მიკა ძიძიგური, 43 წლის, თბილისი

„ჩვენი ისტორია ასეთია – როდესაც ლილე დაიბადა, ერთი შვილი უკვე მყავდა და ვიცოდი რა არის გყავდეს შვილი. უბრალოდ, ეს ყველაფერი თავიდან უნდა განმეცადა და ბედნიერება უნდა გამორმაგებოდა, სხვა მოლოდინი არ მქონია. ორსულობის მერვე თვეში გავიგეთ, რომ ბავშვი გულის მანკით იბადებოდა, მაგრამ ექიმის დასკვნის მიხედვით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, უბრალოდ, შეიძლება სპორტსმენი ვერ გამოსულიყო. მაშინ პირველად ამოტივტივდა ქვეცნობიერიდან – და იქნებ ჩემ შვილს მოუნდეს, რომ სპორტსმენი გახდეს?ანუ რა გამოდის, რომ მას ეს არ შეეძლება?! ეს ჩემთვის მიუღებელი ინფორმაცია აღმოჩნდა.

როდესაც დაიბადა და ჩევნ ერთმანეთს მესამე დღეს შევხვდით, რაღაც არ მომეწონა. გენეტიკური ანალიზი მოვითხოვე დაუნის სინდრომზე. რაღაც გაურკვეველი მიზეზებით მიხსნიდნენ, რომ ეს იმ მომენტში არ იყო საჭირო. მაგრამ ჩემი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ გაირკვა, რომ ანალიზი უკვე გაგზავნილი იყო. მადლობა, რომ გამიფრთხილდნენ და სანამ პასუხი არ იქნებოდა, არ უნდოდათ ჩემი ნერვიულობა, მაგრამ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება. მშობლის ამგვარად ინფორმირებულობა არ არის სწორი.

ალბათ, ის დღე ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მძიმე იყო. არც დღე და არც ღამე არ შემეძლო მარტო დარჩენა. შიშისგან ვკანკალებდი. ჩემი ქვეცნობიერი, ისევ ცნობიერი ხდებოდა – როგორ თუ ჩემი შვილი, თუ მოისურვებს, ჰარვარდში ვერ ისწავლის, ან ვერ გათხოვდება?! ჩემი თავი მაოცებდა, საიდან მოდიოდა ასეთი კითხვები. მე ხომ მანამდე არასდროს მიფიქრია ქორწილზე, სწავლაზე და ასეთ, ჩემთვის სასაცილოდ დაგეგმილ მომავალზე. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არ მივეკუთნებოდი ისეთ ადამიანთა და განსაკუთრებით, ისეთ მშობელთა კატეგორიას, რომლებიც ცდილობენ თავიანთი წარმოსახვის მიხედვით შექმნილ სამყაროში აცხოვრონ შვილები. მე კარგი დედა ვიყავი ჩემი პირველი შვილისთვის და ზედმიწევნით კარგად ვიცოდი, რომელი აღზრდის მეთოდი იყო ბავშვისთვის საუკეთესო. ძალიან მზრუნველი, მოსიყვარულე და ბავშვების აღზრდით გაბედნიერებული დედა. და ასეთი ვიქნებოდი ჩემი მეორე და მესამე შვილისთვისაც. ყოველთვის მეგონებოდა, რომ ვარ ჭკვიანი და კეთილსინდისიერი დედა, რომელიც შვილებს თავისთვის კი არა, საზოგადოებისთვის და თავიანთი თავისთვის ზრდის, უფრო სწორად, ხელს არ უშლის. მაგრამ დაიბადა ლილე და მითები საკუთარ იდეალურობაზე, სულ თავზე დამემხო.

პირველად მაშინ გამაოცა, როდესაც დაბადებიდან 2 კვირის განმავლობაში რეანიმაციაში ვიწექით და პანიკური და გაუსაძლისი შიში არ მტოვებდა, უჩემოდ დაგეგმილი ჩემი რეალობის გამო. ერთადერთი, ვისაც ჩემი დამშვიდება შეეძლო, იყო ლილე. როდესაც მასთნ ვიყავი, ყველაფერი მარტივი და ბუნებრივი ჩანდა. არ არსებობდა შიში, არა მარტო ლილეს გამო, საერთოდ შიში არ არსებობდა. ეს განცდა არასდროს მტოვებს. ყოველთვის მთბილა როდესაც ვიხსენებ, ერთად გატარებულ პირველ დღეებს, რომელიც, თითქოს, ყველაზე მძიმე უნდა ყოფილიყო.

ლილე ყოველთვის აჭარბებდა ჩემ მოლოდინს და მიმტკიცებდა, რომ ის პიროვნებაა, ძლიერია, სავსეა უსაზღვრო სიყვარულით და შესაძლებლობებით. ყოველ დღე ახალი რეალობის წინაშე მაყენებს და ეს საინტერესოა. უბრალოდ, ეს ჩვენ ვიყურებით სხვაგან. ჩვენ ვერ ვხედავთ ბევრად მნიშვნელოვანს და ღირებულს, ვიდრე ჰარვარდია, ან ნებისმიერი რამ, რაც თურმე შენმა ქვეცნობიერმა დაგიგეგმა. ვერ ვხვდებით, რომ მოვლენებს კი არ უნდა გავუსწროთ, უნდა დაველოდოთ და მივიღოთ ისეთი, როგორიცაა და ეს კარგია.

ვიცი, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალა, მე შევიცვალე, ჩემ გარშემო ადამიანები შეიცვალნენ. ვიცი, რომ დღეს უფრო მეტი ვარ, ვიდრე ვიყავი. მაგრამ, „რატომ“ ამაზე სწორი, არა სტერეოტიპული და არა ყალბი პასუხი მჭირდებოდა. რა მოხდა ისეთი განსაკუთრებული ჩემს ცხოვრებაში ლილეს დაბადებით? წინ კიდე მთელი ცხოვრება დამრჩა ლილესთან ერთად და ვიცი რომ კიდევ ბევრჯერ გამაოცებს და გამაასებს.

დღეს კი, რაც ვიცი ის არის, რომ არასდროს დავგეგმო მის მაგივრად მისი მომავალი. ვიყო ბედნიერი იმით, რაც დღეს მაქვს და ხვალ თუ დაბრკოლებები შეგვხვდება, აუცილებლად გადავლახავთ. ვიცი, რომ სამყარო მრავალფეროვანია, არამარტო ფერით და სეზონით. ვიცი, რომ სტერეოტიპები სიტყვებში კი არა, საკუთარ ქვეცნობიერში უნდა ამსხვრიო. ვიცი, რომ სიყვარული ნამდვილად იმაზე დიდი ყოფილა, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია. ყოველ დღე ვხედავ, რამხელა ემოციას დებს სიყვარულში და მის სხვებისთვის გაზიარებაში (ოღონდ არა ყოველთვის, ასეთი ხელგაშლილიც არაა და ძალიან კაპასიცაა). ვიცი, რომ არსებობს ნიჭი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აგრძნობინებს, რომ ის განსაკუთრებულია და განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს. ამას ლილე ყოველდღე მაჩვენებს და მის გარშემო განსაკუთრებული ადამიანების მთელი არმიაა. ვიცი, რომ ცხოვრება გაძლევს შანსს, რომ თვიდან დაიბადო (ადამიანად დაიბადო). ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ის დღე, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული და მძიმე მეგონა,სინამდვილეში ჩემი დაბადების დღე ყოფილა, ახალი სტატუსით – “ლილეს დედა”. მე ასე მიცნობენ.“

მსგავსი ისტორიები