October 3, 2020 In #პოლიტიკაSHE
ფიქრია ჩიხრაძე – სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
პარტია – “ლელო საქართველოსთვის”
„ძალიან დატვირთული და საინტერესო ცხოვრება მქონდა და გარკვეულწილად, ეს ჩემი არჩევანიც იყო.
ბავშვობიდან მიყვარდა მარტოობა და ამ მდგომარეობას დღესაც ვერ ველევი, თუმცა ის დრო, როცა მარტო არ ვარ, ჩემთვის ყოველთვის გამორჩეული აქტიურობის დროა, ასე იყო სკოლის ასაკიდან მოყოლებული. სკოლა ონში დავამთავრე. საქართველოს დამოუკიდებლობის იდეით ბავშვობიდან შეპყრობილი ვიყავი, ეს იყო ჩემი იდეაფიქსი – ამ თემატიკაზე ვწერდით პიესებს და მერე ვდგამდით მე და ჩემი მეგობრები. საბჭოთა დრო იყო და სკოლაშიც დიდ უხერხულობას ვქმნიდით ამის გამო, მაგრამ თანამოაზრეები მყავდა ჩემი კლასელების სახით, რომლებიც დღეს მეუბნებიან, ხანდახან ვერც ვიგებდით, რაზე გველაპარაკებოდიო, მაგრამ ერთმანეთის დიდი სიყვარული და ნდობა გვქონდა და ყველაფერს ერთად ვაკეთებდით.
1984 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. რეჟისურასა და ჟურნალისტიკაზეც ვფიქრობდი, როგორც ამბობდნენ, “მათემატიკური ტვინიც” მქონდა, მაგრამ მე მგონია, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეამ განსაზღვრა ისიც, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე რომ ჩავაბარე – ჩემს წარმოდგენაში, ეს ადგილი იყო საპროტესტო მუხტის ფარული კერა, თუმცა მე ჩემი პროფესიაც დღემდე ძალიან მიყვარს.
უნივერსიტეტში სწავლის პირველი წლის პირველი ნახევარი იმედგაცრუების იყო, წარმოდგენა მქონდა, რომ პირდაპირ თავით გადავეშვებოდი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, მაგრამ მივიხედ-მოვიხედე და ცხოვრება აბსოლუტურად ჩვეულებრივ მიედინებოდა. ამან ისეთი განწყობა შემიქმნა, უნივერსიტეტისთვის თავის დანებებასაც ვფიქრობდი, მაგრამ უკვე იანვარში, ფშავის ფოლკლორულ ექსპედიციაში აღმოვჩნდი. აი, მაშინ მივხვდი, რომ ზუსტად იქ მოვხვდი, სადაც უნდა ვყოფილიყავი, აქ ძალიან ძლიერად იყო ეროვნულობისა და პროტესტის ის პირველი ნიუანსები და აქედან დაიწყო პირველი მეგობრობაც იმ ადამიანებთან, რომლებიც მერე ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანები გახდნენ. ამას დაემატა მერე ის, რომ ჩემი სამეგობრო ბევრი წელი აწყურში დადიოდა აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენით სამუშაოებზე. მაშინ ეს ტერიტორია თურქეთთან სიახლოვის გამო საბჭოთა საზღვრის კონტროლირებად ზონაში იყო მოქცეული და საპასპორტო კონტროლი უნდა გაგევლო. იქ გადასვლა მაშინ რაღაც სერიოზული აქტი იყო და მე, პირველკურსელმა, ძალიან ბევრი ვიბრძოლე ჩვეულებრივი რიგითი შრომის სემესტრის ნაცვლად, იქ რომ წავსულიყავი. თუკი ვინმე აქტიური იყო მაშინ უნივერსიტეტში, ყველანი ამ აწყურის ჯგუფში ვიყავით. მერე ამ ჯგუფმა, 1989 წელს, წამოიწყო მოძრაობა ტრანსკავკასიური რკინიგზის წინააღმდეგ და ეს იყო ჩვენი პირველი გაცხადებული საჯარო აქტივობა, სერიოზული წინააღმდეგობის მოძრაობა შევქმენით. ამ რკინიგზას უნდა გაევლო ფშავ-ხევსურეთი და კავკასიონში კიდევ ერთი გვირაბი უნდა გაჭრილიყო, ბევრად უფრო დიდი, ვიდრე როკის გვირაბია. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობა იქნებოდა, დღეს რომ ეს მოცემულობა გვქონდეს. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რა პრობლემებს შექმნიდა ეკოლოგიის მხრივ, ეს იყო გამიზნული რუსიფიკაციის გეგმა – რკინიგზის მშენებლობაზე ძალიან ბევრი მუშახელი და სპეციალისტი უნდა ჩამოსულიყო რუსეთიდან. დიდი წინააღმდეგობა გავწიეთ, ეს ჯერ არ იყო მასობრივი აქციები, მაგრამ სპეციალისტებთან ერთად, ამ პროცესში უფროსი თაობის ძალიან საინტერესო ადამიანები იყვნენ ჩართული. როცა ტრანსკავკასიურ რკინიგზასთან დაკავშირებით პროცესი ძალიან გახურდა, იძულებული გახდნენ, რაღაც დათმობაზე წამოსულიყვნენ, ჩვენ საპროტესტო წერილის დაბეჭდვა გვინდოდა, მაგრამ არ დაგვიბეჭდეს. მაშინ გაზეთების რაოდენობა შეზღუდული იყო, ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ, ვიჩხუბეთ და მერე მაშინდელ “ახალგაზრდა კომუნისტში” დაბეჭდეს, თუმცა წერილზე გრძელი მინაწერი მოაყოლეს, რომ გზააბნეული ბავშვები ვიყავით, რომლებსაც ვიღაცები იყენებდნენ და ტვინს ურევენდნენ. ამ მინაწერმა ცალკე პროტესტი გააჩინა – მოვითხოვეთ რომ უნივერსიტეტის გაზეთში ჩვენი ფურცელი გვქონოდა, მთლად რომ უნივერსიტეტის პასუხისმგებლობა არ ყოფილიყო, შევქმენით პირველი ლეგალური დამოუკიდებელი გაზეთი ”სტუდენტური ფურცლის” სახით, რომელსაც უნივერსიტეტის გაზეთში ვდებდით და აქ ვაქვეყნებდით საპროტესტო, დისიდენტურ წერილებსა და ინტერვიუებს. ასე შეიქმნა უნივერსიტეტის პრეს-კლუბი – სტუდენტური მოძრაობის ავანგარდი.
ამის პარალელურად იყო დავით-გარეჯი, სადაც სამხედრო პოლიგონზე რუსული სამხედრო საარტილერიო ძალა წვრთნებს ატარებდა. წვრთნების სამიზნე ჩვენი ფრესკები იყო და მთელი ეს ტერიტორია ზალპებით ნადგურდებოდა. ამან ბევრად უფრო რეზონანსული ხასიათი მიიღო და ჩვენი პროტესტი მთელ საქართველოს გადაედო – ასე დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღა, უკვე მიტინგები, შეკრებები იწყებოდა და ამისი კერა ყოველთვის უნივერსიტეტი იყო. პირველი დიდი მანიფესტაციები და დარბევაც დავით-გარეჯის მიტინგს უკავშირდება. როცა რუსთაველისკენ დავიძარით და მსვლელობის დროს, მაშინ პირველად დაგვარბია მილიციამ. მანამდე იყო 25 თებერვლის საპროტესტო შეკრებები უნივერსიტეტში, სადაც პირველად გამოჩნდნენ ჩაფხუტებითა და ფარებით აღჭურვილი რაზმები და ეს ძალიან მძიმე სანახავი იყო. მაშინ გავიცანით ყველა ის ადამიანი, ვინც მერე დისიდენტური მოძრაობას წარმოადგენდა. ჩვენ პარტიულები არ ვიყავით და ეს მიუკერძოებლობა ძალიან დიდხანს შევინარჩუნეთ. ყველას უნდოდა, მათ გვერდით ვყოფილიყავით, რადგან ახალგაზრდების ძალა მაინც სხვანაირი იყო, უფრო შემტევი და პრინციპული, მაგრამ შეიძლება ითქვას, სტუდენტური მოძრაობა ისე გავლიეთ, არცერთი დაჯგუფების წევრები არ ვყოფილვართ.
————————————————————
მასწავლებლადაც ვმუშაობდი, მე-2 ექსპერიმენტულ სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლიდი და ეს საოცარი პერიოდი იყო ჩემთვის – მე, როგორც ფილოლოგმა, როცა ვასწავლიდი, სულ სხვანაირად გავიაზრე ის, რაც მეგონა, რომ კარგად ვიცოდი. სკოლაში კიდე სხვა სიღრმეები იხსნება, გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი იყო ბავშვებთან ურთიერთობა. პარალელურად, ბევრ რამეს ვაკეთებდი, უნივერსიტეტში ვმუშაობდი ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიაში და ამავე დროს, არცერთი წუთით არ შემიწყვეტია პოლიტიკური აქტივობა, ჩემზე ამბობდნენ, მარადი სტუდენტიაო – სულ ახალგაზრდულ ამბებში და მოძრაობებში ვმონაწილეობდი.
მაშინ სიონის ეზოც იყო პოლიტიკური აქტივობების ცენტრი, ერთი იყო უნივერსიტეტი და მეორე – სიონის ეზო. იქ იკრიბებოდნენ ამ მხრივ აქტიური ადამიანები და ჩვენც იქ მივდიოდით. მერე, როცა სასულიერო აკადემია გაიხსნა, გადავწყვიტეთ, ჩვენი სამეგობრო ვყოფილიყავით აკადემიის პირველი სტუდენტები და ქრისტიანული ანთროპოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე.
ჩვენ, ყოფილმა პრესკლუბელებმა მოვაწყვეთ პირველი სატელევიზიო პოლიტიკური დებატები დამოუკიდებელ საქართველოში; შევქმენით პირველი დამოუკიდებელი ყოველდღიური გაზეთი – ,,ივერია-ექსპრესი“; მაშინდელ ახალგაზრდა პოლიტიკოსებთან ერთად შევქმენით პოლიტიკური კლუბი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა იმდროინდელ აბურდულ პოლიტიკურ ყოფაში. ამის შემდეგ იყო ჩემი არაპარტიულად, მაგრამ პირველი პარლამენტი. მაშინ საერთოდ არ ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ ზურაბ ჟვანიამ და ჩვენმა სხვა მეგობრებმა დამაძალეს, შენნაირი ადამიანები გვჭირდებაო და უპარტიო კანდიდატი პარტიული სიით მოვხვდი პარლამენტში. ვიყავი პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი. მერე სრულიად ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პარტია “ახალი მემარჯვენეები.” ეს იყო პოლიტიკური ძალა, რომელმაც ბევრი რამ განსაზღვრა ჩემს ცხოვრებაში – აქ შევიძინე უერთგულესი მეგობრები და თანამებრძოლები, აქ შევიგრძენი გუნდური მუშაობის და მსოფლმხედველობრივი ერთობის ძალა და ხიბლი. მანამდე თავს ინდივიდუალისტად ვთვლიდი. “ახალ მემარჯვენეებში” ვიყავი ფრაქციის თავმჯდომარე, პოლიტიკური მდივანი, პარტიის თავმჯდომარე. ვიყავი სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, მეოთხე მოწვევის მანდატი ჩემს მეგობრებთან ერთად დავჭერი 2008 წელს, როცა გაყალბება გავაპროტესტეთ და პარლამენტში არ შევედით. მერე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურ მრჩეველად წავედი, როდესაც პრეზიდენტს ვადა ამოეწურა, ბუნებრივია, ჩვენ მასთან ერთად დავტოვეთ ადმინისტრაცია.
მე და ჩემი მეგობრები ვგრძნობდით, რომ ძველი ოპოზიცია სისხლისგან დაიწრიტა, ამდენ უშედეგო ბრძოლაში მართლა გამოვიწურეთ. როდესაც “ლელო,” როგორც მოძრაობა ჩამოყალიბდა, ბევრი ჩემი თანამოაზრე იქ იყო, ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც მე მომწონდა, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ვეუბნებოდი, “ლელოში” წადით, ესაა ახალი ძალა და ახალი შესაძლებლობა-მეთქი. პოლიტიკას განახლება და ახალი ხალხი აუცილებლად სჭირდება და მართლა ისე მოხდა, რომ ეს ძალიან კარგი ხალხი ლელოში აღმოჩნდა. თავიდან აქაც უფრო მრჩევლის პოზიციაში ვიყავი. პრეზიდენტიის ადმინისტრაციიდან წამოსვლის მერე, გადავწყვიტე, მთლიანად საგანმანათლებლო სფეროში გადავსულიყავი, ლექციები მეკითხა, ერთი წელი ასეც იყო, რაღაც კვლევები წამოვიწყე, რომელიც ძალიან მეძვირფასებოდა, მაგრამ მერე “მემარჯვენეებმა” მივიღეთ გადაწყვეტილება და გავერთიანდით ლელოს გუნდთან. ჩვენი ცოდნა, გამოცდილება და ადამიანური რესურსი, რაც შეგვრჩა – ყველაფერი “ლელოში” ჩავდეთ.
წინ დიდი ბრძოლა გველოდება. ოპოზიციის ბრძოლა სააკაშვილის წინააღმდეგ სულ სხვანაირი იყო – თვითონ სააკაშვილი იყო იმდენად მოქმედი და ჰიპერაქტიური, თან, პოლიტიკური ინსტიქტებით, რომ როცა პოლიტიკასთან გაქვს საქმე, შენც უფრო დიდ და პოლიტიკურ წინააღმდეგობას წევ, როცა ბევრი რამე ხდება, შენც პოლიტიკურ ნაბიჯებზე ფიქრობ და უფრო აქტიური ხარ. ახლანდელი მდგომარეობა კი მხოლოდ ჭაობი და ფულია და ძალიან რთულია ამ სიტუციაში წინააღმდეგობის გაწევა. ხალხში აპათიური განწყობაა და ოპოზიციის მთავარი გამოწვევაა, დავაჯეროთ, რომ ცვლილება შესაძლებელია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ლელო გაარღვევს ამ ორპოლუსიანობაში ჩაკეტილ პოლიტიკას და ცვლილება გარდაუვალი იქნება.
—————————————————
მე, როგორც ქალს, პოლიტიკაში ბარიერები არ შემხვედრია. შეიძლება, ამას ის განაპირობებდა, რომ იმდენად შეპყრობილი და მოცული ვიყავი ჩემი იდეით, არასდროს, არსად, არანაირი ბარიერი არ მქონია. სულ წინა ხაზზე ვიყავი, ბიჭებსაც ვეჩხუბებოდი ძალიან ხშირად, როცა რაღაცები არ მომწონდა და შემთხვევა, რომ როგორც ქალს, ვინმე სადმე არ მიშვებდა ან ცუდად მიყურებდა, არ ყოფილა. ამიტომ, ძალიან დიდხანს მიჭირდა ამის გაგება და მეგონა, რომ ეს პრობლემა ხელოვნური იყო, სანამ პარტიული არ გავხდი და ხალხთან შეხვედრები არ დავიწყე. ამ შეხვედრების დროს, ნელ-ნელა დავინახე, რომ ქალზე ძალადობა არსებობს, იქნება ეს ძალადობა ოჯახში თუ სამსახურში. ცოცხალი ადამიანები გავიცანი, რომლებიც ამაზე ყვებოდნენ და კარგა ხანს გაოგნების პერიოდი მქონდა იმიტომ, რომ მე საქართველო მართლა სხვანაირი ქვეყანა მეგონა ამ კუთხით. ეს ჩემთვის სერიოზული შოკი იყო.
ალბათ, ის განწყობაცაა, რომ ქალი ქვედა რგოლში მუშაობს კარგად და კაცი “ზემოდან” მართავს. ისიცაა, რომ პოლიტიკაა ძალადობრივი და ამ ქალებს ოჯახები ჰყავთ. შეიძლება,მე იმანაც შემიწყო ხელი, რომ საკუთარი ოჯახი არ შემიქმნია და ეს მეტ თავისუფლებას მაძლევდა – მინახავს ქალები, რომლებსაც უთქვამთ, ჩემს შვილს, ქმარს დაემუქრნენო. მაგალითად, მახსოვს ერთერთ რაიონულ საკრებულოში იყო ასეთი ფაქტი, როცა ქალი ითხოვდა, ბიუჯეტში ჩამახედეთო და უთხრეს, წადი და ქმარ-შვილს მიხედე, თორემ პრობლემები შეგექმნებაო. მესმის, რომ ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ბევრმა უკან დაიხიოს, რადგან უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. ასევე, დარწმუნებული ვარ, პირადი ცხოვრების ქექვამ და კადრების გავრცელებამ ძალიან მძიმე გავლენა მოახდინა და ძალიან შეაფერხა ქალთა მონაწილეობა.
ძალადობრივ გარემოში დაპირისპირებებსა და მუშტი-კრივსაც ვგულისხმობ. მაგალითად, ერთხელ ჩემ გამო პარლამენტში ისეთი ჩხუბი მოხდა – მიკროფონთან ვიდექი და ოპონენტს მწარედ ვუთხარი რაღაც, მანაც მწარედ მიპასუხა. ჩემს გუნდში, კოლეგა კაცმა ეს ღირსების საქმედ აღიქვა, გამოექანა და კარები გაანგრევინა ამ ადამიანს. მე ვერც მივხვდი, რას მოჰყვა ეს ამბავი. აბა, პოლიტიკაში როგორ იქნება?! შენ ეტყვი და ის გიპასუხებს.
რაც შეეხება ქალთა სოლიდარობას, მიუხედავად იმისა, რომ ერთ პარტიაში არასდროს ვყოფილვართ, მაგალითად, ელენე ხოშტარიასთან, ნინო გოგუაძესთან ვმეგობრობ. ყოველთვის ვუცვლით აზრებს ერთმანეთს და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი აზრი, მათთვისაც – ჩემი. თუმცა, ცხადია, ამას ადამიანური ფაქტორებიც განაპირობებს. იგივე ეკა ბესელიასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, სრული სოლიდარობის განცდა მქონდა მის მიმართ, როცა ის უბინძურესი ამბავი მოხდა. ეკამ ძალიან ვაჟკაცურად გაუძლო ამას და ყველას მაგალითი აჩვენა, ის რომ გაქცეულიყო და დამალულიყო, კიდე სხვა პრეცედენტი შეიქმნებოდა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი მაშინდელი ნაბიჯები. მანამდე, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ინგა გრიგოლიას ქცევა.
———————————————–
“ლელოში” ბევრი აქტიური ქალია. ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ ქალთა გაძლიერება მარტო სიტყვა არ ყოფილიყო. ჩვენ ამ გზით წავედით და პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი სახეები -უმაგრესი გოგოები შემოვიყვანეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ქალებს ეუბნები, რომ შენ ის კი არ ხარ, ვინც “შავი საქმე” უნდა აკეთოს პარტიაში და არ ჩანდეს, წინა პლანზე უნდა გამოხვიდე. ვფიქრობ, ამით სერიოზულ გარღვევას მივაღწევთ.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი თემა ეკონომიკაა. თუ ეკონომიკა არ გაძლიერდა, ყველაფერზე ლაპარაკი მხოლოდ ლაპარაკად დარჩება. ჩვენ გვაქვს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების თემაც – ეს განსაზღვრავს ქალის დამოუკიდებლობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალებს ჰქონდეთ შემოსავალი, ეს შემოსავალი შესაძლებლობას მისცემს მათ, შვილი ნორმალურად გაზარდონ, ოჯახში თავისი პოზიციები ჰქონდეთ და ამისგან დამოუკიდებლად, სხვა პროცესებშიც მიიღონ მონაწილეობა.
ამ ჭაობში დარჩენა აღარ შეიძლება, ჩვენი პოლიტიკა პოლუსებში და სიძულვილშია ჩაკარგული და ყველანაირი პრობლემაც ამისგან მომდინარეობს. მიშა რომ ბიძინამ უნდა შეცვალოს და მერე ბიძინა ისევ მიშამ, ეს არ მთავრდება, წინა ხელისუფლება რომ სიძულვილმა უნდა წალეკოს და შესაბამისად, მერე ისევ ნულიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი, განადგურებისთვის ბრძოლას ემსგავსება. ვთვლი, რომ მრავალპარტიულობისკენ ძალიან სერიოზული ნაბიჯი უნდა გადაიდგას, თუ გვინდა, რომ ამ მოჯადოებული წრიდან გამოვიდეთ. ლელო სწორედ ამ მიზნით შეიქმნა და ჩვენი საზოგადოების 30-წლიანი ბრძოლაც დიდწილად ამას ეძღვნებოდა.“
ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: გედა დარჩია
პროექტი “პოლიტიკაSHE” ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
The project “politikaSHE” is carried out with the support of the National Democratic Institute (NDI) and with the financial support of UK aid from the British people.