რუსა ბართიშვილი, 33 წლის, ემიგრანტი გერმანია

რუსა ბართიშვილი, 33 წლის, ემიგრანტი გერმანია

,,გერმანიაში სოციალურ პედაგოგიკას ვსწავლობ. ემიგრაციაში წასვლის საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე წლის წინ მივიღე. წამოსვლის მიზეზი უკეთესი შესაძლებლობების ქვეყანაში ცხოვრება და სწავლის გაგრძელების სურვილია. სამწუხაროდ, ის რეალობა, რასაც მარტოხელა დედა საქართველოში ყოველდღიურად გადის, უდიდესი ბრძოლაა თვითგადარჩენისა და შვილის უკეთესი პირობების შექმნისთვის. მარტოხელა დედებს ძალიან გვჭირდება სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი პრობლემებისა და გასაჭირის აღიარება, შემჩნევა და დანახვა.

მახსოვს, სამსახურში ‘’ჯიპიაი ჰოლდინგის’’ ჯანმრთელობის დაზღვევის წარდგენისას, როგორ ამიხსნეს, რომ საოჯახო პაკეტს იმ შემთხვევაში მივიღებდი, თუ მინიმუმ სამი ადამიანისგან შედგებოდა ოჯახი, თუ არადა, ცალ-ცალკე, ინდივიდუალური პაკეტი უნდა ამეღო ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. ძალიან ბევრი ტიპის ოჯახი არსებობს და, მათ შორის, დედა-შვილიც არის ოჯახი, მესამე წევრის გარეშე.

ეს მცირედი ნაწილია პრობლემების იმ ჩამონათვალისგან, რის გამოც გერმანიაში სწავლა და უკეთესი მომავლის შექმნა გადავწყვიტე. ჩემთვის გაუსაძლისი იყო არასტაბილურობისა და დაუცველობის განცდა ჩემსავე ქვეყანაში. ჩემი სახელმწიფო თავისი პოლიტიკური ხედვით მავალდებულებს, ან შვილი ავირჩიო, ან პირადი ცხოვრება და განვითარება. მე მაქვს უფლება, მყავდეს შვილი და ამავე დროს ვსწავლობდე, ვმუშაობდე, ვვითარდებოდე… ქალები დღეს ხელშეწყობას არ უნდა ვიხვეწებოდეთ. სიკეთე ცალკეული ადამიანებისგან მახსოვს და არა სახელმწიფოსგან.

საქართველო დღეს ვისზეც დგას, ესენი ადამიანების უფლებებისთვის მებრძოლები არიან. მახსენდება ჩემი სასამართლო პროცესი, რომელიც წლები გაგრძელდა. არცერთი სახელმწიფო ორგანიზაცია არ დაინტერესებულა ჩემი შვილის უფლებით, ჰქონოდა თუ არა ალიმენტი დროულად. მაშინ გვერდში დამიდგა არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი’’, რომელმაც საქმეების წარმოებაში უდიდესი შრომა ჩადო. ქალთა უფლებების, ადამიანის უფლებების დაცვა ევროპული მენტალიტეტის ნაწილია და მათი დამსახურებაა ასეთი ორგანიზაციების არსებობა. ქალებო, არჩევნებზე წასვლა იმიტომაცაა აუცილებელი, რომ ასეთი ორგანიზაციები არსებობდნენ საქართველოში.

დღეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ვალდებული ვართ, წავიდეთ არჩევნებზე. ჩვენი ხმა ნიშნავს – ,,დამინახე!’’, „აქ ვარ“ და „ვაფიქსირებ პოზიციას“. წლევანდელ არჩევნებზე გვაქვს გადარჩენის და არგარუსების არჩევანი. არჩევნებზე უნდა წავიდეთ, თუ ისეთი მომავალი გვინდა, სადაც ადამიანი ყველაფერზე მაღლა დგას და პრიორიტეტულია.’’