ნაცო ბერიძე-გაბაიძე, 33 წლის, ბათუმი

“გვარი
———
ჩემს თავზე საუბარი მინდა დავიწყო იმის აღნიშნვით, რომ ფემინისტი ვარ. დიდი ხანი არ არის, რაც ჩემს თავს ფემინისტად ვაიდენტიფიცირებ, რაზეც, ალბათ, ჩემი გვარიც მეტყველებს – ჩემი და გარდაცვლილი ქმრის გვარი ჩემს ფემინისტობასთან ერთად ზუსტად იმ ევოლუციას ასახავს, რაც გავიარე. ბევრჯერ უკითხავთ, განსაკუთრებით ბოლო დროს, შევიცვლი თუ არა გვარს, მაგრამ ჩემი პასუხია, რომ არა. იმ დროს როდესაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, გვარის შეცვლა დიდ თავგადასავლად მეჩვენებოდა და ამაში პრობლემას ვერ ვხედავდი. დღეს, რა თქმა უნდა, ანალოგიურად აღარ მოვიქცეოდი, მაგრამ ახლა ეს უკვე ჩემი იდენტობის და ისტორიის ნაწილია, ამიტომ მის წაშლას არ ვაპირებ.

ქვრივი
———-
ამ პლატფორმაზე ქვრივობის გამოცდილებაზე მინდა ვისაუბრო. ჩემი გამოცდილება შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს სხვა ქალებისთვის, რადგან მგონია, რომ დაქვრივებული ქალები განსაკუთრებული კატეგორიაა.

ჩემი ქმარი უბედურ შემთხვევას და ადგილზე დროულად ვერ აღმოჩენილ სამედიცინო დახმარებას შეეწირა გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტზე, ამ წლის იანვარში. თემური ავად არ ყოფილა და არასოდეს მიფიქრია, რომ ერთ დღესაც ის აღარ იქნებოდა. შესაბამისად, მე არც ემოციურად და არც ფინანსურად მზად არ ვიყავი.

ემოციებზე საუბრის ნაცვლად, მინდა იმ დამოკიდებულებებზე საუბარი, რაც ჩემმა ახალმა გამოცდილებამ მოიტანა ჩემს ცხოვრებაში. ჩემი პიროვნება წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, როგორც დამოუკიდებელი ქალი. ეს დამოუკიდებლობა თემურის, ჩვენი თანაცხოვრების არც ერთ ეტაპზე არასოდეს შეუზღუდავს. მისი გარდაცვალების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მარტო ქმარი არ დამიკარგავს. მე დავკარგე დამოუკიდებლობაც იმ გაგებით, რომ უცებ გავხდი ადამიანი, რომელიც უნდა შეგეცოდოს, რომ შეხვდები უნდა უთხრა, რომ გაძლიერდეს და მისგან ერთადერთი რასაც ელოდები, არის სისუსტე. ჩემთვის ძალიან პრობლემური იყო იმასთან დაჯახება, რომ თემურის დაკარგვასთან ერთად, ჩემი იდენტობის ნაწილსაც ვკარგავდი – სხვების აღქმით.

მაგალითად, მე და თემური მარტო ვცხოვრობდით ჩვენს შვილთან ერთად და მინდოდა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, მარტო დავრჩენილიყავი იმავე სახლში. ირგვლივ ყველა თვლიდა, რომ ეს არ იყო სწორი. მოლოდინი ჰქონდათ, რომ ჩემი ან ჩემი ქმრის მშობლების სახლში გადავბარგდებოდი. ერთი მეზობელი ყოველ შეხვედრაზე მეკითხებოდა „შენ, ძირითადად, აქეთ ხარ?“ პირველ სამ შეხვედრაზე ზრდილობიანად ვუპასუხე, რომ „კი“. მეოთხედაც რომ იგივე მკითხა, გაბრაზებული ტონით ვუპასუხე, რომ „ კი, ძირითადად, აქ ვარ, რადგან, ძირითადად, აქ ვცხოვრობ“. მე რომ გარდავცვლილიყავი, ჩემს მეუღლეს ხომ არავინ შეხედავდა როგორც სუსტს და უსუსურს, რომელიც მარტო ვერ იცხოვერბს? კაცების შემთხვევაში, გლოვის კონტექსტშიც, აბსოლუტურად, სხვა მოლოდინები და მოთხოვნებია. მაგალითად, თემურისთვის შეიძლება დახმარება შეეთავაზებინათ ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით, რასაც მე არ შემომთავაზებენ იმიტომ, რომ ეს მაინც ჩემი საქმეა. მას, ალბათ, ხშირად დაურეკავდნენ და შესთავაზებდნენ სადილის გაკეთებას, თუ სახლის დალაგებას და ა.შ. ჩემს შემთხვევაში კი, მთავარი პრობლემა გაჩნდა, რომ „მთლად სწორი“ არ არის ახალდაქვრივებული ქალის მარტო ცხოვრება.

შავი
——
კიდევ ერთი კრიტიკული მომენტია – შავის გახდა. მე ვიცნობ ქალებს, რომლებიც დიდხანს ატარებენ შავს და მათ გამოცდილებებს საერთოდ არ ვაკრიტიკებ. ზოგისთვის შავის ტარება შეიძლება შვების მომგვრელი იყოს და კულტურიდან გამომდინარე თვლიდეს, რომ შავი გარდაცვლილის ხსოვნის პატივისცემაა. ჩემი აზრით, ქვრივი ქალის შავად შემოსვა ინსტრუმენტია ქალის კონტროლის. და ამ კულტურაში, სწორედ, ქვრივი ქალები იცვამენ დედების შემდეგ ყველაზე დიდხანს შავს. შავებიანი ქვრივი ქალი ფორმას ატარებს და ეს ფორმა მას ჩარჩოში აქცევს. ახსნებებს, რომ თუ კულტურულ ნორმებს დაარღვევს, დაისჯება. მე ძალიან მალე გავიხადე შავი. ვერ ვიტყვი, რომ კრიტიკას არ ვგრძნობ. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს კრიტიკული დამოკიდებულებები არ ყოფილა ჩემი ოჯახისგან. ისინი არ ჩარეულან იმაში რას ჩავიცვამდი, ან ეს ყველაფერი რა გავლენას მოახდენდა ჩემს რეპუტაციაზე. „ეტყობა ისე არ უყვარდა“, „ეტყობა ისე არ ეტკინა“ და „რა ენაღვლება, ისაა ცოდო, თორემ ეგ გათხოვდება და თავის თავს მიხედავს“ – ეს დამოკიდებულებები უფრო იმ ადამიანებისგან მოდიოდა, ვისი საქმეც ეს თითქოს საერთოდ არ უნდა იყოს.

პირიქით რომ მომხდარიყო, ალბათ, თემურს მალევე ეტყოდნენ, რომ უნდა მოიყვანოს ცოლი. ბავშვს მოიშველიებდნენ, რომ მას მიხედვა ჭირდება. ქალს იგივეს არ ეტყვიან ამ კულტურაში. მე თან ისეთ ასაკში ვარ, არც შავის გახდაზე მეტყოდა ვინმე, რომ დროა გავიხადო. ჩემი დაკვირვებით, შავების გახდასაც და ოჯახის შექმნის ნებართვასაც მხოლოდ ძალიან ახალგაზრდა გოგონებს აძლევენ, გარკვეული დროის გასვლის შემთხვევაში. ნებართვა სხვამ უნდა გასცეს, რათქმაუნდა. ჩემს შემთხვევაში, ასაკთან ერთად ისიც მოქმედებს, რომ მე ბიჭი შვილი მყავს. ამ კულტურაში კი, მითუმეტეს, ბიჭის დედა არ უნდა დაოჯახდეს და სხვა მამაკაცის გარემოცვაში არ უნდა გაზარდოს ბიჭი.

ამ დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, მეგობრების რჩევა იყო, რომ ცოტა გადამედო შავების გახდა. თუმცა მე ზუსტად ვიცოდი, რომ ამას ახლა გავაკეთებდი, ერთი წლის თუ სამი წლის შემდეგ მაინც იგივე რეაქცია მოყვებოდა. ადამიანები უნდა მიეჩვიონ იმას, რომ მხოლოდ შავებით არ გამოიხატება პატივისცემა. საერთოდაც, მე ამ გამოცდილებით მივხვდი, რომ თუკი ცოცხალი რჩები, უნდა იცხოვრო ცოცხალივით. ამის უფლება კი ქვრივობის გამოცდილების მქონე ქალებს ჩამორთმეული აქვთ ჩვენს კულტურაში. მე ძალიან გამიმართლა, რომ ოჯახი აღიარებს ჩემს თავისუფლებას, სხვა ბევრი ქალისგან განსხვავებით. ამ ქალების უმრავლესობა, დაქვრივების შემდეგ ქმრის, ან მშობლების სახლში რჩება, სადაც არანაირი პირადი სივრცე არ გააჩნიათ.

სექსუალობა
——————
მე ვიცი და მზად ვარ, რომ შემდეგი ეტაპი იქნება ჩემი სექსუალობის კონტროლი. მომიწევს გამადიდებელი შუშის ქვეშ ცხოვრება – ვისთან ერთად გავიარე, ვის ვესაუბრები და ა.შ. კარჩაკეტილი ცხოვრება არასოდეს მქონია და დღეს მით უმეტეს ვერ მექნება იმიტომ, რომ მე მჭირდება ხალხთან ურთიერთობა. ჩემს შვილს სჭირდება ძალიან ეს ურთიერთობები და ამიტომ, ხშირად ვართ ისეთ სივრცეებში, სადაც ხალხმრავლობაა, მხიარულებაა და შესაბამისად, შავების გახდის შემდეგი განხილვის თემა იქნება – როგორ ვიქცევი. ისევ თუ შევადარებთ, დაქვრივებული კაცის ხალხმრავლობაში ყოფნაზე, მის სმასა და გართობაზე იტყოდნენ, რომ დარდს იკლავს. ჩემზე იგივეს არავინ იტყვის დალევისას რომ მნახონ, ხომ ასეა?

თემურის გარდაცვალების შემდეგ მეგობრებმა მითხრეს, რომ აქედან უნდა გავქცეულიყავი, თუკი ცხოვრების გაგრძელება მინდოდა. აქ ვერ მექნებოდა კონტროლისგან თავისუფალი პირადი ცხოვრება. ერთი მხრივ ვეთანხმები მათ, რომ ეს ყველაფერი მუდმივად ცხელ ქვებზე სიარულს გავს და შეუძლებელი არა, მაგრამ მართლა ძალიან რთულია ამ ქვებზე სიარული. თუმცა, მეორე მხრივ, არ მგონია რომ გაქცევა და დამალვაა გამოსავალი. ჩვენ ჩვენი დარჩენით სხვა ადამიანებსაც ვაძლევთ ძალას, რომ იბრძოლონ.

ქვრივი ქალის სექსუალობა ქალიშვილობის იდენტობასთან დაბრუნებას ჰგავს, ანუ როგორც ქალიშვილ გოგოს არ აქვს სექსი და არც უნდა ჰქონდეს, ასევეა ქვრივი ქალიც. თუკი ქალიშვილ გოგოს „პატიოსნების შენახვა“ ევალება მომავალ კაცთან. მე ეს ვალდებულება წარსულთან მაქვს და ჩემს ბიჭ შვილთან. მე ამ ყველაფერს იუმორით ვუყურებ, მაგრამ სინამდვილეში ხომ ბევრი ქალისთვის ძალიან სტრესულია იმ გარემოში ცხოვრება, სადაც საყვარელი ადამიანის დაკარგვასთან ერთად, თავს გატყდება კიდევ უფრო შეზღუდული თავისუფლება.

შვილი
———
დემონსტრაციულად თუ არ ხარ გლოვაში და დარდში, ძალიან მარტივად შეუძლიათ გადაწყვიტონ, რომ ესეიგი არ დარდობ. სულ ელოდებიან დაინახონ, როგორ იშლები. ეს ყველაზე კარგად ჩანს ბავშვების შემთხვევაში. სულ მეუბნებიან, რომ სანდრო პატარაა და ადვილად გადაიტანს. ამის მთქმელმა არ იცის ბავშვის ფსიქოლოგია. ცხადია, ის სხვანიარად გამოხატავს დარდს, მაგრამ არ ნიშნავს რომ ვერ გრძნობს, რადგან პატარაა. ჩემი მთავარი ამოცანა იყო სანდროს ცოდნოდა, რომ მეც არ დამკარგავდა.

მეკითხებიან, გავუზრდი თუ არა თემურს ნამდვილ ვაჟკაც შვილს, რომელიც თავს არავის დააჩაგვრინებს. თითქოს სულ ეცოდებათ სანდრო, რომ დედის ხელში დარჩა. ვპასუხობ ხოლმე, რომ თემურს უნდოდა კეთილი და შრომისმოყვარე შვილი, ამ სურვილს შევუსრულებ. თავს კიდევ არც მე ვაჩაგვრინებ არავის.”

(ავტორი: იდა ბახტურიძე)

მსგავსი ისტორიები