მელანო წიწილაშვილი, სოფელი მერჯევი, საჩხერის მუნიციპალიტეტი

„2000 წლიდან ვმუშაობ მერჯევის სკოლის პედაგოდად, მაქვს 17 წლიანი სტაჟი, ვასწავლი ფიზიკა-მათემატიკას. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარ დეპუტატად ამირჩიეს. 12 კანდიდატიდან ერთადერთი ქალი ვიყავი.

ჩემი გამარჯვება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. უდიდესი როლი ჩემმა ოჯახმა და მისმა წარსულმა ითამაშა. ჩემი მეუღლის ბაბუა და ბებია დამსახურებული პედაგოგები იყვნენ, მამამთილი 36 წელი მუშაობდა ჭორვილის საჯარო სკოლის დირექტორად. დედამთილი დღესაც ამ სკოლის პედაგოგია. ოჯახის ყველა წევრი პედაგოგია და თემთან მჭიდრო კავშირი გვაქვს. ამიტომ, პირველ რიგში, ამან იქონია ძალიან დიდი გავლენა. რა თქმა უნდა, ჩემმა პიროვნულმა ფაქტორმაც ითამაშა როლი. ჩემი ყოფილი მოსწავლეები დამიდგნენ გვერდში და ერთ გუნდად ვმუშაობდით. მთელ წინასაარჩევნო პერიოდში ვცდილობდი ჩემს კონკურენტებთან კონფლიქტში არ შევსულიყავი. როდესაც გადაწყვეტილებას იღებ პოლიტიკაში მოხვიდე, თმენის ძალიან დიდი ვალდებულება გაქვს, ეს ვალდებულება ნომერ პირველია, ამასთანავე, რა თქმა უნდა, გულწრფელობა. მე აბსოლუტურად ყველა ამომრჩეველთან გულწრფელი ვიყავი. მთელი სოფელი ფეხდაფეხ შემოვიარე.

1300 კომლიანი სოფელია, 2500 ამომრჩეველი ჰყავს. ყველასთან პირადად მივედი, თუმცა,არავისთვის მითქვამს ხმა მე მომეცითთქო. „გააკეთეთ სწორი არჩევანი“ – ეს იყო ჩემი გზავნილი თითოეულ ამომრჩეველთან.

იყო უამრავი მიზეზი, რამაც გადამაწყვეტინა პოლიტიკაში მოსვლა. პირველ რიგში ის, რომ სოფელს არ ჰქონდა წყალი, კანალიზაცია, გზა, საბავშვო ბაღი. ყველა ამ პრობლემას განსაკუთრებით მწვავედ განიცდიდნენ თემში მცხოვრები ქალები. მე ვფიქრობდი, რომ შევძლებდი აღნიშნული პრობლემების მოგვარებას, ჩემი თემის გვერდში ამოდგომით. მე უნდა ვყოფილიყავი ამ პრობლემების მოგვარების პირველი ინიციატორი და იმედი მქონდა ჩემი თემის ერთსულოვნების და თანადგომის.

თემი იყოფა ორ სოფლად: მერჯევი და ივანწმინდა. ივანწმინდის მოსახლეობას ჰქონდა წყლის პრობლემა. როგორც კი არჩევნები დასრულდა და მაჟორიტარად ამირჩიეს, დავიწყე ამ პრობლემის მოსაგვარებლად ბრძოლა. ეს სოფელი სრულად უნდა ყოფილიყო წყლით მომარაგებული. შედეგიც მივიღეთ. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა და იმ წელსვე დასრულდა წყლის მომარაგების საკითხი.

პარალელურად, საბავშვო ბაღზე დავიწყეთ ზრუნვა. თემის ორივე სოფელში მერჯევსა და ივანწმინდაში 90-იან წლებში დაწყებული იყო ბაღის მშენებლობა, თუმცა არ იყო დასრულებული. ძალიან ბევრი პრობლემის გადალახვა მოგვიწია, სანამ ივანწმინდაში ბაღის მშენებლობა დასრულდებოდა. თუმცა დღეს, სოფელში ევროსტანდარტების შესაფერისი საბავშვო ბაღი გვაქვს.

ახლა პრობლემაა იმ ბაღის დასრულებაა, რომელიც მერჯევშია და მისი ტერიტორია ნაგავსაყრელად არის ქცეული, რაც საშიშროებას წარმოადგენს. მისი ან დემონტაჟი უნდა მოხდეს, ან აშენდეს თავიდან . ჩემი მიზანია, ამ ადგილას მერჯევის პატარებისთვის საბავშვო ბაღი ავაგოთ.

მეორე ყველაზე დიდი პრობლემა იყო და არის გზა. თემს არ აქვს რაიონთან დამაკავშირებელი გზა, რომელზეც ნორმალურად გადაადგილება შეიძლება. მუნიციპალიტეტს ალტერნატიული გზის მშენებლობა შევთავაზეთ, მათაც მიიღეს ჩვენი გეგმა და გამოაცხადეს ტენდერი. პროექტირების ფაზა გავლილია, ექსპერტიზაც ჩატარდა და ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიდის ფონდებთან დაფინანსებაზე. სულ 7 კილომეტრიან მონაკვეთზეა საუბარი და საჭიროებს 3 მილიონ 700 ათას ლარს.

ამ ეტაპზე, მაინც მრჩება მერჯევში ბაღისა და კანალიზაციის პრობლემა. კანალიზაცია სოფლისთვის საკმაო ფუფუნებაა, მაგრამ, მოგეხსენებათ, ამ ყველაფერს თავისი გასავალი გზა სჭირდება, რათა გარემო არ დაბინძურდეს.

საკრებულოში მაჟორიტარი 2 ქალი და 11 კაცი ვართ. ახალ გარემოში როცა მოვხვდი, რა თქმა უნდა, დრო დამჭირდა, სანამ გავაცნობიერებდი, თუ სად და როგორ უნდა მემოქმედა. მაგრამ, ძალიან მალე მივხვდი, ვის როგორ უნდა მივდგომოდი. თუ ვინმეს ,,სუსტი წერტილი“ ჰქონდა, ვფიქრობდი, ჩემი თემის სასიკეთოდ როგორ გამომეყენებინა. სხვა შემთხვევაში, როცა მას დასჭირდებოდა ჩემი გვერდში დადგომა, მეც დავუდგებოდი. მაჟორიტარ დეპუტატებზე მაქვს საუბარი. მარტო ჩემი თემი მთლიანად რაიონში მდგომარეობას ვერ გამოასწორებს და სხვა თემის წარმომადგენლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა მათივე პრობლემების მოსაგვარებლად.

მე ჩემი ადგილი საქმისადმი მიდგომით დავიმკვიდრე. სანამ საკითხს წამოვაყენებ, მანამდე სიღრმისეულად ვეცნობი და ვსწავლობ ამ საქმეს. სხვანაირად ჩემი წინადადება მიუღებელი იქნება, არავინ მომისმენს. მაგალითად, ბაღის საკითხი როცა წამოვაყენე, სპეციალისტების დახმარებით მთლიანი ხარჯთაღრიცხვა გაკეთებული მქონდა, ვიცოდი, სად შეიძლებოდა წყვეტა გვქონოდა, როდის დამჭირდებოდა დამატებითი თანხების მოძიება და ა.შ.

როცა გადავწყვიტე არჩევნებში მიმეღო მონაწილეობა, ჩემი სამეგობრო დავსვი და ვკითხე: „როგორ ვიმოქმედო? სწორია თუ არა ჩემი გადაწყვეტილება? თქვენი აზრით, რა არის ჩემი ძლიერი და სუსტი მხარე?“. სანამ რეალურ ნაბიჯებს გადადგამ, ყოველთვის უნდა განსაზღვრო საკუთარი და მოწინააღმდეგის ძლიერი და სუსტი მხარეები,საკუთარი ,,წონა“ საზოგადოებაში, სწორი ანალიზი გაძლევს იმის საშუალებას, რომ მართებული გადაწყვეტილება მიიღო და არასწორი მოლოდინებიც არ დაისახო. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძლიერი გუნდი იდგა ჩემს უკან, წინასწარ არასოდეს მიზეიმია გამარჯვება. ყველაფრისთვის მზად ვიყავი და ბოლომდე ვიბრძოდი.

ოქტომბერში ისევ იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მე აუცილებლად ისევ მივიღებ მონაწილეობას ამ არჩვენებში. თემში კიდევ მაქვს მოსაგვარებელი საკითხები. ისევ მაჟორიტარად ვაპირებ კენჭისყრას. დარწმუნებული ვარ, რომ თუ რამის გაკეთება მინდა ჩემი თემისთვის, ამას მაჟორიტარად ყოფნით შევძლებ. პარტიული პასუხისმგებლობა განსხვავდება ადამიანური პასუხისმგებლობისგან“.

(ავტორი: ნინო გამისონია)

მსგავსი ისტორიები