ნანუკა აბრამიშვილი-ნადირაძე, 29 წლის, თბილისი

ნანუკა აბრამიშვილი-ნადირაძე, 29 წლის, თბილისი

მარტოხელა დედობა საქართველოში
,,4-5 წელია, შვილს მარტო ვზრდი, მაგრამ ოფიციალური სტატუსით მარტოხელა დედადაც კი არ ვითვლები. ეს იმიტომ, რომ ბავშვი მამის გვარზეა და მამა ალიმენტს იხდის. სახელმწიფო არ აღმიქვამს, რომ მარტოხელა დედა ვარ და დამატებითი საჭიროებები მაქვს. მაგალითად, ამ ქვეყანაში შეუძლებელია, რომ ბავშვის სკოლას ან ბაღს შეუთავსო რაიმე სამსახური. ფაქტობრივად, შრომისუუნაროდ ითვლები, სანამ ბავშვი დამოუკიდებლად ისწავლის გადაადგილებას. თან, ეს შენი ნების საწინააღმდეგოდ ხდება მაშინ, როცა გინდა იმუშაო, დამოუკიდებლად იცხოვრო და ფინანსები გქონდეს თუნდაც იმისთვის, რომ თუ მოძალადე ქმარი გყავს, მისგან წახვიდე.
ონლაინ კაზინოში მუშაობა ჩემი ოცნება არ ყოფილა, მაგრამ ჩემს სამუშაო გრაფიკს და შვილს სხვა სამსახურთან ვერ შევათავსებ. მიუხედავად იმისა, რომ კერძო სკოლაში დამყავს, სადაც ექვს საათამდე შემიძლია დავტოვო, ათის ნახევრიდან ექვს საათამდე არ არის სამსახურები, რომლითაც თუნდაც საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას შეძლებ. ალიმენტის თანხა მხოლოდ სკოლის გადასახადს ფარავს და ბავშვის უამრავ სხვა საჭიროებას სრულად მე უზრუნველვყოფ.
ჩემი დღის გრაფიკი ასეთია – ღამის თორმეტ საათზე ვიწყებ მუშაობას, დილის რვაზე ვამთავრებ და რაც შეიძლება სწრაფად მივდივარ სახლში, რომ ბავშვი სკოლისთვის მოვამზადო. დილის ცხრაზე გავდივართ სახლიდან, რომ სკოლას მივუსწროთ. მერე ვბრუნდები სახლში – სადაც ვალაგებ, ვრეცხავ და საჭმელს ვაკეთებ, ან მივდივარ რომელიმე ტრენინგზე, რადგან ვცდილობ, ყველა შესაძლებლობა გამოვიყენო, რომ თუნდაც ამ სამსახურიდან წამოვიდე და ახალი პროფესია მქონდეს. ამიტომ სულ ჩართული ვარ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტებში. საღამოს ტრენინგიდან ისევ სკოლაში მივდივარ ბავშვის გამოსაყვანად. მერე საჭმელად ვსხდებით და ვიძინებ, რადგან საღამოს თერთმეტ საათზე ისევ სახლიდან უნდა გავიდე სამუშაოდ.
მარტოხელა დედებს ის წნეხი ცალკე გვაქვს, და ზოგჯერ ძალიან მძაფრად, რომ იმ დოზით ვერ ვახერხებთ შვილებთან ყოფნას და მათ სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას, რამდენადაც ვფიქრობთ, რომ საჭიროა. პირველად ერთ-ერთი პროექტით ჩამოვედი თბილისში, სადაც ექვსი თვე გვიფინანსებდნენ ბინის ქირას და გვასწავლიდნენ ავეჯის დამზადებას. თვეში ათი დღე ვიყავი ხოლმე თბილისში, ოცი – სოფელში, სადაც ბავშვი მყავდა დატოვებული ჩემებთან. ცხოვრებაში პირველად დამჭირდა წამლები, იმდენად ცუდად ვგრძნობდი თავს. მქონდა განცდა, რომ ბავშვი მივატოვე და დამეწყო შფოთვითი აშლილობა. მახსოვს, უფასო ფსიქოლოგიური მომსახურებისთვის დავრეკე და ოპერატორი ქალისგან მხარდაჭერა რომ ვიგრძენი, ცრემლები წამსკდა.
მე ჩემი პირადი საჭიროებები დიდი ხანია დავივიწყე. წლებია, ჩემთვის ახალი ტანსაცმელი არ მიყიდია და ალტერნატიულ გზებს ვპოულობ, მაგრამ, იცით, რა მენატრება ხანდახან? მაღაზიაში რომ შეხვალ, რაღაც მოგეწონება და იყიდი. ერთადერთი, რაზეც მუდმივად ვფიქრობ, არის ის, რომ მჭირდება სწავლა. ამ პირობებში ეს ზოგჯერ შეუძლებელია, რადგან ახალი პროფესიის შესწავლაც რომ დავიწყო, პარალელურად მაინც უნდა ვმუშაობდე. მე თუ ვერ გადავიხდი, გამომაგდებენ იმ ბინიდან, რომელშიც ქირით ვცხოვრობ. ზუსტად ერთ ოთახში ვართ მე, ჩემი ძმა და ჩემი ცხრა წლის შვილი. ოთახში ერთი საწოლი დგას, სადაც მე და ჩემი შვილი ვწევართ, ჩემს ძმას კი იატაკზე სძინავს უკვე დიდი ხანია. ამ ერთ ოთახში მე და ჩემი ძმა 600 ლარს ვიხდით. ყველაზე დიდი სირთულე ის არის, რომ, ფაქტობრივად, პირადი სივრცე არ გვაქვს – არც მე, არც ჩემს შვილს და არც ჩემს ძმას. გამოსაცვლელადაც კი ტუალეტში გვიწევს შესვლა. ამ დროს ჩემი ყოფილი ქმრის ბინის თანამესაკუთრე ვარ, მაგრამ იმდენად მოუქნელი სისტემა გვაქვს, რომ ამ ბინით სარგებლობას 4 წელია ვერ ვახერხებ.
მარტოხელა დედების მხარდაჭერაზე უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო და რაღაც შუალედური არსებობდეს, რომ ქალმა სწავლა და თან მუშაობაც შეძლოს. მაგალითად, იქვე მუშაობდეს, სადაც ასწავლიან და ანაზღაურებაც ჰქონდეს, ან ბავშვის რაიმე სერვისი იყოს, თუნდაც სკოლის ტრანსპორტი ფინანსდებოდეს და ა.შ.
მე, მაგალითად, ვცდილობდი, რომ ინგლისური დამეხვეწა. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი პასუხისმგებლობა მაქვს, გამოვყავი ჩემი ბიუჯეტიდან თანხა და გზაში დრო რომ არ დამეკარგა, ონლაინ ვესწრებოდი გაკვეთილებს. ერთი-ორი თვე კი მოვემზადე, მაგრამ მერე ხან ფული არ მქონდა, ხან – დრო, ხან – არცერთი და შევწყვიტე. ამ გაფიცვის პერიოდშიც მინდოდა გაგრძელება, რადგან ახლა მეტი დრო მაქვს, მაგრამ დამატებითი თანხის გადადებას ვერ ვახერხებ, არც კი ვიცი, წინ რა იქნება.
მართლა რამდენი რამე შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ ხელისუფლებაში არ ფიქრობენ, რა გვაწუხებს მარტოხელა დედებს, ან რა გვჭირდება. თავად დაცვით დადიან, მათი შვილები კი საუკეთესო სკოლებში სწავლობენ.
მე ისევ გერმანიის მთავრობის დაფინანსებულმა ერთ-ერთმა პროექტმა მომცა 16 000 ლარიანი გრანტი, იოგას ინსტრუქტორი რომ გავხდე და კლასები გავხსნა. მთელი წელი, თან ვმუშაობდი, თან ამ ტრენინგებზე დავდიოდი ღამენათევი. რამდენიმე თვე ამ რეჟიმში გავატარე. განადგურებული ვიყავი, მაგრამ ის მაძლებინებდა, რომ ახალს ვსწავლობდი და ეს მომავალში გამომადგებოდა.”

გაფიცვა „ევოლუშენში“
,,კომპანიის მენეჯმენტის ღირსების შემლახავი დამოკიდებულებები ყველამ ნახეთ გავრცელებული „სქრინებით“. მაგრამ, გარდა ამისა, „ევოლუშენში“ დასაქმებულებს ათასი სხვა რამის ატანაც გვიწევს – დამცირების, ანტისანიტარიის, დაბალი ხელფასების. გარდა ამისა, ამ სამსახურში ღამეებს ვათენებთ და თან რუტინული სამუშაოა, რაც მაღალი რისკების შემცველად ითვლება.
ოფისს აქვს კონდიცირების პრობლემა. ფილტვების ანთება ხშირად ემართებათ დასაქმებულებს იმის გამო, რომ ერთ მაგიდაზე ცხელა, რადგან ცხელი ჰაერი უბერავს, მეორეზე კი პირიქით – ძალიან ცივა. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირად გვიწევს გადაჯდომა-გადმოჯდომა. ერთგან რომ გაიოფლები, გადადიხარ მეორეზე და იქ ცივი ჰაერი გიბერავს. ეს ხდება მთელი დღის ან ღამის განმავლობაში. ზამთარში პირველ სართულზე ისე ციოდა, როგორც გარეთ. ამ პირობებში ჩვენ გვეცვა თხელი კაბები და სიცივისგან ხელებს ვეღარ ვამოძრავებდით. ბევრჯერ მივმართეთ მენეჯმენტს და კომპანიის პასუხი ამაზე ის იყო, რომ თავიდანვე არასწორად იყო აწყობილი ეს შენობა და ახლა ვერ დაანგრევდნენ.
ასევე, კარტის მჩეხავების სამუშაოდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მაგიდის ზედაპირი. მაგიდა ნაკლებად ცვეთადი რომ ყოფილიყო, შეცვალეს იმდენად მყარი ზედაპირით, კარტის აღების დროს ფრჩხილები და ხელები გვიზიანდებოდა და საშინელ ტკივილს განვიცდიდით. სასოწარკვეთისგან სამუშაო სივრციდან რამდენჯერმე გავედი და ვთქვი, რომ ხელები მტკიოდა და ნახევარი საათი დასვენება მჭირდებოდა. ამაზე ერთ-ერთი მენეჯერი მეუბნებოდა, რომ თუ სამუშაოს არ დავუბრუნდებოდი, საერთოდ გამიშვებდა სახლში.
ამ სამსახურში სტუდენტები იმიტომ იწყებენ მუშაობას, რომ სწავლის თანხა დაფარონ, მაგრამ თითქმის ვერცერთი ახერხებს სწავლის გაგრძელებას. თვეში ოცდაორ ღამეს რომ გაათენებ, რანაირად უნდა შეუთავსო სწავლა ან სხვა რამე?!
აქვე დიდი რისკია, რომ სამსახურში ტილი, წილი, რწყილები, ტკიპები და კანის დაავადებები აიკიდოს ადამიანმა. ჭუჭყისგან გაზეპილია მაგიდები. ხელი რომ აუსვა ნებისმიერ მონიტორს, აგყვება მტვრის უდიდესი ფენა. კედლები ხმის დამხშობი მასალითაა დაფარული, რომელიც არასოდეს გაწმენდილა და წარმოიდგინეთ, იქ რა ხდება. ყოველი გავლისას მტვრის ბურტყლები დაფრინავს ჰაერში და ამ ყველაფერს ერთი ტილოთი წმენდენ დიასახლისები. დეზინსექცია, დეზინფექცია და მსგავსი რამეები ძალიან იშვიათად კეთდება.
ამის ფონზე, ცდილობენ, რომ ყველაფერი ჩვენ გადმოგვაბრალონ და ღირსება შეგვილახონ. ერთ გოგოს აღმოაჩნდა ტილები. ეს ხმამაღლა როცა დააფიქსირა, კომპანიის დამოკიდებულება იყო, რომ ჩვენ გვაქვს სახლებში ანტისანიტარია. ამ გოგოს სახლის სისუფთავის შესამოწმებლად გაუშვეს კომპანია, რომელმაც თქვა, რომ მის სახლში საეჭვო არაფერი აღმოუჩენიათ. გამოვიდა, რომ ამ ადამიანს მკბენარები ნამდვილად სამსახურში გადაედო. ყველაფერს დასაქმებულებს აბრალებენ იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა. შვიდი ათასი ადამიანი როცა ჰყავთ დასაქმებული, ნება იბოძონ და იზრუნონ იმაზე, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ ჩვენი ჯანმრთელობის რისკები.
კომპანიამ დიდი ხანია დაიწყო ჩვენი გაშავების კამპანია, რომ თითქოს პროფკავშირი არაკანონიერ გზებს მიმართავს გაფიცვის გაგრძელებისთვის. არ მჯეროდა, რომ ყველას გაშავება შეიძლებოდა და მე აღმოვჩნდი ამის წინაშე. ათას ტყუილს წერენ პირადად ჩემზეც, თითქოს ვინმე ფულს მიხდის და ეს ვიღაც ხან პროფკავშირია, ხან – ჩემი ყოფილი ქმარი. ამ დროს „პრომოდ“ დავიწყე დროებით მუშაობა, რომ მინიმალური ფინანსური შემოსავალი მაინც მქონდეს საარსებოდ.
მოახერხეს და დაგვიპირისპირეს დასაქმებულების ნაწილიც. სამწუხაროდ, ახალგაზრდა ადამიანები მარტივად წამოეგნენ კომპანიის ანკესზე და დაიჯერეს, რომ ამხელა კომპანია მსოფლიოში ყველაზე დიდ ფილიალს გააუქმებს თბილისში, ადგება და გავა თავისი შენობებიანად. თან მაშინ, როცა საქართველოდან გასვლის შემთხვევაში სამჯერ და ოთხჯერ მეტი ანაზღაურების გადახდა მოუწევს დასაქმებულებისთვის.
ველოდით ამ ყველაფერს, მაგრამ ამხელა იმედგაცრუება ცხოვრებაში მაინც არასდროს მქონია. საშინელებები ტრიალებს. მაგალითად, ჩემს მეგობარს ფეხზე დააბიჯეს და ისე გადაახტნენ, რომ სამსახურში შესულიყვნენ. მრცხვენია იმ ადამიანების ნაწილის ნაცვლად, რომლებიც იქ არიან ახლა. ბევრი მათგანი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ იდგა, ზოგი საჭმელს არიგებდა და ზოგიც ფულს აგროვებდა. ჩვენც ხომ ზუსტად ამისთვის ვიბრძვით ახლა, რომ გვქონდეს შრომის ევროპული სტანდარტები?! არამარტო ,,ევოლუშენისთვის’’, ეს ყველასთვის საერთო და საშვილიშვილო საქმეა, რადგან ყველაზე მასშტაბური გაფიცვაა და გადატრიალებას მოხდენა შეუძლია შრომით ბაზარზე.”

სახელმწიფოს როლზე
,,შრომის ინსპექციას პირველად ორი წლის წინ მივმართეთ. შემოსვლიდან ორი-სამი თვე მოანდომეს დასკვნის გამოქვეყნებას, რომელშიც ერთადერთ პრობლემად ეწერა, რომ კონდიციონერი უბერავს. ამის პასუხად მათივე სოციალური მედიის გვერდზე დავუკომენტარეთ, რომ მიკერძოებულები იყვნენ და ყველა დაგვბლოკეს. სასაცილოა, მაგრამ ის ხალხი, რომლებმაც დახმარებისთვის მივმართეთ, დღემდე დაბლოკილები ვყავართ.
ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ შრომის ინსპექციიდან მანამდე ურეკავენ, სანამ შევლენ კომპანიაში. ახლაც ეს მოხდა. გაფიცვის შემდეგ გავიგეთ, რომ „ევოლუშენში“ სასწრაფოდ დაიწყეს ოფისის გასუფთავება. აღმოჩნდა, რომ თურმე შრომის ინსპექცია შედიოდა მეორე დღეს. „ევოლუშენში“ შესული შრომის ინსპექცია დაახლოებით 15 წუთში გამოვიდა უკან. არ ვიცი, რა დაადგინეს ამ თხუთმეტ წუთში, აშკარაა, რომ არც არაფრის დადგენა უცდიათ. გაფიცვის პერიოდში რომ შედიხარ კომპანიაში, გაფიცულ ადამიანს არ უნდა ჰკითხო რამე შრომის პირობებზე? არავინ გაგვსაუბრებია და რა დასკვნას დადებენ, ხვდებით, ხომ?
სახალხო დამცველი პირველად გაფიცვიდან 42-ე დღეს მოვიდა ჩვენთან. კი თქვა, რომ პირველივე დღიდან, თქვენს მომართვამდე დავიწყეთ ამ შრომითი დისკრიმინაციის შესწავლაო, მაგრამ 24 დღეა ადამიანები შიმშილობენ და მგონია, რომ მარტო მოკვლევა აღარ არის საკმარისი. ქმედებების დროა. (ავტ. შენიშვნა: 3 დღის წინ ერთ-ერთი მოშიმშილე სასწრაფომ გადაიყვანა და შეწყვიტა შიმშილობა)
მე როგორც ვიცი, ,,ევოლუშენის” მაღალი რგოლის ერთ-ერთი მენეჯერი ,,ქართული ოცნების” ყრილობაზე იყო. მისი ქმარიც ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია და ალბათ ეს ბევრისმთქმელია.”
ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტო: სოფო აფციაური