ნათია გოგოხია, 37 წლის, ზუგდიდი

„პროფესიით ვარ ექიმი, ქირურგი და 2 შვილის დედა. ჩემი პროფესიის არჩევის დროს ახლობლების წინააღმდეგობას გადავაწყდი. მირჩევდნენ, რომ ქირურგობა რთული საქმე იყო და ქალის ორმაგი მოვალეობა – შვილების და ოჯახის მოვლა და ეს პროფესია შეუთავსებელი იქნებოდა. თუმცა სირთულეები არასდროს მაშინებდა და რაც მაინტერესებდა, ის პროფესია ავირჩიე. თუ რამე მიკეთებია ჩემი ცნობიერი ცხოვრების მანძილზე, ეს მედიცინის სწავლასა და პრაქტიკაში ჩადებული ინტელექტუალური და ფიზიკური შრომაა. წლების განმავლობაში მეუღლესთან ერთად ვმუშაობდი ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში და დღეში რამდენიმე რთული ოპერაციის გაკეთება მიწევდა. 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით უწევთ ქირურგებს მუშაობა. ეს არ გავს იმ სამსახურს, რომ დილით გახვიდე და საღამოს შემობრუნდე. ხშირად ყოფილა, როცა დღესასწაულზე, მაგალითად შობაზე, სუფრასთან ზიხარ და ამ დროს გირეკავენ, რომ მძიმე პაციენტია საოპერაციო და დაუყოვნებლივ უნდა წახვიდე.

მეოთხე წელია ქირურგის პროფესიას შევეშვი და ეს თემა ცხრაკლიტულში გამოვკეტე, რადგან ძალიან მტკივნეულია ჩემთვის იმის გაცნობიერება, რომ რაც ამდენი წელი გიკეთებია, რა შრომაც ჩაგიდია, ერთ დღესაც უნდა დათმო გარკვეული ანაგრიშვალდებულების სასარგებლოდ.

მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, უკვე მეორე ბავშვი მყავდა. სახლში დედას ვიხმარდი პერიოდულად. იმ დღეს, სამსახურში ვიყავით მეც და ჩემი მეუღლეც. ორივე ცალ-ცალკე საოპერაციოებში ვიყავით შესული. ამ დროს შუა ოპერაციაზე რეკავს ჩემი ტელეფონი, ექთანმა უპასუხა და ყურთან ახლოს მომიტანა. ისმის დედაჩემის განწირული ხმა, რომელიც მატყობინებს რომ ჩემს გოგოს მანქანა დაეჯახა. იმ მომენტში ერთადერთი რაც შევძელი გამერკვია, რომ ბავშვი ცოცხალი იყო. მძიმე ოპერაციას ვაკეთებდი და ცხადია ვერ შევძელი პაციენტის დატოვება. ეს იყო ყველაზე საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში, როცა, ერთის მხრივ, საკუთარი შვილის გვერდით უნდა იყო და მეორეს მხრივ, პროფესიული ვალდებულება არ გაძლევს ამის უფლებას. დავასრულე ოპერაცია და მხოლოდ მას შემდეგ ვნახე ბავშვი. საბედნიეროდ გადარჩა ჩემი შვილი და უმნიშვნელო დაზიანება ქონდა. ამის მერე საკუთარი თავის განსჯა დავიწყე.

ვიცოდი, როგორ პროფესიასაც ვირჩევდი და არასდროს მეგონა, რომ ოჯახის ინტერესების გამო ჩემს კარიერას დავთმობდი. მაგრამ ამდენი სტრესის ფონზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მომიწია არჩევანის გაკეთება. აქტიურ პროფესიას შევეშვი. პირველი 2 წელი ძალიან გამიჭირდა, რადგან ეს ის დრო იყო, როცა უნდა კარგად გადამეხარშა, რომ უნდა შევშვებოდი იმ ყველაფერს, რასაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი…

მაგრამ სახლში დაჯდომა ჩემთვის კატასტროფის ტოლფასი იყო. დავიწყე ისეთი საქმიანობის მოძებნა, რომელიც ჩემს პოტენციალს გამოავლენდა და შვილებისთვისაც მექნებოდა საკმარისი დრო. პირველი მცდელობა იყო ყვავილების ბიზნესი მეწარმოებინა. ჩემს დასთან ერთად ჰოლანდიიდან 7 სახეობის ტიტის ბოლქვი ჩამოვიტანე და ამ გაზაფხულს 50,000 ფერადი ტიტა გავახარეთ. აქაც 24 საათიან რეჟიმში გვიწევდა მუშაობა, რომ სათბურში შენარჩუნებულიყო ტენიანტობა, ტემპერატურა, თავის დროზე მოგვერწყა. ტიტების გასაღების ბაზრები კარდაკარ სიარულში მოვძებნე – დავდიოდი და ხელშეკრულებებს ვაფორმებდი სხვადასხვა ქსელურ მაღაზიებთან თბილისსა და ბათუმში. თავიდან გაგვიჭირდა დაგვერწმუნებინა დამკვეთები, რომ ჩვენი ტიტა მოკრეფიდან 10 დღეზე მეტ ხანს ძლებდა. მერე უკვე 45, 000 ცალი ტიტა გავყიდეთ. ახლა ახალი თანხების მოძიების პროცესში ვარ, რომ მომავალ გაზაფხულზე, უკვე დაგროვილი გამოცდილებით და მინიმალური დანახარჯით მოვიყვანო ტიტები.

ახლა რამდენიმე თვეა გავხსენი სააგენტო, რომელიც ტურისტულ და წვეულებების მართვის მომსახურებას უწევს ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებლებს. უკვე ბევრი შეკვეთა გვაქვს დაბადების დღეების, იუბილეების და ქორწილების ორგანიზების. ასეთი ტიპის მომსახურება ზუგდიდში არ არის და მიხარია, რომ ჩვენ პირველები ვართ ბაზარზე.

მიმაჩნია, რომ ქალისთვის პირადი სივრცე აუცილებელია, სადაც მოახდენს საკუთარი თავის რეალიზებას. ყველა ადამიანი ცდილობს რაღაც ბალანსი დაამყაროს საკუთარი ინტერესებისა და სხვა ადამიანების წინაშე ანგარიშვალდებულებებს შორის. ჩემს შემთხვევაში ვალდებულად ვთვლი თავს შვილების წინაშე, მაგრამ აუცილებლად უნდა არსებობდეს ქალის ცხოვრებაში საქმე, სადაც მოახდენს თვითრეალიზებას.

მე არ გავჩერდები ახლა სადაც ვარ, რადგან ვთვლი, რომ ქირურგია და მედიცინა ჩემთვის იმდენად მაქსიმალური თვითრეალიზების სფერო იყო, რომ ამაზე მაქსიმალური შეიძლება ვერც კი გავაკეთო ცხოვრებაში. ერთ დონეზე ვერ დავაყენებ ქირურგიას და სხვა პროფესიას, რასაც დავეუფლები მომავალში, იმიტომ რომ შეუძლებელია, რამე გაუტოლდეს იმას, რომ შეგიძლია ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინო. თუმცა მაინც შევეცდები, რაღაცით ვიყო დაკავებული და რაღაც ახალი შევქმნა.“

მსგავსი ისტორიები