სალომე ცოფურაშვილი, 32 წლის, თბილისი

„დედაჩემი ოჯახში პირველი შვილი იყო. ბებიას და პაპას სიყვარულზე მთელი ცხოვრება ლეგენდებს გვიყვებოდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბებიაჩემმა გოგო რომ გააჩინა, პაპაჩემი ორი დღე არ ელაპარაკებოდა. აღმოჩნდა, რომ პაპასაც, როგორც ყველა ქართველ კაცს, პირველი შვილი ბიჭი უნდოდა. შეიძლება ამან განაპირობა, შეიძლება ზოგადად დაგროვებულმა გამოცდილებამ, მაგრამ დედა ყოველთვის ამბობდა: ცხოვრებაში ერთ რამეში ნამდვილად გაუმართლა, ორი გოგო უნდოდა და ორი გოგო გაუჩნდა. მე რომ დავიბადე ეს მის ცხოვრებაში უბედნიერესი დღე იყო, რადგან ერთმანეთს დები ვეყოლებოდით.

დედას ცხოვრებაში ბევრი რამ ისე არ იყო, როგორც თავად სურდა და ამაში დიდი წვლილი იყო იმის, რომ ის ქალი იყო. თვითონ ყოველთვის აკლდა სულიერი სიახლოვე დედამისთან, ამიტომ, მაქსიმალურად ცდილობდა ჩემთვის და ჩემი დისთვის ის დანაკლისები შეევსო, რასაც თვითონ განიცდიდა მთელი ცხოვრება. ცდილობდა ჩვენი შეხედულებები გაეგო და გაეზიარებინა: კითხულობდა იმ წიგნებს, რომლებსაც ჩვენ ვკითხულობდით, ჩვენთან ერთად უყურებდა ფილმებს, რომელთა ნახვაც გვინდოდა. მახსოვს, ალმოდოვარის „ცუდი აღზრდა“ ახალი გამოსული იყო ჩემმა დამ დისკი რომ სახლში მოიტანა. დიდის ამბით ვემზადებოდით საყურებლად. დედაც ჩამოგვიჯდა, მეც მაინტერესებს თქვენთან ერთად უნდა ვუყუროო. ფილმი რომ დამთავრდა, მე და თათა უხერხული დუმილით ვდუმდით. სიჩუმე დედამ დაარღვია და პირველმა თქვა კარგი ფილმი იყოო. მან მოახერხა ის, რაც ბებიამ ვერ შეძლო: საკუთარი შვილებისთვის საუკეთესო მეგობარი გამხდარიყო.

ჩემს ცხოვრებაში ყოფილა შემთხვევები, როცა რაღაც საკითხებში დედას უკეთესად ესმოდა ჩემი და მიგებდა, ვიდრე ჩემი თანატოლი მეგობრები. თუმცა, მუდმივად ქენჯნიდა სინდისი და აწუხებდა, რომ ბევრი რამ ისე ვერ გააკეთა თავის დროზე, როგორც მოგვიანებით თვლიდა რომ საჭირო იყო. სულ ამბობდა, რომ ჩვენი გაზრდისას ბევრი რამ შეეშალა თავიდან, განსაკუთრებით ჩემს დასთან, რომელიც ჩემზე უფროსია და მისი ცხოვრების ძალიან სტრესულ და რთულ პერიოდს ბუნებრივია უფრო მეტად მოესწრო, ვიდრე მე.

დედა ინჟინერი იყო, მაგრამ 90-იანი წლების დასაწყისიდან მისი სამსახური დაიხურა ისევე, როგორც უამრავი რამ და მას მერე მთლიანად ჩვენზე იყო გადმორთული. მუდმივად გვეუბნებოდა, რომ უნდა გვესწავლა და დამოუკიდებლები ვყოფილიყავით, იმდენი შემოსავალი უნდა გვქონოდა, რომ პირადი ნივთებისთვის საყიდელი ფული ქმრებისთვის არ გვეთხოვა. ყველაფერს აკეთებდა და იკლებდა ჩვენ რომ ჩვენი სურვილებისა და ოცნებების ასრულება შეგვძლებოდა. ეს სურვილები და ოცნებები კი მე და ჩემს დას საერთო გვქონდა: სასწავლებლად წავსულიყავით სადმე და დამოუკიდებლად გვეცხოვრა. 90-იანი წლების თბილისში ჩვენთვის ეს ნამდვილი ნახევრად ფანტასტიკის ჟანრის ოცნება იყო, როცა ოჯახს ძალიან ხშირად საკმარისი საჭმელიც არ ქონდა, და არც ამდენი გაცვლითი და სასტიპენდიო პროგრამა არსებობდა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ამგვარი ოცნება ჩემმა დამ განაპირობა. როცა პატარა, მაწაკი და ვიყავი, ძალიან ბევრ რამეს ვუფუჭებდი უნებურად, დღიურში ხუთიანებს ვუწერდი (კეთილი განზრახვით), ან მისი და მისი დაქალის საიდუმლობებს წამოვაყრანტალებდი მშობლებთან, თუმცა ამას ვერ ვხვდებოდი. მასთან საერთოს გამონახვის მიზნით, როცა სახლში არ იყო ხოლმე, მის წიგნებში ვიქექებოდი და იმას ვკითხულობდი, რასაც ის კითხულობდა, ვრთავდი იმ კასეტებს, რასაც ის უსმენდა და მერე ყველაფერს ისე ვალაგებდი რომ ეს არ შეემჩნია. ვცდილობდი ჩემი ინტერესები მისი ინტერესებისთვის დამემთხვია.

11 წლის რომ ვიყავი, ჩემმა დამ ჯინ ვებსტერის „გრძელფეხება მამილო“ მირჩია წასაკითხად და მაშინ მექცა ჩამოყალიბებულ მიზნად, მეც წავსულიყავი სადმე კოლეჯში და მარტოს მეცხოვრა ახალი ხალხისა და ახალი სამყაროს გარემოცვაში.

ისე მოხდა, რომ ეს ოცნება რომ ამისრულდა და სტიპენდია მივიღე ბუდაპეშტში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში გენდერის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე რომ მესწავლა, თათა სადოქტოროს გერმანიაში აკეთებდა. გული მეთანაღრებოდა, რომ დედა მარტო რჩებოდა, მაგრამ ამაზე პასუხი ყოველთვის ერთი იყო: „ოღონდ თქვენ იყავით კარგად“. ეს ძალიან სტრესული წელი იყო, მართალია, ბოლოსდაბოლოს ისეთ სივრცეში მოვხვდი, როგორში მოხვედრაც მთელი ცხოვრება მინდოდა, ძალიან ბევრი ძვირფასი ადამიანი გავიცანი, საკუთარი თავიც ამასთანავე, მაგრამ იყო კრიზისული მომენტებიც, როცა ჩემოდნის ჩალაგება და უკან გამობრუნება სწორედ დედასთან ლაპარაკმა გადამაფიქრებინა. თუმცა, რომ არა იქაური მეგობრების მხარდაჭერა და გამხნევება, ალბათ, რაღაც მომენტში მაინც ვერ გავძლებდი.

ფოტოების გადაღება ბუდაპეშტში ყოფნისას ერთი წლის დაწყებული მქონდა და ქალის სხეულებრივ გამოცდილებებზე კითხვისას ავიკვიატე, რომ აუცილებლად უნდა გადამეღო მკერდმოკვეთილი ქალი, რაც დედას გავუზიარე კიდეც. რომ დავბრუნდი მშობლები აეროპორტში დამხვდნენ, დედას შეცვლილი ვარცხნილობა ჰქონდა. თმაზე ხელი მოვკიდე და არაბუნებრივად უხეში იყო. გაოცებულს მითხრა, რომ თმის ცვენა დაეწყო, ამიტომ გადაიპარსა და პარიკი ეხურა. უცნაურად მომეჩვენა, მაგრამ არაფერი მითქვამს. რამდენიმე დღის მერე, როცა რაღაც, თითქოსდა არაფერის მთქმელი დეტალები რომ დაგროვდა, კატეგორიულად მოვითხოვე ეთქვა, ბოლო-ბოლო რა ხდებოდა. როგორც აღმოჩნდა ჩვენს არყოფნაში მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს თურმე, ოპერაცია გაუკეთებია, ქიმიოთერაპიის კურსებს გადიოდა, ხოლო მე და ჩემმა დამ ამაზე არაფერი ვიცოდით და ყოველ საღამოს, როცა ვურეკავდით უმძიმეს მდგომარეობაში მყოფს ათას სისულელეზე ვეწუწუნებოდით. ეს იყო საშინელი სირცხვილის გრძნობა, რომ დედას გვერდით მაშინ არ ვიყავი, როცა ყველაზე მეტად ვჭირდებოდი. როცა ის კიბოს ებრძოდა, ამაზე წარმოდგენა არ მქონდა და მხოლოდ იმაზე ვდარდობდი, თუ როგორ მოვაბამდი თავს ფინალური ესეებისა და სამაგისტრო თეზისის დაწერას. ეგოისტურად ვთვლიდი, რომ არასწორი იყო ეს რომ არ გამაგებინა, ამით არჩევანის გაკეთების საშუალება არ მომცა. თუმცა, იმასაც ვაცნობიერებდი რამხელა ძალისხმევად დაუჯდა ის, რომ არჩევანის წინაშე არ დაგვაყენა არც მე და არც ჩემი და და იმასაც ვხვდებოდი, რომ მის ადგილას მეც ასევე მოვიქცეოდი, თუმცა ჩემი – შვილის პოზიციიდან მაინც ვერ ვურიგდებოდი მის ამ გადაწყვეტილებას.

მაშინ გადავწვიტე, რომ აღარასდროს ვეცდებოდი სადმე წასვლას და ყოველთვის მასთან ვიქნებოდი. დედას არასდროს, წამითაც არ უგრძნობინებია ჩვენთვის რა ტრავმას განიცდიდა ოპერაციის შემდეგ, როგორ უჭირდა თავისი ტრანსფორმაცია განცდილი სხეულის მიღება. ის კი აქვს ნათქვამი, რომ მკერდის მოკვეთის ოპერაცია ისე დაანიშნინა, არც უფიქრია, რადგან იცოდა, რომ ჯანრმთელი და ცოცხალი უნდა ყოფილიყო, რადგან თავის შვილებს სჭირდებოდა. ცოტაც რომ ეფიქრა ამაზე, არ იცოდა მოკვეთას რამდენად დათანხმებოდა. ზოგადად, ყოველთვის თვლიდა, რომ საკუთარი ტკივილი თავისთვის უნდა შეენახა და ამის გამომზეურებით ახლობელი ადამიანები კიდევ უფრო არ დაემძიმებინა. ეს თვისება ორივე დას გადმოგვყვა, ჩვენ სამს შორის მე კიდევ ყველაზე „მტირალა“ ვარ. ერთადერთხელ იყო, როცა ბოლო გადასხმას იკეთებდა სხვა ქალთან ერთად, მასთან ლაპარაკში აღიარა ყოველ დილა-საღამოს როგორ უჭირდა საკუთარი სხეულის დანახვა, თქვა რომ სხვებს, ვისაც საშვილოსნო ჰქონდათ ამოჭრილი, ყოველდღიურად არ ახსენებდა თავს, რომ ეს სხეული ქალის აღარ იყო. ამ დროს მე ოთახიდან გასული ვიყავი და ღია კარიდან გავიგე მისი ეს ნათქვამი. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ამაზე დაიჩივლა და მე გავიგონე. ოთახში რომ ვყოფილიყავი, ალბათ მაშინ არც იტყოდა. ერთხელ კი, დედა რაღაც ფილმს უყურებდა, რომლის გმირ ქალსაც მკერდის კიბო აქვს. მე ჩემს ოთახში ვიყავი. მასთან რომ გავედი დავინახე რომ ტიროდა. სასწრაფოდ სამზარეულოში შევედი და ჭურჭელი ავახმაურე, თან ვცდილობდი ყელში მოწოლილი ბურთი რამენაირად უკან ჩამებრუნებინა და მასაც დრო ჰქონოდა, რომ ცრემლები შეემშრალებინა სანამ გვერდით მივუჯდებოდი. ჩემს სახლში ქალებს არ გვიყვარს როცა ნამტირალევს გვხედავენ. და როცა შეკავებულ ცრემლებს ვამჩნევთ ერთმანეთს, ვცდილობთ არ შევიმჩნიოთ რომ შევამჩნიეთ. და მაშინაც როცა ვგრძნობთ რომ შეგვამჩნიეს, მაგრამ არ შეიმჩნიეს, გულში ერთმანეთის მადლობლები ვართ ამ არშემჩნევის გამო.

მისი ოპერაციიდან ერთი წლის შემდეგ „ცხელ შოკოლადს“ ფოტო კონკურსი ჰქონდა გამოცხადებული სახელწოდებით „დედაჩემი“. მისი რამდენიმე ფოტო გავაგზავნე. ამ კონკურსისთვის პირველად გავბედე მეთხოვა მისთვის შიშველს გადამეღო, რაზეც უყოყმანოდ დამთანხმდა. მისი პორტრეტი მესამე ადგილზე გავიდა, თუმცა არა ეს. შარშან ეს ფოტო მეგობრებთან ერთად ორგანიზებულ „კალეიდოსკოპის“ გამოფენაზე გავიტანე. ზუსტად ვიცი რომ არც ამაზე იქნებოდა წინააღმდეგი.

ყოველთვის ძალიან ვიყავი დედაზე მიკრული, დედის გარეშე სამაგისტროს დროს გატარებულმა ერთმა წელმა და ამ დროს მომხდარმა ამბებმა კი, კიდევ უფრო მეტად დამაკავშირა მასთან. ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი და ხარისხიანი დრო გაგვეტარებინა ერთად, თუმცა ყოველთვის მეც არ გამომდიოდა ეს ისე, როგორც ვისურვებდი და ახლა ისევე მწყდება და მქენჯნის სინდისი ამის გამო, როგორც დედას აწუხებდა ჩვენი გაზრდისას დაშვებული შეცდომები. თუმცა, ერთხელ მითხრა, რომ მისი აზრით ჩემთვის იდეალური კომპანიონი იყო. მისი მხრიდან ძალიან გამიკვირდა ამის მოსმენა და გამიხარდა იმიტომ, რომ სულ იმას ვუმტკიცებდი, რომ იგი საუკეთესო დედაა. ხანდახან მეუბნებოდა ხოლმე, რა გეშველება მე რომ მოვკვდებიო. ამაზე მუდმივად პასუხი მქონდა, რომ ამის უფლება არ ჰქონდა და მანამდე უნდა ეცოცხლა, სანამ მე ვიცოცხლებდი.

საბოლოოდ კი, ისე მოხდა, რომ ერთად მოვყევით ავარიაში: მე გადავრჩი, დედა კი მოკვდა. ეს გადარჩენა საშინლად ტრავმული იყო. ძალიან დიდხანს ვერ ვიშორებდი მუდმივ სირცხვილის გრძნობას იმის გამო, რომ მეც მასთან ერთად არ მოვკვდი. საოცრად მრცხვენოდა ჩემი დის და მამაჩემის,- რომ არა ჩემი ზღვაზე წასვლის სურვილი, ამ ავარიაში არ მოვყვებოდით და ახლა ჩემს გამო დაკარგეს დედა. ასევე საოცრად მრცხვენოდა მათი და ყველა ჩემი მეგობრის, ნათესავის, ახლობელი თუ უცნობი ადამიანების, რომლებიც ამ ამბავს განიცდიდნენ და გულთან ახლოს მიიტანეს. მრცხვენოდა, რომ ისინი ყირაზე დადგნენ ჩემს გადასარჩენად და მთელი სამყარო გადაატრიალეს ჩემთვის მკურნალობის ფული რომ შეეგროვებინათ, მე კიდევ ამ გადარჩენის მრცხვენოდა და ვფიქრობდი, რომ ყველაზე საშინელი, თავად ამ ავარიის გარდა ის იყო, რომ გადავრჩი და ცოცხალი ვიყავი. ასევე მრცხვენოდა იმ მეგობრების, ნაცნობების თუ უცხო ადამიანების, ვინც მსგავსს შემთხვევებს ვერ გადაურჩნენ, ან გადაურჩნენ, მაგრამ ფატალური შედეგით; მე კიდევ საბოლოო ჯამში სახეზე ორი ნაკაწრი დამრჩა.

ამაში პირველ რიგში ქუთაისის საავადმყოფოს ექიმებისა და ქირურგ ტარიელ ნაცვალაძის დამსახურებაა, ვინც ისე დაუფიქრებლად და სასწრაფოდ გამიკეთა თავის ქალაზე ოპერაცია, რომ ჩემი სახელი და გვარიც არ იცოდა – საავადმყოფაში რომ მიმიყვანეს, არაიდენტიფიცირებადი ვიყავი. ვიცი, ალბათ არაადეკვატური და გაუგებარია სირცხვილის ეს განცდა ბევრისთვის და ამის თქმა, პირველ რიგში, ყველაზე მეტად ისევ ოჯახის წევრებთან მრცხვენია. სირცხვილის ამ გრძნობით რამდენიმე წელი ვიცხოვრე და სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან ცოტა ხანია რაც გავთავისუფლდი: ამის დაძლევას ბევრი თვითდესტრუქციული ქცევა და ძალიან უსიამოვნო გამოცდილებების დაგროვება დასჭირდა.

ახლა მეშვიდე წელია დედას გარეშე. დღემდე მიჭირს იმის თქმა, როდის უფრო მაკლია, როცა ძალიან ცუდად ვარ და მისი თბილი სიტყვების მოსმენა მჭირდება, თუ როცა რაღაც ძალიან კარგი ხდება, ბედნიერი ვარ და მისთვის ამის გაზიარება მინდა. ძალიან გამიმართლა იმაში, რომ დედას გაუმართლა და დები ვყავართ ახლა ერთმანეთს. დედის სიკვდილთან ერთად ჩემი დიდი ნაწილი მოკვდა, ჩემი და ჩემი დისაც, მაგრამ ამასთანავე, რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს ფაქტია, რომ დედის ნაწილი სიცოცხლეს აგრძელებს ჩვენში: რაც დრო გადის უფრო და უფრო ვემსგავსებით გარეგნულად მას ორივენი – მიმიკებით და ჟესტებით და ჩემს დაში მსგავსი მომენტების დაჭერისას, ხანდახან მგონია ხოლმე, რომ სამივე ისევ ერთად ვართ.“

მსგავსი ისტორიები