტურა, ადამიანები არიან ჩემ გარშემო. ახლა სამომავლო გეგმებს ვსახავთ. მინდა, პერსონალური გამოფენა გავაკეთო.

მე სულ ვიძახი რატომ მიყვარს თბილისი. მე აქ კომფორტი მაქვს, იმისდა მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი, უამრავი პრობლემაა გარშემო“.

მსგავსი ისტორიები