ოქტომბერი 16, 2020 In ეთნიკური უმცირესობა, თემები, ჟ-ქ, რეგიონები, ქვემო ქართლი
სემა გასანოვა, 19 წლის, მარნეულის მუნიციპალიტეტი
„მეოთხე კლასში ვიყავით, როცა ჩვენს სკოლაში ქართული ენის მასწავლებელი, მანანა ცომაია ჩამოვიდა. მანამდე არც ქართულსა და არც სხვა საგნებს ვსწავლობდი კარგად. ეს მასწავლებელი ძალიან კეთილი, მეგობრული, თან, ღრმად ინტელექტუალური ადამიანია – ყველა იმ თემაზე შეეძლო საუბარი, რაც ბიჭებსაც აინტერესებდათ და გოგოებსაც. აღფრთოვანებული ვიყავი მისი გაკვეთილებით და ვფიქრობდი, რომ მეც მასავით კეთილი და ჭკვიანი ადამიანი უნდა ვყოფილიყავი. მანანა მასწავლებელმა შეცვალა ჩემი ცხოვრება, რადგან მასთან ურთიერთობის გამო ვისწავლე ქართული და ზოგადადაც, უფრო აქტიური გავხდი, სხვადასხვა ტრენინგებზეც დავიწყე სიარული. მისი გაცნობის შემდეგ, ქართველებზეც შემეცვალა წარმოდგენა – მანანა მასწავლებელი იყო ჩემთვის ქართველობის ნიმუში, ვფიქრობდი, რა არაჩვეულებრივი ხალხი ყოფილა-მეთქი.
ჩემი მშობლები ყოველთვის განსხვავებულად ფიქრობდნენ. ამბობდნენ, რომ გოგო სახლში კი არ უნდა იჯდეს, უნდა ისწავლოსო. ერთხელ, სკოლაში კონკურსში გავიმარჯვე და სახლში მედალი რომ მივიტანე, მამაჩემმა მითხრა, აქედან უნდა წახვიდე და ისწავლო, სოფელში შენი ადგილი არ არისო. მამამ იცოდა, რომ სწავლა მინდოდა და ჩემი სწავლისთვის ყველაფერს აკეთებდა. თან, ბებიაჩემი და ბაბუაჩემიც მასწავლებლები არიან და ისინიც სულ იმას ამბობდნენ, სხვებს რა უნდა ვუთხრათ, თუ ჩვენს შვილიშვილს არ გავუშვებთ სასწავლებლადო. მაგრამ პროფესიის არჩევის ეტაპზე, მაინც შემექმნა ოჯახში პრობლემები – GIPA-ს მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში ვმონაწილეობდი, სადაც ფილმის გადაღება დაგვავალეს. ეს ფილმი ჩემს ქართველ მასწავლებელზე გადავიღე და გავიმარჯვე, ჯილდოდ, GIPA-ს 4-წლიანი სასწავლო გრანტი მომცეს და თუ ჩავაბარებდი, შემეძლო, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამაზე უფასოდ მესწავლა. ჟურნალისტობა ძალიან მინდოდა და ეს ჯილდოც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მშობლები მეუბნებოდნენ, ჟურნალისტიკა რა პროფესიააო, თან, შეიძლება, სამ-ოთხ წელში გათხოვდე და ქმარმა ჟურნალისტობა აგიკრძალოსო. ჩვენთან ყველა ქალი ან მასწავლებელია, ან ექიმი და ჩემი მშობლებიც ამ პროფესიას მირჩევდნენ.
ილიაუნიში ან თსუ-ში ჩაბარება მინდოდა, მაგრამ პირველ წელს ქულები არ მეყო და ტექნიკურ უნივერსიტეტში მოვხვდი. ძალიან ვინერვიულე და გადავწყვიტე, შემდეგ წელს ისევ მეცადა და სადაც მინდოდა, იქ ჩამებარებინა. თბილისში რომ ჩამოვედი, მომზადების პარალელურად, ერთ-ერთ სუპერმარკეტში დავიწყე მუშაობა, ძალიან რთული იყო იქ მუშაობა და ღამეების თენება. ერთ თვეში საზოგადოებრივი არხიდან რამილია ალიევამ დამირეკა, იცოდა, რომ ჟურნალისტობა მინდოდა და თან, მარნეულის რადიოში მუშაობის გამოცდილებაც მქონდა. გასაუბრებაზე დამიბარეს, როგორც აღმოჩნდა, ჩემი აზერბაიჯანული მეტყველების ინტონაცია მოეწონათ და სამსახურში იმავე დღეს ამიყვანეს. ერთ თვეში უკვე ეთერში ვიჯექი და გადაცემა მიმყავდა.
ტელევიზიაში 8 თვე ვიმუშავე, სადაც გადაცემის გარდა, საინფორმაციო გამოშვების წამყვანიც ვიყავი. ჩემი ეკრანზე გამოჩენა მშობლებისთვის პრობლემა არ ყოფილა – მათთვის წამყვანობა უსაფრთხო იყო, რადგან სულ ტელევიზიაში ვიყავი და პირიქით, ამაყობდნენ კიდეც ამით, ისიც დაინახეს, რომ მე მართლა მიყვარს ჟურნალისტიკა და თან, გამომდის, მაგრამ პრობლემა იყო, როცა უცხო სოფელში მარტო მივდიოდი სიუჟეტის მოსამზადებლად. ჩვენს თემში ასეთი დამოკიდებულებებია, გოგო უცხო სოფელში არ უნდა წავიდეს და მშობლები განიცდიდნენ, რომ რეპუტაცია შემელახებოდა. მარნეულში ჯეიჰუნზე ძალადობის ინციდენტის შემდეგ კი, დედაჩემმა, ბებიაჩემმა და მამაჩემმა ისევ დამირეკეს – აი, ეს არის ჟურნალისტიკა და არ გვინდა, ჟურნალისტი გახდეო. ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ და ვფიქრობ, რა გავაკეთო. ახლა უკვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსის სტუდენტი ვარ, მინდოდა, ჯერ ქართული მესწავლა კარგად და შემდეგ GIPA-ში გამეგრძელებინა სწავლა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ჟურნალისტი თუ ხარ, ყველგან უნდა წახვიდე, გოგო რომ ვარ, იმიტომ ხედავენ საფრთხეს ჩემს ჟურნალისტობაში. მაგალითად, წელს ბოლნისში მქონდა გადაღება და მეუბნებოდნენ, რა იცი, სად მიდიხარ, როგორი ხალხია, ან რა ოჯახიაო და ა.შ. ბიჭი რომ ვიყო, ასეთი რეაქცია არ ექნებოდათ.
ტელევიზიაში მუშაობა ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდიელბა იყო. თან, სულ ეთნიკურად ქართველებთან, აზერბაიჯანელებთან და სომხებთან ერთად ვიყავი და ბევრად უფრო ტოლერანტული ადამიანიც გავხვდი. თუმცა ეს 8 თვე, მარტივი არ ყოფილა, რადგან ზოგად უნარებში დაბალი ქულა მქონდა და პარალელურად ვემზადებოდი, ყოველდღე მარნეულში დავდიოდი მასწავლებელთან, მისაღები გამოცდები რომ ხელახლა ჩამებარებინა და ილიაუნიში მოვხვედრილიყავი.
ყოველთვის ძალიან აქტიური გოგო ვიყავი, ბიჭი მეგობრებიც მყავდა, სოფლიდანაც ხშირად დავდიოოდი მარნეულში და იმის გამო, რომ ავტობუსი დღეში ერთხელ დადის ჩვენი სოფლიდან მარნეულის მიმართულებით, ტაქსითაც მიწევდა მგზავრობა. ამიტომ, ჩემზე ხშირად ძალიან ცუდად საუბრობდნენ სოფელში. სულ ამბობდნენ, რომ ძალიან თავისუფალი ვარ, მამამისს თვალები სად აქვს, მას რა მომავალი უნდა ჰქონდესო. ერთხელ, მამაჩემმა ისიც კი უთხრა, სემა ჩემი შვილია და თქვენი საქმე არ არის, სად ივლისო. სულ მეუბნებოდა, რომ ბიჭ მეგობრებში პრობლემას ვერ ხედავდა და ჩემი სჯეროდა, მაგრამ ხშირად ვიკეტებოდი ოთახში და ვფიქრობდი, რა გავაკეთე ისეთი, რომ ჩემზე ასეთ საშინელებებს ამბობენ-მეთქი. ახლაც არ არის ადვილი, მაგრამ ვცდილობ, ყურადღება აღარ მივაქციო და ვისაც რა უნდა, ის იფიქროს.
ქართველებს მეტი თავისუფლება გაქვთ, ვიდრე ჩვენ. ჩემი სოფლის ქალები თითქმის სულ სახლში არიან, რადგან ჩვენთან მხოლოდ ჩაიხანაა, სადაც ქალების შესვლა აკრძალულია და სოფლის ცენტრში დგომის უფლებაც მხოლოდ კაცებს აქვთ. ქალები და გოგოები სახლებში უნდა ვისხდეთ, ან მხოლოდ დღისით მივიდეთ ერთმანეთთან. ისიც ცუდ ტონად ითვლება, გოგოს ტელეფონი, facebook ან instagram თუ აქვს. მე ყველაფერი სკოლიდანვე მქონდა და ფოტოებსაც ვაზიარებდი. ვერაფრით ვხვდებოდი, რა იყო იმაში ცუდი, თუ ჩემს ფოტოს ვდებდი ჩემსავე სოციალურ ქსელში. თან, მე-8 კლასიდან ტრენინგებზე სიარული დავიწყე, სადაც უამრავი მეგობარი შევიძინე სხვადასხვა რეგიონიდან, ამიტომ, მათთან ურთიერთობისთვის და სიახლეების მისაღებადაც მჭირდებოდა facebook-ი. აი, ტელევიზიაში მუშაობა როცა დავიწყე და ეკრანზე მნახეს, იგივე ხალხი, ვინც ამ საშინელებებს ამბობდა ჩემზე, სულ სხვანაირები გახდნენ, მხვდებოდნენ და მეუბნებოდნენ – „რა მაგარი გოგო ხარ!“, „გვეამაყები!“ და ა.შ.
ისე გამოვიდა, რომ ჟურნალისტობა ჩემთვის რთულად მისაღწევი პროფესიაა, მაგრამ მე რთული გზებით სიარული მიყვარს და რამდენი წელიც არ უნდა დამჭირდეს, მაინც გავხდები წარმატებული ჟურნალისტი. ამასთან ერთად, მინდა, მშობლებთან ისეთივე ურთიერთობა შევინარჩუნო, როგორიც ახლა მაქვს. ”
ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტოგრაფი: ნინო ბაიდაური