ნინო მაისურაძე, თელავი
“მის დაბადებამდე ვეწეოდი ჩვეულებრივ საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებას – ვმუშაობდი თელავის საბავშვო ბიბლიოთეკაში, მქონდა უბანში მაღაზია, ტელეფონზე სალაპარაკო პუნქტები და ასე ვთქვათ, ჩვენ არ გვიჭირდა იმ პერიოდში, როცა ხალხს ძალიან უჭირდა თავის რჩენა. ყველაფერს დავანებე თავი იმის გამო, რომ ჩემს შვილს აქვს ჯანმრთელობის მხრივ დიდი პრობლემა. პირველად საავადმყოფოდან 6 თვის რომ იყო უკვე, მაშინ გამოვედით, რადგან ზურგის ტვინის თიაქარით დაიბადა… ეს არის საშინელება. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო ძალიან ბევრი მეგობარი და ადამიანი იყო ჩემთან, მაინც განმარტოვებულად ვგრძნობდი თავს. ესე მეგონა, რომ ვიყავი უდაბნოში. კი, ასეა, რამდენი ადამიანიც არ უნდა გედგას გვერდზე, როცა პირველად ამ ფაქტის წინაშე დგები, ეს არის საშინლად დიდი შოკი. ვერ გამოდიხარ მდგომარეობიდან და ვერ ხედავ – რა გააკეთო, საიდან დაიწყო, როგორ ააწყო… ყველაფერი გენგრევა თავზე, აბსოლუტურად ყველაფერი – კარგავ სამსახურს, კარგავ ოჯახს, მეგობრების-ნაცნობების ნაწილსაც, რადგან ზოგიერთს ეს ყველაფერი გადამდები ჰგონია და გერიდება.
ექიმები მეუბნებოდნენ, რომ ასეთი ბავშვის გაზრდა ძალიან ძნელია და რად გინდა, დატოვეო. კი, იყო ეს საუბრები ექიმების მხრიდანაც და მამის ოჯახის მხრიდანაც, მაგრამ მე ვარჩიე ეს გზა და ვზრდი მარტო, გაჭირვებით. იმისათვის, რომ ბავშვისთვის პენსია დაენიშნათ, ბრძოლა და ადვოკატის აყვანაც კი დამჭირდა. ძალიან ძნელი იყო ის, რომ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ერთი ექიმი ერთს მეუბნებოდა, მეორე სხვას და როცა არ ხარ გარკვეული ამ დაავადებაში, აღარ იცი რა გააკეთო. მაგალითად, თასმებში ჩასვეს ბავშვი და მერე გავიგე, რომ ეს არ შეიძლებოდა და ამის გამო მეორე ფეხიც დაზიანდა. ვერ ვიგებდი, ვისი რჩევა იყო სწორი. ტრანსპორტში და ყველგან ყური მქონდა დაცქვეტილი, რომ მომეგროვებინა ინფორმაცია. ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიძიებდი „მარშუტკაში“. ვუბოდიშებდი ხოლმე და ვეუბნებოდი, რომ ჩემს შვილსაც დიდი პრობლემები აქვს და არ ვიცი რა გავაკეთო, ან ვისთან მივიდე-მეთქი. არავინ მყავდა საახლობლოში ამ გამოცდილებით, რომ ვინმესთვის მეკითხა და სწორ გზაზე დავეყენებინე. მერე ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში მოვხვდი და აღმოვაჩინე, რომ მშობლები ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ. თურმე თბილისში არსებობდა რაღაცა მშობლეთა კავშირი. თავიდან რატომღაც ასე მეგონა, რომ მსგავსი ორგანიზაციები ისეთ ადამიანს უნდა ჩამოეყალიბებინა, ვისაც სამედიცინო ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ მერე თელავშიც დავაფუძნეთ ეს კავშირი. რას ვაკეთებთ მშობელთა კავშირში? დავდივართ ტრეინინგებზე და საკმაოდ კარგი არაფორმალური განათლება მივიღეთ ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯისგან“ – როგორ ვიმუშაოთ ჩვენ-ჩვენ შვილებთან. მერე ერთმანეთი გავიცანით იქ მშობლებმა, ძალიან დავმეგობრდით და სულ ვუზიარებდით გამოცდილებას. ჩვენ ჩვენი შვილების პრობლემებმა გაგვაერთიანა და უახლოესი მეგობრები გავხდით, რადგან ძალიან გვესმის ერთმანეთის და ყველაზე მეტად ვუდგავართ მხარში ერთმანეთს. “მშობელთა კავშირის” სახელით, ასევე, აქტიურად ვარ ჩართული ადგილობრივი ბიუჯეტის განხილვებში, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გააკეთოს ამ ბავშვებისთვის რაღაც. გარდა ამისა, ვატარებთ ტრეინინგებს საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის, მშობლებისთვის, სპეც-პედაგოგებისთვის და სხვა. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანიზაცეიბთანაც.
არაადაპტირებული გარემო, ხელისუფლების დამოკიდებულება, საბავშვო ბაღში პედაგოგის დამოკიდებულება ნელა-ნელა ცოტა იცვლება, მაგრამ ისევ ბევრი პრობლემაა. მაგალითად, საზოგადოებაში არსებობს შეხედულებები, რომ ქალის ბრალია, როდესაც ბავშვი იბადება ასეთი. ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ „შენ ალბათ ფეხმძიმობის დროს არ გაუფრთხილდი“… და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს დაუნის სინდრომი, აუტიზმი თუ ცერებრალური დამბლა, ხდება ქალის დადანაშაულება. ძალიან ბევრი ოჯახი დაინგრა ამის გამო და მთლიანად მარტო დარჩენილ ქალზე გადადის ტვირთი. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო…
წარმოიდგინეთ, თელავში, ადგილობრივ ხელისუფლებაში შეზღუდული შესაძლებლობების საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო ჩამოაყალიბეს, სადაც არც ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი არ არის და არც მშობლები არიან. ამიტომაც არის, რომ რაღაცას გააკეთებენ, რომელიც არ ჯდება არანაირ სტანდარტში. აი, მაგალითად, ახალი ფლიგელი მოაშენეს გამგეობაში, სადაც ადაპტირებული ტუალეტი გვაქვსო. კი, კარები არის ფართო და ბარიერი არ არის, ანუ ეტლით შიგნით შევა ადამიანი. მაგრამ მოაჯირი, რომელიც უნიტაზთან უნდა იყოს, იმხელა მანძილის მოშორებით არის მიმაგრებული, რომ დახმარების გარეშე იმ ტუალეტს ეტლით მოსარგებლე ვერანაირად ვერ გამოიყენებს და ეს გონიათ ადაპტირებული ტუალეტი. ამაში დაიხარჯა უამრავი ფული. გეკითხებით, რა მნიშვნელობა აქვს ისეთი ადაპტირებული ტუალეტის არსებობას, სადაც შევა ადამიანი, მაგრამ ეტლიდან ვერ გადაჯდება?! ამ საკითხებთან დაკავშირებით, გამოცდილების გასაზიარებლად თელავის ადგილობრივი ხელისუფლებიდან და მრჩეველთა საბჭოდან პოლონეთშიც იყვნენ და შვედეთშიც. არ ვიცი მე იქ რისთვის დადიან, იქედან ჩამოტანილი არაფერი მინახავს… სამოქმედო გეგმა შევიმუშავეთო და სად არის ის სამოქმედო გეგმა?! მე ხელში არაფერი მიჭირავს, ხომ უნდა გამაცნონ?! ერთი ტირი გახსნეს და გადაგვაყოლეს ამას, არადა თავადაც კარგად ერთობიან იქ. სულ ორი სკოლაა თელავში ადაპტირებული და ისიც მარტო პირველ სართულზე თუ შეხვალ. ჩემი შვილი ვერ ესწრება სპორტის გაკვეთილებს. დარბაზში რომ ჩახვიდე, შვიდი საფეხურია ჩასასვლელი და ამიტომ, არასოდეს ყოფილა სპორტის გაკვეთილებზე. სანამ პატარა იყო პირვლ-მეორე კლასში, ჩამყავდა და მერე გამიჭირდა. ნუ, პოლიკლინიკლებში რომ მეორე სართულზე სხედან პედიატრები და ა.შ. ეს ცალკე პრობლემაა.”