ნინო მაღლაფერიძე, 35 წლის, ქუთაისი

„საბა არის 11 წლის. ფიზიკურად ძალიან ლამაზი, ემოციური და დადებითი. მისგან მხოლოდ სითბო და პოზიტივი მოდის. საბასთან პრობლემა შეგვექმნა მაშინ, როდესაც იყო 4 წლის. არ მეტყველებდა. გარეგნული, ფიზიკური ან სხვა რაიმე შეზღუდვები არ ჰქონდა. ამ გამოცდილებიდან რომ ვფიქრობ და თან მე მეორე შვილიც შემეძინა, საბას რაღაც ჩამორჩენები ადრეულ ასაკშივე ჰქონდა. ეს არ იყო თვალში საცემი. ამიტომ, მივყვებოდით რუტინას, რომ რაღაც თავისით შეიცვლებოდა და საბა დაიწყებდა მეტყველებას. ოთხი წლის რომ გახდა, გადავწყვიტეთ თავზე მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია გადაგვეღო, რამაც საბას თავის ტვინის დაზიანება აჩვენა. მარტივად რომ გითხრათ, ორ ჰემისფეროს შორის არ არის კავშირი და ცალ-ცალკე მუშაობს. ჩვენ არ ვიცით, რას იზამს და როგორ განვითარდება საბა.

დღის განმავლობაში საბას სჭირდება ერთი ადამიანი. ორი წლის წინ მეუღლემ დაგვტოვა და ოჯახიდან წავიდა. ამიტომ, მე მარტოს მიწევს ამ ყველაფრის კეთება, თან ვმუშაობ. ნუ, რა თქმა უნდა, მეხმარებიან ბებიები და მამაჩემი. საბას მამა, ვფიქრობ, რომ საბას გაექცა. შეეშინდა ბავშვთან ურთიერთობის. დღემდე ვცდილობთ მეც და საბაც მას დავუმტკიცოთ, რომ საბასთან ურთიერთობა არ არის საშიში და ის ძალიან მაგარი ბიჭია. მე ვიბრძვი იმისთვის, რომ საბამ მოახდინოს საკუთარი თავის მიხედვა დამოუკიდებლად, მუდმივად არ სჭირდებოდეს სხვა ადამიანი. ყოველთვის ვამბობ, რომ მე ვარ საბა სებუას დედა და არა იმას, რომ ის არის ჩემი შვილი.

მეუღლესთან 10 წელი ვიცხოვრე და არც თანაცხოვრების დროს აუღია მას შვილებზე ზრუნვის პასუხისმგებლობები. თითქოს სულ დაკავებული იყო, სულ მუშაობდა და დრო არ ჰქონდა ამისთვის. დაშორების შედეგ აღმოვაჩინე, რომ არც ასეთი დაკავებული ყოფილა. მამობის მოვალეობის შესრულება სათამაშოს ყიდვაში და ზოგჯერ მანაქნით წაყვანა-წამოყვანაში გამოიხატებოდა. ამიტომ, ჩემთვის გასაკვირი დიდად არც ყოფილა მისი ეს გულგრილი დამოკიდებულება, თუმცა სახლიდან მის საერთოდ წასვლას არ ველოდი. მძიმედ გადავიტანე ეს ამბავი და ვცადე კიდევაც დაბრუნებულიყო. ამ გადმოსახედიდან კი ვფიქრობ, რომ უკეთესად ვარ. ბევრ რამეში მძაბავდა ის ადამიანი. აი, მაგალითად, სახლში რომ ბრუნდებოდა აუცილებლად გაშლილი უნდა დახვედროდა მაგიდაზე საჭმელი და თუ წუთიც კი გვიანდებოდა, ჩხუბს იწყებდა. ამიტომ, ყოველი მისი მოსვლისას ფაცი-ფუცი და დაძაბულობა იყო ოჯახში, რომ ყველაფერი მომესწრო. ჰო, კიდევ, მე ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება. მას კი არასოდეს უნდოდა ეს. ამიტომ, მეც ვკარგავდი ხალისს და ფოტოებს აღარ ვიღებდი. ახლა მე და საბა იმდენ ფოტოს ვიღებთ, რამდენსაც გვინდა და აღარც ვინმეს სახლში მოსვლის გამო ვიძაბები. მოკლედ, მივხდი, რომ ჩემთვისაც და ჩემი შვილებისთვისაც უფრო მეტს ვაკეთებ მის გარეშე, ვიდრე მასთან ერთად და ძალიან კარგად ვარ.“

მსგავსი ისტორიები