სალომე საღარაძე, 37 წლის, ბათუმი/თბილისი

„რეჟისორობა ყოველთვის მინდოდა. ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტში გაიხსნა კინოსარეჟისორო და როცა პირველად გამოაცხადეს მიღება, კულუარული ინფორმაცია გაჟღერდა – გოგონებს არ ღებულობენო. ინსტიტუტში თვლიდნენ, რომ გოგოს საქმე არ იყო კინორეჟისორობა. ერთი გოგო იყო იმ წელს თურმე, ვისაც უნდოდა ჩაბარება და ურჩიეს, რომ კინომცოდნეობაზე გადაეტანა საბუთები. მართლაც, პირველ სარეჟისორო ჯგუფში იყვნენ მხოლოდ ბიჭები. რამდენიმე წლის შემდეგ, ასეთი ამბავი მოვიდა, რომ ახლა ტელე-სარეჟისორო იხსნებოდა. ტელევიზიაში შეიძლება იყოს ქალიო და ასე მოვხვდი სარეჟისოროზე. ოჯახიდან ამ თემაზე არ შემხვედრია წინააღმდეგობა, თუმცა, ცოტა უნდობლობა და არასერიოზული დამოკიდებულება იყო კი. მახსოვს ბებიაჩემი მეუბნებოდა ხოლმე, „რა არის ეხლა, რამდენი ხანი უნდა ირბინო კამერებით?! ოჯახი შექმენი, ბავშვი გააჩინე და მერე გააკეთე რაც გინდა“. შემოსავალი რომ გამიჩნდა ამ საქმიდან, მერე აღიარეს ეს ჩემს პროფესიად. თუმცა, ამ სფეროში მომუშავე რამდენიმე გოგოს ისტორია ვიცი, რომლებსაც ოჯახები დღემდე ურჩევენ პროფესიის შეცვლას.

ჩემი ბიჭი კურსელები არასოდეს უშვებდნენ მომენტს არ ეთქვათ „ქალი რეჟისორი არ ვარგა“… სულ ვფიქრობდი მერე, რატო არ ვარგა ქალი რეჟისორი?! არ იცის ამბის მოყოლა? არ იცის კამერაში ჩახედვა თუ კითხვა არ იცის? თუ რა უნარი არ აქვს? კარგი, შეიძლება თქვა, რომ ტანკისტად ყოფნა გაუჭირდება იმიტომ, რომ კუნთებზეა დამოკიდებული. მაგრამ, ამ შემთხვევაში, რეჟისორი უბრალოდ არის გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი, რომელიც წყვეტს სცენარი რომელი მიმართულებით წაიყვანოს და როგორ მოყვეს ამბავი. ამას რატომ ჭირდება რომელიმე კონკრეტული სქესი აუცილებლად?!

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ვეჯახებოდი იმ სტრეოტიპს, რომ ქალი არ უნდა იყოს მეზღვაური, ქალი არ უნდა უკრავდეს საქსოფონზეც კი და ა.შ. და მთელი ცხოვრება ვიბრძოდი, პრინციპში, ვებრძოდი იმ ქალებსაც, რომლებიც ასე ფიქრობდნენ. დღეს შეიძლება ქალი მეზღვაურიც არსებობს, მაგრამ ის აზრი, რომ ქალი არ უნდა იყოს მეზღვაური, მაინც მყარადაა გამჯდარი ჩვენს აზროვნებაში. გოგონებს თავიდანვე უბიძგებენ „მათთვის შესაფერისი პროფესიებისკენ“, ან კიდევ, უბრალოდ, დიასახლისობისკენ.

მანამ სარეჟისოროზე ჩავაბარებდი, ტურიზმის ბიზნესზე ვსწავლობდი. ბოლო სახელმწიფო გამოცდიდან როცა გამოვედი, ოჯახში გამომიცხადეს – შენ სასტუმროში არ იმუშავებ, ეს არ არის ქალის საქმეო. ამ დროს რომ ფიქრობ – პროექტი დაწერო, ტურისტები ჩამოიყვანო, ან სასტუმროებთან კავშირები დაამყარო… ნუ, მაშინ ამაზე ვფიქრობდი და თურმე ეს შენთვის არ შეიძლება. ოჯახისშვილი ღამეს ხომ ვერ გაათევ სასტუმროში, ეს სირცხვილია (!).

მახსოვს, ჩემი პირველი საკურსო ფილმი გავიდა სტუდენტურ ფესტივალზე. ერთი კურსელი ბიჭი მოვიდა და გამომიცხადა, რომ ქალისთვის ეს ფილმი ძალიან კარგია. ვკითხე, რას ნიშნავს ქალისთვის-მეთქი. მისი აზრით, კაცი უკეთესად უნდა იღებდეს. სულ იყო ეს დამოკიდებულებები. ბოლოს ჩემმა სადიპლომო ნამუშევარმა სტუდენტურ ფესტივალზე გრან პრი აიღო და ერთმა ჯგუფელმა ბიჭმა, რომელთანაც სულ ვკამათობდი ამ თემებზე, მითხრა, რომ ერთადერთი მინდა შენნაირად ვიცოდე გადაღებაო. ალბათ არ იყო ფხიზელი, თორემ არ გამოტყდებოდა ამაში არასოდეს. 4 წელი დამჭირდა, მხოლოდ ეს ფრაზა რომ მომესმინა. მაგრამ იყვნენ ჩემს ირგვლივ ისეთი ბიჭები, რომლებიც სხვანაირად ფიქრობდნენ და ერთადაც ვიღებდით ხოლმე.

ერთხელ საკურსო ფილმის მონტაჟი მომიწია კერძო სამონტაჟო ოფისში, სადაც ბიჭები ქორწილებს ამონტაჟებდნენ. იქ ბევრი უცხო ადამიანი ტრიალებდა და როგორც კი დამინახავდნენ სამონტაჟოსთან, ძალიან უკვირდათ. აი, თითქოს ქალი ნახეს ტრაქტორზე. თან მეკითხებოდნენ „შენ ამონტაჟებ? ვა, როგორ ამონტაჟებ შენ?“ ჰო, იყო ეს დამოკიდებულება, რომ ქალის გონებას არ შეუძლია კომპიუტერის გაგება. მეც იმდენად დამარწმუნა საზოგადოებამ, რომ ის, რასაც მე ვაკეთებ არის უცნაური, მერე მეც კი მიკვირდა სხვა მემონტაჟე ქალის დანახვა.

ტელევიზიაში მუშაობის დროს, არ ვიყავი ოპერატორი, მაგრამ მქონდა ჩემი კამერა და ბიჭი ჟურნალისტები თავისუფალ ოპერატორს რომ ვერ იპოვნიდნენ ხოლმე, მე მივყვებოდი გადასაღებად. უცნაური იყო რეაქციები, რადგან ელოდებოდნენ, რომ მე უნდა მჭეროდა მიკროფონი, ბიჭს კი კამერა და ცოტა გაოგნებული იყო ხალხი. დღემდე უკვირთ ხოლმე, როცა ვხვდები დამკვეთ ორგანიზაციას. იმდენად უკვირთ, რომ რაღაც ზებუნებრივ ძალას მიაწერენ ხოლმე. მართალია, რაც დრო გადის ბევრი რამ იცვლება, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გამოვძვერით და ვერ ვაზროვნებთ სტერეოტიპების გარეშე.

ერთმა სტუდენტმაც თქვა კარგად, იმისათვის რომ კინო გადაიღო უნდა ეგდო ქუჩაში 24 საათი, რადგან ეძებ მსახიობს, ეძებ ქუჩას, სახლს, თუნდაც ისტორიას, ამბავს…. ქალების ჯგუფს არ ახასიათებთ 24 საათი ქუჩაში დგომა. ჩვენ ამის უფლებაც არ გვაქვს რეალურად. ამიტომ, შენ თუ ქუჩაში ხარ გამოდის, რომ არღვევ მთავარ პატრიარქალურ წესს და გიწევს მოსმენა „რატომ ხარ დღე-ღამე ქუჩაში, რას აკეთებ?!“. ბიჭები ისედაც სულ ქუჩაში არიან და როდესაც ერთს რაღაცის გაკეთება უნდა, მაგალითად, გადამღები ჯგუფის შეკრება, ჯგუფი იკვრება უკვე იმ ბიჭებისგან. მე მომისმენია ხოლმე, რომ ბიჭი ურჩევნიათ ჯგუფში, რახან ღამესაც გაათევს სტუდიაში როცა საჭიროა, ქალისგან განსხვავებით, რომელსაც ამის უფლება არა აქვს. კაცებმა რომ მიგიღონ ჯგუფში, გეუბნებიან „კარგი, გადაიღე ჩემზე მაგარი“ და შენნაირი რომ გადავიღო? ანუ შენნაირ ქალ რეჟისორს, არსებობის უფლება არა აქვს? ანუ მასზე უფრო მაგარი უნდა იყო, რომ მასთან მოხვდე. აუცილებლად კოსმონავტი უნდა იყო იმისათვის, რომ ავტომობილის მართვის უფლება მოგცენ. მოკლედ, „სასტავი“ აკეთებს კინოს და აქ შეღწევა ქალისთვის არის ძალიან რთული იმიტომ, რომ შენ 24 საათი ქუჩაში, მით უმეტეს თუ ქმარი გყავს ან პატრიარქალური ოჯახი გაქვს, ვერ ხარ.

მახსოვს, მთაში ვიღებდით მუსიკალურ კლიპს და მთელი სოფელი შეიყარა ჩვენს სანახავად. კაცები მოგვიახლოვდნენ და წამოწვნენ მინდორზე შორიახლო. ქალებმა ვერ გაბედეს და ეზოებიდან გვიყურებდნენ, არადა მოცეკვავე ბავშვებს ვიღებდით. შემთხვევით შევამჩნიე და შევთავაზე მოდით ახლოდან ნახეთ-თქო. თითქოს ერთმანეთისგან აიღეს ნებართვა და ერთად წამოვიდნენ სანახავად. გაერთიანდნენ, ასე ვთქვათ. მარტო ვერცერთი ვერ ბედავდა მოსვლას. მაშინ, როცა მათი ძმები და ქმრები უკვე მინდორზე წამოწოლილი ადევნებდნენ თვალს სანახაობას.

10 წლის წინ ქალაქი შევიცვალე, თბილისში ჩამოვედი. ბათუმში უკვე ჩომოყალიბებული ჯგუფიდან ავტომატურად ამოვვარდი და მომიწია თბილისში ახალი ჯგუფის ძებნა. ის ბიჭები, რომლებიც კურსელები იყვნენ და ძველი მეგობრები, მათთან ერთად შეიძლებოდა გადაღება, მაგრამ ახალი ბიჭი მეგობრების გაჩენა უკვე აღარ. შენზე, როგორც გარკვეულ ასაკში მყოფ ქალზე, ხდება დიდი კონტროლი. აი, მანდ უკვე დავრჩი მარტო. ქალები კი ისევ უმცირესობაში ვართ ამ პროფესიაში და სანთლით თუ მოძებნი, ან თვითონ თუ მოგძებნის. ამ ბოლოს თუ დააკვირდებით, რესტორნებშიც კი მამაკაცები ქალების გარეშე ქეიფობენ და ქალები მამაკაცების გარეშე სვამენ ყავას. იშვიათად თუ შეხვდები შერეულ სუფრებს. საქართველოშიც ყველაფერი სუფრიდან იწყება და სუფრით მთავრდება.

იმასაც ამბობენ, რომ რეჟისორობა ან ოპერატორობა ფიზიკური შრომაა და შენთვის არ შეიძლება სიცივეში ქუჩაში წანწალი. ამ დროს მახსენდება 90-იანებში, ეზოში გაყინულ წყალში რომ ვრეცხავდით სარეცხს და თავზე გვათოვდა. ეს შეიძლება და კამერით დგომა არ შეიძლება?! ან სოფელში ქალები დილით რომ დაიხრებიან ბოსტანში და საღამომდე ასე მუშაობენ, იმათ ვინ უკონტროლებს ეს რამდენად შეიძლება მათი ჯანმრთელობისთვის, ან რამდენად მძიმეა მათთვის?!

აღმოვაჩინე, რომ ჩემი დამკვეთების უმრავლესობა ქალია. პირველად როცა კაცმა დამიქირავა ოპერატორად, ცოტა გამიკვირდა. მახსოვს დამირეკა რეჟისორმა დათო ქემხაძემ და მითხრა, რომ ვიღებ დედათა მონასტერს და მჭირდება ქალი ოპერატორიო. პრიორიტეტი მქონდა იმიტომ, რომ ვიყავი ქალი. სხვა შემთხვევაში, ალბათ, ძალიან მარტივად ჩამანაცვლებდა ოპერატორი ბიჭი მისი გარემოცვიდან. საბოლოო ჯამში ისეთი კარგი ფილმი გამოვიდა, რომ მთავარი პრიზი აიღო ერთ-ერთ საერთაშორისო ფესტივალზე და ამის შემდეგაც, როცა სჭირდება დათოს ოპერატორი, უკვე მე მირეკავს.

ყველას არ ეხება, მაგრამ კაცები ხშირად ცდილობენ საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას. ერთხელ ერთ-ერთ ფოტოგრაფ კაცთან ერთად ვმუშაობდი. ორივე ერთდროულად დაგვიქირავეს და ორივეს ერთდროულად გვესაუბრა ორგანიზატორი. შუა გადაღების დროს რამდენჯერმე შემხვდა გადასაღებ მოედანზე და ყოველ შეხვედრაზე მეუბნებოდა – „მადლობა, კარგად მეხმარები!“. აი, რატომ ვეხმარებოდი, ორივეს ერთნაირი ხელფასი გვქონდა, მე ჩემს დავალებას ვიღებდი და ის თავისას. ბოლოს ვუთხარი, იქნებ თქვენ მეხმარებით-მეთქი. აშკარად არ ელოდა და ესეც შეიძლებაო. ამის გამო, სპეციალურად ორჯერ მეტი ენერგია დავხარჯე იმისათვის, რომ უკეთესი მასალა გამეგზავნა ორგანიზაციისთვის, ვიდრე ის გააგზავნიდა.

მე, როგორც ქალს, ბოლომდე თავისუფლება არ მაქვს ჩემს პროფესიაშიც კი, რომლისთვისაც ბევრი ვიბრძოლე, რეპრესიული კულტურიდან გამომდინარე. ყოველთვის ვცდილობ, რომ თავშეკავებული ვიყო. აი, მაგალითად, არ ვაჩვენო შიშველი სხეული, არ გადავიღო ეროტიული სცენა ჩემს ფილმში, ზუსტად ამ კულტურის გავლენით. სულ მაქვს ეს წინააღმდეგობა და მიწევს ფიქრი იმაზე, ჩემგან როგორ მიიღებენ.

საქართველოში თუ გოგოდ დაიბადე, რეალურ ცხოვრებას ვერ ეხები ვერსად გარდა იმისა, რაც ხდება სახლში, ოთხ კედელს შუა. არა და არაფერი არ ხდება სამზარეულში. წარმოიდგინე, შენ სწავლობ სარეჟისოროზე და არაფერი გადაგხდენია თავს. მახსოვს პირველი სცენარი, რაც მინდოდა გამეკეთებინა იყო ქალი, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში უყურებს თეთრ კედელს და როგორც კი გარეთ აღმოჩნდება ეგრევე ყველა ცდილობს მოარიდოს გარე სივრცეს და უთხრას „წადი სახლში“. გარეთ რა ამბები იყო ამ დროს? გარეთ იყო არეულობები, გადატრიალებები, დროშების ფრიალი…„აბა მოყევით ახლა, რისი თქმა გინდათ?!“ – გვეკითხებოდნენ ლექტორები. მხოლოდ ის მინდა ვთქვა, რომ თეთრ კედელს ვუყურებდი მთელი ის პერიოდი, როცა გარეთ რაღაც ხდებოდა.

ამ ბოლო დროს კი ყველაფრის მოყოლას ასე ვიწყებ – „ერთხელ გადაღებაზე ვიყავი…“ გადაღებაზე თუ არ იყავი, სად მოხვდები? ვერსად! სად აღარ ვარ იცი ნამყოფი? სადღაც მთის კენწეროზე და წყლის ქვეშ მაღაროშიც. რომელი ქალი მოხვდება მანდ?! კი, კაცს მოუნდება და მოხვდება. შემთხვევით მოხვდება, ძმაკაცთან ერთად მოხვდება ან სპეციალურად მივა და შეაღწევს. არავინ აუკრძალავს, თუ ეს სპეციალურად დაცული ტერიტორია არაა, არავის გაუკვირდება. ქალი აღარ აკეთებს იმ რაღაცეებს, რასაც უშლიან და უშლიან ყველაფერს, რაც საზოგადეობასთან, გარეთ გასვლასთან, თავისუფლებასთან კავშირშია. ძალიან შეზღუდული ვიყავი, სანამ ამ პროფესიას დავიწყებდი მხოლოდ იმიტომ, რომ ვიყავი ქალი. არც გასათხოვარი გოგოს „ფშტიალი“ შეიძლებოდა და აღარც გათხოვილი ქალის.

ხანდახან მხვდებიან ქალები, რომლებსაც არ სჯერათ, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლები არიან. ისინი ამბობენ, რომ არასოდეს ქონიათ პრობლემები, თუნდაც, პროფესიის თვალსაზრისით. მე კი ვეუბნები, რომ მართალია კამერას არასოდეს მღლეტდნენ ხელიდან, მაგრამ პრობლემები მქონდა და მაქვს დღესაც. ამ ყველაფრის გამო, ბევრჯერ დამიკარგავს საკუთარი თავის და ნიჭის ნდობა. მაგრამ გამოვძვერი და ვაგრძელებ იმას, რისი კეთებაც ყოველთვის მინდოდა.“

მსგავსი ისტორიები