რაისა ასტაფუროვა, 49 წლის, სოფელი გორელოვკა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

„დუხობორების მოძრაობა ჯერ კიდევ მე-15-16 საუკუნეში რუსეთში დაიწყო, რაც საეკლესიო მოსაკრებლის წინააღმდეგ პროტესტით გამოიხატებოდა. როცა ადამიანი ინათლება – გადაიხადე, როცა ჯვარს იწერ – გადაიხადე, მოკვდი – გადაიხადე, მოკლედ, უფასოდ არაფერი კეთდებოდა. რადგან ბატონყმობის პერიოდი იყო, გლეხები ძალიან ღარიბად ცხოვრობდნენ, მათთვის ძნელი იყო ამ თანხის გადახდა.

იმის გამო, რომ გლეხებმა შეწყვიტეს ეკლესიაში სიარული, სახლში ლოცულობდნენ და ეკლესიას ფულს არ უხდნინენ, ამან ეკლესიაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და მათი, ანუ დუხობორების შევიწროვება დაიწყეს. მათ ციხეში სვამდნენ ან გადასხლებაში აგზავნიდნენ. სხვადასხვანაირად აწამებდნენ, რომ საკუთარი რწმენა უარეყოთ. მათ ესმოდათ, რომ ისინი ფიზიკური გადანდგურების პირას იყვნენ.

დუხობორებში ყველაფერს უხუცესი წყვეტს. მათ გადაწყვიტეს ადამიანი გაეგზავნათ მეფისთვის (ალექსანდრე I). როგორღაც მეფესთან მიაღწიეს და მას მოეწონა დუხობორების ცხოვრების წესი. ის ასევე მიხვდა, რომ დუხობორები სახელმწიფოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ და გადაწყვიტა მათი დასახლება მოლოჩნიე ვოდიში, ტავრიაში. ეს ხდებოდა სადღაც მე-19 საუკუნის დასაწყისში და იმ დუხობორებს, რომლებიც გადასახლებაში იყვნენ, დაბრუნების ნება დართეს. მათი ტავრიაში დასახლების შემდეგ მეფეც კი ესტუმრა მათ და მას იმდენად მოეწონა საზეიმო დახვედრა, ამის შემდეგ დუხობორებს არავინ ერჩოდა. 40 წელი მშვიდობაში იცხოვრეს. ამ დროისთვის უკვე ალექსანდრე პირველი გარდაიცვალა და ნიკოლოზ პირველი გახდა მეფე.

რადგან დუხობორები ძალიან მშრომელი ხალხი იყო, ერთ ადგილას დაფუძნების შემდეგ სიმდიდრეც დააგროვეს, თუმცა მათი თემი საკმაოდ ჩაკეტილი იყო და ნაკლებად ცდილობდნენ გარე სამყაროსთან ურთიერთობას. ტავრიაში რვა თუ ცხრა სოფელი იყო დუხობორებით დასახლებული, როგორიცაა ბოგდანოვკა, სპასოვკა, გორელოვკა და ა.შ. თუმცა იყო ერთი მთავარი სოფელი, სადაც არსებობდა ე.წ. ობოლთა სახლი, სადაც უხუცესი ან წმინდანი, როგორც მას ჩვენ ვეძახით, ცხოვრობდა. ასევე, თუ იყვნენ ბავშვები, რომლებსაც მშობლები გარდაეცვალათ და მათ აღმზრდელი არ ჰყავდათ, ან მოხუცები, რომელთაც არავინ ჰყავდათ, ავადმყოფები, ყველანი ერთად ცხოვრობდნენ ამ ობოლთა სახლში.

ბევრს ეს არ მოსწონდა, ასევე ტავრიაში მიწები იყო ძალიან ნაყოფიერი და დაიწყეს დუხობორებზე ენების მიტანა და წერილების წერა მეფესთან. ნიკოლოზ პირველმა განკარგულება გასცა ადგილზე მოგვარდითო და ამდენად, ისევ მიადგნენ თემს, რომ მათ საკუთარ რწმენაზე ეთქვათ უარი. დააშინეს ციმბირში გადასახლებით. თუმცა ეს საკითხი რეალურად როცა დადგა, გადაწყდა არა ციმბირში, არამედ აქ, საქართველოში გადმოსახლება. ტავრიიდან გაზაფხულზე დაიძრნენ და ფეხით და ურმებით მოდიოდნენ.

საქართველოში როცა მოაღწიეს, უკვე ზამთარი იყო. ამიტომ გადაწყვიტეს აქ დარჩენა. ამდენად, დუხობორები საქართველოში 1841 წელს მოხვდნენ და აქაც სოფლებს იგივე სახელები დაარქვეს, რაც ტავრიაში: გორელოვკა, ბოგდანოვკა, ტროიცკაია, სპასოვკა და ა.შ.

გორელოვკა გახდა მთავარი სოფელი და ობოლთა სახლიც აქ აშენდა, სადაც ბავშვები, მოხუცები და ხელმძღვანელები დასახლდნენ. წყნარად და მშვიდად ცხოვრობდნენ აქ 90-იან წლებამდე. როდესაც გაჟღერდა ლოზუნგი „საქართველო ქართველების“ ბევრს შეეშინდა და ტულაში და არხანგელკის ოლქში დაიწყეს გადასახლება. სახლები, რომლებშიც ცხოვრობდნენ, კაპიკებში გაყიდეს.

ვინც დავრჩით, ძალიან მძიმე პირობებში ვცხორობდით, როგორც დანარჩენი საქართველო. იმდენი ხანი არ გვქონდა შუქი, ისიც კი არ ვიცოდით აფხაზეთში ომი რომ იყო და რა ხდებოდა. ბანდიტები დათარეშობდნენ და რაიონის გარეთ გასვლისაც კი გვეშინოდა.

აქ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ვცხოვრობთ, არიან სომხები, რომლებიც გრიგორიანელები და კათოლიკები არიან, თუმცა არაფერს ვუშავებთ ერთმანეთს. მღვდლებს რაც შეეხება, ჩვენ მათთან შეხება პრაქტიკულად არ გვაქვს, რუსეთისგან განსხვავებით, სადაც დუხობორებს ძალიან აგრესიულად ეპყრობიან. ტოლერანტულები უნდა ვიყოთ, თუმცა ეს ყველას არ შეუძლია.

დუხობორები დემოკრატიული საზოგადოებაა, სადაც ქალს და კაცს თაბარი უფლებები აქვთ და თანასწორები არიან ცხოვრების წესსა და გადაწყვეტილების მიღებაში. ჩვენ ყველანი ღმერთის შვილები ვართ, რომელმაც ერთნაირები შეგვქმნა. ჩვენთან ბავშვებიც უფროსების თანასწორები არიან. ქალს და კაცს თანაბარი უფლებები აქვთ, თუ ერთი მეორეზე ზეწოლას მოახდენს, ამისგან არაფერი კარგი არ გამოვა“.

ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: სალომე ცოფურაშვილი

მსგავსი ისტორიები