ნენე დალაქიშვილი, 40 წლის, თბილისი

„22 წლის გავთხოვდი და 7 წელი ვიცხოვრე ჩემგან სრულიად განსხვავებულ ადამიანთან ერთად. ჩემს უფროს შვილს, მარიამს აქვს ჰიდროცეფალიის დიაგნოზი და ეს იყო სამშობიარო ტრავმა. სამშობიაროდან სახლში გამომატანეს როგორც ჯანმრთელი, არავის უთქვამს, რომ ბავშვს რაღაც აწუხებდა. მახსენდება მშობიარობის დროს როგორ მედგა პედიატრი თავზე და მკაცრად მეუბნებოდა: „სმენა მიმთავრდება, რა უშობელს აჩენ ამისთანას, დროზე გააჩინე“. გამოწერის დღეს კი, იგივე პედიატრმა დამიძახა და მითხრა, შენ პატარა გოგო ხარ, ბევრი რამ არ გესმის და ამიტომ გეტყვი, რომ მე 40 ლარი უნდა მომცე და ექთანს 20 ლარიო.

2 კვირის იყო მარიამი, როცა საავადმყოფოში დავწექით და არასდროს დამავიწყდება სასწრაფოს მძღოლი, რომელიც ცალი ხელით საჭეს ატრიალებდა, მეორე – მანქანის ფანჯარაში ჰქონდა გაყოფილი და გზას გინებით იკვლევდა იმიტომ, რომ სხვა მანქანების მძღოლები გზას არ უთმობდნენ. ფაქტიურად, იმ კაცის ასეთმა საქციელმა გადაწყვიტა მარიამის ყოფნა-არყოფნის ამბავი. ბავშვთა საავადმყოფოში არაჩვეულებრივი პერსონალი დაგვხვდა, რომლებიც მარიამის გადასარჩენად თავს არ ზოგავდნენ, მაგრამ ატყობდი, რომ ხელიც ჰქონდათ ჩაქნეული. იმაზეც იყო ლაპარაკი, რომ ბავშვი დაგვეტოვებინა, რადგან უიმედო მდგომარეობა ჰქონდა. შეიძლება ასაკით პატარა რომ ვიყავი, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი სიტუაციის სიმძიმეს და მაგან მიშველა და ყველაზე ყოჩაღად ვიყავი. არცერთი წუთით არ დამიშვია, რომ მარიამი ვერ გამოძვრებოდა.

ჰიდროცეფალიის დროს, არ კომპენსირდება თავის ტვინში ჩამდგარი სითხე და ეს იწვევს თავის გაუსაძლის ტკივილებს. სითხე აწვება ტვინს და თუ დროულად არ მოხდა ოპერაციული ჩარევა და შუნტირება, ირღვევა მოტორიკა, ზიანდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები. მარიამს ამ ყველაფერმა მოტორიკის შეფერხება დაუტოვა და ცალ თვალზე – სიელმე. სხვათაშორის, რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაიარა ბავშვთა სახლები და აღმოჩნდა, რომ ამ დიაგნოზის მქონე ბავშვებს მხოლოდ შარდმდენ წამლებს ასმევენ და ამ არასამთავრობოს დასკვნა იყო, რომ ამ ბავშვების მდგომარეობა გათანაბრდა წამებით სიკვდილთან.

ჰიდროცეფალიის ერთადერთი წამალი არის შუნტი, რომელიც დაახლოებით 750 დოლარი ღირს. ახლა არ ვიცი რა მდგომარეობაა, მაგრამ 5 წლის წინ და მანამდეც, სახელწიფო ამას ნამდვილად არ აფინანსებდა და თავად ბავშვების პატრონებს უწევდათ მისი შეძენა. თუ საშუალება არ გქონდა, უნდა შეგუებოდი, რომ ბავშვის მდგომარეობა შესაძლოა ფატალურად დასრულებულიყო.

მარიამს 16 ოპერაცია აქვს გაკეთებული, რადგან ექიმებს ზოგჯერ რაღაც ეშლებოდათ, ხან შუნტის ადგილი ჩირქდებოდა, ხან თავში, ხანაც მუცლის ღრუში. ამასობაში მე გავხდი თვითნასწავლი ექიმი. თითქმის ყველა ნეიროქირურგი ვიცი, ვინც თბილისის კლინიკებში მუშაობს. ვიცი ვინ ვარგა, ან არ ვარგა. ვინ არ ვარგა, მაგრამ გულისხმიერია და თანაგიგრძნობს. მაგალითდ, ვიცი ნეიროქირურგი, რომელიც შთამომავლობით ექიმია და ერთ საშინელ ღამეს, მარიამი თავის ტკივილით რომ მივიყვანეთ საავადმყოფოში, პრეტენზიით ჩამოვიდა მიმღებში, რატომ გამაღვიძეთო. ისეთი ექიმიც შემხვედრია, რომელიც ვერ გშველის, მაგრამ გეუბნება, ვისთან მიხვიდე. ისეთიც მინახავს, რომელთანაც ბავშვს მიიყვან და გისაყვედურებს, ჩემთან რატომ მოხვედით, ვისთანაც მკურნალობა დაიწყეთ, ისევ იმან გიშველოთო, მაგრამ საბედნიეროდ, იმ ექიმების რაოდენობა უფრო მეტია, ვინც გულისხმიერიც არის და საკუთარი საქმის პოფესიონალიც.

იმ პერიოდიდან, როცა ახალდაბადებული მარიამი საავადმყოფოში იწვა, ერთი რაღაც მახსოვს ძალიან ცუდად: გვერდზე პალატიდან, ერთ-ერთი ბავშვის ბებია შემოდიოდა ხოლმე, დახედავდა მარიამს, „ნწ, ნწ“-ს ძახილით თავს თითქოსდა სინანულით გააქნევდა და გადიოდა. მახსენდება ერთი ბავშვი, რომელიც ოჯახში მესამე შვილი იყო და დაუნის სინდრომით დაიბადა. ამის გამო, მშობლებმა დატოვეს. მხოლოდ მამა აკითხავდა ხანდახან და ბავშვის საჭმელი მოჰქონდა, დედას დეპრესია ჰქონდა და არც გამოჩენილა. ამ ბიჭს ერთი ექთანი უვლიდა, რომელსაც მისი „პილიონკები“ და ტანსაცმელი სახლში მიჰქონდა და რეცხავდა. დანარჩენი ბავშვების დედები კი, ხან ვუცვლიდით, ხან ბოთლიდან ვაჭმევდით. ყველა პატარას გვერდით დედა ჰყავდა, ეს ციცქნა კი, მარტო იწვა. ერთ დღეს მოვიდნენ ზარზეიმით ამ ბავშვის ნათესავები, მოიყვანეს მღვდელი, ითხოვეს ჩვენგან „ტაშტი“, მონათლეს ეს ბავშვი და „ვალმოხდილები“ წავიდნენ. მას მერე არავინ გამოჩენილა მასთან.

ერთხელ, როცა 6 თვის მარიამს მორიგი ოპერაციისთვის ამზადებდნენ, რაღაც მომენტში ბავშვს თვალებში რომ ჩავხედე, ისეთი მზერა ჰქონდა, მივხვდი, ყველა სირთულეს გადალახავდა. მე მეუბნებიან ხოლმე, რომ გმირი ვარ, მაგრამ ასე არ ვთვლი. გმირი მარიამია, რომელიც იბრძოდა. მას უბრალოდ არ შეეძლო გადაწყვეტილებების მიღება და ჩვენ მხოლოდ ვეხმარებოდით, ძირითადად, მე და მისი ორი ბებია.

მარიამს ბოლო ოპერაცია დაახლოებით 3 წლის წინ, „ავერსში“ გაუკეთა ლაშა ბაქრაძემ, რომელსაც სრულიად შემთხვევით მივაგენი, რადგან მისი კოლეგებიდან არავინ მითხრა, რომ საქართველოში არსებობს ასეთი პროფესიონალი. ლაშა ბაქრაძემ გამოასწორა ყველა ის შეცდომა, რასაც ექიმები წლების განმავლობაში უშვებდნენ და თუ სადმე ყურს მოკრავ ხოლმე, რომ ვინმეს მარიამის მსგავსი პრობლემა აქვს, ყველას ვურჩევ, ამ ადამიანთან მივიდნენ.

ადამიანების საქციელს ხშირად ვუძებნი გამართლებას, მაგრამ არსებობს რაღაცეები, რასაც გამართლება არ აქვს. თუ მე ტვირთს ვზიდავ, შენც, მშობელმა მამამ ჩემთან ერთად უნდა ზიდო ის იმიტომ, რომ შენც ისეთივე მშობელი ხარ, როგორიც მე. ახალგაზრდობაში ყველა ვუშვებთ გარკვეულ შეცდომებს და გაუაზრებელ ნაბიჯებსაც ვდგამთ, მაგრამ როცა ოჯახი გყავს, უნდა აირჩიო, რომელ გზას აირჩევ. ჩვენი ოჯახური პრობლემები დაიწყო „წამლით“ და გაგრძელდა დალევით და, როცა დალევდა, ხდებოდა აგრესიული. ჰქონდა პერიოდები, როცა 3-4 თვე არ სვამდა, ცხოვრება ჩვეული კალაპოტით მიედინებოდა. ბავშვებსაც ასეირნებდა, უვლიდა, აბანავებდა. მაგრამ სამი თვის მერე „სასწაულებს“ სჩადიოდა. მე, პერმანენტულად, ბავშვებთან ერთად დედაჩემთან გავიქცეოდი, მერე ისევ ვრიგდებოდით და რამდენიმე თვის მერე ისევ იწყებოდა ჩხუბი, აყალმაყალი, ცემა-ტყეპა. მარიამიც პერიოდულად ავად იყო და ერთდროულად ორი რაღაცის დალაგება მიჭირდა. ამ ჩვენი ერთობლივი ცხოვრების დადებითი გამოძახილი, მხოლოდ ჩემი შვილები არიან. თათა რომ გავაჩინე, ერთი სული მქონდა, მენახა როგორია უპრობლემო ბავშვის გაზრდა. ისედაც, მე ხომ სულ ცას ვერ გამოვეკერები და მარიამს კი, აუცილებლად სჭირდება ადამიანი, ვისაც დაეყრდნობა. მე რომ ძმა არ მყავდეს, ძალიან გამიჭირდებოდა ყველანაირად. ვთვლი, რომ ბავშვი მარტო არ უნდა იზრდებოდეს და აუცილებლად უნდა ჰყავდეს და ან ძმა.

ერთ დღესაც გავიღვიძე და მივხვდი, რომ ესეთი ყოფა მომბეზრდა. ავხვეტე ჩემი ნივთები, მოვკიდე ბავშვებს ხელი და წამოვედი. რომ აღარ დავბრუნდი, გაუკვირდა, ასე ერთ დღეში გადაგიყვარდიო? უცბად არაფერი ხდება. მე მაქვს მოთმინების ძალიან დიდი უნარი. უბრალოდ, რაღაც დაგროვდა, აივსო ის ფიალა, რომელიც უნდა ავსებულიყო. მერეც იყო მოვარდნები, მუქარები, მაგრამ უკვე ზუსტად ვიცოდი, მარტოს უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება და ჩემი შვილებისთვის მამაც უნდა ვყოფილიყავი და დედაც.

მე საკუთარ თავს ავუკრძალე ტირილი, იმიტომ რომ, უბედური, მოწუწუნე და პირდაუბანელი საკუთარ შვილებსაც არ უნდიხარ, არათუ სხვას. შენ უნდა იყო შენი შვილებისთვის მაგალითი. მე იმ 7 წლის მანძილზე ძალიან ბევრი დრო დავკარგე, როგორც პროფესიული თვალსაზრისით, ისე საკუთარ თავზე მუშაობის მხრივაც. ძალიან დიდი დრო დამჭირდა, რომ დეპრესიიდან გამოვსულიყავი და საკუთარი თავი შემეყვარებინა ისეთი, როგორიც ვარ. რომ მივმხვდარიყავი, რომ არ ვარ სხვებზე ცუდი, რომ ჩემი პლინტუსსქვემოთ დაცემული თვითშეფასება ამემაღლებინა და ადამიანის სახე დამებრუნებინა. ადამიანს ზოგჯერ გინდა, ვიღაცას უბრალოდ მიეყრდნო და თქვა რომ დაიღალე, მაგრამ შენი პრობლემებით არავინ უნდა დატვირთო. ხშირად უნდა იღიმოდე და არასდროს არ უნდა იწუწუნო.

ყველაზე მთავარია, რომ ჩემმა შვილებმა იგრძნონ, მე ვარ მათი საყრდენი და მეგობარი. მიხარია, რომ მათ სწორი ღირებულებები აქვთ. იციან რომ დაცინვა ცუდია, რომ ორიენტაციის გამო ადამიანი არ უნდა სცემონ, რომ დაჩაგრულს უნდა გამოესარჩლონ. რომ ყველანი ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. მე შეიძლება მათთვის ჩემთვის სასურველი მომავალი მინდოდეს, მაგრამ როდესაც გაიზრდებიან, თავად უნდა გადაწყვიტონ, ვინ ეყვარებათ, ვისთან ერთად იცხოვრებენ, რა პროფესიას აირჩევენ. მე მათ არჩევანს პატივი უნდა ვცე.”

მსგავსი ისტორიები