ნინო ჟვანია, 49 წლის, თბილისი

ნინო ჟვანია, 49 წლის, თბილისი

2016 წელი, 10 იანვარი

„12 წლის სალომე ამ პერიოდში გუდაურის სათხილამურო სკოლაში იყო. მასთან ერთად მისი უფროსი და უმცროსი დებიც იყვნენ. ეს არ იყო სალომეს პირველი გამოცდილება გუდაურში, ხშირად დადიოდა და, შესაბამისად, საკმაოდ კარგადაც სრიალებდა. იმ დღესაც, უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით, სპორტსკოლის ბავშვები გუდაურის კუდების მთაზე გადიოდნენ წვრთნას. ყველას ჩაფხუტი ეფარა, ამრეკლიანი კოსტიუმი ეცვა და მარჯვენა მხარეს, რიგის დაცვითა და მოხვევების ტექნიკის გამოყენებით, სრიალებდნენ.

სალომე როცა ჩასრიალდა, სწორედ ამ დროს დაეჯახა უკნიდან ყველანაირი წესის დარღვევით მოსრიალე ბიჭი. ამ ადამიანს არც ჩაფხუტი ეფარა, არც სათხილამურო ჯოხები ეჭირა ხელში, რომ ბალანსის დაცვისა და მანევრირების შესაძლებლობა ჰქონოდა, და მოსრიალებდა მოხვევების გარეშე, პირდაპირი დაშვებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ადამიანი იყო ნასვამი. აი, ასეთი, ფაქტობრივად, „მოსრიალე მკვლელი“ ზურგიდან დაეჯახა სალომეს უდიდესი სისწრაფით, დარტყმის ძალით დაახლოებით 20 მეტრზე გადააგდო და ადგილზე მოკლა. ეს ყველაფერი სალომეს დების თვალწინ მოხდა. თავად დამნაშავემ თავის მსუბუქი ტრავმა მიიღო.“

პირადი პასუხისმგებლობიდან სახელმწიფოს პასუხისმგებლობამდე
„რატომღაც ჩვენს ქვეყანაში ტენდენციაა, რომ ყველაფერს უბედურ შემთხვევას უწოდებენ. ეს სალომემდეც ძალიან მაბრაზებდა, სალომეს შემდეგ კიდევ უფრო მწვავედ აღვიქვამ. ხშირია, როცა ინდივიდუალური პასუხისმგებლობა დაჰყავთ „უბედური შემთხვევის“ დონემდე, არადა, ის, რომ მთაზე სიფრთხილით უნდა ისრიალო, არ განავითარო დიდი სიჩქარე, აკონტროლო შენ წინ მყოფი ადამიანების უსაფრთხოება – ეს არის პასუხისმგებლობა და მარტივად გათვლადი რისკები. როგორ შეიძლება უბედურ შემთხვევად ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ 12 წლის ბავშვი მოკლა უპასუხისმგებლო ადამიანმა უკნიდან შეჯახებით?! ან ის, რომ ავტობუსის მომლოდინე ბავშვს სწრაფად მიმავალი მანქანა ტროტუარზე შეუვარდა და დაეჯახა?! თუ გვინდა, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობდეთ, ყველამ უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებაზე და კარგად გაითავისოს, რომ ნებისმიერ ქმედებას მოჰყვება შედეგი. ეს შედეგი რომ არ იყოს სავალალო, უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები და ვიმოქმედოთ პასუხისმგებლობით. ნებისმიერი მსგავსი უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობით გამოწვეული ფატალური შედეგების დროს, ჯერ გავდივართ პირის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე და მერე ავდივართ უფრო ზემოთ, სახელმწიფოს პასუხისმგებლობამდე. ასე, მაგალითად, სალომეს შემთხვევის დროს რომ ყოფილიყო სკი-პატრული (მოთხილამურე პატრული), შესაძლოა, ეს შემთხვევა აგვერიდებინა თავიდან. ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ეზრუნა თავის დროზე, შესაბამისად, ამ სტრუქტურის პასუხისმგებლობაც იკვეთება.

ევროპის ქვეყნების მსგავსი კურორტები მკაცრად კონტროლდება ზედამხედველობის სამსახურების მიერ. სათხილამურო ტრასებზე სირთულის მიხედვით აკონტროლებენ მოთხილამურის შესაბამის აღჭურვილობას, დაშვების სიჩქარესა და, რაც მთავარია, ნასვამობას. ზოგიერთ ქვეყანაში სპორტსკოლის ბავშვებისთვის სპეციალური დროც კი არის გამოყოფილი და ამ დროს მთაზე მათ გარდა არავინ სრიალებს. ჩვენთან, სალომეს შემთხვევამდე, არანაირი კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმი არ არსებობდა. ერთ-ერთ მიღწევად თუ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ჩემი და სალომეს მეგობრების ბრძოლის შედეგად, სახელმწიფომ შემოიღო სკი-პატრულის სამსახური. თუმცა, ჩემი ბოლოდროინდელი დაკვირვებით, მოთხილამურე პატრული ხშირად არ ეკიდება გულისყურით თავის საქმეს: არ აჩერებენ და არ ამოწმებენ სწრაფად მოსრიალე მოთხილამურეებს, ხანდახან დგანან, ერთმანეთს ესაუბრებიან და ვიღაცები ისევ უსაფრთხოების სტანდარტის დარღვევებით ეშვებიან მთიდან. უნდა გამკაცრდეს ზედამხედველობა და კონტროლი. სკი-პატრულის მთავარი დანიშნულებაა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ამოიცნოს და მთაზე არ აუშვას.

მახსოვს, პირველ დღეებში პროკურატურაში მითხრეს, რომ თხილამურებით სრიალი ექსტრემალური სპორტია და ყველაფერი ხდებაო. არავითარ შემთხვევაში – გუდაური არის კურორტი, რეკრეაციული ზონა, იქ ხალხი დასასვენებლად ჩადის. ეს არის უკონტაქტო სპორტი: უკან ვინც მოსრიალებს, ისაა პასუხისმგებელი მის წინ მყოფებზე. როცა ადამიანი ნასვამ მდგომარეობაში ადის მთაზე, არ იცის სრიალი, არ იცავს წესებს, არ აკეთებს მანევრს და პირდაპირი დაშვებით ეჯახება მის წინ მოსრიალეს, არაა ექსტრემალური სპორტის ბრალი, ესაა მისი პირადი და სახელმწიფოს უპასუხისმგებლობის შედეგი. მახსოვს, სოციალურ მედიაში გავრცელდა მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ნიუსი ჰედლაინით – „19 წლის ახალგაზრდა და 12 წლის ბავშვი მთაზე ერთმანეთს დაეჯახნენ’’. ყველა უწყება ცდილობდა, რომ ამ ამბისთვის „უბედური შემთხვევის“ საფარველი შემოეხვია და გაეჩინათ განწყობა, რომ „მთაზე ყველაფერი ხდება.” ჩემი შვილი არავის დასჯახებია. 12 წლის სიცოცხლით სავსე ბავშვი ავიდა მთაზე, ყველა წესის დაცვით სრიალებდა და უპასუხისმგებლო ადამიანმა ის მოკლა, ეს არის ფაქტი. სამწუხაროდ, ჩემი შვილი არ არის ერთადერთი, ვინც მსგავს უპასუხისმგებლო ადამიანებს თუ უწყებებს ეწირება. ცხადია, ეს მავნებლური ნიუსი ავაღებინეთ მთის სააგენტოს.”

ბრძოლა სამართლიანობისთვის
,,სალომეს ამბავი იყო პრეცედენტული ქართული სამართალწარმოების საქმეში.
სალომეს უკვე აღარაფერი ეშველებოდა და მეც შემეძლო, ჩემს დარდებში ვყოფილიყავი. გარდა ამ ტრაგედიისა, მისახედი კიდევ 3 შვილი მყავდა, რომლებიც ამ ამბავს შეესწრნენ, მაგრამ თავი მოვალედ ჩავთვალე, რომ ამ საქმისთვის სამართლებრივი მსვლელობა მიმეცა.
ეს იყო ჩემი პირველი შეხება საგამოძიებო და სასამართლო სისტემებთან და უმძიმესი გამოცდილება მივიღე. საქმე ჯერ მცხეთა-მთიანეთის პროკურატურაში იყო. ჩემი შვილის საქმეს მომჩივანი არ ჰყავდა. როდესაც ქვეყანაში ბავშვი იღუპება, პროკურატურის მოვალეობაა, რომ საქმე თვითონ გამოიძიოს. მე ამ გამოძიებისთვის, ცხადია, არ მეცალა. რამდენიმე კვირა ისე გავიდა, არავინ შემხმიანებია – არც მკვლელის ოჯახი მოსულა სამძიმრისთვის, სახელმწიფოც დუმდა. აღმოჩნდა, რომ სანამ მე ჩემს შვილს ვგლოვობდი და დანარჩენ შვილებს გადარჩენაში ვეხმარებოდი, იქ ამ დროს საქმეს წმენდდნენ და აწყობდნენ. საქმეში უკვე არც ალკოჰოლი ფიგურირებდა და არც სხვა დარღვევები. აუცილებლად უნდა ვისაუბრო გამომძიებლების იმ არაპროფესიონალიზმსა და უვიცობაზე, რომელიც სალომეს საქმეში დამხვდა. არასწორად შედგენილი ოქმები, უამრავი დაუკითხავი მოწმე, ამოუღებელი ნივთმტკიცებულებები… ფაქტობრივად, საქმის ნახევარს მე ვიძიებდი. პროკურორის პასუხი კი ასეთი იყო – „რას იზამთ, ექსტრემალური სპორტია, პრეცედენტი არ არსებობს და მაინც ვერაფერს დაამტკიცებთ.’’
სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი არაა ბავშვების უსაფრთხოება. მე არ მიგრძნია სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, პირიქით, მქონდა შეგრძნება, რომ ერთადერთი, რასაც ცდილობდნენ, იყო ის, რომ სიმართლე არ დადგენილიყო და ეს საქმე სასამართლომდე არ მისულიყო. ძალიან რთულია ასეთ მდგომარეობაში მყოფი დედისთვის საგამოძიებო სტრუქტურებთან ურთიერთობა და დაკითხვებზე სიარული, მიღებული ჭრილობების ხელახალი გახსნაა, მაგრამ მამოძრავებდა სურვილი, ჩემი შვილებისთვის მეჩვენებინა, რომ სამართალი არსებობს. მე თუ ჩემს შვილებს ვასწავლი, რომ არავინ უნდა დაჩაგრო, იმასაც ვასწავლი, რომ არც თავი უნდა დააჩაგვრინო. სიმართლის ძიების სურვილმა მომცა ძალა, რომ არ გავჩერებულიყავი.

მეგობრის რჩევით, დავუკავშირდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. მაშინ მათ ჰქონდათ დაფინანსება არასრულწლოვანთა საქმეებზე, ახლა ამ „რუსული კანონის“ ფონზე, არ ვიცი, რა მდგომარეობა აქვთ. საია ძალიან დამეხმარა, საქმე წამოვიღეთ თბილისში და სწორედ მაშინ დაიწყო ნამდვილი ბრძოლა. თბილისის პროკურატურაში გამიმართლა და შემხვდა პროკურორი, რომელმაც მცხეთაში გაფუჭებული საქმის გამოსწორება დაიწყო. თავიდან საქალაქო სასამართლო პროცესებზე მხოლოდ ოჯახის წევრები დავდიოდით და არავისთვის მხარდაჭერა არ მითხოვია, იმდენად დარწმუნებული ვიყავით, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს იყო და დამნაშავე პასუხს აგებდა კანონის წინაშე. თუმცა ერთი წლის შემდეგ სასამართლო სხდომები დასრულდა და სალომეს მკვლელს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს. ეს იყო მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილი, რომელსაც კორუფციული განაჩენების მთელი შლეიფი მოჰყვება. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი აბსოლუტური ტყუილებით იყო შედგენილი და, პრაქტიკულად, იყო აბუჩად აგდება სასამართლოსი, სახელმწიფოსი და, მით უმეტეს, უდანაშაულო, მოკლული ბავშვის.”
სოლიდარობის და თანადგომის ძალა

,,ამის შემდეგ გავიაზრე, რომ თუ ამ საქმეს არ გავხდიდი საჯაროს და ხმამაღლა არ ვისაუბრებდი, ძალიან მცირე შანსი მექნებოდა, მიმეღწია სამართალიანობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ დედა მზად იყოს ბრძოლისთვის – როცა დედა და ოჯახი ეგუება მოცემულობას და არ იბრძვის, გვერდით მყოფებს, სამწუხაროდ, ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლიათ.

მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა, მე და ჩემმა მეგობრებმა სოციალურ ქსელში აქტიურად დავიწყეთ სხვებისთვის მშვიდად ახსნა, თუ რატომ ვერ იქნებოდა სალომეს ამბავი უბედური შემთხვევა. სათითაოდ მივყვებოდი კომენტარებს და ვხსნიდი, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ბევრი ადამიანი არასწორი საზოგადოებრივი განწყობების მსხვერპლია და მჯერა, რომ სწორად მიწოდებული ინფორმაციით საზოგადოება ვითარდება და ცნობიერებაც იზრდება. ბევრ დროს ვხარჯავდით ამის ასახსნელად, მაგრამ ძალიან კარგად მესმეოდა, რისთვისაც ვიბრძოდით – სამართლებრივ სახელმწიფოში პასუხი უნდა აგოს ყველამ. როდესაც საზოგადოება დუმს, მზაკვრობის ჩადენა სახელმწიფოს ბევრად უფრო უადვილდება, მაგრამ როდესაც უკვე ამბავი ხდება საჯარო, ბევრად უფრო უჭირს მას შავ-ბნელი საქმეების კეთება. ჩემს საქმეში ნამდვილად ესე იყოს.

როცა მედიებთან საუბარი დავიწყე და ყველამ დაინახა, რომ უკან დახევას არ ვაპირებდი, უამრავი ადამიანი, ნაცნობი თუ უცნობი დაგვიდგა გვერდით. როცა უკვე საქმე სააპელაციოში წავიღეთ, დარბაზში მხარდამჭერების ტევა არ იყო. როდესაც სასამართლოში დაინახეს, რომ ხალხის ინტერესი გაჩნდა, პეტიციაც კი დაიწერა და უამრავი ხელმოწერა შეგროვდა, მიხვდნენ, რომ კიდევ ერთი თავხედური და ცინიკური განაჩენის გამოტანა აღარ გამოუვიდოდათ. სააპელაციო სასამართლომ სალომეს მკვლელს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და აღკვეთის ღონისძიების სახით 3 წელი მიუსაჯა. ამ დროს ის უკვე ქვეყნიდან იყო გასული. საქმეში ინტერპოლი ჩაერთო და რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ, ქვეყანაში ჩამოიყვანეს სასჯელის მოსახდელად.

ეს იყო იმ სოლიდარობის შედეგი, რომელიც ხალხმა იმ პერიოდში დაგვანახა. ეს ადამიანები მარტო ჩვენი სიმართლისთვის კი არ იბრძოდნენ, ისინი საკუთარ შვილებსა და მათ უსაფრთხოებაზეც ფიქრობდნენ, რაც ყველა მშობლისთვის პრიორიტეტია. სალომემ შექმნა საქართველოსთვის პრეცედენტული საქმე, რომ თითქმის ყველა ე.წ. ,,უბედურ შემთხვევას” ჰყავს პასუხისმგებელი პირი და ამ პირმა უნდა აგოს პასუხი სამართლის წინაშე.”


მსხვერპლის დადანაშაულების სიმძიმე
,,ერთი ძალიან საზიანო ტენდენცია შეინიშნება საქართველოში: როდესაც ქალების და ბავშვების მიმართ ჩადენილი დანაშაული ხდება საზოგადოებრივი ინტერესის საგანი, ხალხი იწყებს პასუხისმგებლობის გადაბრალებას და ისრების გადატანას არა რეალურ დამნაშავეზე, არამედ მსხვერპლზე და მსხვერპლის დედაზე. ჩემს შემთხვევაში, სალომესთვის უნდოდათ პასუხისმგებლობის დაკისრება, გარდაცვლილი ბავშვისთვის. ეს რომ არ გამოუვიდათ, შემდეგ დედის საქციელი დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ – მახსოვს, სასამართლოში დამისვეს შეკითხვა, თქვენ, როგორც დედამ, რატომ გაუშვით ბავშვი ასეთ კურორტზეო. წარმოიდგინეთ, როგორი ამორალურია, როცა ჯერ მსხვერპლი უნდათ დაადანაშაულონ, შემდეგ კი მის დედაზე გადააქვთ პასუხისმგებლობა. ამ დროს ნამდვილი დამნაშავის მიმართ სენტიმენტებიც კი შეიძლება გაუჩნდეთ და შეებრალოთ. ასეთ შემთხვევებში ნათლად ჩანს, თუ როგორი უსამართლო შეიძლება იყოს საზოგადოება ქალების, დედების მიმართ.

ამიტომ, აუცილებელია, რომ ყველა შემთხვევის შემდეგ მკაფიოდ გამოვკვეთოთ პასუხისმგებელი სტრუქტურა თუ ადამიანი და ყველაფერი ამაზე დაშენდეს, რომ, ერთის მხრივ, სახელწიფო შეიცვალოს და, მეორეს მხრივ – საზოგადოება. ჩვენ უნდა შევქმნათ სამართლებრივი სახელმწიფო და ხალხმა თუ არ იბრძოლა, თუ არ მიიღო პროცესებში მონაწილეობა, ვერც სახელმწიფო
შეიცვლება და ვერც მთავრობა უკეთესობისკენ.”

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: სოფო აფციაური