ფიქრია ყუშიტაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტი, მერის მოადგილე
თბილისში დავიბადე და ვაკის 54-ე სკოლაში ვსწავლობდი, 1989 წელს კი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტი დავამთავრე. მოგეხსენებათ, ეს რა წელიც იყო საქართველოს ისტორიაში, ძალიან რთული პერიოდი მოგვიწია მაშინდელ გამოსაშვებ ჯგუფს. მე ვარ ის თაობა, რომელსაც ეროვნული მოძრაობის პირველი ტალღა წამოეწია. 1988 წლის ნოემბრის აქციებიდან გავიდა სტუდენტობა ქუჩაში და ჩემი თეატრალური უნივერსიტეტის მდებარეობიდან გამომდინარე, მე ვიყავი ამ პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში. შესაბამისად, ადრეული ასაკიდან ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესში და მას მერე ხშირად მიწევს გარეთ ყოფნა.
მერე ისე მოხდა, რომ დავოჯახდი, საცხოვრებლად თელავში გადმოვედი და ასე გავხდი ვაკელი გოგო თელაველი ქალი. თუმცა ჩემი ფესვებიც თელავის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. მამა მყავდა იყალთოელი და, როგორც ყველა ქალაქელი ბავშვი, საზაფხულო არდადეგებზე ვსტუმრობდი ხოლმე მშობლიურ სოფელს. დაოჯახების შემდეგ საბოლოოდ დავიდე ბინა თელავში. ლამის სამი ათეული წელია, რაც თელავში ვცხოვრობ და შემიძლია ვთქვა, რომ თავი თელაველად მიმაჩნია.
თეატრალური კრიტიკოსი ვარ, წლები ვიმუშავე ჩემი სპეციალობით და არაერთი გაზეთის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ვიყავი. სისტემატურად ვამზადებდი რეპორტაჟებს რადიოში, ტელევიზიაში და აგრეთვე, ვთანამშრომლობდი სხვადასხვა ბეჭდურ მედიასთან. ასზე მეტი თეატრალური კრიტიკული წერილის, ესეის და გამოკვლევის ავტორი ვარ. ძალიან აქტიური და მწარე ენის კრიტიკოსი ვიყავი. არ მქონდა გარჩევა, კოლეგა იყო, ახლობელი თუ მეუღლის მეგობარი. სპექტაკლი თუ კრიტიკას იმსახურებდა, დაუფარავად ვწერდი. ჩემი მეუღლე, ვანო იანტბელიძე, თელავის თეატრის მსახიობია და როცა დავოჯახდით, რეჟისორებმა და მსახიობებმა უთხრეს, ძეგლი უნდა დაგიდგათ, ეს წიწაკა ქალი რომ მოგვაშორეო.
მოგეხსენებათ ქალის ბედი – დაოჯახების შემდეგ იყო ბავშვები და ოჯახური ვალდებულებები. ამიტომ, გარკვეული პერიოდი მქონდა პროფესიული წყვეტა. მერე ისე მოხდა, რომ თელავის თეატრთან მომიწია ძალიან აქტიური თანამშრომლობა. ჩვენ დღესაც ვთანამშრომლობთ, მაგრამ, რასაკვირველია, ეს კავშირები ცოტა შესუსტდა ჩემი დღევანდელი სტატუსიდან გამომდინარე. კერძოდ, რამდენიმე პიესა და ინსცენირება განვახორციელე თელავის თეატრში. პიესებიც დავწერე თელავის თეატრისთვის და თავადვე დავდგი. დაახლოებით ხუთი სპექტაკლი მაქვს დადგმული და ვარ ათზე მეტი პიესის ავტორი. რადგან შინ მყავს საქართველოს დამსახურებული არტისტი და ბევრი პრემიის ლაურეატი, ჩემი თეატრმცოდნეობითი რჩევები გადმოვიტანე ოჯახში. ახალ როლს როცა ამზადებს ჩემი მეუღლე, ვცდილობ, რჩევები მივცე და მინდა გითხრათ, რომ ითვალისწინებს.
წერას რაც შეეხება, დღესაც ვაგრძელებ, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის სულ უფრო ცოტა დრო მრჩება. ვცდილობ, მუდმივად მივიღო მონაწილეობა საინტერესო პროექტებსა და კონკურსებში. ამ მხრივ, ჩემთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა გასული წელი. კულტურის სამინისტრომ კარგი საგრანტო პროექტები დაიწყო და ჩემი პიესების კრებული დაფინანსდა, რომელიც 2022 წელს დავსტამბე. კრებულში შევიდა ბოლო ათი წლის განმავლობაში დაწერილი 8 პიესა, მათ შორის, ერთი უკვე წარმატებით დაიდგა ახალციხის თეატრში. „შემოქმედებითმა საქართველომ“ კი ჩემი კიდევ ერთი საბავშვო პიესა დააფინანსა, რომელიც წიგნადაც გამოიცა. გარდა ამისა, ერთ-ერთი საბავშვო პიესისათვის მიღებული მაქვს იაკობ გოგბაშვილის სახელობის საპატიო ჯილდო და იმედი მაქვს, რომ ამ პიესასაც დადგამს რომელიმე საბავშვო თეატრი. ამასთან ერთად, ვარ ლიტერატურული კონკურსის – „პენმარათონი-2005“-ის გამარჯვებული, მიღებული მაქვს რევაზ ინანიშვილისა და რჩეულიშვილის სახელობის პრემიები. ახლაც ვმონაწილეობ ერთ-ერთ კონკურსში – „გახდი ბესტსელერის ავტორი – 2023“, სადაც უკვე ფინალისტებში ვარ.
ახლა რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ აქტიურობას – მე დამემართა იგივე ამბავი, რაც ბევრ ადამიანს საქართველოში, რომელსაც ჰქონდა თავისი პროფესია, გარკვეული წარმატებებითა და მიღწევებით, მაგრამ წაართვეს ამ პროფესიაში არსებობის თავისუფალი სივრცე. ამ იძულებითმა უმოქმედობამ და პიროვნულმა პროტესტმა ჩამრთო სამოქალაქო აქტივიზმში. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მოხელე ვარ, არის მომენტები, როცა ჩემი სამოქალაქო პოზიცია უნდა დავაფიქსირო. საჯარო მოხელეობა ამაში ხელს არ მიშლის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ეხება ჩვენი ქვეყნის არჩევანს, სამშვიდობო პოლიტიკას და ა.შ.
2012 წელს, როდესაც ახალი საპროტესტო ტალღა წამოვიდა რეჟიმის წინააღმდეგ, მეც ვიყავი ერთ-ერთი იმ ადამიანებს შორის, ვინც ბარიკადებზე იდგა. არაერთი აქცია მომიწყვია იმ შენობასთან, რომელშიც ახლა მე ვმუშაობ. საღებავითაც კი დამიწერია საპროტესტო წარწერები ამ კედლებზე. 2012 წელს კი, როდესაც გაიმარჯვა ახალმა პოლიტიკურმა მოძრაობამ, ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე, შემომთავაზეს მემუშავა კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საკითხთა სამსახურში. 8 წელი ვიმუშავე სამსახურის უფროსად და ბოლო ორი წელია, მერის მოადგილის ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციაზე ვარ. მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა ცხოვრებაში, რაც კი მქონია.
ერთმა ცნობილმა ქალმა პოეტმა თქვა – „საქართველოში ათგზის ძნელია, იყო პოეტი და იყო ქალი“. მე ვიტყოდი, რომ საქართველოში ათგზის ძნელია, იყო ქალი და, ამავდროულად, იყო პოლიტიკოსი. ამაში ძალიან ბევრ რამეს ვგულისხმობ. ჩემთვის, მაგალითად, სამუშაო დღე არის 24-საათიანი. სამსახურებრივი დრო როცა იწურება, შემდეგ იწყება საოჯახო პასუხისმგებლობები – შვილები, შვილიშვილები და ა.შ. პარალელურად, ამას კიდევ მოსდევს ის ონლაინ „კუდები“, რომლებიც სამსახურიდან მომყვება. ჩემი ტელეფონი არასოდეს ითიშება, თავს ვალდებულად ვთვლი, ვუპასუხო ნებისმიერ ზარს – ეს იქნება ჩემი ზემდგომის, ხელქვეითის თუ რიგითი მოქალაქის. სოციალურ ქსელში მოწერილ შეტყობინებებსაც უნდა ვუპასუხო. ამ დროს არავის აინტერესებს, სადღესასწაულო დღე გაქვს, უქმე დღეა, სატირალში ხარ თუ ქორწილში. ჩემთვის ამ საქმეში ამოსავალი არის პასუხისმგებლობა. რუსთაველმა რომ თქვა, ლეკვი ლომისა სწორიაო, ღრმადა მწამს, რომ მან სწორედ პასუხისმგებლობა და ვალდებულება იგულისხმა. დღის განმავლობაში ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს ათეულობით ადამიანი აკითხავს, მათ სხვადასხვა გასაჭირი აქვთ. შენ რომ იკავებ გარკვეულ პოზიციას და კაბინეტს შენი სახელი და გვარი აწერია, მოვალე ხარ, ეს ნაკისრი პასუხისმგებლობა მაქსიმალურად გაამართლო და ეს არ არის ლამაზი სიტყვები.
ქალი პოლიტიკოსი ბევრი პასუხისმგებლობით არის დახუნძლული – ერთი მხრივ, ის პასუხისმგებელია თავისი ქვეყნისა და ამომრჩევლის წინაშე, მეორე მხრივ კი – ოჯახის, შვილების, მეუღლის, მშობლებისა და ა.შ. ზოგადად, რაც არ უნდა ვთქვათ, ვერ გავექცევით აღიარებას, რომ დღეს საქართველოში მეტი დატვირთვა ქალების მხრებზე მოდის. თუნდაც ემიგრაციაში მყოფ ქალებზე, რომლებიც ქვეყნიდან არიან გასულები და იქიდან არჩენენ ოჯახებს. ქართველი და სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის ქალების სიძლიერეზე, ნებისყოფაზე, გამძლეობაზე, ამტანობასა და გადამტანობაზე დგას დღეს ჩვენი სახელმწიფო. ბევრმა ისტორიულმა ფაქტმა და კრიტიკულმა პოლიტიკურმა მომენტმა დაამტკიცა, მათ შორის, სულ ახლო წარსულშიც, რომ გაცილებით უფრო დიპლომატიური, შორსმჭვრეტელი და გაწონასწორებულია ქალის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. კაცს თუ სამ ნაბიჯში უნდა, შედეგს მიაღწიოს, ქალმა შეიძლება ეს ყველაფერი ხუთ ნაბიჯში გააკეთოს, მაგრამ გაცილებით უფრო ნაყოფიერად და ნაკლები დანაკარგით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რის ხარჯზე ხდება მიზნისკენ სვლა. მე მაინც მჯერა, რომ პოლიტიკაში ჩართული ქალები უფრო მძაფრად გრძნობენ და სწორად ხედავენ იმ საჭიროებებს, რომლებიც, ზოგადად, ქალების წინაშე შეიძლება დადგეს.
პოლიტიკოსი ქალის სიძლიერე დგას სამ ვეშაპზე. პირველი არის ოჯახი და როდესაც შემოთავაზება მივიღე, ჯერ ვისაც დავეკითხე, ჩემი ოჯახი იყო. მე მათ ავუხსენი, ეს რას ნიშნავდა, რომ, გარკვეულწილად, ჩემი ყურადღება დააკლდებოდათ, ყოველთვის იმ დროს ვეღარ ვიქნებოდი შინ, როდესაც მათ დასჭირდებოდათ, ხშირად ყველაფერი ისე აღარ იქნებოდა, როგორც აქამდე იყო და შეიძლება მედიაშიც ბევრი ტალახი ან ცილისწამება ყოფილიყო მათ მიმართ. მე რომ არ მქონოდა ჩემი მეუღლისგან და შვილებისგან მხარდაჭერა, რომელიც დღემდე გრძელდება, რასაკვირველია, ამ ნაბიჯს ასე თამამად ვერ გადავდგამდი. მეორე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, არის ის გუნდი, რომელთან ერთადაც აკეთებ საქმეს. მესამე ის მადლიერი მოქალაქეები არიან, ვისთვისაც შენ მსხვერპლზე მიდიხარ და ეს უკან გიბრუნდება. მე ამ ნდობას და სიყვარულს დღემდე ვიღებ და, იცით, ეს რას მაგონებს? არტისტს აპლოდისმენტები რომ ავიწყებს მთელს იმ შრომასა და დაღლას, რომელიც ამ როლზე მუშაობის დროს ჩადო, ისეა მადლობის სათქმელად მოსული მოქალაქე ჩემთვის. ალბათ, ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო საჯარო მოხელისთვის.
პოლიტიკაში ქალების სოლიდარობაზე ვიტყოდი, რომ, ზოგადად, ძალიან გვიჭირს ქალური სოლიდარობა საქართველოში და არა მხოლოდ ამ სფეროში. ამის საუკეთესო სარკე ჩვენი სოციალური ქსელებია, იქ უფრო თამამები არიან ადამიანები და ზოგჯერ ისეთებს გადავაწყდები ხოლმე, მიფიქრია, თურმე ეს ადამიანი არ მცნობია-მეთქი. ზოგადად, ამ საზოგადოებაში ყველას გვაკლია თანაგანცდა. ახლახან ინფორმაცია რომ გავრცელდა ბრიუსელში ტრანსგენდერი გოგონას გარდაცვალების შესახებ და ზოგი იცინის, ზოგიც ილანძღება, ეს არ მესმის. მთავარი ფასეულობა ადამიანის სიცოცხლე, ღირსება, კეთილდღეობა და უსაფრთხოება უნდა იყოს. ფაქტია, რომ რაღაც უნდა შევცვალოთ. იქნებ, ქალებმა დავიწყოთ სოლიდარობის მოძრაობა და ვაჩვენოთ მაგალითი, რატომაც არა?!
მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან დიდი სისწრაფით იცვლება საზოგადოების შეხედულებები. ჩემი შვილების თაობაში კარგი ტენდენციებია შრომის თანაბარი გადანაწილებისა თუ დასვენების თვალსაზრისით. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენს თაობაში ასეთი გამოთქმაც კი არსებობდა – ქალი ადამიანის მეგობარიაო, რომელიც რუსული კალკი იყო და ბოროტმა კაცებმა გადააკეთეს. მსგავსი უნიჭო ხუმრობები თუ ისეთი ხალხური გამონათქვამები, როგორიცაა, მაგალითად, „თმაგრძელი და ჭკუამოკლე“ და ა.შ. ზოგადად, ძალიან აფუჭებს ამინდს. განსაკუთრებით ისეთ სტრუქტურებში, რომლებსაც მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ ამ საკითხებისადმი. ადამიანი უნდა ფასდებოდეს არა სქესით, არამედ იმ უნარებით, გონებრივი რესურსებით, გამოცდილებიდან და ცოდნიდან გამომდინარე, რაც კონკრეტულ პოზიციას უკავშირდება.
————————————————————
ინტერვიუ მომზადდა გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში. ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების ოფიციალურ პოლიტიკას ან შეხედულებებს.
The interview was supported by the United Nations Development Program (UNDP) and Sweden, within the framework of the United Nations Joint Program for Gender Equality. The views expressed in this document belong to the authors and may not reflect the official policies or views of the organizations listed above.
#პოლიტიკაshe