ნათელა სოსელია. 87 წლის. სოფელი გუდავა, გალის რაიონი.

„ნახევრად ცარიელი იყო ჩვენი სოფელი იმ ღამით. უკვე დაძინებას ვაპირებით მე და დათიკო, ვიღაცამ კარზე რომ დაგვიბრახუნა. გაიქეცით, დაიმალეთ სადმე, აფხაზები მოდიან და ვინც დარჩენილები არიან, ყველას კლავენო. როგორც ვიყავით ჩაცმულები ისე გავიქეცით. მე პერანგი მეცვა და ხალათი, ფეხშიშველი ვიყავი. მარტო სანთლის ჩაქრობა მოვასწარი, სახლი რომ არ გადამწვარიყო. ვიფიქრე, მოვბრუნდებით თქო. რა მნიშვნელობა ქონდა სანთლის ჩაქრობას, თუ ვეღარ დავბრუნებოდი უკან. კი, ვერ დავბრუნდით დედა.

ჩემი ქმარი სხვა კაცებთან ერთად გზის პირით გაიქცა. ვუყვიროდი, არ წახვიდე დათიკო მაქედან, ტყეში დავიმალოთ თქო. არ დამიჯერა. მე ტყით გავიქეცი. თხრილი მოვძებნე, სადაც ჩემი მეზობლებიც იმალებოდნენ და შიგნით ჩავწექი. სიბნელეს თვალები როცა გავუსწორე, გზას ვუყურებდი, ხმებს ვუსმენდი, იქნებ გამეგო დათიკოს ამბავი ან დამენახა საით მიდიოდა. რამდენიმე საათში ჩვენი მეზობლის, იგორ ალანიას სახლიდან ცეცხლის ალი ამოვარდა. ვთქვი, დათიკო დაწვეს ალბათ თქო. მეჩხუბნენ მეზობლის ქალები. მასე ნუ ამბობ, დათიკო უკვე სამშვიდობოსაა გასულიო.

გამთენიისას შევედი მეზობლის კაცთან ერთად ალანიების დამწვარ ქუხნაში. სამი კაცის სხეული ისევ იწვოდა. დათიკო ამოვიცანი. მაღალი ტანის იყო, მხარბეჭიანი. შორიდანაც კი იცნობდი, როცა მოდიოდა. მივხვდი, რომ სულ მარტო დავრჩი და არ ვიცოდი თავი როგორ გადამერჩინა, საით წავსულიყავი.

გზას მარტო ვერ გავიკვალავდი. ბიძაშვილმა მირჩია, იქნებ ანაკლიაში დაიმალო, შენს ნათესავებთანო. ზღვის სანაპიროს გავყევი. ღამით ვიარე ქვებზე, არავის რომ არ დავენახე. ანაკლიაც დაცარიელებული დამხვდა. რამდენიმე ოჯახი იყო შემორჩენილი. ერთმა ქალმა წყალი გამომიტანა. სული მოვითქვი ცოტა. მითხრა, აქ გაჩერებას აზრი არ აქვს, ვერ გადარჩებიო. იქნებ ზუგდიდში ჩახვდე, როგორმე და კომენდანტი გაგიყვანს სამშვიდობოსო, მირჩია.

ანაკლიაში ერთ კაცს ტრაქტორი ყოლია. იმაზე დაგვსვა ხუთი ქალი და წავედით ზუგდიდისკენ. გზად მაზაკვალი ჯაბა იოსელიანის კაცები შემოგვხდნენ, ოხრები – დროზე ფული და ოქრო მოგვეციოთო. სახლში სულ არ შევსულვარ, სანთლის ჩაქრობა მოვასწარი მარტო და სად მექნებოდა ფული და ოქრო. მაშინ მოგკლავთო, გვითხრეს. ყველაზე ხნიერი მე ვიყავი და ვიყვირე, აფხაზებს გადავურჩით და თქვენ უნდა მოგვკლათ, მეგრელებმა თქო?! მაშინ ტრაქტორიდან ჩამოდითო. ტრაქტორი წაგვართვეს ოხრებმა. ახლა გაიქეცით ფეხითო. გავიქეცით. მივრბოდით და უკან ჩვენს შესაშინებლად ავტომატის ჯერით მოგვიშვირეს ტყვიები. ჰაერში ისროდნენ, მაგრამ ჩვენ რა ვიცოდით. მივრბოდით ქალები ტყეში კივილით. მოგვსდევდა ტყვიები წუილით. მივრბოდით და თან ვტიროდით. ზოგი ეცემოდა გულწასული. გულმაგრები ვბრუნდებოდით, ერთმანეთს ავაყენებდით, მხარს შევაშველებდით და ისევ გავრბოდით. უფრო ნელა გავრბოდით. არ მახსოვს, სად გავრბოდით. მივრბოდი და თან გული მედარდებოდა, დათიკოს დამარხვას რომ ვერ შევძლებდი. ამ ტყვიების წუილში მკვდარზე რა მაფიქრებდა.

ხიდეს სასაფლაომდე ვირბინეთ. სასაფლაოზე ერთ ბინა-სასაფლაოს შევაფარეთ თავი და მთელი ღამე იქ გავატარეთ. უსაფრთხო ადგილია სასაფლაოს ბინები სამეგრელოში. მშვიდად ვიყავით.

ზუგდიდამდე ცხენებში შებმული ტაჩკებით ვიარეთ. გამოქცეულების კოლონას შევუერთდით. მშვიდობით ჩამოვედით. კომენდანტმა ფოტო მომთხოვა საბუთისთვის, ისე ვერ გადაგიშვებო. სად მექნებოდა ფოტო. პერანგით და ხალათით ვიყავი. შევეხვეწე. არ დამტოვო ომში თქო. გადამიშვა.

მას მერე ზუგდიდში ვცხოვრობ, დევნილთა დასახლებაში. ჩემი ოთახი დიდია. მაგრამ ამ ოთახში მარტო ერთი ლოგინი, კამოდი და მაგიდა დგას. კიდევ კარგი, კარგი მეზობლები მყავს. ერთად ვსადილობთ და ერთმანეთს ძველი ამბების მოყოლით ვართობთ“

(ავტორის შენიშვნა: ზუგდიდში, ზუსტად იმ ადგილას, სადაც პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციაა, რამდენიმე ათწლეულია დგას ნაცრისფერი ოთხსართულიანი შენობა – „დევნილთა ჩასახლება“, როგორც ამას ტექნიკურ ენაზე ეძახიან. შენობის დერეფნებს ფანჯრები არ აქვს. არც საკანალიზაციო სისტემა. ოთახებში მწირი ავეჯია. ზოგან ელექტროგაყვანილობაც არ არის. პრეზიდენტის ყოფილი სასახლე ახლა ტექნოპარკად გადაკეთდა.)