ქეთევან სუჯაშვილი, 51 წლის, ყაზბეგი

ოდითგანვე ესეთი წეს-ჩვეულება იყო აქა: კაცები რო მიდიოდნენ ცხორში, მოხევე ქალები რჩებოდნენ ადგილზე. ქალები თავის საქმესაც აკეთებდნენ და კაცისასაც. ოჯახის უფროსად დედა მიიჩნეოდა, რომელიც საკუჭნაოსაც განაგებდა და საქმესაც ანაწილებდა ოჯახის სხვა წევრებზე.

ყაზბეგში დავიბადე. მამაჩემს სამი გოგო ყავდა და გულდაწყვეტილი იყო, ბიჭი რომ არ გაუჩნდა. ჩვენ კიდევ გოგოები ყველაფერს ვაკეთებდით, რომ მამას უბიჭობა არ ეგრძნო, შრომაშიც არ ჩამოვუვარდებოდით ბიჭებს. დღეს მეტყვის ხოლმე, ბიჭი რომ მყოლოდა შენნაირი ყოჩაღი ვერ იქნებოდაო.

ეკონომიკურზე ჩავაბარე და დიდ ხანს ვმუშაობდი რუსთავის საგადასახადოში, მანამ სანამ ჩემი ქმარი სამუშაოდ კახეთში არ გადავიდა და მეც მომიწია სამუშაოზე უარის თქმა და მასთან ერთად გადასვლა იქ საცხოვრებლად. აქ გარკვეუწილად მამაჩემმაც ითამაშა როლი, კაცის გადაწყვეტილებას რომ დავმორჩილებოდი. კახეთში ცხოვრების პერიოდში დიდი ხნით მოვწყდი ჩემს პროფესიას და 12 წლის თანაცხოვრების მერე, უკვე როცა ქმარს დავცილდი და ყაზბეგში დავბრუნდი , ძალიან გამიჭირდა საკუთარი ადგილის პოვნა და თვითრეალიზაცია.

36 წლის ვიყავი, როცა მკერდის სიმსივნე დამიდგინეს. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ტრაგედია იყო, უფრო ჩემმა დებმა და ოჯახის წვრებმა გადაიტანეს მძიმედ. მახსოვს პირველად ჩემმა პატარა დამ რომ იტირა ოპერაციის წინ, ეს იყო დიდი შოკი და მაშინ გავიაზრე, რომ ადამიანი სასრულია. დედა მე მიფრთხილდებოდა და არაფერს მეუბნებოდა, მე კი დედას. ეს დაავადება ჩემთვის იყო საჩუქარივით – საიდანღაც უნდა გამოვსულიყავი და სადღაც წავსულიყავი. ყველაზე საინტერესო რაც აღმოვაჩინე, ეს იყო ადამიანის მნიშვნელოვნების განცდა, თითქოს სხვა ყველაფერი, რაც შეგიქმნია, აზრს კარგავს. უფრო თანამგრძნობი და მიმტევებელი გამხადა ადამიანების მიმართ.

ოპერაციის შემდეგ ქიმიის რამდენიმე კურსი გავიკეთე. რეაბილიტაციის პერიოდში მახსოვს ძალიან მჭირდებოდა ბევრი საუბარი და ამაში ჩემი და მეხმარებოდა, ბევრს ვფიქრობდი მომავალზე, რას გავაკეთებდი და როგორ დავიბრუნებდი თვითრწმენას, სად მოვძებნიდი ჩემს ადგილს.

ერთ დღეს ზაფხულში მახსოვს, ისრაელიდან ტურისტებმა მომაკითხეს „Do you have a shower?”,- მკითხეს და პანტომიმის ილეთებით ამიხსნეს რასაც გულისხმობდნენ. რამდენიმე დღე ჩემთან დარჩნენ და მერე მთელი ზაფხულის მანძილზე სხვა ტურისტებსაც მიგზავნიდნენ. ასე მოვსინჯე 7 წლის წინ ტურიზმში ბედი და წარმატებითაც გამომივიდა. სულ ვცდილობდი, აღებული თანხებით რაღაცეები შემეცვალა, რომ სახლი სტუმრებისთვის უფრო კეთილმოწყობილი გამხდარიყო. საინტერესო ისაა, რომ ტურიზმისთვის, როგორც ბიზნესისთვის შეხედვა თავიდან გამიჭირდა, რადგან სტუმართ-მასპინძლობა ისედაც ჩვენი ჩვეულებაა და აბა ამ ჩვეულებაში ფული როგორ უნდა აიღო?!

ჩემი კიდევ ერთი ბარიერი ტურისტებთან ურთიერთობაში ინგლისური ენის არცოდნა იყო. ჟესტების ენას ხშირად მივმართავდი და სხვათა შორის ჩემი უცხოელი ტურისტები და პარტნიორები ამაში მეხმარებოდნენ. საერთოდ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს როცა საქმიანი ურთიერთობა ქალებთან მაქვს, მათთან ერთად დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლოში გადის და წარმატებითაც. მაინც ერთნაირი გამოცდილება გვაქვს და უკეთესად გვესმის ერთმანეთის გასაჭირის. მახსოვს, ერთ ზაფხულს ბევრი სტუმარი მყავდა. მაშინ მარტოკა ვმუშაობდი და ყველაფრის კეთება მე მიწევდა – დალაგება, სადილით გამასპინძლება. ერთ საღამოს სამზარეულოში რომ შევედი ჭურჭლის უზარმაზარი გორის დასარეცხად, სტუმარმა გოგონებმა მითხრეს, ქეთინო დაღლილი ხარ და წადი დაწექიო. ვიფიქრე, დავწვები და ჭურჭელს ხვალ მივხედავ-თქო. მეორე დილით მთელი სამზარეულო დასუფთავებული დამხვდა და მაცივარზე მიკრული იყო ფურცელი, სადაც ეხატა გაღიმებული სახე და ეწერა Kiss. მივხვდი იმ გოგოების ნამოქმედარი რომ იყო. ავდექი, წავისვი წითელი პომადა, ვაკოცე ფურცელს და მივაკარი უკან. იმდენი ვიხალისეთ იმ დილას. ასე ნელ-ნელა ვსწავლობდი და ვიმახსოვრებდი ინგლისურ სიტყვებს. ახლა უკვე ტელეფონზეც შემიძლია გავაგებინო სტუმარს ჩემი სათქმელი და მისიც გავიგო.

ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს. ყველა ქვეყანაში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ აქ მოდიან სხვა ქვეყნები და მაცნობენ თავის კულტურას და ხალხს. ერთმა ინგლისში ცნობილმა უკრაინელმა კულინარმა ოლია ჰერკულესმა, თავის ცნობილ კულინარიულ წიგნში ჩემი მოხევური კერძების რეცეპტებიც შეიყვანა და ჩემი სურათებით გამოაქვეყნა.

ტურისტები ხშირად მეკითხებიან, კაცები სადა გყავთო, რადგან ამ საქმეში მე, დედა და ჩემი დები ვართ ჩართული. ამის ჩემებური ახსნა მაქვს: საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩვენი კაცები ცხოვრობდნენ როგორც მეფეები, იოლად შოულობდნენ ფულს და ოჯახებს აცხოვრებდნენ, შემდეგ დაიშალა ეს კავშირი აღარ იყო სამუშაო და კაცებმა ვეღარ გაიგეს რა უნდა ეკეთებინათ . ამ დროს ისევ ქალმა აიღო ხელში ყველაფერი, რომ შვილები გადაერჩინა. საქართველო თუ გადარჩა ამ პერიოდში, ისევ ქალების ჟინით, რომ ოჯახს არაფერი მოაკლდეს და სასტუმრო ბიზნესშიც წამყვანი როლი მაინც ქალებს უკავიათ.

ყაზბეგში რამდენიმე წლის წინ შეიქმნა ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, ეროკავშირის ქვეყნების გამოცდილებაზე დაფუძნებით, რომლის აქტიური წევრი გავხდი. ამ ჯგუფის მეშვეობით ადგილობრივი მოსახლეობა ჩართულია სოფლის პრობლემების გადაწყვეტაში. ამ მიდგომამ აქაურ ხალხს ბევრი რამის გაკეთების საშუალება მისცა. ჩვენი გამოცდილება დასაკარგი არაა და მუნიციპალიტეტებმა ეს უნდა გამოიყენოს. ჩვენ უფრო გვესმის სოფელს რა ჭირდება, იმიტომ რომ ამ წიაღში გვიწევს ყოველდღიური ცხოვრება. ჩემი ინიციატივით მოვაწესრიგეთ გერგეთის ასასვლელთან ნაგვის პრობლემა და დავამატეთ სანაგვე ბუნკერები, დავნომრეთ ქუჩები ქვემო გერგეტში ხევისბერის და გერგეტის ქუჩა. ახლა გვაქვს ინიციატივა, ყაზბეგი ზამთარშიც მომხიბლელი გავხადოთ ტურისტებისთვის და სათხილამურო ბიგელი დავამონტაჟოთ. მთავარია თვითმმართველობამ მოგვისმინოს და დაგვიჯეროს.

ახლა ვგეგმავ ყაზბეგში ქალთა კლუბის შექმნას. რეგიონებში განსაკუთრებით უჭირთ ქალებს ერთმანეთთან კომუნიკაცია, რადგან აქ ცოტა თავშეყრის ადგილია ქალებისთვის. მინდა შევქნა, ადგილი სადაც მივალთ ქალები და თუნდაც გულს ამოვიღებთ, დავჯდებით და ვისაუბრებთ, ერთმანეთს აზრებს გავუცვლით და რაღაცეებს ვასწავლით. იდეა რომ წარმოიშვება, ქალები არიან ხოლმე ამის ხორცშემსხმელები და გვჭირდება სივრცე, სადაც გავუზიარებთ ერთმანეთს იდეებს. ქალები ბევრს ვშრომობთ და გვინდა ძლიერი ბირთვი შევქმნათ უკეთესი ცხოვრებისათვის სოფლად.

ასევე მინდა შევქმნა კიბოს დიაგნოზის მქონე ქალების სარეაბილიტაციო ცენტრი ყაზბეგში. ვიცი ეს რა რთულია – თუ ძლიერი არ ხარ და გვედრში არავინ გიდგას, გაგიჭირდება დაიბრუნო ცხოვრების იმედი. მინდა ასეთ ქალებს საუბრებით, ინფორმაციის მიწოდებით და გვერდში დგომით, ისევ დავუბრუნო სიცოცხლის სურვილი და საკუთარი თავი ვაპოვნინო, როგორც ეს ერთხელ მე თვითონ შევძელი.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: ნინა ბაიდაური

მსგავსი ისტორიები