რუსუდან ჭელიძე, 80 წლის, ზემო ბახვი, გურია
რეპრესირებული ბავშვობა
———————————-
“ბავშვობა არც ეთქმის იმას, რაც მე მქონდა. ორი და ვიყავით მარტონი, მეტი ქვეყანაზე არავინ გვყავდა…
ჩემი ორივე მშობელი რეპრესირებული იყო – მამა რომ გადაასახლეს, დედაჩემიც დაიჭირეს. უწინ ასე იყო, მთელს ოჯახს ამოძირკვავდნენ ხოლმე. მამაჩემს ერთ-ერთ მიზეზად ის მოუდეს, რომ მისი ძმა საფრანგეთში იყო ლტოლვილად. ბიძაჩემს ვიღაცამ აცნობა თურმე, შავ სიაში ხარ და დაგიჭერენო. ამიტომ გაიქცა. თურქეთიდან გადავედიო, მერე გვწერდა. პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრები იყვნენ მისი მეგობრები და საფრანგეთში მათი დახმარებით ჩააღწია. იქვე გარდაიცვალა და ლევილის სასაფლაოზეა დაკრძალული. გაქანებული შპიონობა იყო მაშინ. მამაჩემი დაასმინეს, მაგას ძმა ყავს საზღვარგარეთ და არ არის სანდო კომუნისტური პარტიისთვისო. თან მამა ძალიან შეძლებული იყო და ყველას დამხმარე. აი, ამ დროს თავიკაცები და მამაჩემიც, მათ შორის, ერთ ნალიას გახსნიდენ, რომ გლეხებისთვის სათესლე სიმინდი დაერიგებიათ. ქველმოქმედი კაცი იყო საერთოდ და ალბათ, ამ მიზეზებითაც გადაასახლეს. მამაჩემმა ადგილამდეც ვერ ჩააღწია, მისმა გულმა ვერ გაუძლო და გზაში გარდაიცვალა თურმე. უფაშია დასაფლავებული.
დედაჩემი ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მუშაობდა მდივნად, შეუთითხნეს რაღაცეები და მამას გადასახლების მერე, ისიც დაიჭირეს. დედა ორი წლის შემდეგ დაბრუნდა პატიმრობიდან ძვლების დაავადებით და ტანჯვით მალევე გარდაიცვალა. მე ნათესავთან ვცხოვრობდი ამ დროს. დედის ტირილზე კი გამომიყვანეს ბახვში. პატარა ვიყავი და ბევრს ვერაფერს ვგრძმნობდი, მაგრამ ნერვიულობისგან სულ რაღაცას ვიწიწკნიდი ტანზე. მერეც დავჯდებოდი ხის ძირში და ვტიროდი, რატომ არ მყავს დედა მეთქი.”
დების გაქცევა
————————–
“ეს ამბები 1937-1938 წლებში ხდებოდა. მე და ჩემი და ძალიან პატარები ვიყავით. ამ ყველაფერზე ჩვენს მოხუც ბებიას, რომელიც ჩვენთან სახლში დარჩა, უცბად გული გაუსკდა და მოკვდა იგიც. ორი უწლოვანი ობოლი დავრჩით. ჩემი და ერთ-ერთ მეზობელთან გაიზარდა, მე კიდევ ერთმა შორეულმა ნათესავმა წამიყვანა სხვა სოფელში. მე, რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ იმ ხალხის, მაგრამ რის ფასად – უზიდავი ტვირთი უნდა მეზიდა, მთელი დღე მეშრომა და ხანდახან კიდეც წაგვითაქებდნენ. იმდენად არაადამიანურ პირობებში ვცხოვრობდი, იმის გახსენება არ მინდა.
იმ სოფელში მხოლოდ დაწყებითი სკოლა იყო. ის რომ დავამთავრე, ბახვის სკოლაში გავაგრძელე სწავლა. ჩემი დაც აქ სწავლობდა და ერთმანეთი რომ ვნახეთ, მოვილაპარაკეთ და მარტო ცხოვრება გადავწყვიტეთ. მე იქიდან გამოვიქეცი, ჩემი და მეზობლის სახლიდან. მოვედით და დავჯექით ჩვენი მშობლების სახლში. მანამდე სულ აქირავებდნენ, შიგ ვის აღარ უშვებდნენ და მინაგავებული, გაქურდული და დაოხრებული იყო ყველაფერი. რაღაც-რაღცეებს მოვუყარეთ თავი – ზოგმა ცოცხი მოგვიტანა, ზოგმა ვედრო და ასე დავალაგეთ ჩვენი სახლი. მე ცამეტი წლის ვიყავი და ჩემი და მეთოთხმეტეში, მარტო ცხოვრება რომ დავიწყეთ.
დიდი ეზო გვქონდა, სადაც დიდი რაოდენობით მოდიოდა ყურძენი, ხილი, თხილი და ამ ყველაფერს ვყიდიდით. თან თავმჯდომარე გამოგვერია ისეთი კარგი პიროვნება, რომ ჩვენს სახლში გახსნა ბაგა-ბაღი და ქირას გვიხდიდა. ეს ბაგა-ბაღი იკეტებოდა ზამთარში, რადგან ჩაის კრეფა არ იყო, მაგრამ იმ ვეშს შეყრიდნენ ერთ-ერთ ოთახში იმის გამო, რომ ჩვენთვის ზამთარშიც გადაეხადა ქირა და ლუკმა-პური გვეჭამა. მშობლების სახლი მოგვიანებით ჩამოგვენგრა, ეს კი ჩემი მეუღლის აშენებული სახლია იმ ეზოშივე, მაგრამ ადგილი ცოტა შევუცვალეთ.”
წინააღმდეგობები
————————–
“სულ მარტოები ვიყავით, კარიც სულ ღია გვრჩებდა, მაგრამ არაფრის გვეშინოდა. არასოდეს შევუშინებივართ სოფელში ვინმეს. პირიქით, ყველა გვეხმარებოდა და ჩვენ ამ სოფელმა გაგვიტანა. ასე გავიზარდეთ ორი პატარა გოგო სოფლის და ერთმანეთის მხარდაჭერით. საშუალოც დავამთავრეთ და ჩემმა დამ უნივერსიტეტეშიც ჩააბარა. ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა და მუშაობდა ამ განხრით. მე ვეღარ ვისწავლე, რადგან ჩემს სტუდენტ დას შენახვა უნდოდა თბილისში. ამიტომ, მუშაობა დავიწყე და რაც შემეძლო ვეხმარებოდი მას. მერე კი მაინც დავამთავრე ერთწლიანი საქმისწარმოების კურსები აქვე ოზურგეთში.
მუშაობის დაწყების დროს შემხვდა წინაამღდეგობები. მაგალითად, სულ პირველად მეზობელმა მბეჭდავის ნახევარშტატიანი სამსახური გამომინახა კოლმეურნეობაში, მაგრამ თავმჯდომარემ თავი შეიკავა. შემდეგ კი, როცა საქმის წარმოების კურსები გავიარე, ადგილი მალევე ვიშოვე, მაგრამ აქაც წინააღმდეგობები იყო იმის გამო, რომ რეპრესირებული მშობლების შვილი ვიყავი. ბოლოს გამოსავალი მოძებნა დირექტორმა და ოფიციალურად დამლაგებლის შტატზე გამაფორმა. რეპრესირებული ოჯახის წარმომადგენელს მხოლოდ შავ სამუშაოზე შეეძლო მუშაობა. არაფორმალურად კი საქმისმწარმოებლად ვმუშაობდი ბევრი წელი ორ ადგილას – სკოლასა და დავით ანდღულაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში.”
ხელახალი რეპრესია
—————————–
“საბჭოთა კავშირს, ნამდვილად, არ მივსტირი მე იმიტომ, რომ რუსი ყოველთვის მოძალადე იყო, მაგრამ პირობებს მივსტირი. მე ახლა მეტ რეპრესიას ვგრძნობ, რაც ასაკში შევედი. მაშინ ყველას ვეცოდებოდით და ახლა ძალიან ხშირად შემახენებენ, რომ ვარ 80 წლის. მაგალითად, ბანკში მივალ, მკითხავენ ასაკს და აღმოჩნდება, რომ შეზღუდული ვარ და 2-3 თვიან კრედიტს ვერ ავიღებ. ასე გრძელდება ყველგან და ყოველდღიურად შეხსენება იმისა, რომ 80 წლის ვარ და ახლა აღარაფერში გამოვდგები. თუ გინდ მთავრობა თქვი – ერთი 10 ლარი ვერ გაიმეტეს, რომ პენსიას მოუმატონ და პენსიონერმა წამლები იყიდოს? ჯერ რა ფასები აქვს წამლებს, ხო არ წარმეიდგინება და ეს რეპრესია არ არის?! კიდევ კარგი შვილი მყავს და კარგი სიძე, რომელიც მუშაობს და ვინ მომაშიებს, მაგრამ ისინი რომ არ მყოლოდნენ, მე აქამდე ვერ მივაწევდი. ვისაც არ ჰყავს შვილები, იმათ რა ქნან?! არავინ გვაქცევს გლეხებს ყურადღებას. გლეხი არჩენს ქვეყანას და იმუშავებს, თუ ექნება ამის საშუალება. მაგრამ, არავინ მასესხებს ფულს, რომ თუნდაც ჩემს ერთ ჰექტარ მიწაზე საქონელი ვიყოლიო და მეურნეობა მოვაშენო. მე შემიძლია და ახლაც ვშრომობ ჩემს ბოსტანში.
სახელმწიფოს მხარდაჭერას ვერაფერში ვგრძნობ. აი, მაგალითად, ერთ-ერთ პოლიკლინიკაზე მითხრეს, იქ ხარ მიწერილი დაზღვევითო. მივედი და მეუბნებიან, ყურის და თვალის ექიმი არ გვყავსო. მოხუცებულს მაგი უნდა, აბა, ახლა მე ხომ ვერ გამაახალგაზრდავებს ვერავინ?! კაი, წავედი იქედან მეორე პოლიკლინიკაში. მითხრეს, აქ არ ხარ ჩაწერილი და ფული უნდა გადაიხადოო. კაი, გადავიხდი რაცხაა გადასახდელია, მარა აგერ რიგში უნდა ჩადგე და საბუთები ეიღო; აგერ რიგში უნდა ჩადგე, ექიმთან შეხვიდა. ამასობაში მომივიდა გული, რაღათ მინდა უკვე ექიმი. რა არის ეს?! საქართველოს მოქალაქე ვარ, ამ რაიონის მაცხოვრებელი და არ უნდა მქონდეს უფლება, სადაც მინდა იქ მივიდე ექიმთან?! რა კანონია ეს?! ნუთუ ყველა ქვეყანაში ასეა? ასეთი ტექნიკური პრობლემების გამოა, რომ ერთი კაპიკიც არ გამომიყენებია სახელწიფო დაზღვევის. მე რაც მჭირდება, იგი არაა და…”
ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტოგრაფი: ნინო ბაიდაური