რუსუდან შავაძე – შუახევის მერის მოადგილე
თვითმმართველობაში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება მაქვს.
პედაგოგობიდან მერის მოადგილეობამდე
ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ შუახევში, ჩემს სოფელში, ჩანჩხალოს სკოლაში დავიწყე მუშაობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 2003 წელს იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე და 2004 წელს ამავე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დავინიშნე.
2006 წელს პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდა დამოუკიდებელი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მივიღე და დაბის მაჟორიტარი საკრებულოს წევრი გავხდი. მოგვიანებით, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ამირჩიეს. ამ პერიოდში არჩევნებში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ კანდიდატის სტატუსით ვიღებდი მონაწილეობას. ამ პერიოდშიც კი თავი არ დამინებებია პედაგოგობისთვის, ვარ სერტიფიცირებული პედაგოგი და დღემდე ვმუშაობ ბავშვებთან.
უფლებამოსილების გასვლის შემდეგ რესურსცენტრში დავიწყე მუშაობა და 2016 წლამდე ვიყავი ამ უწყებაში. 2016 წელს შუახევში გამგებლის მოადგილის ვაკანსია გამოცხადდა, ჩემი კანდიდატურა განიხილეს და მერის მოადგილედ დავინიშნე. ამ პოზიციას დღემდე ვუძღვები.
ქალები პოლიტიკაში
ზემო აჭარაში 3 მუნიციპალიტეტია და მხოლოდ შუახევის მერს ჰყავს ქალი მოადგილე. ჩვენ მთაში ვცხოვრობთ და ბევრი სტერეოტიპის წინააღმდეგ ბრძოლა გვიწევს. დღემდე არსებობს მცდარი შეხედულებები, რომ თითქოს პოლიტიკა ქალის საქმე არ არის. ჩემზეც არაერთხელ მოუხდენია გავლენა მსგავს განწყობებს, მაგრამ ოჯახი და გუნდი მხარს მიჭერდა, მაძლიერებდა და მეც შემართებით ვაგრძელებ ჩემი მუნიციპალიტეტისთვის საქმიანობას.
მე მაბარია განათლების, კულტურის, ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების საკითხები. ეს სფერო ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითია და მოქალაქეების განცხადებების 70% სწორედ ამ საკითხებს ეხება.
ქალებს პოლიტიკაში ბევრი სასარგებლო საქმის კეთება შეუძლიათ. წარმოიდგინეთ, მეც ამ წიაღიდან ვარ, ქალი ვარ, დედა ვარ და ვიცი, მუნიციპალიტეტში ქალებს რა საჭიროებები აქვთ, რა სურთ და რა უნდა გაკეთდეს მათ გასაძლიერებლად.
სანამ გამგეობაში დავიწყებდი მუშაობას, ,,აწარმოე საქართველოს’’ პროგრამაში გრანტი მოვიგე და პურ-ფუნთუშეულის მინი საამქრო გავმართე. ამ საამქროს ჩემთვის დამოუკიდებელი შემოსავალი და მეტი თავდაჯერება მოჰქონდა. შემდეგ, როცა გადაწყვეტილების მიმღები პირი გავხდი, გადავწყვიტე, მსგავსი პროექტი შუახევის ქალებისთვისაც შეგვეთავაზებინა. ძალიან სჭირდებათ ქალებს დამოუკიდებელი და მდგრადი შემოსავალი, რომელიც მათ თვითრწმენას აამაღლებს და საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებენ. ქალთა ოთახებთან ერთად შევქმენით ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საგრანტო პროგრამა, რომელმაც ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრ ქალს მისცა მოტივაცია, წამოეწყო ეკონომიკური საქმიანობა და საოჯახო შრომა შემოსავლის წყაროდ ექცია. ძალიან მეამაყება, ამ პროექტის ავტორი რომ ვარ. გამგეობის გარდა ახლა უკვე სხვა ორგანიზაციებიც დაინტერესდნენ ქალების წამოწყების დაფინანსებით. მომავალი წლიდან კერძო სექტორიც შემოგვიერთდება.
ჩემი დევიზია, ყველა ქალმა მიიღოს განათლება – შუახევში პროფესიული განათლების სასწავლებლის შექმნის თანამონაწილე ვარ. სასწავლებლის მიზანი ქალებისთვის განვითარებისა და ახალი პროფესიების დაუფლების შესაძლებლობის მიცემაა. ჩვენმა ქალებმა წარმატებით ისწავლეს საოჯახო სასტუმროს მართვა, ტურიზმის მენეჯმენტი და სარესტორნო ბიზნესის მოწყობა.
ერთ-ერთი საინტერესო პროექტი, რომელიც ასევე ჩემი ინიციატივით კეთდება, სოფლის მეურნეობის განვითარებას ეხება. კერძოდ, მიზნად გვაქვს, მოსახლეობას დავეხმაროთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მოკლე დროში მაღალი ხარისხის პროდუქტი მიიღონ. იმ პროცესს, რასაც, ჩვეულებრივ, 48 საათი სჭირდება, ახალი მიდგომებით 48 წუთი დასჭირდება. გარდა ამისა, ამ ტექნოლოგიას გარემოსდაცვითი ეფექტი აქვს და მეწყერსაშიში ზონების რისკებს ამცირებს. ამ პროექტში კიდევ ერთი ახალი ხედვა შემოვიტანე: ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სადემონსტრაციო ნაკვეთებს იმ მიწებზე მოვაწყობთ, რომლებიც ქალების მფლობელობაში იქნება. ამით ქალების საკუთრების უფლებასაც წავახალისებთ.
ჩვენთან ჯეროვანი ყურადღება ეთმობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის საჭიროებებსაც. ჩემი და ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ძალისხმევით, შუახევში მოეწყო დღის ცენტრი, რომელიც წარმატებულად მუშაობს შშმ ბავშვებთან. გასულ წელს დავნერგეთ შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამა და ახლა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ანიკასთან’’ ერთად ვმუშაობთ პორტუგალიური მოდელის ჩვენთან გადმოტანაზე. ეს მოდელი გულისხმობს შერეული ტიპის დღის ცენტრს, სადაც ბენეფიციარების ასაკი არ იქნება შეზღუდული.
მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სკოლამდელი განათლების მიმართულებითაც, ამჟამად მუნიციპალიტეტში 14 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, ასევე ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ალტერნატიული ბაღების შექმნის პროგრამაც. ამ ეტაპზე 9 ალტერნატიული ბაღია.
ძალიან მნიშვნელოვანია, ხმამაღლა ვთქვა, რომ ქალებს ერთმანეთის სოლიდარობა და გაერთიანება კარგად გამოგვდის. ჩემს მუნიციპალიტეტში სახელისუფლებო პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენელი ქალები ყოველთვის ერთსულოვნები და საქმეზე ორიენტირებულები ვართ ისეთ სოციალურ საკითხებში, როგორიც ქალების გაძლიერება, შშმ პირთა საჭიროებები და განათლების თემებია.
ინტერვიუ მომზადდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების ოფიციალურ პოლიტიკას ან შეხედულებებს.
The interview was supported by the United Nations Development Program (UNDP) and Sweden, within the framework of the United Nations Joint Program for Gender Equality. The views expressed in this document belong to the authors and may not reflect the official policies or views of the organizations listed above.
#პოლიტიკაshe