ნინო გველესიანი, 25 წლის, პიზა, იტალია
„რა ვიცი როგორ ვართ, ვუძლებთ… ქუჩაში რომ გაიარო, მხოლოდ სადეზინფექციო მანქანებს, პოლიციას და თითო-ოროლა ადამიანს დაინახავ, რომლებიც სამსახურში ან საყიდლებზე მიდიან. ზოგჯერ თავი, მართლა, საშინელებათა ფილმში მგონია.
პიზაში და ტოსკანაში ისეთივე პიკი არ არის, როგორიც იტალიის სხვა ქალაქებსა და რეგიონებში, მაგრამ მაინც სულ შიშის ქვეშ ვართ. აქ იმასაც ამბობენ, რომ დაავადებულების რიცხვი უფრო მაღალია და ზუსტ სტატისტიკას სახელმწიფო მალავს. მას შემდეგ, რაც კარანტინი გამოცხადდა აქ ისეა, რომ ერთი კომუნადან მეორეში გადასვლის უფლებაც აღარ გვაქვს, სპეციალური ცნობის გარეშე. პოლიცია მუდმივად გვამოწმებს. უკვე მთელი თვეა მეგობრების სახლში გადმოვედი, რადგან მე ჩემი გრაფიკის გამო (ავტ. ნინო ერთ-ერთ სუპერ მარკეტების ქსელში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს), რისკის ქვეშ ვარ და არ მინდა ჩემს შვილთან ყოველდღიური შეხება მქონდეს.
ჩემი აზრით, საქართველო უფრო მობილიზებულია ახლა, ვიდრე იტალია. აი, მაგალითად, აქ რომ გადმოვედი, ერთი კვირის განმავლობაში, თითქმის, ყველას დაბალი სიცხეები გვქონდა და ზოგს ხველაც. სასწრაფოში ვერ დარეკავ აქ, პოლიცია გაკავშირებს სპეციალური ხაზით ექიმთან. მე დაბალი სიცხე და ხველა მქონდა სამი დღის განმავლობაში, ოპერატორმა ტელეფონით დამინიშნა ანტიბიოტიკი და გვითხრა, რომ თუ სუნთქვის გაუარესება არ გვაქვს და ძალიან არ გვიჭირს, ვერავინ მოვიდოდა და ვერც საავადმყოფოში წაგვიყვანდნენ. ამიტომ, უნდა დავრჩენილიყავით სახლში და მათი დანიშნული წამლები მიგვეღო. აქ ტესტსაც არავინ გიკეთებს, თუ ძალიან მძიმე მდგომარეობა არ არის და ამიტომ, არც ვიცით ვირუსი გვქონდა თუ არა. სამი დღის წინ ჩემი მეგობრის ქმარს აღმოაჩნდა კორონა ვირუსი. მას, დაახლოვებით, იგივე სიმპტომები ჰქონდა, რაც ჩვენ და ექიმებმა მასაც ტელეფონით უთხრეს, რომ 80% კორონა ვირუსი აქვს, მაგრამ შედარებით მსუბუქი ფორმებით. ამ ბიჭსაც სახლში დარჩენა ურჩიეს, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში 8 თვის ბავშვი ჰყავთ. საავადმყოფოში შენი ინიციატივითაც ვეღარ მიხვალ, რადგან არავინ შეგიშვებს და თან პოლიციას იძახებენ.
ჩემს სამუშაო პირობებს რაც შეეხება, ერთ-ერთი მარკეტების ქსელის ფილიალის მენეჯერი ვარ. დღეში შვიდ საათს ვმუშაობ, დღის პირველ ან მეორე ნახევარში და კვირაში ერთი დღე ვისვენებ. ახლა, რა თქმა უნდა, ჩვენც საგანგებო მდგომარეობის გამო, განსხვავებული პირობებით გვიწევს მუშაობა და მეც ბევრი რამის შეთავსება მიწევს. მაგალითად, ზოგჯერ მოლარესთან ვდგავარ და ვეხმარები, რომ ორივე სალარო გავხსნათ და რიგი არ დადგეს მარკეტში. გარდა ამისა, სპეციალური სადენზიფექციო ხსნარებით, პირბადეებით და ხელთათმანებით გვამარაგებს დამსაქმებელი. საღამოს ცვლაში თუ ვმუშაობ და მე მიწევს მაღაზიის დახურვა, ჩვენი უფროსი გვაკითხავს საკუთარი მანქანით ყოველჯერზე და ყველა თანამშრომლი (4-5 ადამიანი) სახლებში მივყავართ. ზოგჯერ დილითაც მირეკავს და მთავაზობს წაყვანას, მიუხედავად იმისა, რომ დღისით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს. ამ მხრივ, მართლა ყველა პირობას გვიქმნიან აქ. გარდა ამისა, მე რადგან მეტი პასუხისმგებლობა მაქვს, როგორც მენეჯერს და თან ამ ვითარებაში, გაორმაგებულად გვიწევს შეკვეთების გაკეთებაც და სხვა სამუშაოც, შეიძლება ერთი საათით ან საათნახევრით მეტი დროით დარჩენა მომიწიოს, საქმეების დასამთავრებლად. ოღონდ, ამას აქ არავინ გაიძულებს და არც მოითხოვს შენგან. მაგრამ წინა თვეს რადგან დავრჩით რამდენჯერმე და მეტი ვიმუშავეთ, ზეგანაკვეთური შრომისთვის პრემიები დაგვერიცხა. აქ კანონმდებლობით აქვს პრიორიტეტი დასაქმებულს. ამიტომ, დამსაქმებელი არადამიანივით ვერ მოგექცევა და ვერც მარკეტში გამოგკეტავს მთელი ღამით. მე მაქვს განცდა, რომ ჩემს უფლებებს ასე მარტივად ვერ შელახავენ იმიტომ, რომ კანონი მიცავს. შესაბამისად, დამსაქმებლისგანაც ვგრძნობ პატივისცემას და ჩემი შრომის დაფასებას, რაც მოტივაციასაც მიმაღლებს.
საქართველოს მარკეტებში კი სამუშაო პირობებზე რაც მესმის ხოლმე, გაოგნებული ვრჩები – როგორ ექცევიან დამსაქმებლები ადამიანებს?! აქ რიგით მოლარე-ოპერატორი, სულ მცირე, 850 ევროს ანაზღაურებით იწყებს მუშაობას და გამოცდილების შესაბამისად, ხელფასი ემატება. მაგრამ, 300-400 ლარი რომ გაქვს ხელფასი, ვირივით გამუშავებენ მთელი დღე და თან გაიძულებენ ღამეც იქ დარჩე, ეს ადამიანური მოპყრობაა?! ამაზე რატომ არაფერს აკეთებს სახელმწიფო? არ არსებობს ქვეყანაში ორგანო, რომელიც ამ ყველაფერს აკონტროლებს? ხელფასები რომ ასეთი დაბალია და ფასები ევროპულზე უფრო მაღალი, ეს როგორ ხდება? ამ ზაფხულს საქართველოში ვიყავი, ხორცის ყიდვა მინდოდა და ორი წლის წინანდელი ფასი მახსოვდა, როცა კილოგრამი ხორცი 12 ლარი ღირდა. აღმოჩნდა, რომ ორ წელიწადში 18 ლარამდე გაიზარდა. ამხელა მატება რანაირად მოხდა? ზოგჯერ მართლა მიკვირს, როგორ არსებობენ ადამიანები საქართველოში.
გარდა ამისა, სახელმწიფო გვეხმარება სხვადასხვა ფორმით. მაგალითად, ადგილობრივმა მთავრობამ უკვე გამოაცხადა გადაწყვეტილება და საგანგებო მდგომარეობის დროს მომუშავე ყველა ადამიანს, ყოველთვიურ ხელფასზე დამატებით 600 ევროს დაგვირიცხავს, კომპენსაციის სახით. ლეგალურად მცხოვრებ მიგრანტებს კი მთავრობა უმუშევრობის კომპენსაციასაც უხდის, კვების ვაუჩერებს ურიგებს და ა.შ. 3 მარტის მერე კი სკოლები რადგან დაიკეტა, ბავშვები სახლში არიან და ზოგს მუშაობა გარეთ გვიწევს, სახლში დარჩენილი ჩვენი შვილების მომვლელის ხარჯებს გამგეობა ანაზღაურებს. დამხმარის დაქირავება მე არ მომიწია, რადგან გამიმართლა და დედა მყავს აქ, რომელიც უვლის ანდრიას, მაგრამ ვისაც სჭირდება, სახელმწიფო ზრუნავს მათ დახმარებაზე.
მაგრამ, საბუთების არმქონე ქართველებს ვერც იტალიის მთავრობა ეხმარება ფინანსურად. აქ ბევრი ქართველი ცხოვრობს არალეგალურად, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს და სრულიად უფულოდ დარჩნენ. ამ ხალხს დანაზოგიც კი არ აქვთ. მოგეხსენებათ, ძირითადად, მიგრანტების ცხოვრება როგორც არის – რასაც გამოიმუშავებენ, მთლიან ფულს საქართველოში აგზავნიან და აი, დადგა ის შავი დღე, როცა თვითონაც სჭირდებათ, მაგრამ პურის ფულიც კი აღარ აქვთ და ძალიან მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. წარმოიდგინეთ, ერთი სახლში შეიძლება 11-12 სხვადასხვა ადამიანი ცხოვრობდეს ერთად. ამ ვითარების გამო, საქართველოში დაბრუნება ბევრს უნდა, მაგრამ მე როდესაც დავრეკე საელჩოში და ვიკითხე მითხრეს, რომ რიგში სამიათასზე მეტი ადამიანია. რიგს უნდა დაელოდონ, ვისაც წასვლა უნდა, რაც გაურკვეველი დროით ლოდინს ნიშნავს.
აქაურ მიგრანტებს როცა ვუყურებ და ვუსმენ, ზოგჯერ ვამბობ ხოლმე, რომ მათ ფონზე თავი „პრინცესა“ მგონია მეთქი. იმდენი პრობლემა აქვთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მე, ალბათ, არ მაქვს საწუწუნო და გამიმართლა იმით, რომ დედაჩემია ჩემთან, რომელიც სულ გვერდში მიდგას და შემიძლია ჩემი შვილი უსაფრთხოდ დავტოვო მასთან. გარდა ამისა, ისეთ სამსახურში აღმოვჩნდი, რომელიც არ დაიხურა და არც უმუშევარი აღმოვჩნდი. თან სახელმწიფოც გეხმარება, მითუმეტეს, როცა მცირეწლოვანი შვილი გყავს და მარტო უზრუნველყოფ მის საჭიროებებს.
ჩემთვის სამსახური და სახლიდან გასვლა, ამ ვითარებაში, სტერსი კი არა შვება უფროა. მგონია, რომ სულ სახლში მეტად გამიჭირდებოდა. ერთი დღე მაქვს დასვენება და ზოგჯერ მაშინაც სამსახურში გავრბივარ. ვცდილობ, რომ ზედმეტ პანიკაში კი არ ვიყო იმის გამო, რომ ბევრ ადამიანთან ვურთიერთობ და დიდი რისკის ქვეშ ვარ, არამედ იმით დავიმშვიდო თავი, ყველა რეკომენდაციას თუ ზედმიწევნით სწორად შევასრულებ, არაფერი დამემართება. ყველაზე რთული, ალბათ, მაინც ის არის ჩემთვის, რომ შვილს ვერ ვნახულობ ყოველდღიურად. არ ვიცი როგორ, მაგრამ ბავშვმაც გაითავისა ეს მდგომარეობა. მგონი უკვე გაიზარდა და იცის, რომ აუცილებელია ვიმუშაო, თორემ ბევრი რამე მოაკლდება. ტელეფონზე როცა ვურეკავ, მეკითხება ხოლმე – „შენ ხომ არ გაქვს ვირუსი და ხომ შეგიძლია, რომ მოხვიდე სახლში?“ ნუ, მერე მე ვუხსნი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები და შეიძლება მაინც მქონდეს ვირუსი. ახსნის შემდეგ არც ჭირვეულობს და არც ტირის. ალბათ, ისიც არის, რომ დედაჩემთან კარგად და უსაფრთხოდ გრძნობს თავს. ბავშვი, თითქმის, სამი კვირა რომ არ მყავდა ნანახი, ბოლოს მართლა ვეღარ გავძელი. წინა დღეს საგანგებოდ ჩავიტარე დეზინფექციის კიდევ უფრო გრძელი პროცედურები და კვირას წავედი მის სანახავად. პირბადე და ხელთათმანები მეკეთა რომ მივედი და თავადაც გაიკეთა. მერე მითხრა, რომ ცოტა შორს დავჯდები და ასე ვისაუბროთო. ძალიან სასაცილო იყო, ასეთი დისტანციური შეხვედრა.
დამოკიდებულებები შეცვლილია. მაგალითად, აქამდე ვიცოდი, რომ აქ მეზობლობა, მისვლა-მოსვლა და ყავაზე სახლში მიპატიჟებები არ არსებობს. აღმოჩნდა, რომ ძალიან მშვენივრადაც გამოსდით ეს ამბავი. ერთადერთ ადგილი, სადაც ახლა ხალხთან ვურთიერთობთ, არის კორპუსის აივნები და სამეზობლო. საღამოობით ყველა ჩვენ-ჩვენს აივნებზე ვიკრიბებით და კარანტინის დროს გავიცანით, მაგალითად, ჩვენს ზემოთ მცხოვრები ორი სტუდენტი გოგო, გვერდზე სტუდენტი ბიჭები და სხვა მეზობლებიც. კომუნიკაცია სხვადასხვანაირი გვაქვს, ზოგჯერ საღამოობით მუსიკას ვუსმენთ, ან ლუდს ვსვამთ და სხვადასხვა თემებს განვილხილავთ, რა თქმა უნდა, მთავარი თემა აქაც ვირუსია.
თავიდან მართლა ტრაგიკული იყო იტალიელებისთვის ცხოვრების სტილის შეცვლა, მაგრამ თანდათან გაითავისეს. ახლა მარკეტები გახდა ბევრი მათგანისთვის სასეირნო და გამოსასვლელი ადგილი. მთელი დღის განმავლობაში ხომ ვაკვირდებით, ზოგი ადამიანი 3-4-ჯერ ასწრებს მოსვლას და შენიშვნის მიცემაც მიწევს. უსაფრთხოების პროცედურის დაცვაც თავიდან ყველას უჭირდა და ვერც გაითავისეს კარგად რა ხდებოდა, მაგრამ ახლა ყველა ძალიან სერიოზულად ეკიდება. ყოველდღიურად ვაკვირდები მარკეტში მომსვლელი ადამიანების ქცევასაც და ვხედავ, რომ თანდათან უფრო ორგანიზებულდ იცავენ დისტანციას.“
ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტო: ნინო გველესიანი/გედა დარჩია