ნინო თვალთვაძე, 34 წლის, ქუთაისის მერის მოადგილე

ყოველთვის მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი: არასდროს გავხდებოდი პროკურორი და არასდროს წავიდოდი პოლიტიკაში. 

ბაბუას გავლენით, იურიდულზე ჩავაბარე და მასაც მოლოდინი ჰქონდა, რომ პოლიციელის ან პროკურორის კარიერას გავაგრძელედი. პროკურორი იმიტომ არ ვიქნებოდი, რომ არასდროს ვიყავი და ვარ ბრალმდებელი.  მგონია, რომ ტვინის მოწყობის ამბავია, როცა ვიღაცის ამბავს ისმენ, ან იწყებ მოქმედი პირის დაცვას ან დადანაშაულებას. ასეთ სიტუაციებში მუდმივად მქონდა მოქმედი პირის დაცვისა და გამართლების სურვილი. საბოლოოდ, ჩემს არჩეულ პროფესიას გამართლება ვუპოვნე და ადამიანის უფლების დაცვის სფეროში აღმოვჩნდი. ასე გავხდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე და ჩემი პიროვნული სურვილები – ადამიანებს დავხმარებოდი – რეალობად ვაქციე.  შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი თავი ვიპოვე. ამ პერიოდში ჩემი პირველი შვილი 6 თვის იყო და როგორც უმეტესობა ჩვილებს, მასაც არეული ჰქონდა დღე და ღამე. მეც მიწევდა პროფესიისა და დედობის შეთავსება და ეს ურთულესი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ყველაზე რთული მაინც ფსიქოლოგიური წნეხი იყო, დანაშაულის გრძნობა, რომ თითქოს ვერ ხარ კარგი დედა, თითქოს ბევრ რამეს აკლებ შენს შვილს. განსაკუთრებით ეს რთულია პირველ შვილზე, რადგან ჩემი მომდევნო 2 შვილი შედარებით ნაკლები სტრესით გავზარდე, უფრო მომზადებული ვიყავი.  ეს რთული პროცესი იმ ფაქტორმაც გადამატანინა, რომ ჩემი ოჯახის ქალები სულ მუშაობდნენ და აქტიურები იყვნენ. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი როლური მოდელები მყავდა.

საიადან წამოსვლის შემდეგ,  6 კვირიანი პროგრამით საჯარო მოხელეების გადამზადების კურსზე ამერიკაში ვიყავი. იქ შევიტყვე, რომ მესამე ბავშვზე ვიყავი ორსულად. ეს იყო დაუგეგმავი ორსულობა და იმდენად შოკირებული ვიყავი, მახსოვს ტესტი რომ გავიკეთე და სარკეში ჩავიხედე, 2 ცალი თმა გაჭაღარავებული მქონდა. 

ამერიკიდან დაბრუნების მერე სამოქალაქო სექტორში ვმუშაობდი, მაგრამ 3 შვილთან ერთად ძალიან მიჭირდა გრაფიკის შეთავსება. რადგან ბრიუსელში გადასვლას არ დავთანხმდი, ბავშვებისთვის ნაკლები სტრესის მიყენების მიზნით, ქუთაისიდან ვმუშაობდი, თუმცა კონტრაქტით თვეში საშუალოდ 10 დღე მინიმუმ მიწევდა მგზავრობა, გამომდინარე იქიდან, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას ვკურირებდი და რამდენიმე პროექტის მენეჯერი გახდლით.  

როგორც ვთქვი, პოლიტიკას სულ გავურბოდი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში თავმჯდომარის ვადის ამოწურვის შემდეგ, ბევრი პოლიტიკური პარტიისგან მქონდა შემოთავაზება, თუმცა არც ერთს არ დავთანხმდი. რამდენიმე წლის მერეც მქონდა ბევრი შემოთავაზება და არ ვაკეთებდი. ხშირად მსაყვედურობდნენ, ალბათ პასუხისმგებლობის აღება არ გინდაო, რაც რა თქმა უნდა, არ იყო სწორი, რადგან რაც აქამდე მიკეთებია, ყველაფერი უკიდურეს პასუხისმგებლობასთან იყო დაკავშირებული.

სამოქალაქო სექტორში მუშაობამ გარკვეული დროის მერე კმაყოფილება ვეღარ მომიტანა. მუდმივად ვეძებდი ისეთ საქმეს, რომელსაც არა მარტო ერთეულების ცხოვრების შეცვლა, არამედ მეტი ადამიანისთვის ცვლილების მოტანა შეეძლო. ასეთი შედეგის დადგომა კი მხოლოდ პოლიტიკის დონეზე ცვლილებების გატარებას შეეძლო.  

ამ პერიოდში შემოთავაზება მივიღე ქუთაისის მერისგან მერიაში ჩამებარებინა ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება. საბოლოოდ, მერის მოადგილის პოზიციაზე შევთანხმდით და სხვა საკითხებთან ერთად, სოციალური და ჯანდაცვის საკითხებიც ჩავიბარე. 

მახსოვს, ნოემბერი იყო მუშაობა რომ დავიწყე და პირველი საქმე იყო აუტისტური სპექტრის მქონე მშობლების მოთხოვნის დაკმაყოფილება. მშობლები ითხოვდნენ ქუთაისში მცხოვრები ყველა ბავშვის თერაპიული მომსახურების დაფინანსებას და ქუთაისის მერია და აწი უკვე მეც, ნეგატიური კამპანიის სამიზნე გავხდით. შეუძლებელია არ შესულიყავი იმ მშობლების მდგომარეობაში, რომლებიც სახელმწიფოსგან მინიმალურს ითხოვდნენ, მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ ბიუჯეტში არანაირი რესურსი არ არსებობდა ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. საჭირო იყო ალტერნატიული მოქმედება და თან რაც შეიძლება სწრაფად. ბევრ დონორ ორგანიზაციასა და კერძო კომპანიას შევხვდი თანადაფინანსების თანამშრომლობის მიზნით, და ბოლოს შევძელით ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება. 25 დეკემბერს, ანუ 1 თვის ვადაში პირობა შესრულებული იყო.  

არაა იოლი პოლიტიკაში მოღვაწეობა. პირველ რიგში უნდა გქონდეს გააზრებული, რომ გარკვეული სისტემის ნაწილი ხარ და ამ სისტემის ქმედებაზეც პასუხისმგებელი და ამ სისტემის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის ნაწილიც. შეიძლება ეს პიროვნულად არ გეხებოდეს, მაგრამ გადასააზრებლად ძლიან რთულია. რთულია, როცა გინდა დაეხმარო სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს, მაგრამ ამის რესურსი სისტემას არ გააჩნია. ამიტომ პასუხი – არ გამოდის – ყველაზე ნაკლებად მისაღებია ამ სისტემაში. თუ სტანდარტული მოცემულებაა რესურსის არარსებობა, მაშინ არასტანდარტული გამოსავალი უნდა ეძებო. პოლიტიკას სხვანაირი მონდომება ჭირდება. ეს არის ერთადერთი სფერო საქართველოში, სადაც თუ ადამიანი ხარ, კომფორტულად თავს ვერ იგძნობ. 

პოლიტიკოსის პასუხისმგებლობაც რთული სატარებელია და ხელფასიც რთული სახარჯია. დავაკვირდი, რომ სხვა სამხსახურში მიღებულ ხელფასს უფრო ლაღად ვხარჯავდი. არ ვიცი, შეიძლება მე ვართულებ, მაგრამ ვერასდროს ვერ გავუგებ ადამიანებს, ვინც პოლიტიკისგან სიამოვნებას იღებენ. განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ადგილობრივ თვითმმართველობაში საქმიანობა, როცა შენ თვითონვე გიწევს შენივე გადაწყვეტილებებით და პოლიტიკით ცხოვრება. აქვე სწავლობენ შენი შვილები, აქ დადიხარ ბაზარში, ყოველდღე შეხვდები ადამიანებს, რომლებსაც ვერ დაეხმარე და შენი უმოქმედობა მათი ცხოვრების ხარისხზე აისახება. ამას ხედავ ყოველდღე!

ჩემი ქალობა პოლიტიკაში მხოლოდ იმაში მეხმარება, რომ ქალები უფრო ღიად მესაუბრებიან ქალურ გამოცდილებასა და გამოწვევებზე. მათი ინსპირაციით დავიწყეთ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა, რომელიც მრავალშვილიან ქალებს დაეხმარება ბიზნეს-უნარების განვითარებაში და საკუთარი საქმიანობის წამოწყებაში. ეს მათ ცხოვრებაზე დადებითად აისახება. დავაკვირდი, რომ სოციალურ შემწეობას ქალები შვილებს ახმარენ და საკუთარ თავს არაფერს ახარჯავენ. ეკონომიკური გაძლიერებით მინდა ქალებმა ეკონომიკური დამოუკიდებლობაც შეიძინონ და მათი კეთილდღეობის ხარისხი გაუმჯობესდეს. 

ძალიან რთულია საქართველოში პოლიტიკოსობა. ერთადერთი გამართლება ამ საქმიანობის  ის ცვლილებებია, რასაც მოვიტან. პოლიტიკოსობა ადმიანისთვის მიზანი კი არა, საშუალება უნდა იყოს სოციალური ცვლილებებისთვის.

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: ნინო ბაიდაური

მსგავსი ისტორიები