ნადია აჭიშვილი, 70 წლის, ჯოყოლო (პანკისის ხეობა)
“განათლებას მე სად მივიღებდი…მთის ძირში ვცხოვრობდით და გამოთხოვილი ვარ აქ. სკოლაში იქიდან დავდიოდით და 8 კლასი ძლივს-ძლიობით დაგვამთავრებინა მამაჩემმა. მამაჩემს არ უნდოდა ჩვენი სკოლაში სიარულიც. ქალებმა მარტო წერა-კითხვა უნდა იცოდნენო, სხვა რამე ქალის საქმე არალიო. ქალი უნდა თოხნიდესო, ბარავდესო, ბოსტანში მუშაობდეს და თავის ოჯახს მიხედოსო. მე ინტერესი მქონდა, მაგრამ რახან მამა უარზე იყო, მშობლები უარზე იყვენენ, თან შორიც არიო და მარტო რვა კლასი დავამთარე, მერე დავანებე თავი.
ჩვენთან მაშინ პატარები თხოვდებოდნენ და 8 კლასი რო დავამთავრე, სათხოვნელად მოდიოდნენ. რა ვიცი, ხან ვინ მოჰყავდათ, ხან ვინ… ჰოდა, მე მაშინ აზრადაც არ ვიყავი გათხოვება რას ნიშნავდა. სიყვარული რა არი, არც ვიცოდი. ჰოდა, ჯერ ერთხელ მოვიდნენ სათხოვნელად, ჩემს სოფელში ავტობუსი არ იყო მოსული, იმათმა მოიყვანეს… სინათლეებიც არ იყო, ლამფის შუქზე ვიყავით. ჰოდა, მამაჩემმა უარით გამოისტუმრა – პატარა არიო, რა დროს ამის გათხოვებაა, ასეო და ისეო. მე მეთექვსმეტე წელში ვიყავი და იმისიანები კიდევ მიჩიჩინებდნენ „ხელის გულზე გატარებთო“… მეც რაღაცა მეგონა, მაგრამ მაინც მამაჩემის ნათქვამს ვერ გადაუხვევდი ხოლმე. რაც არ უნდა ეთქვათ, მაინც მაგას ვუჯერიდი. მეორედ რომ მოვიდნენ, ისეთი ხალხი მოიყვანეს, რო მამაჩემმა თქვა „ეხლა კი მოსაკლავადაც მოგცემთო“, ანუ ისეთი პატიოსანი და დიდებული კაცები მოიყვანეს სათხოვნელად, ჩვენთან ესეთი წესია. ისინი გამოდიან და მე მელაპარაკებიან. ეს მამაჩემი, კიდევ, მეუბნება, შენ ოღონდ მე ნუ შემარცხვენ და უარი თქვიო, მე ამათ გავისტუმრებო. მოკლედ, არ დაგვანებეს თავი. ჩემით მე არაფერი არ მითქვია, ჰოობა თქვა მამაჩემმა და გამათხოვა. იმათ თქვეს, რომ თუ ასე გეპატარავებათ თქვენი შვილი, ოღონდ ჩვენს სახელზე იყოს და წლობითაც დავტოვებთო. მამაჩემმა გაბრაზებულმა უთხრა „არაო, დღესვე მომაშორეთ ამ ოჯახიდან, თორემ არ ვიცი ამას რას ვუზამო“. მამა იმ ხალხზეც გაბრაზებული იყო, რომ არ მოეშვნენ და ჩემზეც, გინდა თუ არა უარი რატომ არ ვუთხარი.
მოვედი ოჯახში და რა პირობები, სადაა პირობები. ისეთი სიძნელეები გამოვიარე… მაშინ ბირკიანში ვცხოვრობდით. 5 შვილი მეყოლა, ეს დედამთილი, მამამთილი, დიდი ოჯახი, ეს ნაკვეთი და ყველაფერი მოკლედ. აი, ესე ვიწურავდი ოფლს მთელი დღე. ერთი წუთით მოსვენება არ იყო. თმა მქონდა ძალიან გრძელი და ხშირი. საქმეს რომ ვაკეთებდი, იმის თავი და დრო აღარა მქონდა გათხოვების შემდეგ, რომ ჩემი თმისთვის მიმეხედა. სულ გაშლილი და გაწეწილი დავდიოდი.
მერე აქ, ჯოყოლოში ჩამოვედით და ჩვენით ძლივს-ძლიობით ავაშენეთ სახლი და ვზარდეთ 5 შვილი. 2 ბიჭი აფხაზეთის ომში გარდამეცვალა. სამი გოგო დამრჩა – ერთი ესტონეთშია და იქ ცხოვრობს, ერთი გროზნოდან გადასახლდა გერმანიაშია თავისი შვილებით, იმასაც ქმარი მოუკვდა ჩეჩნეთის ომში და სამი შვილით დარჩა. ერთი გოგო კი ჩვენთანაა, იმასაც ორი ბიჭი სირიაში მოუკვდა.
მახსოვს, ჩემი ყოფილი თანაკლასელები მყავდა იქვე მეზობლად. ქმარეულები როცა გავიდოდნენ სახლიდან, მოვიდოდნენ ისინი და ისე ვთამაშობდით, მოკლედ მთელი გრიალი გვედგა და სულ თავდაყირა ვაყენებდით სახლს. მერე ეგენი რომ გამოჩნდებოდნენ, მაშინვე ჩავჩუმდებოდით და მეც სერიოზულად ვჯდებოდი.
სკოლაში, მერვე კლასში რო დავდიოდი, პირდაპირ კაცს თვალებში ვერ ვუყურებდი. აი, რო მელაპარაკებოდა ბიჭი ან კაცი, არ შემეძლო თვალებში შეხედვა. მე მეგონა, იმას რომ შევხედო, სახელი მეკარგება-მეთქი. ეხლა თავისუფლად არიან ერთმანეთთან ახალგაზრდები, ეს შეიცვალა და კარგია. რაც მე გავიარე, იმას არ ვუსურვებდი ჩემს შვილიშვლს. მგონი კანონიც დააწესეს, რომ 18 წლამდე გოგოს გათხოვება არ შეიძლება და თუ მანამდე წაიყვანა, იმას ციხე აქვს. ადრე თხოვდებოდნენ 13 წლისაც, 14-15 წლისაც, მაგრამ ეხლა აღარ. ახალგაზრდები სწავლა-განათლებას მეტად მისდევენ და ადრე გათხოვება აღარ არის. კარგია ეს რომ შეიცვალა.“