ნანა გარჯიკაული, 53 წლის, თელავი

“მე დედისერთა ვარ თვითონ და ძალიან მაკლდა, რომ დედმამიშვილები არ მყავდა. ამიტომ ყოველთვის მინდოდა ბევრი შვილი, არანაკლებ სამისა. იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოება ფიქრობს, ბიჭი აუცილებლად უნდა გყავდეს, მეტყოდნენ ხოლმე – „აა, ბიჭის გამო გააჩინე?“. მართლა შეურაცხმყოფელი იყო და ძალიან ვბრაზდებოდი ხოლმე ამაზე. რაც შეეხება ოჯახში მამაკაცს, მას ყოველთვის უნდა ბიჭი და რა თქმა უნდა, არც ჩემი ოჯახი იყო ამ მხრივ გამონაკლისი. თუმცა ისიც ვიცი, რომ აგრესია მოდის ხოლმე, როცა არ სრულდება მათი ეს ჩანაფიქრი, რომ ვაჟიშვილი ეყოლოთ და ჩემთან, მადლობა ღმერთს, ეგ მაინც არ ყოფილა. ძალიან მწარედ მახსოვს ერთი ამბავი. მე მაშინ პირველად ვიმშობიარე თელავში და სოფელიც მახსოვს, კონდოლიდან იყო გოგო, რომელსაც აღარ მოაკითხა ქმარმა იმიტომ, რომ გოგო გააჩინა. ეს გოგო ტიროდა ხოლმე, ისე ტიროდა… მერე უკვე გაგრძელება აღარ ვიცი ამ ისტორიის, ამას გეუბნებით ოცდაათი წლის წინანდელ ამბავს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ნამდვილად იყო.

მე პროფესიით ბიოლოგი ვარ, ამიტომ ჩემს ქმარს თავიდანვე ავუხსენი რა შემთხვევაში იბადება გოგო და რა შემთხვევაში ბიჭი. მე ვუთხარი, მე X ქრომოსომის მეტი არა მაქვს, შენ გაქვს Y. თუ მოხვდება შენი ორგანიზმიდან Y, იქნება ბიჭი, არ მოხვდება და იქნება გოგო. სულ მაგას იცინოდა ხოლმე მერე, რა იცოდა ასე მოხდებოდა, თავიდანვე რომ ამიხსნაო. ჩემს ქმარს ორი ძმა ჰყავს და ძალიან დარწმუნებული იყო, რომ ბიჭი აუცილებლად გვეყოლებოდა. მაგრამ კეთილად მახსენდება ის, რომ მესამეზე მუცელი რომ ამტკივდა და გადავწყვიტეთ უკვე ის დრო იყო, სამშობიარო სახლში წავსულიყავით, გზაში მეუბნება ჩემი ქმარი „აი, ეხლავე მინდა გითხრა, რომ შენ არ ინერვიულო. რაც გინდა იყოს, მე არ ვინერვიულებ“. ეს ის დრო იყო, როცა წინასწარ სქესის გაგება ადვილად ხელმისაწვდომი არ იყო თელავში და არ ვიცოდით ვინ იბადებოდა. ეს სიტყვები ძალიან მესიამოვნა მისგან, რადგან მე ვიცოდი, რომ მას უნდოდა ბიჭი შვილი. მასე მეც მინდოდა, კიდევ მეოთხე და მეხუთე შვილიც მინდოდა, მაგრამ ამათი არ ყოლის ხარჯზე კი არა, ზოგადად ბევრ შვილზე ვფიქრობდი. მე ბიჭი შვილი სხვა მოსაზრებით მინდოდა და არა ქართული გაგების გამო, რომ „მემკვიდრე“ და „გვარის გამგრძელებელი“ გვჭირდებოდა. სულ მაწუხებდა ის, რომ ქართველი ბიჭები არ იყვნენ ისე აღზრდილები, როგორც მე მინდოდა. ყოველთვის ვამბობდი, მე უნდა ვაჩვენო, როგორ გავზრდი ბიჭს-მეთქი.

მოკლედ, როგორც გითხარით, მაშინ ასე მასიურად ექოსკოპია არ იყო და არ ვიცოდი წინასწარ სქესი. მესამეზე სამშობიაროდ რომ მივედი და სანამ შემიყვანდნენ, ერთ-ერთმა იქ მომუშავე ქალმა რაღაც გამოითვალა და მითხრა, რომ აუცილებლად ბიჭი მეყოლებოდა, რადგან წლებია ყველა შემოსულ მშობიარე ქალზე ზუსტად ითვლის და არასოდეს შემცდარა. არ ჩამითვლია ეს სერიოზულად, რადგან ჩემთვის ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა ნამდვილად და ისევ ისე შევედი სამშობიაროდ, რომ არ ვიცოდი ვინ მეყოლებოდა. მახსოვს, რომ ვიმშობიარე არის სიჩუმე და „რა არის?!“ რომ ვეკითხები, არავინ მპასუხობს. მეორედაც რომ ვიკითხე და ისევ სამარისებული სიჩუმეა, ჯერ გავიფიქრე, რომ ბავშვი ანომალიით დაიბადა, მაგრამ იქვე თავადვე დავუშვი, რომ ან იქნებ გოგოა და ამიტომ არ მეუბნებიან?! „გოგოა?“ ვიკითხე და ვიღაცამ ძლივს სინანულით მიპასუხა „ჰოო, გოგოა“. მახსოვას ახალნამშობიარებს ამაზე ჩემი რეაქცია და თან ნახევრად ფილოსოფური გამოსვლა – „ვაიმე, ასე რატომ ამბობთ?! რა მნიშვნელობა აქვს ამ ბავშვისთვის მესამეა თუ მეათე. ყველა ჩვენგანისთვის ხომ სამყარო ჩვენით იწყება?!“ აი, გული მეტკინა ძალიან, რომ ახალგაჩენილ ბავშვზე ასე სინანულით თქვეს. თურმე მართლა ამიტომ იყვნენ გაჩუმებულები, რომ გოგო გავაჩინე, რადგან არის შემთხვევები, როცა შოკი ემართებათ ქალებს ახალნამშობიარებზე არასასურველი სქესის შესახებ რომ იგებენ. მათ ავტომატურად ჩათვალეს, რომ მე მესამეს ბიჭის გამო ვაჩენდი. მემგონი თვითონ უფრო იყვნენ შოკში, რომ ის რაღაც გამოთვლა არ დაემთხვა და გოგო გაჩნდა.

ჩემი მესამე შვილისთვის, ლიკასთვის, ხშირად მოუსმენინებიათ „აა, ბიჭის გამო გააჩინეთ ეს, ალბათ, არა?!“ და ამას ყოველთვის ძალიან ვაპროტესტებდი ხოლმე. ნუ გააჩნია ამას ვინ მეუბნებოდა, რა სიტუაცია იყო, ფორმას იმის მიხედვით ვარჩევდი და ვეუბნებოდი, რომ „არა, მესამე შვილი ყოველთვის მინდოდა“. მაგრამ, სადღაც მგონია ხოლმე, რომ ლიკას ხომ არ აქვს ამის მიმართ თვითონ კომპლექსი, ეს ყველაფერი თავისთავად კვალს ტოვებს, ალბათ…

საზოგადოებამდე, ჯერ მეუღლესთან მჭირდებოდა საუბარი იმიტომ, რომ ვიცოდი კაცები შეიძლება მართლა სერიოზულად განიცდიდნენ ამას. მეზობლები წყვილი გვყავდა, ქალი იყო რუსეთიდან. მათ ჰყავდათ ორი ბიჭი, რომლებიც სასწავლებლად რუსეთში წავიდნენ და არც ერთი აღარ ჩამოსულა უკან. ამას ვიყენებდი ხოლმე ძალიან წარმატებით ჩემს მეუღლესთან და ვეუბნებოდი: მგონი როგორ უხაროდათ, ბიჭები ეყოლათ, გვარის გამგრძელებლები, რომლებსაც ფუძეზე უნდა ეცხოვრათ და აბა სად არიან, მე ისინი თვალით არ დამინახვა წლებია-მეთქი. მე მგონია, რომ ნელ-ნელა ჩემს ქმარსაც შეეცვალა დამოკიდებულება, რომ განა ბიჭი არ უნდა გინოდოდეს, მაგრამ არ უნდა ჩათვალო, რომ თუ ბიჭი არ გყავს, უბედური ხარ. მთლად ბოლომდე შეიძლება მეც კი არ ვარ თავისუფალი ამ საზოგადოებრივი წნეხისგან. ეხლა გამახსენდა, რომ ჩემს შვილებს ვუთხარი ერთხელ, მამათქვენს ხომ გული დაწყდა-მეთქი, ბიჭი რომ უნდოდა ჰყოლოდა. მოდით, ასეთი რამე გავაკეთოთ, თუ ვინმეს ორი ბიჭი გეყოლებათ, ერთს მამას სახელი დაარქვით და თქვენს გვარზე გაატერეთ-მეთქი. ნუ, შეიძლება ესეც იმიტომ ვთქვი, რომ მეც მაქვს კომპლექსები ამის გამო, მიუხედავად იმისა, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ბიჭის გამო შვილებს არ ვაჩენდი. ფსიქოლოგი ამას უკეთესად ახსნიდა, ალბათ”.

მსგავსი ისტორიები