ნატალი პატარიძე, 29 წლის, ქუთაისი

ბილოგიური სქესი ჩვენს კულტურაში ქალისთვის უამრავ ბარიერს ქმნის. ეს ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი – ჩემი ნაადრევი ქორწინებიდან დაწყებული ჩემს კარიერულ წინსვლამდე დასრულებული, ყველაგან მიწევდა საკუთარი „ადამიანობის“, თანასწორი სტატუსის დამტკიცება და თავის დამკვიდრება. 16 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. შემდეგ 2 გოგონა შემეძინა. მიუხედავად ამისა, მუდმივად მქონდა იმის ამბიცია, რომ სწავლა უნდა გამეგრძელებინა და კარიერისათვის მიმეხედა.

პირველ წინააღმდეგობას ჩემი ქალობისა ამ დროს წავაწყდი. პატრიარქატულ ოჯახში ქალის განაცხადი, რომ ის პიროვნებაა და აქვს სწავლის და საზოგადო სფეროს სიკეთით სარგებლობის უფლება, ამბოხად ჩამითვალეს. მაშინ პირველად შეეცადნენ ჩემი ხმის ჩახშობას. ცხადია, ძალადობა მარტო ფიზიკურ ზეწოლას არ მოიაზრებს. ადამიანის სურვილების და მისწრაფებების უგულვებელყოფაც ხომ ძალადობაა?! ყველაზე რთული იყო იმის გაცნობიერება, რომ მშობლები არ აპირებდნენ ჩემს მხარდაჭერას, როცა ქმართან განქორწინების და სკუთარი განვითარებისთვის თავისუფალი სივრცის მოპოვება გადავწყვიტე. ჩემი მშობლებიც იმ ძალადობრივი კულტურის ნაწილი არიან, რომელიც მუდმივად ჩაგრავს ქალს და თავის თამაშის წესებს სთავაზობს: ქალმა ყველაფერი უნდა აიტანოს; ქალზე დგას ოჯახის სიძლიერე; ქალმა საკუთარი პირადი ოჯახს უნდა შესწიროს; განქორწინება ქალისთვის სირცხვილია… სამწუხაროდ, ჩემი ოჯახზე ეკონომიკური დამოკიდებულების გამო 5 წელი კიდევ მომიწია საკუთარი სურვილების რეპრესირება. მაგრამ 21 წლის ასაკში მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი, წამოვედი ქმრის ოჯახისგან, დავიწყე სწავლა და მუშაობა ერთად და ჩემს მშობლებს სხვა გზა არ ქონდათ, გარდა იმისა, რომ ეს ჩემი გადაწყვეტილება მოცემულობად მიეღოთ. თუმცა ქმრის ე.წ. ფუნქციები ახლა მშობლებმა იკისრეს და მუდმივი კონტროლის წნეხში მამყოფებდნენ. ხანდახან მიკვირს, ამდენს როგორ მივაღწიე კონტროლის ასეთ რეჟიმში.

ჩემი სქესის გამო ბარიერების გადალახვა მიწევს სამსახურშიც. ქალს უწევს ბრძოლა ყველა ეტაპზე. მნიშვნელობა არ აქვს რომელ პროფესიაში მოღვაწეობ. განსაკუთრებით დაბალია მიმღებლობა ქალის ხელმძღვანელი პოზიციის მიმართ. მესამე წელია კულტურის სახლის დირექტორი ვარ და მუდმივ რეჟიმში მიწევს იმის მტკიცება, რომ თუკი სამართლიანად ვარ პრინციპული ან მაქვს საყვედურიანი ტონი, ეს არ არის განპირობებული სხვა მიზეზებით, როგორც ჩემ შემთხვევაში ამბობენ, პირადი ცხოვრების მოუწყობლობით და ამით გამოწვეული „ნევროზული მდგომარეობით“. ხშირად არ თვლიან სერიოზულად ჩემს საყვედურს და მოთხოვნას და მიწევს ძალიან ბევრი რესურსის დახარჯვა, სხვადასხვა არგუმენტების მოყვანა, რომ დავადასტურო ჩემი სამართლიანობა. არადა ეს ყველაფერი კაცი მმართველის დროს მარტივი ჭეშმარიტებაა ყველასთვის. ქალს სიძლიერეს არ პატიობენ. ქალი სუსტი წარმოუდგენიათ მხოლოდ და მისი მხრიდან პრინციპულობის გამოჩენა არანორმალურ ქცევად. არის მეორე უკიდურესობაც, თუკი ძლიერად მიგიღეს და „კაცის“ მანტია როგორღაც მოგარგეს, მერე უკვე სისუსტესაც აღარ გპატიობენ. ხანდახან ყველას გვინდა ვიყოთ ადამიანურები, უშუალოები, ემოციურები, მაგრამ როცა შენ, ქალმა ძლიერის იმიჯი დაიმკვიდრე, უკვე ამ ემოციურობას სისუსტედ გითვლიან. თითქოს აღარ გაქვს უფლება, თუნდაც იტირო. ყოველთვის ცხადია გაწონასწორებული ვერ იქნები ადამიანი, არის ხანდახან, რომ ბავშვი არის ავად და ეს შენს განწყობაზე ახდენს გავლენას. ამ ადამიანურ ფაქტორებს უკვე სისუსტედ გითვლიან და ავტორიტეტად აღარ მოგიაზრებენ, ამიტომ ხდება ისე, რომ ხანდახან სამსახურში აგვიანებენ ან უმიზეზოდ აცდენენ და არ თვლიან საჭიროდ, საქმის კურსში ჩაგაყენონ. შენ ხომ ავტორიტეტი დაკარგე?! შენ ხომ ქალური თვისება გამოვლინე?! მე ადამიანური ემოციები რომ მაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელმძღვანელად არ უნდა აღმიქვა. კაცებიც ხომ ძალადობის მსხვერპლი არიან? კულტურა მათაც ნორმებს უწესებს: არ უნდა იტირონ, არ უნდა გამოხატონ ემოციები, უნდა იყვნენ რაციონალურად პრაგმატულები და კულტურა არ ეკითხება, უნდათ თუ არა მათ ეს, ან შეუძლიათ თუ არა მათ ამ პასუხისმგებლობის ტარება.

გასულ წელს ჩემი მმართველობის ქვეშ, ადმინისტრაციაში 4 კაცი თანამშრომელი მყავდა, რომლებიც ჩემი სტუდენტობის მეგობრები იყვნენ. ვატყობდი, რომ მუდმივად განიცდიდნენ დისკომფორტს, რომ ქალი ხელმძღვანელი ყავდათ და მისი მითითებები უნდა შეესრულებინათ, მიუხედავად ჩვენი მეგობრული დამოკიდებულებებისა, ეს მისია მათთვის მენტალურად დაუძლეველი აღმოჩნდა. იყო შემთხვევები, როდესაც სამუშაო დღის გაცდენა სურდათ და ლოჯისტიკის ოფიცერისგან იღებდნენ ამის ნებართვას, რომელსაც ეს საკითხი არ ეხებოდა. ამ დროს კი მე იქვე, იმ სივრცეში ვიდექი და შეეძლოთ მარტივად ჩემთვის ეკითხათ. მაგრამ ამის ნებას თავს თითქოს არ აძლევდნენ. ჩემმა მეგობრებმა მალევე დატოვეს სამსახური და ვფიქრობ ამის მიზეზი, ქალი ხელმძღვანელის მიუღებლობა იყო.
საქართველოში არ უყვართ წარმატებული და განათლებული ქალები, მათ არ პატიობენ ჭკუას და დამოუკიდებლობას. და თუ კანონები თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებზეა აგებული, სოციალური კულტურა კანონებზე მაღლა დგება და ჩაგრავს მათ, ვინც ამ კულტურის ყალიბს ვერ მოერგება. ჩვენ უნდა ვებრძოლოდ ამ მენტალობას და მჯერა, აუცილებლად დავამარცხებთ“.