ნატო შავიშვილი, 38 წლის, მარნეული

“ხშირად საინტერესო რეაქციებს იწვევს ის ფაქტი, რომ მარნეულში გავიზარდე. მწყინს როდესაც ჰგონიათ, რომ საინტერესო და გამორჩეული ადამიანი არ შეიძლება მარნეულიდანაც იყოს. ეს, ალბათ, ერთ-ერთი ის სტერეოტიპია, რაც ყვლაზე დიდ პრობლემას მიქმნიდა ყოველთვის. მარნეულში ცხოვრება არის უდიდესი გამოცდილება. სხვებს უწევთ ტოლერანტობის სწავლა და მეცადინეობა, ჩვენთვის კი ეს არის მოცემულობა, რადგან აქ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები ერთად ვიზრდებით და ბავშვობიდან ბუნებრივად ვიღებთ ერთმანეთს.

ოჯახში ერთადერთი და ნანატრი შვილი ვიყავი, რადგან ჩემს მშობლებს დიდხანს არ ჰყავდათ ბავშვი. მიუხედავად ამისა, ჩემი დედისერთობა ყოველთვის იმ სტერეოტიპის საწინააღდეგო იყო, რომლის მიხედვითაც ასეთი შვილები გათამამებულები და ეგოიზმისკენ მიდრეკილები არიან. ეს ჩემი მშობლების დამსახურებაა და მიუხედავად იმისა, მათ ყოველთვის ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ მე, გარკვეული უპირატესობები მქონოდა სხვებთან შედარებით, ეს ასე არ იყო. ვშრომობდი ყოველთვის ისე, როგორც უფრო შეჭირვებულ ან მრავალშვილიან ოჯახებში დაბადებული ბავშვები და მადლობელი ვარ მშობლების, რადგან მათ მიმაჩვიეს, რომ სათაკილო არ არის არანაირი შრომა.

„ხანდახან ჯობია მიყვე დინებას, რომ არ დაიხრჩო“
———————————————————————–
სიყვარულის ისტორია ჩემს გარდაცვლილ მეუღლესთან მარნეულში, სკოლაში დაიწყო. უფრო სწორად, სკოლაში სწავლისას ჩვენ იმდენად საუკეთესო მეგობრები ვიყავით, რომ ძალიან პირადულ ამბებსაც კი ვუმხელდით ერთიმეორეს. მერე აღმოჩნდა, რომ ჩვენს ქვეცნობიერში სინამდვილეში „სხვა“ რამეც ხდებოდა. მაგრამ, იმდენად ერთგულები ვიყავით თვითონ ამ „მეგობრობის“ ცნების, რომ ირგვლივ მყოფებს კი არა, ძალიან დიდხანს ერთიმეორესაც ვერ ვუმხელდით ამას. მოკლედ, დავამთავრეთ სკოლა და გავუყევით ჩვენ ჩვენს გზებს. ამ ურთიერთობებში დროებითმა წყვეტამ საბოლოოდ მიგვახვედრა რაც გვჭირდა ერთმანეთის მიმართ. ახალი საინტერესო ეტაპი დაიწყო ჩვენს ურთიერთობებში, რადგან ერთმანეთის ხელახლა გაცნობა სრულიად სხვა კუთხით დავიწყეთ. საინტერესო აღმოჩენებიც იყო, ბევრი რამით გაოცება და გაკვირვებაც. საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ერთმანეთის გარეშე ყოფნა არ შეგვეძლო. ორი წლის შემდეგ დავქორწინდით. ჯერ ახალ დაქორწინებულები ვიყავით, როცა ჩემს მეუღლეს გულის მძიმე დაავადება გამოუვლინდა და მაშინვე ვიცოდით, რომ, პრაქტიკულად, განუკურნებელი იყო. მიუხედავად ამისა, ეს მოცემულობა არასოდეს გამხდარა იმის წინაპირობა, რომ ჩვენ შეგვეწყვიტა სვლა და განვითარება, არ გაგვეგრძელებინა ცხოვრება, არ გვეფიქრა მომავალზე და შვილების გაჩენაზე. იცით, ხანდახან ჯობია მიყვე დინებას, რომ არ დაიხრჩო…

ორივეს თანხვედრითი სურვილი იყო, რომ ბევრი შვილი გვყოლოდა და 7 წლიანი თანაცხოვრებიდან გაჩნდა 4 შვილი. ქრონიკული ორსულობის ეტაპი მქონდა ცხოვრებაში და დღევანდელი გადასახედიდან ხანდახან ვერც ვიჯერებ, რომ ეს რთული გზა მე გამოვიარე. წარმოიდგინეთ, ერთდროულად იყო თანაცხოვრების დაწყების სირთულეები, ორსულობები, მშობიარობები და უძილობის, მინიმუმ, 4-5 წელი. სწორედ მაშინ, შედარებით, მშვიდი ეტაპი რომ გვეწყებოდა, ახალი დიდი გამოწვევა მოგვიმზადა ცხოვრებამ ჩემი მეუღლის გარდაცვალებით. დაავადება განუკურნებელი რომ იყო ვიცოდით, მაგრამ ასეთი სწრაფი განვითარება მაინც არ წარმოგვედგინა და სრულიად მოულოდნელად დავრჩი მარტო, 4 შვილთან ერთად. პირდაპირი მნიშვნელობით, შეგრძნება მქონდა, რომ მიწა გამომეცალა. გარდა ამისა, ეკონომიკურადაც რთულ ვითარებაში აღმოვჩნდი. მანამდე ფინანსური პასუხისმგებლობები მთლიანად ჩემს ქმარს ჰქონდა აღებული, რადგან მე 4 პატარა შვილის აღზრდით ვიყავი დაკავებული. ცხადია, პასუხისმგებლობების ასე დანაწილებაც ჩვენი არჩევანი და ერთობლივი გადაწყვეტილება იყო.

არ მეგონა ჩემში ეს ძალები თუ გამოიძებნებოდა, მაგრამ სტრესის ფონზე განსაკუთრებული სიძლიერით ჩამერთო თვითგადარჩენის ინსტინქტი. პირველი რაც გავაკეთე, ძალიან მალე შვილებთან ერთად მარტო გადავედი იმ სახლში, სადაც ჩემს ქმართან ერთად ვაპირებდი თანაცხოვრებას და დავიწყე სრულიად დამოუკიდებლად ჩემი ცხოვრების განკარგვა. იმიტომ, რომ მივხვდი, როგორც კი მივეჩვეოდი სხვისი მზრუნველობის ქვეშ ყოფნას, მერე უფრო გამიჭირდებოდა. მგონია, რომ ასეთ მომენტებში ძალიან გამძაფრებულია ის გადარჩენის შინაგანი უნარი და მაშინვე უნდა ჩაეჭიდო. თუმცა, დაგვიანებული არასოდეს არის.

არ ვიცი ეს ჩემი მარტო გადასვლა ვინ როგორ აღიქვა იმიტომ, რომ მე არ ვინტერესდები სხვების აზრებით. ვცდილობ, რომ ჩემი ემოციური რესურსი დავზოგო, ამიტომ, ღია კონფრონტაციაში არ შევდივარ და რქებით არ ვაწვები ყველას, მაგრამ მაინც იმას ვაკეთებ ყოველთვის, რაც სწორად მიმაჩნია და არა სხვებს რაც ჰგონიათ. ეს არის ჩემი სტრატეგია.

რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ამ ყველაფერთან გამკლავება. დახმარების მიუხედავად, შვილების აღზრდის მთავარი ტვირთი ჩემზე იყო და თან იმის გამო, რომ ეს ჩემს ოჯახს სჭირდებოდა, მიწევდა ემოციურად სტრესულ და არაკომფორტულ სამსახურებში მუშაობაც. ახლა ხშირად ვფიქრობ, რომ ყველაფერი გამოცდილებაა, რაც საბოლოო ჯამში გზრდის და გაძლიერებს. ამიტომ, ჩემი ცხოვრების არც ერთ ნაბიჯს არ ვნანობ. მარნეულის კულტურის ცენტრი კი, რომელშიც დღემდე ვმუშაობ და ახლა უკვე ვხელმძღვანელობ, ახალი ეტაპი იყო, არამხოლოდ, ჩემს ცხოვრებაში, არამედ მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაშიც. ამ სამსახურმა მე საბოლოოდ გადამარჩინა.

„ქვრივობა დამღაა“
—————————-
შეგრძნება მაქვს, რომ მუდმივად გამადიდებელი შუშის ქვეშ ვცხოვრობ, ჩემი ქვრივობა კი დამღაა.

ქვრივობის სტატუსის სიმძიმე, მას შემდეგ ვიგრძენი მთელი სიმძაფრით, როდესაც ოჯახიდან გარეთ გამოვედი სამუშაოდ. ყველაზე პრობლემური ის არის, რომ ქალის წარმატებას მის პირად წარმატებად არასოდეს აღიქვამენ ამ საზოგადოებაში და ის ყოველთვის ასოცირდება გავლენიან ოჯახთან/კაცთან. ეს საკუთარ თავზეც მიგრძვნია. ძნელია, როცა მუდმივად გღრღნის ფიქრები, რა ქვეტექტსების ძიებას დაიწყებენ, მაგალითად, შენი დაწინაურების გარშემო, ან რა იარლიყს მოგაკერებს საზოგადოება, როგორც ქალს. თუმცა ესეც გადავლახე და საზოგადოებრივი ზეწოლის მსგავსი მეთოდები ჩემს გზას არ ამრუდებს.

მამა
—————————
მიუხედავად იმისა, რომ მამას ყოველთვის აქტიური საჯარო ცხოვრება ჰქონდა და თავის დროზე, ეროვნულ მოძრაობაშიც იყო ჩართული, ეკლესიურ ცხოვრებაზე ადრევე დაიწყო ფიქრი. მის გადაწყვეტილებაში საბოლოო გარდატეხა კი, ჩემი მეუღლის გარდაცვალებამ მოახდინა და ამ ამბიდან ორ თვეში მამა მონასტერში წავიდა. ამ ნაბიჯის გამო ბევრმა გააკრიტიკა. თვლიდნენ, რომ ის სირთულეებს გაექცა და ასეთ ვითარებაში შვილი/შვილიშვილები არ უნდა დაეტოვბინა. მამა თვლიდა, რომ საკუთარ თავსაც და ჩვენც, იქედან მეტ სარგებელს მოგვიტანდა. დღეს ის ბერია და მონასტერში ცხოვრობს. მაშინაც და ახლაც დიდ პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, ეს მისი გზაა. ზოგადად, ჩემთვის მამა არის მაგალითი იმის, თუ როგორი უნდა იყოს ის ადამიანი, ვინც ღვთის გზა ადგება.

შიშებთან გამკლავება
——————————-
დიდხანს ვატარე შავები, რადგან შავის გახდას ახლავს შიში. მე, მაგალითად, ვფიქრობდი, რომ მისთვის მეტი არაფრის გაკეთება აღარ შემეძლო და ეს იყო ერთადერთი გზა, თითქოს, რითიც ვუმტკიცებდი, რომ ისევ მიყვარს და ისევ ფასეულია ჩემთვის. ახლა შემეცვალა დამოკიდებულებები და მიუხედავად იმისა, რომ უკვე ერთი წელია შავი აღარ მაცვია, ჩემი გრძნობები მის მიმართ არ შეცვლილა. სიყვარულს შავით კი არა, იმით ვუმტკიცებ, რომ არ წავიქეცი, გზის გაგრძელება შევძელი და იქ ვარ, სადაც ახლა ვარ…იმის თქმა მინდა, რომ ადამიანებს გვაქვს შინაგანი შიშები, მგრამ მთავარია, განსაკუთრებით კი ქალებმა, ვისწავლოთ ამ შიშებთან გამკლავება. მე ასე გადავრჩი.”

ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტო: ნინო ბაიდაური

მსგავსი ისტორიები