ნინო ბლუაშვილი, 21 წლის, გორი

„მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი სამხედროა, ამ თემაზე არასოდეს გვილაპარაკია და არასოდეს მქონია ამ საქმესთან შეხება. მწვანე ფორმასაც იშვიათად ვხედავდი სახლში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (შემდეგ ჟურნალისტიკა ავირჩიე), ჯერ კიდევ პირველ კურსზე ვიყავი, როცა ჩემმა მეგობარმა ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ჩააბარა. ძალიან მომწონდა ის ამბები, რასაც მიყვებოდა. შემდეგ ფეისბუქზე გვერდს წავაწყდი. იმდენად მომეწონა იქ განთავსებული ვიდეოები, სწავლების პირობებმა და მეთოდებმა იმდენად მიმიზიდა, მივხვდი, რომ იქვე დამთავრდა ჩემი ჟურნალისტობა. თუმცა, მანამდეც ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სამხედრო ჟურნალისტი ვიქნებოდი. „ცხელ წერტილებში“ მინდოდა მემუშავა. აქტიური ტიპი ვარ. მერე ვიფიქრე, ვითომ რატომ უნდა ვაკვირდებოდე შორიდან, მოდი, შიგნით სისტემაში ვიქნები-მეთქი.

დაახლოებით ნახევარი წელი ხმა არ ამომიღია. ვფიქრობდი, როგორ მეთქვა მშობლებისთვის. სრული დაფინანსებით ვსწავლობდი, მეორე კურსზე გადავდიოდი. არ იყო ადვილი სათქმელი, რომ იცით რა, მორჩა, თავს ვანებებ ამ ყველაფერს და ეროვნულ გამოცდებზე თავიდან გავდივარ. ჩემი ეს გადაწყვეტილება მართლა ძალიან რთულად მიიღეს. დედაჩემის მიდგომა იყო, გოგო ხარ და დატვირთვა არ შეიძლებაო, ოჯახი ხომ გინდაო და ა.შ. მამამ კი, მე არ მაქვს პრობლემა, იმიტომ კი არ გიკრძალავ, რომ გოგო ხარო, უბრალოდ კარგად დაფიქრდი, ერთი წელიც მოიცადე და მერე მიიღე გადაწყვეტილებაო, მეორე კურსიც დაამთავრე და შეხედე, ეს შენი აკვიატება ხომ არ არისო.

მეორე კურსზე რომ გადავედი, უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს მხოლოდ აკვიატება არ იყო. სამსახურის ძებნა დავიწყე. გამოცდებზე გასასვლელად ხელახლა უნდა მოვმზადებულიყავი. არ მინდოდა ოჯახისთვის სწავლის ფული გამომერთმია და ტვირთად დავწოლოდი. ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციაც ისე გავიარე, ჩემებმა არ იცოდნენ. მოკლედ, ასე დავიწყე ტელევიზიაში მუშაობა. სამი თვის ხელფასი მოვაგროვე. სხვა შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ ამ 3 თვის მერე წამოვედი სამსახურიდან და ეროვნული გამოცდები ჩავაბარე. ჩემმა მშობლებმაც დაინახეს, ჩემსას არ ვიშლიდი. მამამ მითხრა, ვერაფერს აგიკრძალავ, მერე მე რომ არ დამაბრალოო. თუმცა, უკვე მეორე კურსზე ვარ და დედაჩემი დღემდე ვერ ეგუება ჩემს გადაწყვეტილებას. საველე სწავლებაზე ან სროლებზე რომ გავდივართ და სახლში „დავიღალე“ სახით მოვდივარ, დედა „აი, ხომ გეუბნებოდი“ სახით მხვდება. არც ნათესავებს მოსწონთ დიდად, მაგრამ მამაჩემისგან რამდენჯერმე გავიგე, მისით ვამაყობო, ჩემზე ამბობდა. მამაჩემს, როგორც ყოფილ სამხედროს, ბევრი ნაცნობი ჰყავს ამ სფეროში და ხშირად მიწევს მათთან შეხება. მაგრამ, როცა მეკითხებიან შენ გოჩას შვილი ხარ? მინდა ვუთხრა – „არა!“ მე თვითონ მინდა ყველაფერს მივაღწიო. ყველაფერს ვართმევ თავს. არაფერზე მაქვს პრობლემა, არც სროლებზე და არც ნორმატივების ჩაბარებაზე.

აკადემიაში როცა ჩავაბარე, პირველი ეტაპი „კარანტინი“ იყო, ანუ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT კურსი). ამ დროს, ბიჭების მხრიდან გოგოების მიმართ დამოკიდებულება იყო ასეთი – „მოდი დავეხმაროთ“. აზიდვების კეთებისას გვეუბნებოდნენ, ცოტა მოიპარეთ, თუ ვერ აკეთებთო. ჩანთა, რომელსაც ვატარებდით, 15 კილოს იწონიდა და ხანდახან 25 კილოსაც. მარშის ან სირბილის დროს, როცა ეს ჩანთა გვეკეთა, ბიჭები გვეუბნებოდნენ, მოიხსენით ჩვენ წავიღებთო. მერე ჩვენგან პრეტენზიები გაჩნდა – „რატომ, ჩვენც ხომ სამხედროები ვართ, იუნკერები ვართ?!“ ანუ, პროტესტი გაგვიჩნდა. დროთა განმავლობაში, ბიჭებისგან უფრო ცუდი დამოკიდებულება წამოვიდა, ვიდრე კარგი. იგრძნობა, რომ დიდად არ სიამოვნებთ ამ სივრცეში გოგო რომ მათ გვერდით არის. მაგალითად, ერთი იძახის თავისუფლადაც ვერ ვიგინებიო. ყოველ შემთხვევაში, მაინც არის ეს ნეგატიური დამოკიდებულება იმიტომ, რომ ჯარია და თვლიან, ეს მხოლოდ ბიჭის საქმეა. ბიჭებს, განსაკუთრებით ცუდი დამოკიდებულება აქვთ იმ გოგოების მიმართ, ვინც შედარებით სუსტია ფიზიკურად, ნორმატივებზე ვერ იღებს კარგ შედეგებს და ა.შ. თუ დაინახავენ, რომ ფიზიკურად ძლიერი ხარ და ნორმატივებსაც კარგად აბარებ, ხმას ვერ გცემენ. თუმცა, საკმარისია, ერთმა გოგომ რამე ვერ გააკეთოს, ყველას ერთ ქვაბში გვხარშავენ – „აი, გოგოები არიან და ვერ აკეთებენ“.

დღეს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მე-2 კურსის იუნკერი ვარ. კურსზე 102 იუნკერიდან მხოლოდ გოგო 6 ვართ. მთლიანად აკადემიაში 16 იუნკერი გოგოა.
ჩვენი ლექტორები სამხედრო ინსტრუქტორები არიან, სერჟანტები, ოფიცრები, რომლებიც სქესის მიხედვით არ გვარჩევენ და რა თქმა უნდა, ცუდი დამოკიდებულება არ აქვთ. თუმცა, არის ერთი-ორი, რომლემაც შეიძლება ბიჭს წამოაძახოს – „გოგომ გაჯობა“. ძალიან არ მსიამოვნებს ამის მოსმენა. მაგრამ, მთლიანობაში, გოგოების მიმართ კარგი მიდგომა აქვთ. არ არის გარჩევის, ან თუნდაც, დაზოგვის მომენტი. დროთა განმავლობაში, კურსიდან კურსზე, მათი ნაწილი ხდები, ბიჭებსაც ეცვლებათ დამოკიდებულება. თანდათან მათთვისაც უკვე იუნკერი ხარ და არა გოგო. მოკლედ, პირველ კურსთან შედარებით, მეორე კურსი ბევრად უკეთესია.

სამხედროდ ყოფნა სხვა პასუხისმგებლობაა. სრულიად სხვა ცხოვრებით ვცხოვრობ. მაგალითად, თუ ერთი წლის წინ, ქუჩაში გავლისას, ჩვეულებრივი სუდენტი ვიყავი, შემეძლო ყველაფერი მეკეთებინა, რაც მინდოდა, დღეს სხვა პასუხისმგებლობა მაკისრია და სხვანაირად ამაყი ვარ.
ჩემი გადაწყვეტილება ერთი წამითაც არ მინანია. არასოდეს. არც კარანტინში, არც მას შემდეგ ორი წლის განმავლობაში. საწყისი საბრძოლო მომზადება 5 კვირა გრძელდება და ამ პერიოდში ძალიან რთულ ფსიქოლოგიურ მომზადებას გადიხარ. შეიძლება ღამე რამდენიმეჯერ გაგაღვიძონ, ყოველ ჯერზე ფორმა უნდა ჩაიცვა და მზადყოფნაში იყო.

ტელეფონზე წვდომა მხოლოდ კვირა დღეს გაქვს, ისიც 5 წუთით. რუპორით გადგანან თავზე და გითვლიან, რამდენი წუთი დაგრჩა. ეს 5 წუთიც შეიძლება 2 წუთი გახდეს უცბად. არასოდეს იცი წინასწარ. თუ ამ მომზადებას არ გაივლი, იუნკერი ვერ გახდები. BCT-ის შემდეგ 22-მა ბიჭმა დატოვა აკადემია და არცერთმა გოგომ! რთულია, როცა ღამით 12-ზე, შემდეგ 1-ზე და ა.შ. გაღვიძებენ, დილის 5-მდე. 6-ზე ისედაც დგები და ვარჯიშობ. მაგრამ ეჩვევი და ძალიან მოწესრიგებული გამოდიხარ იქიდან. იმდენად შევეჩვიე ამ ცხოვრებას, შაბათ-კვირას სახლში რომ მივდიოდი, ვამბობდი აკადემიაში მინდა-მეთქი.

სულ ვამბობ, რომ მეტი ქალი უნდა იყოს ჯარში. ქართულ შეირაღებულ ძალებს სჭირდება ქალები. მაგრამ არა საბუთის ოფიცერი ქალები, არამედ ქვეითი ოცეულის მეთაური, რაც ჩვენთან დიდი იშვიათობაა. ჩემი აზრით, საქმის კეთების მხრივ, ქალს სულ სხვა მიდგომები და შეხედულებები აქვს. ის ქალი იუნკერები, რომლებიც ჩვენთან სწავლობენ, მე-3 ან მე-4 კურსზე არიან და მეთაურები არიან, ბევრად მომთხოვნები არიან, ბევრად კარგად ითხოვენ საქმის გაკეთებას.

მე მინდა ქვეითში წავიდე, ძალიან მინდა ოცეულის მეთაური ვიყო. მაგრამ ცოტა რთულია ამის მიღწევა. წესრიგი და დისციპლინა მინდა დავამყარო და მაღალ დონეზე ავიყვანო ეს სფერო. აკადემიის მიზანიც ისაა, რომ განათლებული ოფიცრები გვყავდეს. ამ მიზნის მისაღწევად მე ძალიან ბევრს ვშრომობ, თუნდაც სწავლის მხრივ და თუნდაც ფიზიკური მომზადების მხრივ. საველე სწავლების დროს, მაქსიმალურად ვცდილობ ყველაფრის ათვისებას. სამხედრო შენ შეიძლება თეორიული ცოდნით გააოცო, მაგრამ პრაქტიკაში, ველზე, თუ სუსტი ხარ, პატივისცემას ვერ დაიმსახურებ. ამიტომ, ძალიან ბევრი საველე პრაქტიკა ჩაგვისვეს სწავლების პროცესში, რომ უფრო და უფრო მეტი გამოცდილება გვქონდეს.

სამხედრო ძალებში ცოტა გოგო იმიტომაა, რომ პირველ რიგში, გამბედაობა არ ჰყოფნით. ბევრისგან გამიგია, რომ აქვთ სურვილი, მაგრამ ვერ ბედავენ. მე, როგორც კი ეს სურვილი გამიჩნდა, იმ დღიდან დავიწყე შრომა. არის ასეთი დამოკიდებულებაც, რომ თუ ქალი სამხედროა, ის ოჯახს ვერ შექმნის. რომ ბიჭებს არ მოსწონთ გოგო სამხედროები, რადგან ზოგადად, ბიჭებს ძლიერი ქალების ეშინიათ. ამასთან, არ მოსწონთ, რომ გოგო სულ აკადემიაშია, საველე პრაქტიკაზეა და ა.შ. საქართველოში ის დამოკიდებულებაა, რომ ქალმა ბავშვი უნდა ზარდოს და კაცი ოჯახში ფულის შემომტანი უნდა იყოს. დედა ბავშვთან რომ არ არის, რამდენი რამე აკლდებაო. მამაჩემი სამხედრო იყო მთელი ცხოვრება და ძალიან დაკავებული იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მისი ყურადღება მაკლდა. დედაჩემი სამხედრო რომ ყოფილიყო, ძალიან მესიამოვნებოდა. მაგრად მიყვარს სამხედრო ოჯახები. მინდა ჩემმა მშობლებმა ჩემით იამაყონ და მარტო ის არ აფიქრებდეთ, რომ უნდა გავთხოვდე და ოჯახი მყავდეს.

სხვა გოგოებსაც ქალი სამხედროების მიმართ თავისი დამოკიდებულება აქვთ. პირველი რეაქცია, როცა იგებენ, რომ იუნკერი ვარ, არის – „ვა, სამხედრო ხარ?“ და მერე აყოლებენ – „არ გიჭირს?“ თვითონ ხვდება, რომ გაუჭირდებოდა და ამიტომ. ზოგადად, ჩემ ირგვლივ, მოსწონთ რომ სამხედრო ვარ, თანაც იუნკერობა იმხელა სახელია, ბევრი ადამიანისგან დადებითი რეაქცია მოდის. ნაცნობი ან უცნობი გოგოსგან ჩემი პროფესიის გამო ცუდი დამოკიდებულება არ მიმიღია. აი, კაცისგან ან ბიჭისგან მქონია უარყოფითი რეაქცია, აგდებით უთქვამთ „წადი, ხაჭაპური დააცხვე“. არ ვიცი ხაჭაპურის ცხობა, ცხოვრებაში არ გამომიცხვია. არადა, რეალურად, კაცებსაც ძალიან მოსწონთ ქალები სამხედრო საქმეში, მაგრამ, მგონი, უბრალოდ აღიარება უჭირთ.

საკმაოდ ცვალებადი ხასიათი მაქვს, მაგრამ მიუხეედავად ამისა, როდესაც პროფესიაზე ვფიქრობ, ზუსტად ვიცი, რომ სულ სამხედრო უნდა ვიყო. ძალიან მინდა მინიმუმ 30 წლიანი სამხედრო სტაჟი მქონდეს. 4 წელიწადში, ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, ლეიტენანტი ვიქნები. შემდეგ მაგისტრატურაზე უნდა ვისწავლო, სხვაგვარად წლების შემდეგ წოდებას ვერ მივიღებ. სამხედრო სტრუქტურა ასეა მოწყობილი. ზოგადად კი, არ არსებობს ჯარისკაცი, რომელიც გენერლობაზე არ ოცნებობს. მთელს ჩემს ცხოვრებას ამ სფეროში ვხედავ.“

ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: ნინო ბაიდაური

მსგავსი ისტორიები