ნუცა, 24 წლის, თბილისი
“ჩემს თავს ქვიარს ვეძახი. არც ერთს არ მივეკუთვნები, არც ლესბოსელს, არც ბისექსუალს, მაგრამ ურთიერთობისას უპირატესობას გოგოებს ვანიჭებ.
საკუთარ თავს დაახლოებით 2 წლის წინ გამოვუტყდი და პირველ რიგში მეგონა, რომ ღმერთი დამსჯიდა. რელიგიური და მორწმუნე ვიყავი იმიტომ, რომ ასე გამზარდეს. არ ვიცოდი მართლმადიდებლობის იქით თუ რამე არსებობდა. თუმცა მივხვდი, რომ არც ღმერთია ჰომოფობი და არც ღმერთი დამსჯის, სულ რომ არსებობდეს. საკუთარი თავი უნდა დააჯერო და მიიღო ჯერ.
მე შეიძლება ისეთი პრობლემები არ მაქვს, როგორიც სხვას შეიძლება ჰქონდეს, არც იმიჯი მაქვს ისეთი. მაგრამ ჩემი პრობლემა ჩემი მეგობრებია, რომლებსაც „ქალისთვის არადამახასიათებელი იმიჯი აქვთ“. დედაჩემისთვის მიუღებელია მათი იმიჯი და ამის გამო თითქმის ყოველდღე მაქვს მასთან კამათი, ის ამბობს „რას გვანან შენი მეგობრები“. შესაძლოა რომელიმე მეგობარს პირსინგი ან ტატუ არ ჰქონდეს, მაგრამ შეიძლება თმა ჰქონდეს ისე შეჭრილი, რომ თქვას, „რატომ გავს ის გოგო ბიჭს?!“, ან „რატომ გყავს ყოველთვის ასეთი მეგობრები?!“. ყოველ დღე მიწევს წვრილმანების, დეტალების ახსნა. ზოგჯერ დილიდან იწყება და მთელი დღე გრძელდება. ზოგჯერ ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ…
მე რომ დედასთან ქამინგაუთი გაკეთებული მქონდეს, ბედნიერი ადამიანი ვიქნებოდი. დედაჩემთან ქამინგაუთზე ყოველდღე ვფიქრობ. არაფერი მოხდება ალბათ, თმებით ვერ მითრევს, ვერ მცემს, ძალადობას ვერ განახორციელებს. თუმცა არის მეორე მხარე – სიჩუმე, გამაყრუებელი სიჩუმე, როდესაც შენი საყვარელი ადამიანი არ გამოდის კონტაქტზე, გაიგნორებს – ეს არის მოსალოდნელი. როცა ვჩხუბობთ, არ მელაპარაკება ხოლმე, ნიადაგს მითხრის, მაცლის მთლიანად, კონტაქტზე არ გამოდის. ერთადერთი ადამიანია, ვინც მე მყავს. და არ მინდა, რომ ეტკინოს. რაღაც პერიოდის მერე მიეჩვევა ალბათ”.