ჟუჟუნა გაბაიძე, 59 წლის, ქობულეთი

„3 თვის ორსული ვიყავი, რომ ქვრივი დავრჩი. ძალიან ახალგაზრდამ გავაჩინე ბიჭი და გავზარდე. მართალია ოჯახი მეხმარებოდა ბავშვის გაზრდაში, მაგრამ მეც ბევრს ვშრომობდი: ვმუშაობდი სასათბურე მეურნეობაში. სამუშაოს დასრულებისთანავე მივდიოდი საგზაო დეპარტამენტში და იქ გვიანობამდე ვალაგებდი 12 ოთახს. ამ შრომის შედეგად მივიღე 2-ოთახიანი ბინა ქობულეთში. რადგან დედა ვიყავი, თავს ვალდებულად ვთვლიდი, რომ ჩემი შვილისთვის შემეწირა ცხოვრება. არ გავთხოვილვარ. ის კი არა და თმაც არ შემიღებავს არასდროს. ერთხელ ჩემმა შვილმა მითხრა, ქვრივი ქალი ხარ და არ შეგშვენის გამოპრანჭვაო. ვცდილობდი დამეჯერებინა მისთვის. ასეც გვასწავლიან ქალებს, რომ შვილებს უნდა მივცეთ საუკეთესო. მაგრამ არ დამიფასდა…


რომ წამოიზარდა ჩემი ბიჭი, ვალების აღება დაიწყო. იმდენი ვალი დაუგროვდა, რომ იძულებული ვიყავი ბინა გამეყიდა და გამესტუმრებინა. ჩვენ უფრო პატარა ბინა ვიყიდეთ და იქ გადავედით. მართალია, კანონით შეიძლებოდა არავინ მომდავებოდა ამ ვალზე, მაგრამ იმ ადამიანებს, ვინც მას ფული ასესხა, ასე ვერ დავტოვებდი. მას მერე კიდევ ბევრი ვალი აიღო, რომელსაც ისევ მე ვიხდიდი. მახსოვს, ისეთი პერიოდებიც, როცა ნაგვიდან საჭმელს ვიღებდი, რომ ფული ვალებში გადამეხადა. მერე ის მეორე ბინაც გავყიდე, ვალები გადავიხადე და დავრჩი ქუჩაში. დარჩენილი ვალები რომ ვერ გავისტუმრე, მევალემ იჩივლა და ჩემი შვილი ციხეში აღმოჩნდა. 6 წელი და 9 თვე აქვს მისჯილი. უკვე 3 წელია გასული. შევპირდი, დავემუქრე, რომ არ ვნახავდი. არც ვნახულობ, მაგრამ ისე მენატრება, სულ ვტირი. დედაჩემმა მომიძულა იმის გამო, რომ შვილს ამდენი გავუკეთე და მე სიკეთე არ დამინახავს. არადა შვილია, როგორ გავწირო. ბიძაშვილი მყავდა, ისიც ციხეში იჯდა, მაგრამ არავის ზურგი არ შეგვიქცევია და ახლა ისეთი ადამიანი დადგა, საამაყო. მეც მჯერა, რომ იქნებ კიდევ მივცე შვილს შანსი, რომ გამოსწორდეს.

მიწა, რომელზეც ჩემი ფიცრული დგას ინვესტორმა შეისყიდა და დროებით მფლობელობაში მიწის ნაწილი მომცა. მოვზიდე ფიცრები და მეზობელი ხელოსნის დახმარებით 4 ფიცარი შევკარით და გადავხურეთ. ესაა დღეს ჩემი სახლი, რომლის გალამაზებასაც ვცდილობ, ჩემი შვილი რომ დაბრუნდეს, ესიამოვნოს აქ დაწოლა. სახლის უკან ტუალეტი გავაკეთე. კარზე არ მეყო ფიცარი და ბრეზენტი მაქვს ჩამოფარებული. წვიმების დროს ქვემოთ ღელე დიდდება ხოლმე და წყალი სახლში შემომდის. ამ დროს ლოგინიდან ვერ გადმოვდივარ და ველოდები, როდის დაიკლებს და დაშრება.


დასუფთავების სამსახურში მივედი და ქუჩის დამლაგებლის ადგილი ვითხოვე. ახლობელმა ქალმა რეკომენდაცია გამიკეთა და ახლა ჩემს უბანს ვალაგებ. 280 ლარი მაქვს ხელფასი. ერთადერთი ეს სამუშაოა ჩემი გასართობი და გამახალისებელი. დილით 5 საათზე გავდივარ და ვალაგებ ქუჩას. აი, კეთილმა ხალხმა ბოჩოლაც მაჩუქა. უკვე წლის და 4 თვისაა და ცოტა ხანში ესეც შემეღავათება. ქათმებიც მყავს, ვყიდი ქათამს, ვაგროვებ კაკალს და ფულს შვილს ვუგზავნი, თვეში 100 -150 ლარს ვუგზავნი, რომ ჭამოს. გარდა ამისა ზამთრის და ზაფხულის ტანსაცმელი სულ ჭირდება და იმისთვისაც ვზოგავ ფულს. სოციალური დახმარება მომიხსნეს, ხელფასს რომ ვიღებ, აღარ გეკუთვნისო, ამიხსნეს.

ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა მაქვს. გულყრები მაქვს. ამ დროს უნდა დავწვე ხოლმე. სასწრაფოს რომ გამოვუძახო, ბენზინკალონკაზე გავდივარ და იქ გოგოებს ვთხოვ მაღაზიაში, დამეხმარონ. არ ვიცი რატომ ვერ ვიძახებ, ალბათ მრცხვენია ამ ოთახში რომ მოვიყვანო, ან სად უნდა დაეტიონ ან როგორ უნდა მომაგნონ, მისამართიც არ მაქვს. უპოვართა სახლში დავდივარ და იქიდან მომაქვს საჭმელი. ხანდახან ცუდად რომ ვარ, იქაც ვერ მივდივარ. თავს მე-19 საუკუნეში მცხოვრებს ვეძახი. ზოგჯერ მინდა ვიკივლო, რა ცხოვრება მქონდა და სად ვარ. მინდა მაინც მაგრად ვიყო, რომ ჩემს შვილს დავხვდე, ვიცი, რომ მაინც დავჭირდები. ძალით ვდგავარ ფეხზე.

ესაა ჩემი ცხოვრება, ჩემი გოგო, მაგრამ ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ცოცხალი ვარ. ძალიან მეშინია უკან მოხედვის, არაფერი კარგი მოსაგონარი არ მაქვს. ამდენი ვიშრომე და დღეს ამ ქოხის გარდა არაფერი დამრჩენია.“

მსგავსი ისტორიები