მერი ძაგნიძე, 81 წლის, ქობულეთი
„ახალგაზრდებს ვურჩევ: გაუფრთხილდით ერთმანეთს და გაუფრთხილდით დროს…როცა ადამიანი ბერდება, ის მარტო რჩება თავის სიბერესთან. შეიძლება ბევრი შვილი და შვილიშვილი გყავდეს, მაგრამ მაინც მარტო ხარ. ყველა დაკავებულია თავისი ცხოვრებით და არ აქვთ იმის დრო, რომ მოხუცს მიაქციონ ყურადღება, განა გულგრილობით, არა… უდროობით. დილით ვინ სამსახურში მიდის, ვინ სკოლაში და რჩება მარტო მოხუცებული. საღამოს სახლში რომ დაბრუნდებიან ოჯახის წევრები, ყველას თავისი საქმე აქვს, სად სცალიათ ესაუბრონ, მოეფერონ მოხუცს, გაიგონ რა აწუხებს, რა დარდები აქვს და რა სურვილები. თუ შესჩივლე, რაღაც მტკივაო, გიპასუხებს, შენ კი არა, მე ახალგაზრდა ვარ და შენზე მეტი მტკივაო. ჰოდა რჩება მოხუცი ჩაკეტილი თავის პრობლემებთან და სურვილებთან. მეორე დღეს იგივე მეორდება. ხშირად ტელეფონით მოიკითხავენ, ინახულებენ, რაღაცას მოუტანენ, გაახარებენ, მაგრამ ეს ყურადღება წამიერია. მერე რჩება მარტოობა და ბევრი ამოუთქმელი სურვილი. კიდევ უფრო მძიმეა იმ მოხუცების ცხოვრება, ვინც სოფელში ცხოვრობს და შვილები ქალაქში ყავთ. მართალია ზამთარში დედას მარტო არ ტოვებენ, მიყავთ ქალაქში, რომ იზრუნონ მასზე, მაგრამ დედას თავისი კერია და სოფლის მეზობლები ურჩევნია. ის კი ჩიტივით გამოკეტილია, ქალაქის მაღალსართულიანი კორპუსის რომელიმე სართულზე და მთელი დღე ხმის გამცემი არავინ ყავს. ითმენს, შვილებს ხომ არ გაანერვიულებს?! ასე, რომ რაც არ უნდა კარგი პირობები გქონდეს, მოხუცებულობა და მარტოობა განუყრელია, იმიტომ რომ მოხუცებს თანამოაზრეები აკლიათ. აუცილებლად უნდა არსებობდეს მოხუცებულთა თავშეყრის კლუბები, სადაც ისინი შეხვდებიან ერთმანეთს და გაუზიარებენ აზრებს, სიხარულს და მოგონებებს. ძალიან მიხარია, რომ ქობულეთში ასეთი სახლი არსებობს „ღირსეული სიბერე“ ქვია, სადაც ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს, ერთად დავდივართ ექსკურსიებზე, ვესწრებით სპექტაკლებს, ვაწყობთ პოეზიის საღამოებს და ვეცნობით ერთმანეთის შემოქმედებას. ასეთი სახლი მგონი ერთადერთია საქართველოში, არადა რამდენ სიხარულს მოუტანდა სხვადასხვა სოფლებში მცხოვრებ მოხუცებს“.