სოფიო ტუაევი, გორი, დევნილი ცხინვალიდან (დიდი ლიახვის ხეობა)

ჩემი ისტორია არაა მარტივი მოსაყოლი, თუმცა, ვეცდები, მსუბუქი ფორმებით მოვიტანო თქვენამდე.

დავიწყებ ღრმა ბავშვობიდან, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო კონფლიქტი ოსებსა და ქართველებს შორის. ვცხოვრობდით მშვიდად და ბედნიერად თბილისში, როგორც ერთ-ერთი ჩვეულებრივი, შერეული ეროვნების ოჯახი. თუმცა დადგა დრო, როდესაც დაიწყო სამწუხარო და ძალიან მძიმე შეცდომების პერიოდი ორ მოძმე ერს შორის, რომელსაც საბოლოო სახელი ,,ომი” ეწოდა და რომლის შედეგადაც არცერთი იყო გამარჯვებული… მამა ოსი მყავდა, დედა – ქართველი, გვარად, ბურდული. მამაც ჩემსავით თბილისში დაბადებულ-გაზრდილი იყო, მასაც ქართველი დედა ჰყავდა, თუმცა მამაჩემის მამა ახალგორის ერთ-ერთი ოსური სოფლიდან იყო და იქ სახლი გვქონდა, სადაც პაპა და ბებო ცხოვრობდნენ. არეულობა როგორც კი დაიწყო, იძულებული გავხდით, ახალგორში წავსულიყავით. ამ დროს, გზაზე გადასვლისას, ჩემი ძმა ავტოავარიაში მოყვა, მანქანა დაეჯახა, რომელსაც ნასვამი მძღოლი მართავდა, თუმცა დამნაშავეს ციხეში არცერთი დღე არ გაუტარებია, მხოლოდ ერთადერთი მიზეზით – ჩემი ძმა ხომ ოსი იყო. ჩემმა გამწარებულმა და განადურებულმა მშობლებმა 17 წლის ბიჭი მიწას მიაბარეს… ასეთ უსამართლობას აწყდებოდა ბევრი ოსი და ქართველიც, ამ ომის გამო. საბოლოოდ, სოფელში გადავედით, მამას ეგონა, რომ რადგან ოსები ვიყავით, აქ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებოდით, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. მალევე არაფორმალური დაჯგუფება დაგვადგა თავს (რეკეტიორების ჯგუფი ცხინვალიდან), არავის და არაფერს ინდობდნენ, ოღონდაც ფული, ოქრო და მანქანა წაერთმიათ ვინმესთვის. მამას ახალი მანქანა ჰყავდა, ამ ამბავს მათ ყურამდე მიუღწევია და წართმევა მოუნდათ, ჩვენ თურმე ,,სხვანაირი ოსები” ვიყავით, მამას ხომ ქართველი ცოლი და დედა ჰყავდა. იმის შიშით, რომ ჩემთვის და დედასთვის არაფერი დაეშავებინათ, მამამ მაშინდელი სამი მილიონი რუსული ფული გამოუტანა, მისცა და სთხოვა, სახლი დაეტოვებინათ. კბილებამდე შეიარაღებული იყვენენ და დამშეული მგლებივით დასტრიალებდნენ სახლს. ჩვენ, ოჯახის წევრები ამ ყველაფერს გაოგნებული ვუყურებდით, განსაკუთრებით, მე, ყველაზე პატარა ვიყავი და არც მესმოდა, რას საუბრობდნენ ოსურ ენაზე, თუმცა ვხვდებოდი, კარგი ამბავი რომ არ იყო ჩვენს თავს. თანხა არ იკმარეს და მანქანის გასაღები მოითხოვეს, რომ წაეყვანათ. მამამ დედას უთხრა, რომ გასაღები გამოეტანა სახლიდან, დედა მძიმედ შებრუნდა და მართლაც გამოიტანა, თუმცა მანქანის წინ დადგა და ძაძებში გახვეულმა, გაფითრებულმა ქართულად ხმამაღლა მიმართა, რომ ეს მანქანა და ფული მამას თავისი წვალებითა და პატიოსანი შრომით ჰქონდა მოპოვებული და არაფრის ფასად გაატანდა, თუნდაც იქვე დაეხვრიტათ, შვილმკვდარ დედას არც არაფერი მაქვს დასაკარგიო. ერთ-ერთს თურმე კარგად ესმოდა ქართული და დანარჩენებს უთარგმნა, შეეცადნენ დედას დაშინებას,ზუსტად თორმეტჯერ ესროლეს ფეხებთან და დედა არ განძრეულა არცერთი წამით. წაიღეს ფული და აღარასოდეს დაბრუნებულან. ასე გადაარჩინა დედამ მანქანა წაღებას, რომლითაც მამას ოჯახი უნდა შეენახა.

დადგა დრო, როცა სკოლაში უნდა მივსულიყავი და ისევ პრობლემა – ენის ბარიერი. არ ვიცოდი ოსური და ისიც დაემატა, რომ სკოლა რუსულენოვანი იყო. მიუხედავად სირთულეებისა, დედა მაქსიმუმს აკეთებდა, რომ კარგად მესწავლა. ყოველთვის გამოვთქვამდი პროტესტს, რატომ უნდა მესწავლა რუსულენოვან სკოლაში. რაც შეეხება ქართულად წერა-კითხვას, დედამ გადაწყვიტა, სახლში ესწავლებინა ისე, როგორც სკოლაში ისწავლებოდა, ,,დედა ენის” დახმარებით. დღემდე მახსოვს, როგორ სიხარულით მივურბენინებდი დედას საწერ მაგიდასთან, თაროდან გადმოღების შემდეგ, რაღაც საოცრებად აღიქვამდა ჩემი პატარა გონება ამ ლამაზ და საყვარელ წიგნს… ასევე, დედის დახმარებით, ეტაპობრივად გავეცანი ქართულ მწერლობასა და ისტორიას. ჯერ კიდევ მე-6 კლასში, მირჩია, წამეკითხა ლევან სანიკიძის ,,დედა ისტორია,” ის ემოცია დღემდე მომყვება, განსაკუთრებით, წიგნის ბოლო ფურცლებზე ამოკითხული. სკოლა კარგ ნიშნებზე დავამთავრე, უნივერსიტეტში ჩაბარების დროს ძალიან გვიჭირდა ფინანსურად და თბილისის ვერცერთ უნივერსიტეტში ვერ შევძლებდი სწავლის გაგრძელებას, საფასურის გადახდას და ბინის ქირაც ხომ უნდა გადამეხადა, რომ არაფერი ვთქვათ ჩაცმასა და საკვებზე, თუმცა გვქონდა მეორე ვარიანტი – ცხინვალის უნივერსიტეტი. სწავლის გადასახადი ბევრად ნაკლები იყო და თან, ბინაც უფასო მექნებოდა, მამაჩემის ნათლული გვაძლევდა უსასყიდლოდ. მინდა გითხრათ, რომ იმდენად გვიჭირდა იმ პერიოდში, გამოცდის დღეს გზის ფულიც კი არ გვქონდა, რომ მე და დედა წავსულიყავით. ჩემმა ყოფილმა მასწავლებელმა შემთხვევით გაიგო ეს ამბავი და მან თავისი ხარჯებით წამიყვანა. წარმატებით ჩავირიცხე ცხინვალის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, გაჭირვებით გამქონდა თავი და ძნელად ვიხდიდი გადასახადს, თუმცა მქონდა ჩემი მიზანი – უნდა მეშოვნა სამსახური და მეყიდა ან მექირავებინა ბინა, მინდოდა დედა გვერდით მყოლოდა. მამა სტუდენტობის პერიოდში გარდამეცვალა.

ასე გადიოდა სტუდენტობის წლები. დამამთავრებელ კურსზე ვიყავი, როცა სულ შემთხვევით დავიწყე ქურთის ადმინისტრაციაში მუშაობა, საკმაოდ მაღალანაზღაურებად პოზიციაზე და რაღაც პერიოდის შემდეგ, ბინაც გადმომცა სამსახურმა, როგორც ადმინისტრაციის თანამშრომელს. ჩემი ოცნებაც ახდა, მქონდა საკუთარი სახლი და კარგი სამსახური, მალევე მე და დედა ერთად ვიყავით.

შემდეგ მოხდა 2008 წლის ომი და გავხდით დევნილები, დავკარგეთ ყველაფერი, როგორც ათასობით ოჯახმა. შეგვასახლეს დროებით საცხოვრებელში, სადაც გაუსაძლისი პირობები იყო, ერთი, რაც გვიხაროდა, ის იყო, რომ სამსახური შემინარჩუნდა და თავს ამით ვირჩენდით. დევნილობიდან რამდენიმე წელში, 2012 წელს, გამანთავისუფლეს სამსახურიდან, მიზეზი რეორგანიზაცია იყო. ძალიან განვიცადე და გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ ხელფასს ვეღარ ავიღებდი. დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ ისეთი რაღაც გამეკეთებინა, რაც შემოსავალს მომიტანდა და მხოლოდ ჩემზე იქნებოდა დამოკიდებული. მოვიფიქრე კიდეც, გადავწყვიტე, მესწავლა პროფესიულ დონეზე სამკერვალო საქმიანობა და თვითდასაქმებული ვყოფილიყავი, შემდგომ ეტაპზე სხვა ქალებიც დამესაქმებინა. ეს საქმე ყოველთვის კარგად გამომდიოდა და იმიტომ ავირჩიე. 2013 წელს ჩავაბარე პროფესიულ სახელმწიფო სასწავლებელში და უფასოდ დავიწყე სწავლა, ჩემი გადაწყვეტილება დედას ძალიან გაუხარდა და მოსწონდა, თუმცა ჩვენდა საუბედუროდ, დიდხანს არ გაგრძელდა ეს სიხარული. სწავლის დაწყებიდან სამ თვეში, დედა მოულოდნელად გარდაიცვალა, განსაკუთრებული არაფერი აწუხებდა. ახალი წლის წინა დღეს დავკრძალე… მას შემდეგ, ჩემთვის ახალი წელი არა სიხარულის, არამედ გლოვის დღედ იქცა. დაიწყო ჩემი ცხოვრების უმძიმესი პერიოდი. ვინ ჩიოდა ფინანსურ პრობლემებსა და უსახლკარობას, ერთადერთი დედა მყავდა და ისიც გარდამეცვალა. დღემდე ოდნავადაც არ გამნელებია ტკივილი, ის ყველაფერი იყო ჩემთვის, მართლაც განსაკუთრებული სიკეთითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა.

დავასრულე კოლეჯი, თუმცა თვითდასაქმებისთვის საჭირო იყო საკერავი მანქანა, რომელიც უნდა მეყიდა და ყიდვას კარგა ხანს ვერ შევძლებდი, ჩემი მცირე ბიუჯეტიდან გამომდინარე. ამ პერიოდში კოლეჯში შემოვიდა USAID, რომელმაც შემოიტანა გადამზადების პროგრამა დევნილებისთვის, კურსდამთვრებულს საჩუქრად თანამედროვე საკერავ მანქანას მისცემდნენ. ამ ამბის გაგების შემდეგ რა გამაჩერებდა, პროგრამაში რომ არ მოვხვედრილიყავი, საკერავი მანქანა ჰაერივით მჭირდებოდა. ვთხოვე კოლეჯის წარმომადგენელს, ვისაც ეს საკითხი ებარა, ქალბატონ ლუიზა მღებრიშვილს და ჩამსვა პროგრამაში, რის გამოც უზომოდ მადლობელი და მადლიერი ვიქნები ყოველთვის. დავასრულე გადამზადების პროგრამა და საკერავი მანქანა მაჩუქეს. ორ კვირაში ვნახე 6კვ. ფართი და ვიქირავე, არ ვიცოდი და არც ვფიქრობდი, თვის ბოლოს ქირა როგორ უნდა გადამეხადა, მხოლოდ დევნილობის თანხა – 30 ლარი მქონდა სარჩენად, მაგრამ უნდა გამერისკა და ეს რისკი მომიტანდა წარმატებას, ამაში დარწმუნებული ვიყავი. როგორც იტყვიან, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. უკვე მეშვიდე წელი დაიწყება და ამ გადმოსახედიდან, რაც დავისახე მიზნად, მიუხედავად უმძიმესი პერიოდებისა, მაინც ავისრულე. ვარ ატელიე ,,სომას” დამფუძნებელი, სადაც ქალები მყავს დასაქმებული. ვაწარმოებთ ქალის სამოსს, როგორც ინდივიდუალურს, ასევე, ვაკეთებთ კოლექციებს და ვყიდით გერმანიაში, ქალაქ ბერლინში.

ჩემი ისტორიით, მინდა ვთქვა, რომ ყველა ადამიანს შეუძლია სირთულეებს გაუმკლავდეს. მე გადავრჩი, თქვენც შეძლებთ გადარჩენას პრობლემების მიუხედავად, მთავარია, ოპტიმისტური თვალით შევხედოთ სამყაროს. დანებება ხომ მარტივია, არდანებებაა რთული! ბრძოლა ყოველთვის ღირს!

მსგავსი ისტორიები