მერი ლეჟავა, 98 წლის, თბილისი

„24 წლის ვიყავი მეორე მსოფლიო ომის დროს კომისარიატიდან გაწვევა რომ მომივიდა და ჩვენი პოლკი უკრაინაში წაიყვანეს, თუმცა მანდ სულ 2-3 დღე მოგვიწია გაჩერება. პროფესიით ექიმ-სტომატოლოგი ვიყავი, რეგისტრაციაში გაგვატარეს და მერე გვითხრეს, რომ ისევ საქართველოში ვბრუნდებოდით. გამიხარდა ძალიან, რა თქმა უნდა, ამას რა სჯობდა. დაბრუნების შემდეგ ვმუშაობდი ადგილობრივი დაცვის პოლკში, სადაც სამი ექიმი ვიყავით – ქირურგი, თერაპევტი და ექიმ-სტომატოლოგი. თუ რომელიმე სამხედროს დასჭირდებოდა დახმარება, ჩვენ ყოველთვის მზადყოფნაში ვიყავით. ერთი სიტყვით, ამ პოლკში 2 წელი გავატარე. თუმცა, გამიმართლა, რომ ისეთ ადგილებში მოვხვდი, სადაც საბრძოლო მოქმედებები არ იყო.

ახალგაზრდა ვიყავი და ვერ წარმომედგინა რა იყო ომი ისე, როგორც ახლა ვიცი რას ნიშნავს. ამიტომ, ისე ძალიან არ განმიცდია. უკრაინაში რომ წამიყვანეს დედაჩემი უფრო გადარეული იყო, ვიდრე მე. დედისთვის შვილი ხომ სულ სხვა რამეა. დედა უფრო განიცდის, ვიდრე შვილი. საქართველოში რომ დამაბრუნეს, ფრთები შეესხა.

გაწვევამდე ფასანაურში ვმუშაობდი და გზა მუდმივად დატვირთული იყო სამხედრო მანქანებით, რომლებიც ომში მიმავალი ჯარისკაცებით იყო სავსე. ისინი, ხშირად, ჩვენს სამედიცინო პუნქტთან ჩერდებოდნენ, სხვადასხვა დახმარების გასაწევად. ერთი შემთხვევა მახსოვს, როცა ახალგაზრდა ჯარისკაცი ცუდად გახდა და ჩვენმა ექიმმა არ გაუშვა, გზაში დაგეღუპებათ, დატოვეთ და ხვალ გამოვუშვებთო. მეორე დღეს უკეთ გახდა და თვითონ მოაკითხეს.

ჩვენს პოლკში დაჭრილები იშვიათად მოჰყავდათ. თუმცა მუდმივად მორიგეობა გვიწევდა, რაიმე საგანგაშო შემთხვევა რომ ყოფილიყო. არავინ იცოდა წინასწარ, შეიძლება თბილისიც დაებომბათ და მაშინ გამოვეძახეთ. ჩვენ ნებისმიერ დროს მზადყოფნაში ვიყავით. თუმცა, ხანდახან დღე ისე გავიდოდა არაფერს ვაკეთებდით, ხანდახან კიდევ ღამის ორ საათზე შეიძლება გამოძახებაზე წავსულიყავი, ვინმე, სიტყვაზე, ფეხმოტეხილ ჯარისკაცს კბილი ატკივდებოდა, ამიტომ ადგილზე უნდა მემკურნალა.

მე თავიდან არც ვიცოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პოლკი, ასე ვთქვათ, მოძრავია და სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობს, ასეთი წესი ჰქონია. ამჯერად მოუწია სომხეთში წასვლა. დედაჩემიც ექიმი იყო და ნაცნობობით ისე გააკეთა, რომ მე საქართველოში დავრჩი, აღარ წავედი. მალე ომიც დამთავრდა.
ომის დამთავრებას ძალიან დიდი სიხარული მოჰყვა. პოლკიდანაც წამოვედი და 53-ე სკოლაში დავიწყე ექიმად მუშაობა. პენსიაზე გასვლამდე მანდ ვიმუშავე, პირის ღრუში მუშაობას კარგი მხედველობა სჭირდება და ასაკს რომ მივაღწიე, წამოვედი სკოლიდან.

ომის დროს ცხოვრება ძალიან მძიმე იყო, ყველას უჭირდა, მაგრამ ახლა რომ მესმის გაჭირვება, ასეთი მაინც არ გამიგია, თქვენ წარმოიდგინეთ. აი, ჩემი ოჯახის მაგალითზე შემიძლია ვთქვა. მე მიჭირს, ძალიან მიჭირს. სიღარიბის ზღვარის დასადგენად შევიტანე განცხადება და იმ ქალს, შემფასებელს სასაცილოდ არ ეყო, ეს „ლუსტრა“ რამდენ სანთლიანიაო? მიიხედ-მოიხედა და თქვა რა კარგია აქ ცხოვრებაო. დამცინოდა მემგონი.

როგორც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, სახელმწიფოს მხრიდან მაქვს ხანდახან დახმარება. 9 მაისს მილოცავენ ხოლმე. შარშან ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარემ პირადად მომილოცა. რაღაც წიგნი გამოუშვიათ “Georgia” და ის მომიტანა საჩუქრად. სააკაშვილის მთავრობაში მოსვლის დროს ყოველ 9 მაისს 200 ლარს მაძლევდნენ, შემდეგ მთავრობის შეცვლის მერე ერთჯერადად 1000 ლარი მივიღე. წელს გამგეობასაც გავახსენდი და საჩუქრები გამომიგზავნა. მეტი არავის გავხსენებივარ. როგორც ომის ვეტერანს, რამე განსაკუთრებული პენსია არ მაქვს, იმდენივე მაქვს, რამდენიც სხვებს. თუმცა მე მიმატებენ 22 ლარს გაზის და 22 ლარს ელექტროენერგიის ფულს. 22 ლარი კი არა, ამ გაზის გამათბობელს 120 ლარი უნდა. საიდან გადავიხადო, შვილო?

ყოველ 9 მაისს გამარჯვების პარკში ვიკრიბებით და ხანდახან ჩემი რძალი მიმყვება იმიტომ, რომ მეშინია უკვე მარტო ქუჩაში გასვლა. ხშირად გამიგია მარტოხელა მოხუცის მისამართით ქუჩაში „ამ ოხერს პატრონი არ ჰყავს, ქუჩაში მარტო რომ დადის?!“, არ მინდა მსგავსი რამე გავიგონო ჩემი მისამართით, ძალიან ძნელი მოსასმენია. ამიტომ, მარტო სიარულს ვერიდები.
ჩემს ასაკში ახლა ყურთასმენის პრობლემა მაქვს და ორი წელია ველოდები, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ სმენის აპარატი გამომიყოს, თუმცა შედეგს ვერ მივაღწიე. როგორც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს უფასოდ მეკუთვნის. ადგილობრივ გამგეობასაც მივმართე, მაგრამ ჯერ-ჯერობით აპარატის გარეშე ვარ.“

მსგავსი ისტორიები