ნანა მამუკაშვილი, 47 წლის, თბილისი
„კათოლიკების ოჯახში გავიზარდე. აბასთუმანში ვცხოვრობდი. 3 ძმა და 2 და ვართ ოჯახში. ბებია სულ გვასწავლიდა, რომ ქალსა და კაცს შორის განსხვავება არ არის და ყველა ადამიანი უნდა იყოს თავის თავის პატრონი. მორწმუნე იყო, ჩვენც რწმენით გვზრდიდა, მაგრამ პირველ რიგში საკუთარ ძალებში უნდა გვერწმუნა. ბავშობიდან ვიცოდი, რომ მეც ზუსტად ისეთივე ადამიანი ვიყავი და ისეთივე უფლებებით, როგორიც იყვნენ ჩემი ძმები.
სკოლის ასაკში ხშირად მიწევდა უსამართლობასთან შეჯახება და ამის გამო როგორც საკუთარი თავის, ისევე სხვა ბავშვების დაცვაც მიწევდა. მეამბოხე გოგო ვიყავი. მჯეროდა საკუთარი ძალების და ვიყავი კიდეც ძლიერი. ერთხელ მე-5 კლასში მასწავლებელმა კარნახის გამო უსამართლოდ ორიანი დამიწერა, რაც საბოლოო ნიშანს მიფუჭებდა. მიუხედავად ჩემი თხოვნისა, გადაესწორებინა ნიშანი, კატეგორიული უარით გამომისტუმრა. გაბრაზებულმა იმავე საღამოს გავტეხე სკოლა და ოთხი სხხვადასხვა კლასის ჟურნალი მდინარეში გავატანე. ამ ამბავს დედაჩემის სამსახურიც კი შეეწირა. მთელი განათლების სისტემა ჩაერთო, საკავშირო სკანდალი გახდა. ერთადერთი ვინც ამ ამბავში ჩემი მხარე დაიჭირა, მამაჩემი იყო.
მამა გოგოებს სპარტანულად გვზრდიდა. ხშირად ამბობდა, მარტო განათლება ვერ გიშველით, კუნთებიც უნდა გქონდეთო. ამიტომ ბავშვობიდან დაკავებული ვიყავი სპორტით. მართალია, აბასთუმანში სპორტულ დარბაზში გოგო ვერ შევიდოდა, ამიტომ ვარჯიში ძირითადად სახლში მიწევდა. ბაიკის მართვაც პირველად მამამ მასწავლა. ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში სხვადასხვა ექსტრემალური მანევრების კეთება შემეძლო. თუმცა გათხოვების შემდეგ მოტოს არ გავკარებივარ.
ქალისთვის საკუთარი თავის სიყვარული არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საზოგადოება თავისას გთხოვს, თავის სტერეოტიპებს გახვევს თავს, ადგილს მიგიჩენს სამზარეულოში, მაგრამ უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი ამბოხი ჩვენთვის იქნება უკეთესი. საკმაოდ ადრეულ ასაკში დავქორწინდი და მიუხედავად ჩემი ბავშვობისდროინდელი რწმენებისა, მაინც დავდექი ფაქტის წინაშე, როცა მეუღლეზე დამოკიდებული აღმოვჩნდი. ვზრდიდი შვილს და მარტო ოჯახის მოვლა იყო ჩემი საქმე. გვიან 90-იანებში, მეუღლემ სამსახური დაკარგა და უცებ აღმოვჩნდით ეკონომიკური კატასტროფის წინაშე. ამის გამო ემიგრაციაში მოგვიწია წასვლა და წლების განმავლობაში კვიპროსზე ვცხოვრობდით. იქ უკვე უნდა დამეწყო იმაზე ფიქრი, რომ მეც შემექმნა დოვლათი და ჩემს ოჯახს გვერდით დავდგომოდი. მამაჩემის ნასწავლი სპორტი აქ გამომადგა და სავარჯიშო დარბაზში ფიტნეს-ტრენერად დავიწყე მუშაობა. ეს იყო პირველი მცდელობა, როცა საოჯახო საქმიდან ანაზღაურებად სფეროში გადავინაცვლე.
საქართველოში დაბრუნება ჩემი ქმრის ტრავმის გამო მომიხდა. მშენებლობაზე მუშაობდა, გადმოვარდა და წელი დაიზიანა. შედეგად მუშაობა აღარ შეეძლო, თუმცა მკურნალობას კვიპროსზე გადიოდა. ბავშვს უნდა გაეგრძელებინა სწავლა საქართველოში, რადგან განათლება ძვირი ღირს კვიპროსზე. ოჯახის რჩენის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მომიწია, რადგან ერთის მხრივ მეუღლე უნდა მერჩინა კვირპროსზე და მეორეს მხრივ ჩემი და მისი მშობლები, ასევე ბავშვი და საკუთარი თავი. როცა დავბრუნდი, ვფიქრობდი რა შეიძლებოდა გამეკეთებინა – ერთის მხრივ განათლება არ მიწყობდა ხელს და მეორეს მხრივ ასაკი, რომ შედარებით სტაბილური და ნორმალური ანაზღაურებით სამუშაო მეშოვნა. ბევრი ადგილიდან უარი მითხრეს, მათ შორის ვერც საპატრულო პოლიციაში მოვხვდი სწორედ ასაკის გამო. ძალიან კი მინდოდა
ადამიანმა უნდა აკეთოს ის, რაშიც თავს კარგად გრძნობს და რაც გამოსდის. ამ პერიოდში მომივიდა იდეა, ისევ ხომ არ დავბრუნებოდი ბაიკს და სარეკლამო ბიზნესში მომესინჯა ძალები. სიმართლე გითხრათ, ბავშვობის მერე არ დავმჯდარვარ მოტოზე. ქმარიც არ მაძლევდა ამის უფლებას და მეც მის სურვილს ვემორჩილებოდი. ახლა თავისუფლად შემეძლო, ჩემს საყვარელ საქმიანობას დავბრუნებოდი. გავყიდე ავტომანქანა და ვიყიდე 1000 კუბატურიანი ბაიკი. სხვათა შორის ამ პერიოდში არ ვიყავი დარწმუნებული ეს ჩემი ჰობი შემოსავალსაც თუ მომიტანდა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ იმდენად ეგზოტიკად აღიქვამდნენ ქალს მოტოზე, რომ ძალიან მალე წამოვიდა საქმიანი წინადადებები რეკლამებიდან და ფილმებიდან, ასევე ქორწილებში პატარძლების გასეირნებაც მიწევდა და ამაში საკმაოდ ნორმალურ ანაზღაურებას ვიღებდი. მაგრამ რისკებსაც ვაცნობიერებდი. წარმოიდგინეთ როგორ აღიქვამს საზოგადოება, ბაიკერ ქალს გრძელი თმებით და კარგი ფიგურით. რთულია ამ დროს კაცების შევიწროებას თავი დააღწიო. მაგრამ ჩემი მხრიდან ეს იყო განაცხადი, რომ დიახ, მეც ქალსაც შემიძლია ექსტრემალური და სახიფათო სპორტის სახეობაში ვიყო პროფესიონალი და ეს გახდეს ჩემი შემოსავლის წყარო. არ იყო მარტივი კაცებთან ერთად შეჯიბრზე გასვლა. არ სჯერათ შენი, რადგან ქალი ხარ და გიწევს ორმაგად იშრომო, რომ დაუმტკიცო არათუ მათსავით შეგიძლია, არამედ ზოგიერთზეც ყოჩაღი ხარ. ამის გამო რისკზე წავსულვარ და ეკიპირების გარეშე გაქანებულ მოტოზე ცალ ფეხზე დავმდგარვარ.
ჩემმა რისკიანობამ და სპორტულმა უნარებმა სტაბილური სამუშაოც მაპოვნინა. ახლა სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მძღოლი ვარ. არც აქ მოხვედრა იყო ქალისთვის მარტივი. ჯერ ერთი C კატეგორიის მართვის მოწმობა უნდა ამეღო, რაც შესაძლებლობას გაძლევს მაღალი გამავლობის მანქანაზე დაჯდე. მერე გარშემომყოფების ეჭვიან დამოკიდებულებას უნდა გამუმკლავდე ემოციურად. ამბობდნენ, ერთი თვესაც ვერ გაძლებს და წავაო. თანაც ზოგიერთისგან გრძნობ, როგორ აღგიქვავენ „გემრიელ ლუკმად“, რადგან ქალი ხარ და შესაძლოა გაჭირვებამ აგარჩევინა ეს პროფესია, შესაბამისად მიიჩნევენ, რომ მარტივად დათანხმდები რაღაც პირობებს. სულაც არ ვთვლი, რომ სამუშაო სადაც კაცები მუშოაბენ მათთვისაა მხოლოდ. ფიზიკური მონაცემები და გონებრივი შესაძლბლობები წვრთნის შედეგია და თანაბრად ქალსაც და კაცსაც შეიძლება ქონდეს. C კატეგორიის მართვის მოწმომობის გამოცდა ათმა ადამიანმა გავიარეთ და აქედან მხოლოდ მე ავიღე.
დიდი ბრძოლებისა და გამძლეობის შედეგად დავიმკვიდრე თავი საუკეთესო კაც თანამშრომლებს შორის საუკეთესო ქალმა მძღოლმა. უკვე მეოთხე წელია სასწრაფოს მძღოლი ვარ და ოთხი მადლობის სიგელი მაქვს აღებული. ფიზიკური შრომაც მიწევს, მაგალითად 30 კილოიანი საკაცის მარტო გადმოღება და შენახვა, ასევე ექიმების ბრიგადების დაცვა კონფლიქტურ სიტუაციებში.
ექსტრემალურ სიტუაციებშიც ხშირად მოვხვედრილვარ. 13 ივნისის თბილისის წყალდიდობის დროს მორიგე ვიყავი და ორ ურთულეს ლოკაციაზე მქონდა გამოძახება. თბილისში წყალმა კინაღამ წაგვიღო, რამდენიმე მეტრი ათრია მანქანა. მაინც შევძელი დამემორჩილებინა მანქანა. პაციენტი შეშინებული იყო არა იმიტომ რომ წყალს მივქონდით, არამედ იმიტომ რომ ქალი იჯდა საჭესთან. როცა გადავიყვანეთ კლინკაში, გაოცებული იყო, მსგავსი გამბედაობა ქალისგან არ მინახავსო.
იმავე ღამეს ახალდაბაში გაგვიშვეს და წარმოიდგინეთ ურთულესი პაციენტისთვის უნდა მიგვესწრო გზაზე, რომელიც არ არსებობს. საავარიო სიტუაციები იყო გზად – თავსხმა წვიმა, სიბნელე, ხრეში, ღვარცოფი და თან რაციაში გამუდმებული გაფრთხილება, ბევრი დაშავებულია და სწრაფად მიდითო. მთელი გზა არ დამჯდარა ექიმი, ფეხზე იდგა. ქალი რომ ვიჯექი საჭესთან, ამაზე ნერვიულობდა. მაგრამ ამ ურთულეს დავალებას წარმატებით გავართვი თავი და ახლა ნებისმიერი ბრიგადისთვის სასურველი მძღოლი ვარ.
მიუხედავად იმისა, რომ კაცებს არ ჩამოვუვარდები, მაინც ვხვდები რომ კაცები უპირატესობით სარგებლობენ. აი, მაგალითად მორიგეობის მერე სახლში მიდიან და ისვენებენ, იძინებენ. მე მოვდივარ და კიდევ ოჯახის საქმე უნდა ვაკეთო და ძალიან ცოტა დრო მრჩება საკუთარი თავისთვის.
ხშირად მეკითხებიან, რატომ ავირჩიე ეს პროფესია. ცხადია ამ ეტაპზე ოჯახისთვის ეკონომომიკური პირობების შესაქმნელად, რადგან ჩემი ოცნება სამართლის სფეროში მოღვაწეობაა. მოსამართლის სერთიფიკატი მაქვს, მაგრამ ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში 7 წლიანი მოქმედების ვადა გაუვიდა. იმედია მოვახერხებ და მოსამართლედ თუ ვერ შევდგები, იურესპუდენციის სფეროში გადავინაცვლებ. არ ვაპირებ მთელი ცხოვრება მძღოლად დავრჩე, თუმცა ეს სამსახური ძალიან მომწონს. ახლა იმას ვაკეთებ რაც შემიძლია. ძალიან მომწონს საზოგადოებას რომ ვეხმარები და დღემდე პატრული „ჩესტით“ მხვდება.
არასოდეს გვიანი არაა აისრულო შენი ოცნება. ქალებს მოვუწოდებ, რომ იბრძოლონ თავისი ოცნებებისა და უფლებებისთვის და ასევე ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში, რომ ხელი შევუწყოთ, შევეხიდოთ და არა ძალა გამოვაცალოთ. ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს, უბრალოდ არ ვიცით ეს როგორ ვმართოთ, რა მიმართულებით წავიყვანოთ და ერთმანეთს ამითაც დავეხმარებით, რომ გავამხნევოთ და მხარი დავუჭიროთ“