“ქალები საქართველოდან” გთავაზობთ ჩვენი მკითხველის ბლოგს, რომელსაც მისივე თხოვნით ანონიმურობის სრული დაცვით ვაქვეყნებთ. წერილი ეხმიანება ახალგაგაზრდა მწვანე აქტივისტის – გრეტა თუნბერგის – გამოსვლას გაეროს სამიტზე და იმ გამოხმაურებებს, რაც ამ გამოსვლას მოჰყვა სოციალურ ქსელებში.

“ქალები საქართველოდან” გთავაზობთ ჩვენი მკითხველის ბლოგს, რომელსაც მისივე თხოვნით ანონიმურობის სრული დაცვით ვაქვეყნებთ. წერილი ეხმიანება ახალგაგაზრდა მწვანე აქტივისტის – გრეტა თუნბერგის – გამოსვლას გაეროს სამიტზე და იმ გამოხმაურებებს, რაც ამ გამოსვლას მოჰყვა სოციალურ ქსელებში.

“წერილის დაწერა ამ დღეებში გრეტას გამოსვლისადმი საზოგადოების შერეულმა, ზოგჯერ არაადეკვატურმა რეაქციებმა გადამაწყვეტინა. მინდა გიამბოთ ერთი ამბავი. ჩემი გოგო 3 წლის არ იყო, როდესაც აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. სპეციალისტთან მეტყველების შეფერხების გამო მივედით, თუმცა დიაგნოზის დასმამდე და ზოგადად სპეციალისტთან მისვლამდე გავიარე რთული პროცესი, რაც ოჯახის წევრების დარწმუნებას ემსახურებოდა. ვისმენდი ოჯახის წევრების, თუ სხვა კეთილის მსურველების რჩევა დარიგებებს, რომ ვიღაცის შვილმა 5 წლის ასაკში დაიწყო ლაპარაკი. აი, აინშტაინიც ასე იყო და რა პრობლემაა, ან უფრო უხეში კომენტარები, რომ „მე მჭირდება მკურნალობა და არა ჩემს შვილს.“

დიაგნოზის დასმის შემდგომი დროც არანაკლებ რთული გამოდგა. დიაგნოზი კი დაისვა, მაგრამ აი, მერე რა უნდა გვექნა ეს არავინ გვითხრა. გამიმართლა იმით, რომ ინგლისურ ენაზე თავისუფლად შემეძლო კითხვა და შესაბამისად, უამრავი ინფორმაცია მოვიძიე. ასევე, ვიპოვნე ძალიან კარგი სპეც. პედაგოგი, რომელიც სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობდა, მოვახერხე სახელმწიფო ვაუჩერის აღება და ადრეული განვითარების პროგრამაში ჩემი გოგოს ჩასმა.

რთული იყო ისიც, რომ ოჯახის წევრებს კარგად არ ესმოდათ რასთან გვქონდა საქმე ან როგორ დამხმარებოდნენ, ანუ ძირითადად ჩემი გოგოს განვითარებაზე ვზრუნავდით მე და ჩვენი საყვარელი მასწავლებელი. რთული იყო საბავშვო ბაღის პერიოდიც, როდესაც ჩემი გოგოსკენ მისი ბაღელები თითის გაშვერით ამბობდნენ – „ეს ინკლუზიის ბავშვიაო“. ალბათ, საერთოდაც არ ესმოდათ რას ნიშნავდა ეს, მაგრამ მშობლებისგან გაგონილს იმეორებდნენ.

ჩემი გოგოს შემთხვევა განსაკუთრებული იყო. ის არ ჰგავდა საზოგადოებაში გავრცელებულ წარმოდგენას აუტიზმმზე? თან ის გოგო იყო, ხოლო უმეტესობა, ვისაც ეს დიაგნოზი აქვს, ბიჭები არიან. ძალიან ხშირად გამიგია და დღემდე მესმის ნაცნობების კომენტარები, რომ „უი, საერთოდ არ ეტყობა არაფერი“. მაგრამ ის, რომ არ ეტყობოდა, ანუ იგი ვერ ჯდებოდა ფართოდ გავრცელებულ სტერეოტიპულ წარმოდგენაში, თუ როგორი უნდა იყოს აუტიზმის მქონე ადამიანი, ჩვენ არ გვშველიდა.

დღესდღეობით ჩემს გოგოს აქვს სამი დიაგნოზი. აქედან ორმა დაადასტურა მაღალფუნქციური აუტიზმი, ხოლო ერთის თანახმად – ეს არის მეტყველების დარღვევა. ამის გამო გამოვიარე ჩემს თავთან ბრძოლებიც, რომ მართლა რამე ხომ არ მეშლებოდა. რა თქმა უნდა, მეტყველების დარღვევის დიაგნოზი უფრო მიმზიდველი იყო, ვიდრე აუტისტური სპექტრისა. თუმცა მესამე შეფასებით, საბოლოოდ ჩემს თავთან, ასე ვთქვათ, გადავწყვიტე რა მდგომარეობა ჰქონდა ჩემს შვილს. ამ დროისთვის მეც უფრო გათვითცნობიერებული ვიყავი ამ საკითხში და ჩემს თავსაც უფრო მეტად ვენდობოდი.

რამდენიმე წლის შემდეგ წავაწყდი ინგლისურენოვან სტატიას, გოგონებში და ქალებში „ფარული“, არადიაგნოსტირებული აუტიზმის გავრცელებული შემთხვევების შესახებ. სტატიაში ეწერა, რომ გოგონებში აუტიზმი განსხვავებულად გამოვლინდება, ვიდრე ბიჭებში. გოგონები უფრო ახერხებენ ადაპტირებას და სოციალურად მიღებული ქცევის მოდელირებას, რის გამოც, ხშირად, დიაგნოზის გარეშე რჩებიან. ვხვდებოდი, რომ ჩვენ გაგვიმართლა, რადგან ის, რასაც ვკითხულობდი, ზუსტად შეესაბამებოდა ჩემი შვილის ქცევას. ის ძალიან არტისტული, ზოგჯერ ექსცენტრიულიც კია, თუმცა ვაცნობიერებ, რომ ამით ცდილობს გაუმკლავდეს იმას, რომ უმეტესობა შემთხვევაში არ ესმის სოციალური კონტექსტი, უჭირს ცინიზმისა და სარკაზმის გაგება და ხშირად თითქოს დაზეპირებულ და დასწავლილ როლს თამაშობს. მაგრამ, ამავდროულად ის არის ძალიან მოსიყვარულე, ემოციური, უშრეტი ფანტაზიის მქონე ადამიანი. ძალიან დამოუკიდებელია და თვითონ აგვარებს სკოლის საქმეებს. სკოლაშიც დამოუკიდებლად დადის ტრანსპორტით და აქეთ მეხმარება პატარა ძამიკოს მოვლაში. უყვარს ხატვა, მუსიკალურ საკრავზე დაკვრა და უამრავი ინტერესი აქვს. თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მას უჭირს თანატოლებთან კომუნიკაცია (მიუხედავად იმისა, რომ დიდი სურვილი აქვს), რომ ზოგჯერ მის ქცევას მისი თანატოლები ვერ იგებენ და ეს ხდება მისი სოციალურად გარიყვის მიზეზი. ხანდახან, როდესაც გადაიღლება გადაჭარბებული კომუნიკაციით, ის მიდის და წიგნის კითხვას ან ფილმის ყურებას იწყებს. ამ დროს ვხვდები, რომ გადაიტვირთა და ცოტა დროს სჭირდება ემოციებთან გასამკლავებლად.

გრეტას ამბავს რომ მივუბრუნდეთ, მისი სიტყვით გამოსვლაზე რეაქციებმა კიდევ ერთხელ დამანახა, რომ წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ გამოიყურება აუტიზმი გოგონებში (დღესდღეობით აუტიზმის ქოლგის ქვეშ მოექცა ასპერგერის სინდრომი, რადგან ერთადერთი სხვაობა მაღალფუნქციურ აუტიზმსა და ასპერგერს შორის მეტყველების ადრეულ ასაკში დაწყება/არდაწყება იყო).

მე არ მიკვირს გრეტას განწყობა, რადგან მახსოვს მომენტი, როდესაც ჩემი გოგო გაიტაცა პლანეტებმა და ასტრონომიამ. ტელესკოპიც ვიყიდეთ და სხვადასხვა წიგნები ასტრონომიის შესახებ. მახსოვს ვნახეთ ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო, რომ მზე X წლის შემდეგ ჩაქრება და მოკვდება. ეს ამბავი ძალიან განიცადა, შეეცოდა მზე, შეეცოდა პლანეტა, მცენარეები, ცხოველები და ადამიანები. მთელი კვირა მის დამშვიდებას მოვუნდი.

როდესაც გრეტას ვუყურებ, ჩემს წინ ტიპური მაღალფუნქციური აუტიზმის მქონე გოგონა დგას – ძალიან ნიჭიერი, ჭკვიანი და მამაცი. მიხარია და იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილისთვის იგი მისაბაძი მაგალითი გახდება და არამხოლოდ, კლიმატის ცვლილების და გლობალური დათბობის შესახებ გაზრდის საზოგადოების ცნობიერებას, არამედ ქალებში და გოგონებში აუტისტური სპექტრის შესახებაც დაანგრევს სტერეოტიპებს.

ამიტომ, თუ თქვენთვის მისი ქცევა ხელოვნურია ან ყალბი, როგორც ეს რამდენჯერმე წავიკითხე ფეისბუქ პოსტებსა თუ კომენტარებში, სანამ მას გააკრიტიკებთ, დაფიქრდით რამხელა სტრესია ამ 16 წლის გოგონასთვის ამხელა აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. დაფიქრდით თქვენ (ყოველგვარი აუტიზმის გარეშე), როგორ იგრძნობდით თავს მის ადგილას? ან თქვენ რა გაგიკეთებიათ ადამიანებისთვის ან პლანეტისთვის იმაზე მეტი, რასაც ეს პატარა გოგონა დღეს აკეთებს.”

ფოტო: EM PICS

მსგავსი ისტორიები