ნატალია ფარცხალაძე, 42 წლის, თბილისი

სანამ „კონა“ გაჩნდებოდა, ვეძებდი. ვეძებდი საქმეს, რომელიც ჩემი იქნებოდა. ვეძებდი საშუალებას, არ შევგუებოდი იმას, რასაც ვერ ვეგუებოდი. არსებობს გარემოებები, რომლებიც შენზე დიდია და ვერ მოერევი, მაგრამ ის, თუ როგორ გამოხატავ შენს დაუმორჩილებლობას – ეს შენს ხელშია. გადავწყვიტე, ჩემი პროტესტი კონსტრუქციული ქმედებით გამომეხატა – საქმით და უსიტყვოდ. გადავწყვიტე, ჩემი საქმიანობა წამომეწყო. საქმე, რომელიც სარგებლობას მოუტანდა ყველას და შედეგს დაეწერებოდა Made in Georgia.
მე მყავს ბევრი მეგობარი ქალი, რომლებიც ძალიან ბევრს შრომობენ თვითდამკვიდრებისთვის, მაგრამ ჩვენს კულტურაში ქალების მიღწევები ყოველთვის მამების, ძმების, ქმრების მიღწევად აღიქმება. ამიტომ ბევრად უფრო რთულია ქალის წარმატების აღიარება, თუმცა ეს წარმატება გაცილებით უფრო სასიამოვნო და ძვირფასია.

“კონას“ დაბადება

ჩემი და დიდი ხანია სამხრეთ საფრანგეთში ცხოვრობს. მასთან სტუმრობის შემდეგ, საქართველოში მაცივრის მაგნიტების ნაცვლად, ყვავილების ჩაი ჩამომქონდა. საფრანგეთის ეს ნაწილი განსაკუთრებით მდიდარია სხვადასხვა სახეობის სამკურნალო და არომატული ბალახეულით და ჩაის ეს სახეობაც საკმაოდ პოპულარულია. ბალახეული ჩაის საქართველოში წარმოების იდეა დიდი ხანია მქონდა იმ მიზეზით, რომ ჩვენს ქყვეყანაში ველურად იზრდება უამრავი საინტერესო ბალახეული და სხვათა შორის ბალახეული ჩაის დიდი კულტურაც გვქონია, რაც შემდგომ პერიოდში და უფრო საბჭოთა კავშირში, სრულიად მიეცა დავიწყებას. გავიხსენოთ, თუნდაც, კოლხი მედეას მითი. მედეას ბალახეული ნახარშებით გატაცება, არაფერია, თუ არა ის ფიტო-ფარმაცეფტული ცოდნა, რაც ქართველებს ოდესღაც გვქონია.

ჩემს იდეას ფრთები საგრანტო შესაძლებლობამ მისცა. ევროკავშირის საგრანტო განცხადებას დაგვიანებით გავეცანი და სულ რაღაც 1 დღე მქონდა ბიზნეს კონცეფციის დასაწერად. დავწერე: ძირითადად მოვყევი, რა სახეობის ყვავილებს დავთესავდი ჩემს ნაკვეთში, ლავრისხევში, სადაც 600 კვადრატული მიწა მაქვს, როგორ შევაზავებდი ბალახეულს და როგორ გავაჩენდი ქართულ ბაზარზე ახალ ქართულ პროდუქციას. ჩემი ბიზნეს იდეა დააფინსეს, თუმცა მაინც ვერ გავრისკე დიდი გრანტის აღება, რადგან თანადაფინანსების თანხაც იზრდებოდა პროპორციულად და 7,000 ევროთი დავიწყე საკუთარი საქმე. 2014 წელი იყო.

თანამოაზრეების შემოკრება

გრანტის ერთ-ერთი პირობა ის იყო, რომ კოოპერატივი უნდა შემექმნა. კოოპერატივის იდეას ჯერ კიდევ საფრანგეთში ვიზიტების დროს გავეცანი და ძალიან მომწონდა. აი, ფრანგული ღვინის წარმოების მოდელი რომ ავიღოთ: კერძო ფერმერებს ყველას არ აქვს ღვინის მწარმოებელი ქარხანა, ამიტომ მათ მოყავთ პირველადი პროდუქცია ერთიანი სტანდარტით, რომელსაც აბარებენ ღვინის მწარმოებელს. მწარმოებელი კი თავის მხრივ სადისტრიბუციო კომპანიას. და ასე იქმნება წარმოების სრული ჯაჭვი – პირველადი წარმოებიდან ღვინის მომხმარებლამდე. თუმცა, საქართველოში მძიმე საბჭოთა მემკვიდრეობით დაღდასმულია თაოებების ცნობიერება და გამიჭირდა, დამერწმუნებინა ადამიანები კოოპერაციის სიკეთეებში. ამასთან ერთად, სოფელში, სადაც არ არის ფული, ყველას დღევანდელი მცირე შემოსავალი ურჩევნია ხვალინდელ მოგებას. ამიტომ თბილისში, ჩემს მეგობრებში მომიწია კოოპერატივების წევრების მოძიება.

სწავლის 2 რთული წელიწადი

როგორც კი კოოპერატივი შევქმენი და დაფინანსებაც ავიღე, საფრანგეთში გავემგზავრე, რომ ყველა ანალოგიური მცირე საწარმოები დამეთვალიერებინა. ფოტოაპარატით ვიღებდი საშრობი მოწყობილობების ფოტოებს, გავეცანი მათ მუშაობას, შევიძინე უამრავი წიგნი ბალახეულ ჩაიზე. საქართველოში დაბრუნებისთანავე ადგილობრივ ხელოსნებს შევუკვეთე საშრობი მოწყობილობა. თითქმის 2 წელი მოვანდომე ბალახებისა და ყვავილების შესწავლას. ვაჯგუფებდი თვისებებისა და გემოვნების მიხედვით, რომ არც ერთი კომპონენტი თვისობრივად ერთმანეთთან კონფლიქტში არ მოსულიყო. ვტესტავდი გემოებს ფოკუს-ჯგუფებში, ვაკვირდებოდი შედეგებს. სამწუხაროდ ქართულ ბიბლიოთეკებში ფიტო-ბოტანიკური კვლვებს ვერ მივაგენი – საბჭოთა რეჟიმმა ყველაფერი გაანადგურა. ძალიან საინტერესო გამოცდილება მივიღე, სოფელ გორელოვკაში, დუხობორების სოფელში შემორჩენილი ფიტო ცოდნის გაზიარებითაც.

კიდევ ერთ სირთულეს ბალახების შეგროვების დროს წავაწყდი: ჯერ ერთი ის, რომ რაოდენობაში ბალახების მოწოდებას ადგილობრივი შემგროვებლები ვერ ახერხებდნენ. ხშირად ამის მიზეზად ამინდი სახელდებოდა. გარდა ამისა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, შემგროვებლებს გზისპირებიდან არ მოეკრიფათ ყვავილები. თვითონ კრეფის ტექნიკაც ისეთი უნდა ყოფილიყო, რომ ბიომრავალფეროვნება არ გაენადრურებინა. ზოგი იცავდა ამ სტანდარტებს, ზოგი – არა ან ვერა. ზოგს რწმენა არ ქონდა, რომ ყვავილების შეგროვებით შემოსავალს მიიღებდა. მახსოვს ერთხელ ერთი ჩაის კომპოზიციისთვის ფორთოხლის ყვავილი მჭირდებოდა. მაროკოში ფორთოხლის ხეებს ბრეზენტის ნაჭრებს უფენენ და ჩამოცვენილ ყვავილებს ჩაისთვის იყენებენ. ამ იდეით ვერ დავაინტერესე სამეგრელოში მოსახლეობა. არადა რას კარგავდნენ. პირიქით, შემოსავალს იღებდნენ დამატებითს. ამიტომ ახლა ფორთოხლის ყვავილს ისევ მაროკოდან ვიწერ.

ამიტომ დღეს დღეობით რამდენიმე ნედლეულის მომწოდებელი მყავს ლავრისხევში, ლეჩხუმში, თიანეთში, რომლებიც ჩემი ჩაის კომპოზიციებისთვის ბალახებს რეგულარულად მაწვდიან და მეც მყისიერად ვუხდი . ასეთი საქმიანი დამოკიდებულება სოფელში მოსახლეობასაც დააკავებს და ეკონომიკურად გააძლიერებს. „წარმოებულია საქართველოში“ -ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიკეთე ხომ სწორედ ესაა.

ძალიან საინტერესო ადამიანები გავიცანი ქვემო ქართლში. სამხრეთ აფრიკელი ბურები, რომლებსაც ლავანდის პლანტაციები აქვთ. ამ ადამიანებს არ ეზარებათ შრომა და რაც მთავარია, ცოდნის გაზიარება უნდათ. სწორედ ეს ბურები დავაკავშირე ბედიანის ბავშვთა თავშესაფარს, სადაც 20 ჰექტარზე ერთად მოიყვანენ იმ ბალახებს, რაც მჭირდება. თავშესაფრის მოზარდებისთვის ეს იქნება არაჩვეულებრივი შესაძლებლობა სოფლის მეურნეობით დაკავდნენ და შემოსავალი ქონდეთ.

„კონას“ მომავალი

ამჯერად 12 დასახელების ჩაის კომპოზიცია მაქვს. თითეოულ კომპოზიციაში გამოყენებულია გლობალური გამა – ეს ნიშნავს, რომ ვიყენებ, როგორც ადგილობრივ, ენდემურ ჯიშებს, როგორიცაა მაგალითად დეკა და ასევე ლემონ გრასს და როიბოსს, რომელიც საქართველოში არ მოდის. საქართველოში ჯერ ახლა ეჩვევიან ბალახეული ჩაის სმის კულტურას. ევროპაში ყვავილების ჩაის უკვე კარგად იცნობენ, ამიტომაა რომ რამდენიმე თვის წინ ჰოლანდიელებმა სატესტოთ 900 კოლოფი „კონა“ წაიღეს სარეალიზაციოდ ევროპაში. ევროპის ბაზარზე გასასვლელად, ნედლეულის დიდი რაოდენობაა საჭირო, რაც სამწუხაროდ საქართველოსნაირ მცირემიწიან ქვეყანას არ გააჩნია. ამიტომ ვფიქრობ იმაზეც, რომ შესაძლოა ნედლეული სხვა ქვეყნებიდან შემოვიტანო და საქართველოში დამატებითი ღირებულება შევქმნა, ანუ ბრენდი განვავითარო.

ჯერ სტარტაპის პროცესშივარ. საინვესტიციო ხარჯიც არ ამომიღია, თუმცა ეს არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ იმედი დავკარგო. არასდროს არ გავწყვიტავ ამ ძაფს და ბოლომდე მივყვები, რადგან ეს საქმე უკვე აღარ არის თამაში და ბევრი ადამიანების წინაშე ვარ ანგარიშვალდებული. ჯერ ერთი მათ წინაშე, ვინც ბალახეულს მიგროვებენ და სტაბილური შემოსავალი გაუჩნდათ. მე მათ ვერ ვუღალატებ. ვერ ვუღალატებ ჩემს შვილებსაც, ვის თვალწინაც გაჩნდა „კონა“-ს იდეა, დაიბადა ის და ვითარდება. ეს მათთვის მაგალითია, რომ როცა რაღაც საქმეს მოკიდებ ხელს, კი ბევრი შრომა იქნება საჭირო, მაგრამ აუცილებლად გამოგივა და დაგიფასდება.

ეპილოგის მაგივრად

პატარა გოგო რომ ვიყავი, ერთი ოცნება მქონდა, დროდადრო, ჩაძინებამდე წარმომიდგებოდა, თითქოს ჩემს ქუჩაზე ყველა სახლი გაფერადებული იყო. ეს ოცნება ბევრი წლის მერე ამიხდა.

არის ხალხი, რომლებიც ოცნებებს გვიხდენს. ვიზიონერები, ვისაც ეჭვი არ ეპარება, რომ გამოუვათ. მე შთამაგონა ამ ხალხმა – უშიშარმა, თავზეხელაღებულმა, ესენი არ იყვნენ წმინდანები, მაგრამ შეცვალეს ჩვენი ცხოვრება.

ჩვენს ცხოვრებაში ეს ხალხი არის, როგორც ღრუბლებში მზის სხივი. და ვიღაცის ცხოვრებაში, ძალიან მიდა, რომ მეც ვიყო სითბოს და სინათლის მომტანი.

ახლაც მაქვს ოცნება, როგორც მაშინ, პატარა გოგო რომ ვიყავი – თვალს რომ ვხუჭავ, ხშირად, ვხედავ, საქართველოს, სადაც მინდვრები ლავანდით გადაბიბინებულია, და ეთერზეთების პატარა სახდელებიდან გზის პირებზე ქარს ლავანდის და ვარდის სურნელი გამოაქვს.

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: სალომე ცოფურაშვილი