ნათია ლაბაძე, 24 წლის, ბათუმი

„2015 წლის 18 ივლისს, 22 წლის ასაკში, ჰონგ-კონგის პორტში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გემის ხიდურაზე პირველად ჩამოვართვი ხელი კაპიტანს, რომელმაც მითხრა „კეთილი იყოს შენი მობრძანება გემზე. მშვიდობიან ცურვას გისურვებ“

„ჩემს ოჯახში ყველა მეზღვაურია. მამაც და ძმაც. ბიძებიც. თუმცა მემედ აბაშიძის გემის დაღუპვას ჩინეთის ზღვაში, ბიძების სიცოცხლე შეეწირა. ამის შემდეგ მამა გემზე აღარ წასულა. მე კიდევ ამ ოცნებით ვიზრდებოდი, რომ ოდესმე დიდ ნაოსნობაში წავიდოდი. ყოველთვის მიზიდავდა მოგზაურობა, ახალი ქვეყნების ნახვის შესაძლებლობა. და გარდა ამისა, მეზღვაურის პროფესია ერთ-ერთი შემოსავლიანი პროფესიაა, რომელიც ძირითადად კაცებით არის დომინირებული და რატომ არ შეიძლებოდა ამ სიკეთით მეც მესარგებლა?!

ამიტომ გადავწყვიტე მეც მესარგებლა…

„საზღვაო აკადემიის გემთწამყვანი ფაკულტეტის 121 სტუდენტ ბიჭში, მე ვიყავი ერთადერთი გოგო, რომელიც ყოველ დილით საერთო მოწყობაზე ფორმით დგებოდა. მახსოვს ჩემსკენ გამოშვერილი თითები – გაოცების თუ კრიტიკული შეძახილებით – გოგო და ზღვაოსნობა ვის გაუგიაო. იმდენად დიდი სიახლეა ქალი გემზე, რომ ფორმაც მხოლოდ კაცებისთვისაა მორგებული და იქ კაბის ადგილი არ არის. ერთხელ ჩემმა ინგლისურის ლექტორმა მითხრა, „კარგი გოგო ხარ, ნიჭიერი სტუდენტი, მაგრამ აგერ 4 წელში გნახავ, რომ დაასრულებ სწავლას, გათხოვდები და ბათუმში დაიწყებ მუშაობასო.

4 წლის შემდეგ სააგენტო „კოლუმბიას“ გასაუბრებაზე 6 წარმატებულ სტუდენტს შორის ვიჯექი. სააგენტოს ერთ-ერთი საერთაშორისო გემისთვის კადეტები უნდა შეერჩია. ტესტირება წარმატებით გავიარე. თუმცა ერთმა გამომცდელმა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპიდან იყო, მითხრა: „თქვენ დაწუნებული ხართ სქესის გამო. თქვენ ქალი ხართ.“

ძალიან მეწყინა. თუმცა გადავწყვიტე ბოლომდე მებრძოლა და სკაიპ ინტერვიუს დროს, უკვე გასაუბრების მეორე ეტაპზე ჩემი ცოდნა მაქსიმალურად გამოვავლინე. სხვათა შორის ამ გასაუბრებას ქალი გამომცდელიც ესწრებოდა, რომელიც ამავე სააგენტოში მუშაობს. გასაუბრებიდან 15 წუთში ზარი შემოვიდა ტელეფონზე: გილოცავთ, თქვენ ჩვენს გემზე მუშაობას იწყებთ…

ეს იყო ჩემი პირველი მოგებული ბრძოლა იმ ბარიერებთან, რომელსაც კულტურა და მენტალიტეტი უწესებს ქალებს. იმ ფაქტს, რომ ჩემი კვალიფიკაცია და ნავიგაციაში ცოდნის დონე მაღალი იყო, ისიც ადასტურებს, რომ გემი, რომელზეც გამიშვეს 365 მეტრი სიგანის და 68 მეტრი სიმაღლის იყო და მას 14,000 კონტეინერი ახალი მანქანები გადაქონდა. ეს იყო უდიდესი საპასუხისმგებლო საქმე.

მახსოვს სტუდენტობის დროს ერთი წიგნი წავიკითხე „ზღვა და ოთხი ქალიშვილი“. გულდასაწყვეტია, რომ ბევრმა არც კი იცის, რომ პირველი ქართველი მეზღვაური, რომელმაც მართალია კაპიტნის რანგამდე ვერ მიაღწია, მაგრამ ერთ-ერთი სერიოზული რანგი ქონდა და მე-20 საუკუნის დასაწყისში დაცურავდა, ბათუმელი ქალი, იულია ფაილოძე იყო. ალბათ სიმბოლური დამთხვევაა ის ფაქტი, რომ იულია ზუსტად იმ სახლში ცხოვრობდა, რომელშიც მე და იმ ბიბლიოთეკაში მუშაობდა, სადაც ეს წიგნი პირველად წავიკითხე და ინსპირაცია მივიღე. გარკვეული ბარიერების გამო იულიამ კაპიტნის რანგამდე ვერ მიაღწია. ზუსტად 1 საუკუნის შემდეგ, მე ვიყავი მეორე ქართველი ქალი, რომელიც გემზე წავიდა და ვიქნები პირველი ქართველი ქალი, რომელიც კაპიტანის რანგს მიაღწევს.

კადეტატად 6 თვე ვიმუშავე და ერთადერთი ქალი ვიყავი იმ გემზე. ზოგადად, 6თვის შემდეგ მეზღვაურები სახლში დაბრუნებას ამჯობინებენ, რადგან ძალიან ძლიერია ნოსტალგიის გრძნობა, რომელიც ადამიანს ღია ზღვაში გეუფლება. თუმცა გადავწყვიტე, კონტრაქტი 8 თვემდე გამეგრძელებინა, რაც საშუალებას მომცემდა კაპიტანის მესამე თანაშემწის პოზიციამდე დავწინაურებულიყავი და საკუთარ თავში დავრწმუნებულიყავი, რომ დამოუკიდებლად შევძლებდი რთული სამუშაოსთვის თავის გართმევას. მახსოვს, კაპიტანი მოვიდა და მკითხა, ნათია დარწმუნებული ხარ, რომ კიდევ 2 თვით გინდა გემზე დარჩენაო? დავეთანხმე. რამდენიმე თვეში კაპიტანის მესამე თანაშემწის რანგში ხიდურაზე ვიდექი და დამოუკიდებლად ვმართავდი გემს.

ჩემი ძირითადი მოვალეობა გემის უსაფრთხოებაზე და მის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვაა. საღამოს საათებში, როცა გემზე ყველა ისვენებს, ხიდზე მე ვდგავარ და გემს მიმართულებას ვაძლევ. ერთხელ ჩემმა უკრაინელმა კოლეგამ გამიმხილა, საკუთარი კაბინის ფანჯრიდან რომ დავინახე, 22 წლის გოგო როგორ მართავდა ამხელა გემსო, გულში ვლოცულობდი, მშვიდობით გაგვითენდეს ღამეო.

მიუხედავად იმისა, რომ გემებზე, რომლებზეც დავცურავ ევროპელი მეზღვაურები არიან და ქალ კოლეგებთან მუშაობის გამოცდილებაც აქვთ, მაინც ვაწყდები სტერეოტიპებს, მაგალითად, ერთხელ შტორმის დროს კაცები დანიძლავდნენ თურმე, რომ მე, როგორც ქალს გული ამერეოდა და საჭმელს ვერ გავეკარებოდი. არადა პირიქით მოხდა: ვერცერთი კაცი ვერ გაეკარა საჭმელს, მე კიდევ ორმაგი ულუფა მივირთვი.

საქართველოში კიდევ უფრო ხელშესახებია სტერეოტიპი, რომ ქალი გემზე კი არა, სახლში უნდა იჯდეს. პირველად გემზე ვიყავი, ფეისბუქზე ჩემს შესახებ პოსტზე კომენტარები რომ წავიკითხე. მაკრიტიკებდნენ და ვინ?! ძირითადად ისევ ქალები. ძალიან მეტკინა გული, მაგრამ არავისთვის მიპასუხია, რადგან მიმაჩნია, რომ მე ჩემს საქმეს ძალიან კარგად ვაკეთებ, გემზე მუშაობა ქალისთვის და კაცისთვის ერთნაირად არის უსაფრთხოც და საფრთხის შემცველიც, განსაკუთრებით შტორმის დროს, ვზრუნავ კარიერასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და გვერდით მიდგას ოჯახი და მეგობრები. დანარჩენი განვითარების პრობლემაა.

გულდასაწყვეტი ისაა, რომ უკვე მესამე წელია საკუთარ დაბადების დღეს და ახალ წელს გემზე აღვნიშნავ. მაშინ, როცა ყველა მხიარულობს, შენ ზღვის მდუმარებაში გემი მიგყავს. თუმცა ამასაც ეჩვევი. 24 წლის ვარ და მიმაჩნია, რომ ერთ ადგილას ფეხების ბაკუნის დრო არ მაქვს. მე აუცილებლად გავხდები კაპიტანი.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია

პლატფორმა „ქალები საქართველოდან“ განსაკუთრებულ მადლობას უხდის მამუკა ჩხიკვაძეს Mamuka Chkhikvadze ფოტოების გადაღებისთვის და პროექტის მხარდაჭერისთვის