ნათია ფურცელაძე, 30 წლის, ბაღდათი
ოცნება მასწავლებლობაზე
————————————————-
“იმერეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ვცხოვრობდი. ჩემი მეგობრებისა და ჩემს იმდროინდელ აზროვნებას როცა ვიხსენებ, მიკვირს, როგორ ვაზროვნებდით ისე პროგრესულად მაშინ. ბუნებრივია, ოჯახის როლი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ძალიან დიდი ძალა აქვს სასკოლო გარემოს. მეგობრებსაც გვისაუბრია ამ თემებზე და ასე დავასკვენით, რომ ჩვენ ბევრს ვკითხულობდით, მათ შორის – უცხოურ ლიტერატურასაც, სწორედ კითხვამ, წაკითხულის გააზრებამ მიგვაჩვია, რომ საკუთარი აზრი გვქონოდა და თავისუფლად გამოგვეთქვა. წარმოიდგინეთ, 90-იანების შემდგომი თაობა ვართ, მაგრამ ძალიან თავისუფლები და მეამბოხეები ვიყავით. განათლება იყო ჩვენთვის პრიორიტეტი, ,,ქუჩაში მდგომთა” მენტალიტეტი – მიუღებელი. შეიძლება გასაკვირიცაა იმ დროისთვის, მაგრამ ჩვენს შეხედულებებს მასწავლებლები არ ახშობდნენ. ამიტომ მგონია, რომ იმ რამდენიმე მასწავლებელმა, რომლებიც ჩვენს აზრებს სცემდნენ პატივს, გვისმენდნენ, ჩემზე იმხელა გავლენა მოახდინეს, რომ მასწავლებლობა მომინდა და სკოლაში დავბრუნდი. მეთერთმეტე კლასიდან უკვე თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად და აქ დავფუძნდი, მაგრამ დღემდე ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა, მომეცეს შესაძლებლობა, თუნდაც მცირე დროით დავბრუნდე საცხოვრებლად ბაღდათში და ჩემს სკოლაში ვასწავლო.
მერვე წელია, ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი. ადრე ხშირად მეკითხებოდნენ – რატომ მუშაობ მასწავლებლად? ანუ გულისხმობდნენ – სხვა სამსახური ვერ იშოვე? მე არ მბეზრდებოდა ახსნა, რომ ეს იყო სამსახური, რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი. დღეს მსგავს შეკითხვებს აღარ მისვამენ და მიხარია, რადგან ჩემი მასწავლებლური ცხოვრება იმის მაგალითია, ,,არაპერსპექტიული” არჩევანი როგორ შეიძლება იქცეს პერსპექტიულ პროფესიად, რაც მთავარია, ბედნიერება მოუტანოს ადამიანს.
მაგისტრატურა რომ დავამთავრე, იმ დროს გამოცხადდა კონკურსი ერთ-ერთ სკოლაში. გასაუბრება გავიარე და შემარჩიეს. ასე გავხდი 22 წლის გოგო უფროსკლასელთა მასწავლებელი. იმხელა მოტივაცია მქონდა, დილის ექვსი საათიდან ვიწყებდი გაკვეთილებისთვის მზადებას. მერე მოვიდნენ პატარები, მეექვსეკლასელები. შემიძლია ვთქვა, მათთან ერთად გავიზარდე. ჩემმა მოსწავლეებმა დიდი გამოცდილება მომცეს, იმდენი სითბო მიმიღია მათგან ამ წლების განმავლობაში… და ეს არ მთავრდება, სიყვარულის გაცემისა და მიღების პროცესი ყოველდღიურად გრძელდება. ისინი ჩემი ცხოვრების განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილები არიან. ბავშვებისთვისაც ხშირად მითქვამს, რომ მარტო მე არ ვასწავლი მათ და ბევრს ვსწავლობ მათგანაც. ამის აღიარების არასოდეს მრცხვენია. რჩევაც ხშირად მიკითხავს მოსწავლეებისთვის, რადგან სწორედ მათი ინტერესებისა და შეხედულებების გათვალისწინება მეხმარება, რომ ჩვენი სასწავლო პროცესი იყოს წარმატებული.”
უმაღლესი განათლება, როგორც ვალდებულება
———————————————————————
“ძალიან პატარა ვიყავი, როცა სტუდენტი გავხდი, 16 წლის. დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ არ არის აუცილებელი სკოლის დამთავრების შემდეგ, იმავე წელს ყველა გახდეს სტუდენტი. უმჯობესია, ახალგაზრდამ უფრო ახლოს გაიცნოს ცხოვრება, პრაქტიკულად დაინახოს რაღაც-რაღაცები და მერე მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები. სამწუხაროდ, დღემდე არსებობს ეს სტერეოტიპი ჩვენთან, რომ უმაღლესი განათლების დიპლომი აუცილებლად უნდა ჰქონდეს ადამიანს. აქედან გამომდინარე, მე არც კი დამიშვია, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ არ ჩავაბარებდი უნივერსიტეტში. არჩაბარება ნიშნავდა, რომ შეუმდგარი ადამიანი იყავი ვიღაცის თვალში. ეს მიდგომა არ მგონია სწორი, ამიტომ ჩემს მოსწავლეებს ვეუბნები და ჩემს შვილებთანაც იგივე დამოკიდებულება მექნება, რომ თავად გადაწყვიტონ, როდის ჩააბარებენ უნივერსიტეტში, როდის დაიწყებენ უმაღლესი განათლების მიღებას, თავად დაიკისრონ პროფესიის არჩევის პასუხისმგებლობა.
რაც შეეხება უნივერსიტეტს. წარმოიდგინეთ, 16 წლის ბავშვი უკვე სტუდენტი ვიყავი. შესაბამისად, არც მქონდა გამოცდილება, რომ რაღაცები შემედარებინა. რასაც მთავაზობდნენ, ვსწავლობდი. რეალურად ის, რაც მე მინდოდა უნივერსიტეტისგან, მაგისტრატურაში სწავლის დროს მივიღე. უკვე დიდი ვიყავი, ვიცოდი, რა მსურდა, შემეძლო ჩემი შეხედულებები ხმამაღლა გამომეთქვა და მომეთხოვა ის, რაც მე მჭირდებოდა. რას უნდა მიაქციონ ყურადღება დღევანდელ საგანმანათლებლო სივრცეში? მასწავლებლებმა/ლექტორებმა აუცილებლად გაითვალისწინონ მოსწავლეების, სტუდენტების სურვილები, ინტერესები და საჭიროებები. სტუდენტს და მოსწავლეს იმის განცდა უნდა ჰქონდეს, რომ მას პატივს სცემენ, როგორც ინდივიდს. ეს ნამდვილად გვაკლია, თუმცა არსებობენ ისეთი მასწავლებლები და ლექტორებიც, რომლებიც ამას ახერხებენ.
თუ დავფიქრდებით, ყველას გაგვახსენდება მასწავლებელი ან ლექტორი, რომელმაც მნიშვნელოვანი და პოზიტიური როლი შეასრულა ჩვენს ცხოვრებაში, ან ტკივილი მოგვაყენა, შეგვაშინა, შეგვარცხვინა, თვითრწმენა მოგვისპო. ვერასოდეს დავივიწყებ ლექტორს, რომელიც მაშინ გავიცანი, როცა უიმედოდ ვგრძნობდი თავს. მან არა მხოლოდ ცოდნა მომცა, მასწავლა, ეს ცოდნა პრაქტიკულად როგორ გამომეყენებინა, საკუთარ შესაძლებლობებში დამარწმუნა, იმედი დამიბრუნა. სწორედ ამ დროს უკავშირდება ჩემი პირველი წარმატება. რომ არა ასეთი ლექტორი, არ ვიცი, როგორი გზით წავიდოდა ჩემი ცხოვრება. სწორედ ამიტომ, საკუთარ თავს ამას ყოველთვის ვახსენებ, რომ არ დავივიწყო ჩემი წილი პასუხისმგებლობა. მასწავლებლის ერთმა სიტყვამ, ერთმა ქმედებამ შეიძლება უკეთესობისკენ შეცვალოს მოსწავლე ან, სამწუხაროდ, პირიქით.”
პედაგოგიკის ამოსავალი
—————————————
“პედაგოგიკის ამოსავალი თითოეული მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომა უნდა იყოს. მასწავლებელი ვალდებულია, ნებისმიერი მოსწავლე მიიღოს ისეთი, როგორიც არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე, მნიშვნელოვანია მასწავლებელი იყოს ემპათიური, ანუ ჰქონდეს თანაგანცდის უნარი და შეეძლოს, მოსწავლეების თვალითაც დაინახოს სასწავლო პროცესი. ვფიქრობ, რომ თუკი მასწავლებელი კლასში 30 ბავშვს შეხედავს, როგორც ერთ მთლიანობას, იქ ვერაფრით მიაღწევს წარმატებას. ალბათ, გაჩნდება კითხვა, როგორ ვადგენ ისეთ საგაკვეთილო გეგმას, რომელიც ყველა ბავშვის ინდივიდუალურ ინტერესს ერგება. ბევრი საშუალება არსებობს ამისთვის. მაგალითად, სასწავლო წლის დასაწყისში მეხუთეკლასელებს ვთხოვე, დაეწერათ, რას ისურვებდნენ და როგორი წარმოედგინათ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილები. ბავშვებმა გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები და მე მათი სურვილები შევაჯამე – ზოგს უნდოდა თამაში, ზოგს – პრეზენტაციების მოწყობა, ნაწილს – ფილმის ნახვა, სკოლის გარეთ გასვლა, კარნავალი და ა.შ. ბუნებრივია, ქართულ ენასა და ლიტერატურასთან კავშირში. სწორედ ამ სურვილების მიხედვით შევადგინეთ ერთგვარი წლიური გეგმა. ერთ ბავშვს სურდა, რომ საყვარელი სათამაშო მოეტანა და მისი ისტორია კლასელებისთვის გაეცნო. ეს იდეა სხვებმაც მოიწონეს, მეც წავიღე ჩემი საყვარელი სათამაშო და ერთ გაკვეთილზე ვუამბეთ ერთმანეთს ჩვენს სათამაშოებზე. ეს შეიძლება არ ყოფილიყო პირდაპირ კავშირში ჩვენს საგაკვეთილო პროგრამასთან, მაგრამ ისეთ უნარებს უვითარებდა ბავშვებს, როგორებიცააა – მეტყველება, აუდიტორიასთან ურთიერთობა, არავერბალური კომუნიკაცია, საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოთქმა, შეკითხვების დასმა და მათზე პასუხის გაცემა და ა.შ. მგონია, რომ გარდა საგნების სწავლებისა, განათლების ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა. მარტო გამოცდებისთვის კი არ უნდა მოვამზადოთ მოსწავლეები, არამედ ცხოვრებისთვის.
წიგნის კითხვის პროცესი მინდა დავანახო ბავშვებს, როგორც ახალი გამოცდილება და არა მოვალეობა. პირველ ეტაპზე ვცდილობ ხოლმე, მათთვის გზამკვლევი ვიყო. მაგალითად, მეოთხეკლასელებს როდესაც გავიცნობ, საკითხავ წიგნებს მე ვურჩევ. პარალელურად ისეთ აქტივობებს ვგეგმავ, რომლებიც მათ სიამოვნებთ, ძირითადად, თამაშებს, რომ ამ გზით მივიდნენ წიგნებთან. შემდეგ უკვე ვცდილობ, რომ დამოუკიდებლად აირჩიონ სასურველი წიგნი. წიგნის ფესტივალზე სიარული არაჩვეულებრივი საშუალებაა ბავშვებისთვის, რომ თავად აღმოაჩინონ და აირჩიონ წიგნები. თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობისას პასუხისმგებლობაც ეზრდებათ და მოტივაციაც, სწავლობენ გადაწყვეტილებების მიღებას. აუცილებლობად არ მიმაჩნია, ყველაფერი მოეწონოს მოსწავლეს და ყოველთვის აღვნიშნავ, რომ არც ისაა სავალდებულო, ჩემი ნარჩევი წიგნით აღფრთოვანდნენ. პირიქით, თუ არ მოსწონთ და აქვთ არგუმენტები, ესეც შედეგია. ასე ყალიბდება გემოვნება. ჩემთვის ლიტერატურა არის თავისუფლება. შესაბამისად, ტექსტის ინტერპრეტაცია შეიძლება იყოს იმდენნაირი, რამდენი მკითხველიც ჰყავს მას. ამიტომ ყოველთვის საინტერესოა განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა.
რომ შევაჯამო, რას უნდა ეფუძნებოდეს საგანმანათლებლო სისტემა – ჩემი ხედვით, აუცილებელია მოსწავლეთა აზრების, სურვილების, გემოვნების, ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინება და ამის მიხედვით გაკვეთილების დაგეგმვა, რათა სწავლა მათთვის სიამოვნებად იქცეს და არა -ერთფეროვან ყოველდღიურობად, ასე გავალთ შედეგზე. პროცესი თუ ავტორიტარული იქნება და გაკვეთილი ისე დაიგეგმება და ჩატარდება, როგორც მხოლოდ მასწავლებელს უნდა, კომუნიკაცია ეფექტური ვერასოდეს იქნება, ვერც გულწრფელ უკუკავშირს მივიღებთ მოსწავლეებისაგან.”
მასწავლებლის ღირებულებათა სისტემა
—————————————————————-
“ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ადამიანის პატივისცემაა. ვფიქრობ, მასწავლებელი მაგალითი უნდა იყოს მოსწავლეებისთვის ამ კუთხით, ერთმანეთის პატივისცემა ასწავლოს მათ. ქართულის მასწავლებლის ხელში არის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი. ტექსტების კითხვამ, ინტერპრეტაციის პროცესმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს მოსწავლეთა ღირებულებების ფორმირების დროს. ჯანსაღი დისკუსიისას როდესაც ისმენენ ერთმანეთის შეხედულებებს და ხედავენ, მასწავლებელი პატივს სცემს ისეთ აზრს, რომელსაც არ ეთანხმება, სწავლობენ ურთიერთპატივისცემას და მერე ეს მათთვისაც იქცევა ღირებულებად. მასწავლებელმა საკუთარი აზრი თავზე არ უნდა მოახვიოს მოსწავლეებს, პირიქით, მისცეს გასაქანი, თავიანთი შეხედულებები ღიად გამოთქვან, დაასაბუთონ და განსხვავებული აზრის ქონის არ შეეშინდეთ. ყოველთვის მზად ვარ, რომ რამდენი მოსწავლეც წაიკითხავს კონკრეტულ ტექსტს, იმდენნაირი პოზიცია მოვისმინო. ეს ნიშნავს აზროვნებას. შარშან ვთხოვე ბავშვებს, რომ მათი თვალით დანახული ყველაზე მძაფრი პრობლემა დაესახელებინათ „ხევისბერ გოჩაში“. ბევრი განსხვავებული პასუხი მოვისმინე, პირველად ჩემს პრაქტიკაში, რამდენიმე მოსწავლის აზრით, მთელი რიგი პრობლემების სათავე ნაადრევი ქორწინება იყო. ცხადია, დასახელებულმა არგუმენტებმა ნაადრევი ქორწინების პრობლემაზე დისკუსია გააჩინა კლასში.
კიდევ ერთ მაგალითს გავიხსენებ. როლური თამაშის ჩასატარებლად ვემზადებოდი მეხუთეკლასელებთან და ამისათვის სცენარს ვწერდით. ბავშვები იდეებს მიზიარებდნენ, მე კი ვიწერდი. მახსოვს, ერთ-ერთმა შემომთავაზა, პერსონაჟს ეთქვა – „ბიჭიც ადამიანია და გოგოც“. გამახსენდა, რომ ამ ამბამდე ცოტა ხნით ადრე ერთ ბიჭს ქართულის გაკვეთილზე ცრემლებით აევსო თვალები. ამას მისგან არ ელოდნენ ბავშვები, გაოცდნენ და მაშინ ვუთხარი, რომ გასაოცარი არაფერი მომხდარა, ტირილის უფლება აქვს როგორც გოგოს, ისე ბიჭს. თუ ადამიანს ეტირება, თავისუფლად შეუძლია, ასე გამოხატოს ემოცია. აღმოჩნდა, რომ ეს საუბარი იმდენად დაამახსოვრდა ბავშვს, მოუნდა, სცენარში რომელიმე პერსონაჟს ეთქვა ბიჭისთვის, რომ ტირილი სირცხვილი არ არის. რა თქმა უნდა, ჩავიწერე მისი სურვილი. თან გულში ვზეიმობდი, რომ ჩვენ იმ გაკვეთილზე დავამარცხეთ სტერეოტიპული შეხედულება – ,,ნუ ტირი, კაცი არა ხარ?”
ლიტერატურული კლუბი „წიგნიერი“
——————————————————
“წიგნიერების კომპეტენცია ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან მგონია, რომ რამდენ წიგნსაც წაიკითხავს ადამიანი, იმდენჯერ მეტ გამოცდილებას მიიღებს. ყოველთვის მინდოდა, ისეთი სივრცე შემექმნა სკოლაში, სადაც ერთად შევიკრიბებოდით და იმ თემებზე ვისაუბრებდით, რომლებიც ბავშვებს აინტერესებდათ. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებსაც ჰქონდათ ამის სურვილი. როგორც კი შესაძლებლობა გაჩნდა, სკოლამ სივრცეც გამოგვიყო. ასე შეიქმნა ლიტერატურული კლუბი „წიგნიერი“, რომლის სახელი, ლოგო, დევიზი, ფორმა თუ სამოქმედო გეგმა ბავშვებმა მოიფიქრეს. ამ კლუბს რამდენიმე მიზანი აქვს: პირველი არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა, მეორე – წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნვა, მესამე – სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. კლუბის ინტერიერის თითოეულ დეტალს ბავშვებთან ერთად ვგეგმავდი და ამ ყველაფერმა სულ სხვა პასუხისმგებლობის განცდა მოიტანა. მოსწავლეებს იმდენად სიამოვნებთ ამ სივრცეში ყოფნა, რომ ყველა კლასი ითხოვს, იქ ჩაუტარდეს გაკვეთილი. მნიშვნელოვანია, რომ აქ ის იმართება, რაც ბავშვებს აინტერესებთ – განვიხილავთ წიგნებს, ვაწყობთ ლიტერატურულ კაფეებს, ფილმის ჩვენებებს, დისკუსიებს, ვიწვევთ სტუმრებს და ვსაუბრობთ მათთან. ყველაზე მეტად მწერლების, პოეტების, მოსწავლეებისათვის საინტერესო ადამიანების კლუბში მოწვევა და მათთან არაფორმალურ გარემოში საუბარი იწვევს ბავშვების ინტერესს. მაგალითად, ასე აღმოვაჩინე თანამედროვე ქართველი მწერალი ტორესა მოსი. ბავშვები მოვიდნენ და მითხრეს, რომ ამ მწერალთან შეხვედრა ძალიან უნდოდათ, რადგან მოსწონდათ მისი შემოქმედება. სასწრაფოდ დავიწყე მისი რომანის კითხვა, მეც ძალიან მომეწონა და მართლა მოვიწვიეთ. აქვე ვიტყვი, რომ ნდობა ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა, სანდო გარემოში ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს. ხშირად ბავშვების რჩევით ვკითხულობ წიგნებს და ეს ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია, მარტო მე არ ვარ მრჩეველი. მასწავლებელი როდესაც ენდობა მათ გემოვნებას და ითვალისწინებს ბავშვების რეკომენდაციებს, მათი თვითშეფასება მაღლდება.
ამ კლუბის აქტივობებში მონაწილეობა ხაზგასმით ნებაყოფლობითია, პრინციპით – „ვისაც გსურთ, დაესწარით“. არჩევანის თავისუფლება მეტ მოტივაციას აჩენს. საერთოდაც, კლუბურმა მუშაობამ დამანახა, რამხელა მნიშვნელობა აქვს არაფორმალურ განათლებას. ბავშვმა შეიძლება გაცილებით მეტი მიიღოს ზოგიერთი არაფორმალური შეხვედრისაგან, ვიდრე – ტიპური, სტანდარტული გაკვეთილისაგან.”
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო
—————————————————-
“მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ხუთეულში მოვხვდი წელს. ჩემთვის ეს იყო ძალიან დიდი სიხარულიც და პასუხისმგებლობაც. მით უფრო, რომ ამ ხუთიდან ყველაზე ახალგაზრდა მასწავლებელი ვიყავი და დიდი გამოცდილების მქონე პედაგოგების გვერდით ვიდექი. მართალია, ჯილდო სხვა მასწავლებელმა მიიღო, მაგრამ არც ერთს გვქონია იმის განცდა, რომ ჩვენ დავმარცხდით. პირიქით, დღემდე იმდენ სასიამოვნო ემოციას ვიღებ საზოგადოებისგან, აღმატებული განცდებით ვარ სავსე.”
ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტო: სალომე ცოფურაშვილი